რამდენად უსაფრთხოა და რა შემთხვევაშია რეკომენდირებული თვალის ლაზერული კორექცია - ინტერვიუ ოფთალმოლოგ მიხეილ ომიაძესთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

თვალი სხეულის უნიკალური ორგანოა, რომლის მეშვეობითაც აღვიქვამთ სამყაროს, ამიტომ მასთან დაკავშირებული პრობლემები ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოაგანსაკუთრებით 21- საუკუნეში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ ციფრულ მოწყობილობებთან, რომელთა გამოსხივებამ შესაძლოა, მხედველობა დაგვიქვეითოს. მართლაც, ქუჩაში რომ გახვიდეთ და დააკვირდეთ უამრავი ადამიანი შეგხვდებათ სათვალით, მათ შორის, მეტწილად ბავშვები და ახალგაზრდები. თუმცა, ამ პრობლემის მქონე ბევრ ადამიანს უჭირს მიჩვევა სათვალეზე ან კონტაქტურ ლინზებზე, ამიტომ თვალის ლაზერულ ოპერაციას ამჯობინებენ.

მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც მარტივად ხდება მხედველობის გაუმჯობესება. ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები. დღეს ამ მეთოდს საკმაოდ ბევრი პაციენტი მიმართავს.

ვერსიადაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ოპერაცია და რა სახის ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ იმ შემთხვევაში, თუ ლაზერული კორექციის გაკეთება გვსურს? - გთავაზობთ ინტერვიუს ოფთალმოლოგ მიხეილ ომიაძესთან.

_ბატონო მიხეილ, ვის სჭირდება მხედველობის ლაზერული ქირურგია  და რა მეთოდით ხდება ოპერაციის ჩატარება?

_თვალის ლაზერული კორექცია ტარდება ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის დროს. კეთდება ორი მეთოდით, დანის გამოყენებით და დანის გამოყენების გარეშე (უდანო ოპერაცია). ზოგადად, თვალის ლაზერული ოპერაციის დროს ხდება თვალის ერთ-ერთ გარსზე ანათალის გაკეთება, რომელსაც ჰქვია რქოვანა გარსი. თვალის ანათალი ახლა ზოგიერთ კლინიკაში კეთდება დანის გამოყენებით, მაგრამ უფრო ინოვაციური მეთოდია, ანათალის ფემტოლაზერით გაკეთება.

_რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი?

_უსაფრთხოა, როდესაც მიდიხართ ექიმთან, რომელსაც ამ ტიპის ოპერაცია ათასზე მეტი აქვს გაკეთებული და კლინიკაში, სადაც არის ძალიან მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ამ ორ ფაქტორს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ დროს, იმის ალბათობა, რომ ოპერაცია გართულდეს, თითქმის არ არის. ზოგადად, ქირურგია გართულების გარეშე არ არსებობს, ყველა ქირურგს ჰქონია მსგავსი პრაქტიკა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი, როდესაც მიდიხარ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში.

_რა ასაკიდანაა შესაძლებელი ლაზერული კორექციის ჩატარება?

_ძირითადად, ოპერაციას ვუტარებთ 19-20 წლის ადამიანებს. აუცილებელია სტაბილიზაცია იყოს მიღწეული, ანუ მინუსი აღარ უნდა ეზრდებოდეს პაციენტს. ამას ვიგებთ ანამნეზით ანუ ავადმყოფის ისტორიის გამოკითხვის შედეგად და თუ აღარ იზრდება მინუსი, მაშინ უკვე შეგვიძლია 19-20 წლის ასაკში ჩავუტაროთ. ასტიგმატზმის და შორსმხედველობის შემთხვევაში, უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება გაკეთდეს, რადგან ის უფრო პატარა ასაკშიც ვლინდება და პროგრესირებას არ განიცდის.

_და მაქსიმალური ასაკი რომელია?

_უმეტესად ვაკეთებთ 45 წლამდე ადამიანებში, რადგან  ამ ასაკის მერე მოდის „ასაკობრივი შორსმხედველობა“, რისი გათვალისწინებითაც კეთდება სხვა ტიპის ოპერაცია. ასაკოვან ადამიანს უვითარდება პლუსი, როდესაც მას 45 წლამდე სათვალე არ დასჭირვებია, არც შორს და არც ახლო ხედვის, 45 წლიდან ეწყება ასაკობრივი შორსმხედველობის განვითარება და პლუსი ადის 3,50-მდე. ვისაც აქვს ახლო მხედველობა, მაგალითად -1,50 მას 45 წლის ასაკიდან აღუდება ნახევარი და 60 წლის ასაკში შეიძლება სულ გაუქრეს.  მაგრამ, როდესაც ახალგაზრდობაში ადამიანს აქვს დიდი მინუსი, რომელიც სცდება 3-ს, ის ვერ დაიცდის სიბერემდე და ამიტომაც იკეთებს ოპერაციას.  თუმცა, 45 წლის ასაკის შემდეგ, როგორც რიგით ადამიანს, მასაც შეიძლება დაეწყოს მცირედი პლუსის განვითარება.

_გარდა თვალისა, სხვა რაიმე გამოკვლევების ჩატარება ხომ არ არის საჭირო ოპერაციამდე?

_არა, მხოლოდ თვალის გამოკვლევაა საჭირო.

_რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია?

_ოპერაციისას უშუალოდ თვალთან შეხება გრძელდება რამდენიმე წამი, ჩვენ გვაქვს ალკონის ბრენდის ფენტოლაზერი, რომელიც ანათალს აკეთებს ყველაზე სწრაფად: 6 წამში, 10 -12 წამია საჭირო მინუსის მოსახსნელად, სულ 15 წამია შეხება, თავიდან ბოლომდე მთლიან ოპერაციას 10 წუთი სჭირდება.

_რეაბილიტაციას რა დრო სჭირდება?

_რეაბილიტაცია გრძელდება 1 დღე, მეორე დღეს საღამოს, მხედველობა აღდგება. შედეგები არის ძალიან კარგი, სტაბილური და დიდხანს შენარჩუნებადი.

_რა რისკები ახლავს ოპერაციის შემდგომ პერიოდს?

_ოპერაციის შემდგომ რისკები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი რეჟიმს არ დაიცავს, ჩავა ზღვაში, აუზში, შეიჭრება ინფექცია, დაიწყებს თვალის სრესვას ან მიიღებს ტრამვას 1 თვის განმავლობაში.

_ოპერაციის შემდგომ მხედველობა ყოველთვის 100%-ით აღდგება  და მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება?

_უმეტესწილად ის სხვაობა, რაც აღდგება ოპერაციის შემდეგ, ნარჩუნდება მთელი ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ არის თხელი რქოვანა ან მაღალი მინუსი და შესაძლოა, დარჩეს 0,75, თუმცა, ეს არაფერია.

_ბატონო მიხეილ, რამდენად ხელმისაწვდომია ანუ რა ღირს თვალის ლაზერული ოპერაცია?

_3200 ლარი ჯდება ორივე თვალი, ობიექტურად რომ შევხედოთ, საკმაოდ იაფია. როგორც ვიცი, სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო ძვირი ღირს ეს ოპერაცია. ამ თანხაში შედის გამოკვლევის პროცედურებიც, თუმცა ქვეყანაში ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვაყვს და მათთვის ეს თანხაც ხელმიუწვდომელია.

_ლაზერის გარდა, სხვა მეთოდები თუ არსებობს მხედველობის მარტივად აღსადგენად?

_ლაზერის გარდა, კიდევ არის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, ბროლის გადანერგვის. ნებისმიერ რეფლაქციურ პრობლემას ვწყვეტთ. მთავარია, პაციენტი იქნეს გამოკვლელული და ამის შემდეგ დგინდება, თუ რომელი სახის ოპერაცია იქნება მისთვის უმჯობესი. ლაზერს აქვს ერთი შეზღუდვა, ის მინუს 6-7 მდე ხსნის. უფრო დიდი მინუსი ვისაც აქვს, მაგალითად -21 ამასაც ვხსნით, უბრალოდ, შესაბამისი მეთოდით.

_როდესაც ადამიანს აქვს მხედველობის პრობლემა, რამდენ ხანში ერთხელ არის ექიმთან ვიზიტი რეკომენდირებული?

_ახლომხედველობა 21-22 წლიდან აღარ იზრდება, თუ ამ პერიოდში მოხდა მკვეთრი ცვლილებები, რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი. პროფილაქტიკური გასინჯვები ყოველთვის კარგია, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. 19 წლამდე როცა ბავშვს აქვს -2 და მას კიდევ მალევე გაუარესდება მხედველობა, აუცილებელია ექიმთან გამოკვლევა. 2 წელში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯონ 19 წლამდე პირები.

_რამდენად ხშირად მოგმართავენ ახალგზრდები მხედველობის პრობლემით?

_სტატისტიკურად, მოსახლეობის 25% არის ახლომხედველი. ეს არის ძველი სტატისტიკა, ახლა რაც ციფრული ტექნოლოგიები გაჩნდა, ამ ციფრმა მოიმატა. ასაკოვან ადამიანზე მობილურის ან კომპიუტერის გამოსხივება ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ ახალგაზრდაზე დიდი გავლენა აქვს. ხშირად მოდიან ჩემთან პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც მეუბნებიან, რომ კვირაში 12-14 საათზე მეტი უწევთ კომპიუტერთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება, მაგრამ დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით, სხვა გზა არ გვრჩება. ძირითადად, მათ აქვთ თვალის სიმშრალე და ახლომხედველობის მატება.

_როგორ უნდა დავიცვათ და შეძლებისდაგვარად თავი ავირიდოთ ციფრული ტექნოლოგიებიდან წამოსულ მოსალოდნელ საფრთხე?

_ყოველ ნახევარ საათში კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ უნდა შეისვენოთ 5 წუთი და შორს გაიხედოთ, შემდეგ გააგრძელოთ მუშაობა. 4-5 საათიანი თავაუღებელი მუშაობა თვალისთვის, რა თქმა უნდა, საზიანოა და არ შეიძლება, თუ მისი განტვირთვა არ მოხდა.