შეიძლება თუ არა ცოფზე აცრის შემდეგ კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ არის ძაღლისა და კატის ნაკბენზე საშიში კურდღლის ნაკბენი - ექიმის განმარეტებები

 ცოფი გავრცელებული ვირუსულ-ინფექციური დაავადებაა, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული ვაქცინაციაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოფი დაავადებულის გარდაცვალებით სრულდება. სამწუხაროდ, წლებია, ამ მხრივ საქართველო არაკეთილსაიმედო ზონად მიიჩნევა, რადგან თითქმის ყოველწლიურად, ცოფის შემთხვევები ფიქსირდება. ყოველდღიურად, აცრის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მათ შორის არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც.

ცოფით ნებისმიერი ძუძუმწოვარი შეიძლება დაავადდეს, თუმცა ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ძაღლი, კატა, ღამურა, კურდღელი, ვირთხა და მელა წარმოადგენენ, რადგან ხშირად, ეს არსებები ცოფის ვირუსის მატარებლები არიან. ადამიანის ორგანიზმში ცოფი ვითარდება, თუ დაინფიცირებულმა ცხოველმა დაგკბინათ, დაგკაწრათ ან ჭრილობაზე დაგდორბლათ. ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან მისი ჩაუტარებლობა, ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

„მომართვიანობა საკმაოდ ხშირია, ზოგჯერ დღეში, 30 ადამიანამდეც მიმიღია. მათ შორის, კოვიდინფიცირებულებიც. ცოფი არის ვირუსი, რომლის წინაშე ყველაფერი უძლურია და თუ დგება მისი საშიშროების ფაქტი, ყველა შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს აცრა“, - ამბობს „ვერსიასთან“ საუბრისას მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ქირურგ-რაბიოლოგი, თეიმურაზ გოგიძე.

 

- აუცილებელია თუ არა, რომ აცრა, შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში ჩატარდეს?

- 24 საათში აცრა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ცოფის ინკუბაციური პერიოდი 8-10 დღიდან, ერთ წლამდე გრძელდება. გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანს შემთხვევიდან მეხუთე, ან მეშვიდე დღეს მოუმართავს და აცრა ჩაგვიტარებია.

- რა სახის პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს პაციენტს, სანამ მოგმართავთ?

- ნაკბენი ან ნაკაწრი საპნიანი წყლით, ნაზად უნდა დამუშავდეს. არ გამოიყენოთ სპირტი და იოდი.

- თუ აცრის კურსის ჩატარების შემდეგ, მოკლე ვადაში, კვლავ განმეორდა დაკაწვრა-დაკბენა, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- ამ დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გააჩნია, რა ხნის შემდეგ განმეორდა შემთხვევა და პაციენტმა აცრის სრული კურსი ჩაიტარა, თუ ნახევარი. ნახევარ კურსს (სამი ვიზიტი)  იტარებს ის, ვისაც შეუძლია ცხოველზე დაკვირვება რამდენიმე დღის განმავლობაში. ძირითდად, თუ ახლო პერიოდში განმეორდა, მაგალითად, ერთი თვის მანძილზე,  ხელმეორე აცრა საჭირო არაა. სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, ცოფის ვაქცინა, თითქმის ერთი წელი რჩება ორგანიზმში.

- თუ ცხოველი შინაურია და აცრილია, შეიძლება თუ არა, ან უნდა ვიჩქაროთ თუ არა ვაქცინაცია?

- არა, რადგან ცოფის მხრივ, საქართველო არაკეთილსაიმედო ზონაა და ხშირია ამ ვირუსის დაფიქსირების შემთხვევები. სამწუხაროდ, აცრილ ცხოველებშიც გამოვლინებულა ცოფი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ცხოველი არაკეთილსინდისიერად აცრეს. თუ ვაქცინა შესაბამის პირობებში არ შეინახეს, ეფექტიანობას კარგავს, ამიტომ ცხოველის კეთილსინდისიერად აცრას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ადამიანი კატისა და ძაღლის გარდა, სხვა ცხოველმა, მაგალითად, კურდღელმა ან ზაზუნამ დაკაწრა/დაკბინა. ამ დროს, ანტირაბიული ვაქცინა დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს.

- არსებობს თუ არა ისეთი ვაქცინა, რომელიც წლების განმავლობაში დაიცავს ადამიანს ცოფის ვირუსისგან?

- არა, სამწუხაროდ, მსგავსი ვაქცინა არ არსებობს. ვაქცინის ჩატარება ყოველთვის აუცილებელია და მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანი იტარებს. მათ შორის, არც ორსულობა წარმოადგენს დაბრკოლებას, რადგან ამ დროს, ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე.

- ვნებს თუ არა ანტირაბიული ვაქცინა იმუნურ სისტემას?

- არა, იმუნურ სისტემას, ძირითადად, არ ვნებს, მით უმეტეს, როდესაც ვაქცინა  გადის ორგანიზმიდან. თუ ადამიანს აქვს რაიმე მალული დაავადება, მაგალითად, რევმატიული, შეიძლება, ამან იჩინოს თავი და ამ შემთხვევაში, ვაქცინა სანიტარის როლსაც ასრულებს.

- კოვიდინფიცირებულისთვის თუ ჩაგიტარებიათ ვაქცინა?

- პირველად საქართველოში, მე გავუკეთე ცოფის აცრა კოვიდით დაინფიცირებულს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, თუმცა თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

- ანტირაბიული ვაქცინის ჩატარებიდან რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა?

- ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან ერთი-ორი თვის განმავლობაში, აკრძალულია ყველა სხვა აცრების ჩატარება, მათ შორის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინისაც.

- თუ პაციენტს ახალი ჩატარებული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, მაშინ?

- ამის მიუხედავად, დღესდღეისობით რეკომენდაციაა, რომ მაინც აუცილებელია დაუყონებლივ ჩატარდეს ანტირაბიული ვაქცინა.

- ფასიანია თუ არა ვაქცინის ჩატარება?

- ვაქცინის ჩატარება უფასოა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც  1 000 ლარს ზემოთ უფიქსირდებათ ხელფასი. 

 

 

ია გრიგალაშვილი