2020 წლის ბოლო სკანდალი - გართობა ახალი წლის ღამეს რეგულაციების დარღვევით!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გგონიათ, მთავრობის მიერ დაწესებული ნახევრად „ლოქდაუნი“ ვინმეს ანაღვლებს? გგონიათ, ნაახალწლევს, რომელიც საქართველოში იანვრის ბოლომდე გრძელდება, კორონავირუსით დაინფიცირების სტატისტიკა არ გაიზრდება? გგონიათ, ვინმეს ადარდებს, რომ ახალი წლის, შობის, მერე ძველით ახალი წლის, ნათლისღებისა და ნინოობის დღესასწაული მოკრძალებულად, ვიწრო ოჯახურ წრეში უნდა აღნიშნონ? არა, ბატონებო, არ დაიჯეროთ, რომ საყოველთაო პანდემიის დროს რამე ვისწავლეთ, ან კრიზისმა ახალი გზა გვიჩვენა, გეკადრებათ? „რაც კარგები ვართ, ხომ ქართველები ვართ“, - ჰოდა, რისი ქართველები ვართ, ამა თუ იმ აკრძალვაში, ჩვენთვის „სახეირო“ გასაძრომი თუ არ ვიპოვეთ! ახლა, ცოტა ხნით, გოზინაყის მომზადებას მოეშვით, სუფრაც მოგვიანებით გააწყვეთ და ყური კარგად დამიგდეთ - მეგობრების წრეში გსურთ ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ ვერ ახერხებთ, რომ რესტორნები 21.00 საათამდე მუშაობენ, თანაც გატანის სერვისზე? არ ინერვიულოთ, დარეკეთ შპს „ჟოზეფინაში“, დაიქირავეთ ორსართულიანი სახლი და შეხვდით ახალ წელს მეგობრებთან ერთად. თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, ახლა ნუ დარეკავთ, აზრი არ აქვს, რადგან მე 30 დეკემბერს რომ დავრეკე, მითხრეს, 3 იანვრამდე, სახლი დაჯავშნილიაო.

დიახ, ასე მარტივად: დარეკავთ წინასწარ, ალბათ, დეკემბრის დასაწყისში უნდა დაგერეკათ, რადგან სოციალურ ქსელში, ეს რეკლამა 6 დეკემბრიდან გამოჩნდა. მოკლედ, დარეკავთ შპს „ჟოზეფინაში“ და სახლს დაიქირავებთ. ერთი კაცი 370 ლარი ჯდება. დიახ, ძვირია, მაგრამ გგონიათ, საათობრივად მოგაქირავებთ ვინმე? ნურას უკაცრავად, მაგალითად, პირადად მე, 30 დეკემბერს მითხრეს, რომ 3 იანვარს თუ ვიქირავებდი ამ სახლს, 4 იანვარს 12.00 საათზე უნდა დამეცალა. როდესაც ვუთხარი, ოთხ მეგობარს გვსურს, სახლი ვიქირაოთ, მითხრეს - უფ, ძალიან ძვირი დაგიჯდებათო, კაცი 370 ლარი ღირსო.

- ოთხი მეგობარი ვართ და ახალი წლის ერთად აღნიშვნა გადავწყვიტეთ, რამე პრობლემაა? - ვეკითხები იმ იმედით, რომ მეტყვის, ხომ არ გაგიჟდი, ოთხი კი არა, ამ სახლის დაქირავება მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი, რადგან მოქმედი რეგულაციით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს უფლება აქვს, რესტორნის მომსახურება ორ ადამიანს ნომერში მიართვას. ნომერში და არა - სასტუმროს რესტორანში!

ნურას უკაცრავად, ოთხკაციან ჯავშანზე უარს იმიტომ კი არ მეუბნება, რომ რეგულაციას შეგნებულად, ჟურნალისტური ხრიკებით ვარღვევინებ, არა! ჩემს ფინანსებს უფრთხილდება, მეუბნება, ოთხ კაცზე 1480 ლარის გადახდა მოგიწევთ და ძვირი დაგიჯდებათო, თორემ თუ ამ თანხას გადავიხდიდი, რა პრობლემაა, მეორე დილამდე ვიგრიალებდით ოთხი ადამიანი ქართულ-ჯიგრულად!

არადა, მართალია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები შემსუბუქდა, მაგრამ სრული მოცულობით - არა! მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასტუმროებისა და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის იყო დაშვებული. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. თუმცა, 24 დეკემბრიდან, სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან, მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისია დაშვებული.

რაც შეეხება რესტორნებსა და კვების ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით, ისინი მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე აგრძელებენ; ასევე, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისია  ახალი წლის ანუ 31 დეკემბრის ღამე და შობის ანუ 6 იანვრის ღამე; ამ გამონაკლისის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, დღესასწაულები ვიწრო, ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

 

მაია მიშელაძე