ჯოჯოხეთი დედამიწაზე - თურქეთის მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„04:15 საათზე, ისეთი სიძლიერის ბიძგი იყო, რომ არ ვიცი, როგორ უნდა აღვწერო. ვიფიქრე, რომ რამდენიმე წამში დასრულდებოდა, მაგრამ გაგრძელდა და ინტენსივობამ მოიმატა. კატასტროფული ხმა ისმოდა, ყველა ნივთი ძირს ცვიოდა, გაქცევა ვეცადე, კარი დაიკეტა და მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ერთადერთი ვიფიქრე, რომ ახლა უნდა მოვკვდე და იქნებ, ისე მოხდეს, რომ ძალიან არ მეტკინოს. პირველი ბიძგი ერთ წუთამდე გაგრძელდა, დასრულებისთანავე, იმ წამსვე შევძელით, რომ გარეთ გამოვსულიყავით, სახლიც ჩამოინგრა და განმეორდა იგივე სიძლიერის ბიძგი... გაზი აფეთქდა და ამან ხანძარი გამოიწვია, როგორი ქაოსია, ვერ წარმოიდგენთ“, - ამ სიტყვების ავტორი თურქეთში მცხოვრები ქართველი ელენე ყაფლანია, რომელიც ჯოჯოხეთურ მიწისძვრას სასწაულებრივად გადაურჩა. სამწუხაროდ, ელენესნაირად, საქართველოს ორ მოქალაქეს არ გაუმართლა - ორივე, ათასობით ადამიანის მსგავსად, მიწამ და ნანგრვებმა შთანთქა...

 

... 6 თებერვალი - ეს მსოფლიო ისტორიის ახალი სისხლიანი თარიღია, თარიღი, რომელმაც დედამიწა დაშოკა.

კაცობრიობის ისტორიაში დამანგრეველი მიწისძვრები ადრეც ყოფილა. ადამიანების სიცოცხლე სხვა სტიქიურ უბედურებებსაც შეუწირავთ, მაგრამ ის, რაც თურქეთში მოხდა, ნამდვილი ჯოჯოხეთია, ჯოჯოხეთი, რომელმაც სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გაცილებით ბევრი კი უსახლკაროდ დატოვა.

ეს ტრაგედია ჩვენთვის ორმაგად მძიმეა - როგორც აღვნიშნეთ, მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

სხვათა შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თურქეთს დახმარების ხელი გაუწია - ქართველი მაშველები სტიქიის ზონაში ტრაგედიის დღესვე გაემგზავრნენ. საქართველოში თურქეთის საელჩომ მადლობის წერილიც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, რომელიც ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე, გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად“.

დიახ, დღეს თურქეთსა და სირიას დახმარება ისე სჭირდება, როგორც არასდროს, არავის დასჭირვებია. ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიომ წამიერად, უკრაინაში რუსული სადიზმიც დაივიწყა. აკი, ურაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამაც განაცხადა, ჩვენი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს თურქეთის მოსახლეობისთვის ვლოცულობთო:

„ჩვენი ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენი ფიქრები და ლოცვები დღეს თურქეთთანაა. ასობით ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის ტანჯვა ენით აუწერელი ტკივილია. ემინე ერდოღან, ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და მზად ვართ, დაგეხმაროთ ყოველნაირად. ვუსამძიმრებ ტრაგედიით დაზარალებულებს. უკრაინა თქვენთანაა“.

თურქეთის ტრაგედიაზე სამძიმრის წერილები მსოფლიო ლიდერებმაც გაავრცელეს. მეზობლების ტრაგედია საქართველოს პირველმა პირებმა და პატრიარქმაც გაითავისეს.

„მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯებ ტაიფ ერდოღანს! თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა, ამინ“, - ვკითხულობთ ილია მეორის სამძიმრის წერილში.

თურქეთის მიწისძვრა, რომელმაც 5 ათასი ადამიანის (ამ დროის მონაცმებით) სიცოცხლე შეიწირ, 5 775 შენობა დაანგრია და უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედიის მიზეზად იქცა, კაცობრიობას, ალბათ, დიდხანს არ დაავიწყდება.

სწორედ ასეთი ტრაგედიები ყველას, ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად, გვახსენებს, რომ სიცოცხლე, მართლაც, წუთია...

„ვერსია“ თურქეთის ხალხს სამძიმარს უცხადებს...

 

 ავტორი: ნინო დოლიძე