56 ახალი სტატია

რა სიმპტომებით ვლინდება და რა გართულებებს იწვევს „დელტა“ შტამი ბავშვებში - პედიატრ თამარ ობგაიძის რეკომენდაციები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორონავირუსის "დელტა" შტამი უკვე ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზით, კონტინეტზე უკვე აგვისტოსათვის, პრაქტიკულად, ჩაანაცვლებს „ალფა“ ანუ ბრიტანულ შტამს და წარმოდგენილი იქნება 90%-ით. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ "დელტა" შტამი ბავშვებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ბოლო 24 საათში საქართელოში კორონავირუსის 1264 შემთხვევა დადასტურდა, გავრცელებული მონაცემებით, აქედან ყოველი მეათე ბავშვია. რამდენიმე დღის წინ ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა. ინფიცირების მატების გამო, საავადმყოფოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და საწოლების რაოდენობა, პრაქტიკულად, შევსებულია.

„ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს „დელტა“ შტამი ბავშვებში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როგორ დავიცვათ ბავშვები ვირუსის ამ ვერაგი შტამისგან? - ამ კითხვებით მედიცინის დოქტორს, პედიატრ თამარ ობგაიძეს ვესაუბრეთ:

_ქალბატონო თამარ, პირველ რიგში გკითხავთ, როგორ დავიცვათ ბავშვი კორონავირუსისგან?

_პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს და ხშირად ვიმეორებთ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, ეს ჰიგიენური ღონისძიებებია - ასწავლეთ პატარებს ხელების ხშირად დაბანა, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, თუ არ არის ხელის დაბანის საშუალება. არ დაგავიწყდეთ, მისცეთ ბავშვებს მაგალითი თავად. ასწავლეთ დისტანციის დაცვა და აუხსენით მისი მნიშვნელობა. თუ გახსოვთ, წინა ტალღების მიმდინარეობისას ნიღაბი ადრეული ასაკის პატარებისათვის არ იყო მოწოდებული. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აშშ პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს ნიღბის ტარებას დახურულ სივრცეებში 2 წლის ასაკიდან. ვაქცინაცია - აშშ და ევროპის ქვეყნები კოვიდ-19 ის საწინააღდმეგო ვაქცინაციას 12 წლის ასაკიდან იწყებენ და ამისათვის ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა Comirnaty-ს აქვს. ჩვენს ქვეყანაში დაშვებულია მოზარდების ვაქცინაცია ამავე ვაქცინით 16 წლის ასაკიდან. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ არსებობს პროფილაქტიკის ჩამოთვლილ მეთოდებზე უფრო ეფექტური საშუალება.

_ძირითადად, რომელი სიმპტომებით ვლინდება "დელტა" შტამი ბავშვებში?

_ბავშვებში "დელტა" ვირუსით გამოწვეული დაავადების მთავარი ნიშნები არის თავისა და ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხელება. შეიძლება გამოიხატოს ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი. ამ ფონზე გართულების განვითარება ყველა შემთხვევაში არ ხდება. უხშრესად ეს დაავადება მსუბუქად ან ზომიერი სიმძიმით შეიძლება მიმდინარეობს და მისი მართვა სახლის პირობებშიც შეიძლება პედიატრის მეთვალყურეობით.

_თუ ბავშვს მარტივ ფორმებში გადააქვს ვირუსი სახლის პირობებში, ამ შემთხვევაში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

_აუცილებელად დააკვირდით ცხელებას. მართეთ ის სიციხის დამწევი პრეპარატებით, მიეცით სითხეები და რაც მთავარია, დათვალეთ სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში. სუნთქვის გახშირება ფილტვის ანთების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. გახსოვდეთ, რომ 1 წუთის მანძილზე 0-2 თვემდე ასაკის ბავშვის სუნთქვის სიხშირე არ უნდა იყოს 60 და მეტი, 2 თვიდან 1 წლამდე ასაკში -50 და მეტი. 1-5 წლამდე 40 და მეტი და 30 და მეტი 5 წლის ასაკის ზემოთ. სუნთქვის გახშირებისას საავადმყოფოში დაუყოვნებელი მიმართვაა საჭირო.

_რა საკვები უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ბავშვმა, რომ რაც შეიძლება მალე აღიდგინოს იმუნიტეტი?

_შეზღუდვები კვების მხრივ კოვიდი-19-ის დროის არ არსებობს. საკვებ რაციონში უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, რაც ვიტამინების, საჭირო მინერალების აუცილებელი წყაროა. ბავშვს მიეცით რძის პროდუქტები, ხორცი, კვერცხი, როგორც ცილის, ასევე კალციუმის, სხვა მინერალების და ვიტამინების წყარო. სრულფასოვანი კვებას უდიდესი გავლენა აქვს ორგანიზმში მიმდნარე სასიცოცხლო პროცესების, მათ შორის იმუნური რეაქციების მიმდინარეობაზე.

_რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება დაუტოვოს ბავშვს კორონავირუსმა?

_კოვიდის გადატანის შემდეგ ხშირად ბავშვებს არ აღენიშნებათ რაიმე ნარჩენი მოვლენები, თუმცა არის სისუსტის, უმადობის შემთხვევები, რაც თავისთავად გაივლის. თუმცა, არსებობს მძიმე გართულებაც, რაც კოვიდის გადატანის შემდეგ შემთხვევაში მცირე ნაწილში ვითარდება - ეს არის მულტისისტემური ანთების სინდრომი, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომით გამოვლიდენს. მისთვის დამახასაითებელია ცხელება და რომელიმე სხვა კლინიკური ნიშანი, მაგალითად, ღებინება, მუცლის, გულმკერდის, თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, გამონაყარი. ასეთ შემთხვევაში ექიმთან დაუყოვნებლი მიმართვაა საჭირო.

_როგორ ფიქრობთ, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება ხომ არ უნდა გადაიდოს?

_ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია ასეთია - სასწავლო პროცესი უნდა შეწყდეს მხოლოდ მძიმე ეპიდსიტუაციის შემთხვევაში, რადგან სასწავლო პროცესის ხანგრძლივი წყვეტა არღვევს არამარტო საგანმანათლებლო პროცესს, არამედ ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითრებაზე. ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა იქნას მიღებული, თუ რა ეპიდვითარება იქნება ქვეაყანაში იმ დროისათვის.

ავტორი: ია გრიგალაშვილი