„ლოქდაუნის“ მომხრე არ ვარ, ეკონომიკამ რატომ უნდა იზარალოს უგუნური ადამიანების გამო?! “- ინტერვიუ ლადო კახაძესთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. დაახლოებით ორი წელია, ჩვენი ქვეყანა ამ საშინელ პანდემიას ებრძვის, ადამიანები ამ ვირუსით იხოცებიან და ყოველდღიურად იზრდება დაინფიცირების რიცხვი. „ვერსია“ დაინტერესდა, რა ვითარებაა დღეს საქართველოში პანდემიის მართვის თვალსაზრისით - გთავაზობთ ინტერვუს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძესთან:

_ბატონო ლადო, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ პანდემიურ ვითარებას? ჯერჯერობით, ვართ თუ არა ზღვარზე, როდესაც შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ გაუძლოს მოთხოვნას? 

_ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამ გამოწვევას არ ექნება კარგი გამოსავალი, თუ არ გავამახვილებთ ყურადღებას აცრაზე. ეს არის ჩემი მკაცრი რეკომენდაცია. ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს თუ არა, ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ტალღაც გვქონია და გაუძლო. კადრები მომზადებულია და დიდი გამოცდილება დააგროვეს მათ, მაგრამ ადამიანური რესურსი ძალიან ძნელი გასაძლებია. ჩვენ ექიმების, სანიტრების ექთნების და დამხმარე პერსონალის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, რადგან ესენი არიან ძალიან დიდი დატვირთვის ქვეშ.

_ ვითარება ძალიან მძიმეა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ? უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო კონკრეტული ჯგუფებისთვის მაინც?

_სიტყვა სავალდებულოს მე პირადად ფრთხილად ვეკიდები. მე, კონკრეტულმა პიროვნებამ, სავალდებულოდ მივიჩნიე აცრა და ავცერი ყველა ჩემი ოჯახის წევრიც. ანუ ამ საკითხს მივუდექი როგორც პრაქტიკულად, ისე გონივრულად. ასე მჯერა და მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გონიერი ადამიანი და პრაქტიკულად, კარგად აფასებს სიტუაციას. ასეთი ადამიანების იმედი მაქვს, ძალით ვერავის გაუკეთებ ვაქცინას, რადგან კონსტიტუციურად არ არის გამართლებული. მე ადამიანების გონიერების უფრო მჯერა, ვიდრე „მათრახის“.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა გამოცხადდეს თუ არა „ლოქდაუნი“ და უნდა დაწესდეს თუ არა მკაცრი შეზღუდვები?

_ არა, ამ ამ ყველაფრის მომხრე არ ვარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ადამიანი გონიერი და ჭკვიანია იცის, როგორ აიცილოს თავიდან ეს ყველაფერი. ელემენტარული წესების დაცვაა მთავარი, ადამიანი არის სოციალური ფიგურანტი, კანონშემოქმედი, კანონისდამცველი, სხვისი დამცველი... ამ ადამიანმა კარგად იცის ეს ვალდებულებები კონსტიტუციური ნორმების დაცვით უნდა შეასრულოს. ეს არის უპირველესყოვლისა, პირბადე, დისტანცია, თავშეყრის ადგილების მორიდება. ჩვენ ყოველდღე გვესმის ერთი და იგივე, მაგრამ მე არ ვარ მომხრე ლოქდაუნის იმიტომ, რომ ეკონომიკამ რატომ უნდა იზარალოს უგუნური ადამიანების გამო?!

_ თქვენ, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ აფასებთ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პანდემიის მართვას - რა კეთდება სწორად და რა არასწორად?

_აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, არ არის პლატფორმა, რომელშიც არ იყოს განმარტებული მდგომარეობის რეალური სტატუსი. აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ერთად გააკეთეს ის რაც მსოფლიო გამოცდილებას მიესადაგება, ჯანმოს რეკომენდაციები გაწერილია ყველა სივრცეში, ტელევიზიაში ეს რეკლამები არის, ყოველი პლათფორმა ჩართულია. ყველა რუპორი ამოქმედებულია, რომ ადამიანების ტვინამდე მივიტანოთ საჭიროების შესახებ. მაგრამ, დამიჯერეთ, მე, როგორც გამოცდილი ექიმი, ძალიან ბევრჯერ მინახავს ჯიუტი პაციენტები, როდესაც ყველა, ექიმი, ჟურნალისტი შეიკრიბება და მოუწოდებს ხალხს ვაქცინას, შემდეგ ერთი ანტივაქსერი გამოვა და სულ წყალში ჩაყრის ყველაფერს. მერე ამას ეთმობა პრესა და ტელევიზია. ვფიქრობ, რომ ანტივაქსერებს არ უნდა დაეთმოთ სივრცე, რომ მოუწოდონ ხალხს ეს კამპანია. ეს ადამიანები ნაკლებად უნდა იყვნენ პოპულარიზებული. ექიმებმა, ქვედა რგოლმა, პირველადი ჯანდაცვის რლოგმა, მობილურმა ჯგუფებმა, ყველაფერი რაც სახელმწიფოს ეხებოდა, ეს ყველაფერი აპრობირებულად გააკეთეს. ახლა კი გვჭირდება გონიერი ადამიანების თანადგომა, მეტი არაფერი გამოვა. სხვანაირად აქ იქნება სულ „შენ მტყუანი, მე მართალი“ და ამ კამათში მოიგებს ვირუსი, დავმარცხდებით. დამარცხდებიან ის ადამიანები, რომლებმაც არ დაგვიჯერეს. სხვა არანაირი გამოსავალი აქ არ არსებობს. მე ასევე ვემხრობი მწვანე პასპორტებს, უსაფრთხო დაწესებულებებს, მაგალითად, დაწესებულებას, რომელშიც არ არის აცრილი 80% _ზე ნაკლები პერსონალი, არ უნდა მიენიჭოს მწვანე ლოგო. რატომ? იმიტომ, რომ არის მასპინძელი და უნდა იყოს უსაფრთხო, სტუმარიც უნდა იყოს ასევე უსაფრთხო. ჩვენ თუ სადმე მივდივართ, უნდა ვიყოთ უსაფრთხო, აი ამ ყველაფერს ვემხრობი იმიტომ, რომ გრიპის დროს შენ ხომ ერიდები გარე საზოგადოებას?  ხომ არ გინდა, ხალხი დაასნეულო? თუ ასეა, ამ ვირუსის დროს რატომ გინდა? - მე ეს ლოგიკა არ მესმის. ძალდატანების მომხრე არ ვარ. ხშირად მომყავს ჩემს ბავშვებთან ეს მაგალითი, რომ რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, წიგნი წაიკითხე-თქო, ძალით ხომ ვერ წააკითხებ. სიგარეტს ნუ ეწევი ცუდია-თქო, ძალით ხომ ვერ დაანებებინებ? მოტივაციები იქ თვითონ უნდა შეიქმნას ადამიანმა და თვითონ უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე. აქ გონიერ ადამიანზეა ლაპარაკი, ჰომოსაპიენსზე. უგუნურ ადამიანებთან აზრი არ აქვს, ვერაფერს გავხდებით. ეს ყველაფერი ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა და ასე ვცხოვრობ.

 ავტორი: სალომე ნოზაძე