სივრცე, სადაც განსხვავებული ფოტოების გადაღება შეგიძლიათ - სელფის მუზეუმი თბილისში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს, უნიკალური სივრცე სადაც , შეგიძლიათ გადაიღოთ შთამბეჭდავი, სახალისო და განსხვავებული ფოტოები. „სელფის მუზეუმი“ არის ადგილი, სადაც სელფის გადაღება ფერად ჭურებთან, ფიროსმანის ნახატებთან, ჩოხაში გამოწყობილ მარკ ცუკერბერგთან და სხვა საინტერესო კონცეფციის სივრცეში შეგეძლებათ.

მუზეუმი 600 კვარდატული ფართობისაა და მასში 30 სხვადასხვა თემატიკის დეკორაციაა წარმოდგენილი, რომლებიც ითვალისწინებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებას. „ვერსია“ დაინტერესდა, საიდან მოდის ამ მუზეუმის შექმნის იდეა და რა სიახლეს სთავაზობს სტუმრებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ადგილზე მივსულიყავით და ჩვენი თვალით გვენახა ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ადგილი მართლაც განსხვავებული და კრეატიულია.

გთავაზობთ ინტერვიუს, „სელფის მუზეუმის“ გენერალურ მენეჯერ თამარ თელიასთან :

_საიდან წამოვიდა მუზეუმის შექმნის იდეა და ვინ არის დამფუძნებელი?

_„სელფის მუზეუმის“ დამფუძნებლები არიან ლაშა კვანტალიანი და სოფო კვანტალიანი. ეს იდეა კი კალიფორნიაში დაიბადა, სადაც ლაშა ცხოვრობდა. ამერიკაში ბევრი მსგავსი მუზეუმია,საქართველოში კი არა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რატომაც არა? ჩვენც გვინდოდა ყოფილიყო თბილისში. ასევე გვინდოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, როგორც ადგილობრივებისთვის ისე ტურისტებისთვის. მუზეუმი დაარსდა 2020 წელს.

_რას სთავაზობთ სტუმრებს და რითგან განსხვავდება თქვენი მუზეუმი სხვა მუზეუმებისგან?

_მუზეუმი ბევრია საქართველოში, სელფის მუზეუმისნაირი სივრცე კი ჯერ საქართველოში არ არის. ჩვენი მუზეუმი იმ სეგმეტისთვისა უფრო გათვლილი, ვისაც უყვარს ფოტოების გადაღება. სტანდარტულ მუზეუმში, როცა შევდივართ ვათვალიერებთ,ინფორმაციებს ვიღებთ აქ კი ცოტა სხვაგვარადა, თქვენ შეგიძლიათ სასურველი ფოტოსესია მოაწყოთ, დაათვალიეროთ, გაერთოთ. ჩვენ ამ ყველაფრის შესაძლებლობას ვაძლევთ სტუმრებს.

_ძირითადად რა ასაკის ხალხი სტუმრობს თქვენს მუზეუმს?

_მუზეუმში ძირითადად 18 დან 30 წლამდე ადამიანები სტუმრობენ.

_რა ღირს თქვენთან ბილეთი და რამე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ მომხმარებლისთვის?

_ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. თუმცა გვაქვს ოთახი, რომელიც +18 სტუმრებისთვის არის მხოლოდ. ასევე მუზეუმში, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არ შეიძლება საკვების და სასმლის შემოტანა. შინაურ ცხოველებთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, თუმცა არ ვუშვებთ, თუ კარგად დაცული არ არის ჰიგიენური ნორმები და თუ სხვა ადამიანებს დისკომფორტი შეექმნებათ. სივრცეში თავისუფლად ეტევა 30-35 ადამიანი. ბილეთის ფასი შემდეგია, ზრდასრულისთვის 20 ლარი. 3-17 წლის ჩათვლით 15 ლარი. 3 წლამდე უფასო.

_გყავთ თუ არა ბევრი სტუმარი მუზეუმში?

_პანდემიამ, როგორც ყველას ჩვენც მოგვიტანა ზიანი. სამჯერ მოგვიწია მუზეუმის დახურვა და შეიძლება ითქვას ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი 2020 წელს გაიხსნა. ახლა ვახერხებთ ნელ-ნელა რომ უფრო მეტ ხალხს გავაცნოთ ჩვენი მუზეუმი. განსაკუთრებით ხშირია ჩვენთან ტურისტები, გაზაფხულიდან კი უფრო ველოდებით გააქტიურებას.

_არის თუ არა შეზღუდული დრო და რამდენია მუზეუმში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა?

_მუზეუმში ყოფნის ხანგრძლივობა არის დაახლოებით, 1-1.5 საათი. დროში შეზღუდული არ ხართ. იმდენ ხანს იქნებით მუზეუმში, რამდენიც დაგჭირდებათ სასურველი ფოტოების გადასაღებად.

_შესაძლებელია თუ არა თქვენი მუზეუმში რაიმე ღონისძიების, ქორწილის ფოტოსესიის ან კომერციული გადაღების მიზნით გამოყენება?

_რა თქმა უნდა, შესაძლებელია, წინასწარ ფასის და დროის შეთანხმებით. გვქონია ქორწილის ფოტოსესია, კომერციული ფოტოსესია, გადაცემის ჩაწერებიც. ყველაფერი შეგიძლიათ, უბრალოდ ამ დროს წინასწარ იჯავშვნება ადგილი და წინასწარ ხდება მოლაპარაკება.

_რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ?

_დიახ. ახლა პროცესში ვართ, გეგმაში გვაქვს ჩვენს მუზეუმს ჰქონდეს თავისი მაღაზია, სადაც გაიყიდება, ჩანთები, მაისურები, ღვინო, ყველაფერი ჩვენი დიზაინით, რომელიც განსაკუთრებით ტურისტებისთვისა იქნება საინტერესო.

_და ბოლოს ვინ არის „სელფის“ მუზეუმის დეკორაციის შემქმნელი?

_მუზეუმის ინტერიერზე მხატვარ დიზაინერებმა, ქეთევან ნადიბაიძემ, თამრი ოხიკიანმა და ლევან კვარაცხელიამ იმუშავეს.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე