“მწვანე ბარათის” გათამაშება დაიწყო- გზამკვლევი ნაბიჯ-ნაბიჯ (2022)

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო ათი წელი აშშ-ის „მწვანე ბარათის“ ლატარიაში საქართველოდან  მონაწილეთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 2021 წელს გათამაშებაზე 50,272 აპლიკაცია შევიდა, საერთო ჯამში, ბედი  112,464 ადამიანმა სცადა. 

რა არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი - ოფიციალურად მუდმივი რეზიდენტის ბარათი - მფლობელს უფლებას აძლევს ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რას ნიშნავს მწვანე ბარათის გათამაშება?

მწვანე ბარათს, სხვანაირად კი „მრავალფეროვნების ვიზას“ აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ათამაშებს.

2024 წელს ამერიკა 55 000 მრავალფეროვნების ვიზას გასცემს, შემთხვევითი პრინციპით. საქართველო, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, ვერ მიიღებს გამოყოფილი ვიზების 7%-ზე მეტს.

თუ ლატარია მოვიგე, აშშ-ის მოქალაქე ვხდები?

არა. მწვანე ბარათის მფლობელებს არ აქვთ აშშ-ის მოქალაქის მთელი რიგი უფლებები, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობა, ან წვდომა სახელმწიფო სამედიცინო დახმარებაზე.

რა ღირს გათამაშებაში მონაწილეობა?

ფორმის შევსება უფასოა. აპლიკაციას ავსებთ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ ვებსაიტზე: dvprogram.state.gov

მოგების შემთხვევაში, მოგიწევთ სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

ვის შეუძლია ლატარიაში მონაწილეობა?

ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ ორიდან ერთ მოთხოვნას:

  • დამთავრებული გაქვთ საშუალო სკოლა, ან
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სულ მცირე ორი წელია მუშაობთ ისეთ პოზიციაზე, რომელსაც სჭირდება ორწლიანი სწავლა, ან სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილების დადგენა შეგიძლიათ ამ ვებსაიტზე).

რა დოკუმენტებია საჭირო?

ფორმაში უნდა მიუთითოთ საბაზისო მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქალაქი და ქვეყანა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა.

დაგჭირდებათ ფოტო(ებ)იც.

აპლიკაციის შესავსებად ზუსტად ერთი საათი გაქვთ.

როგორი ფოტო უნდა გადავიღო?

ფოტო(ებ)ი უნდა იყოს ფერადი და მკაფიო; გადაღებული თეთრ ან ღია ფერის ფონზე; უნდა იყურებოდეთ კამერაში; გქონდეთ ნეიტრალური გამომეტყველება და გახელილი თვალები; არ გაიკეთოთ სათვალე.

ფოტოსურათ(ებ)ი უნდა იყოს გადაღებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ფოტომანიპულაციის შემთხვევაში, აპლიკაცია გაუქმდება.

სრული ინსტრუქცია ნახეთ აქ.

ჩემით რომ არაფერი შემეშალოს ვინმე შემიძლია დავიხმარო?

ჯობს არავის ანდოთ თქვენი განაცხადის შევსება, მათ შორის, „ვიზა აგენტებს“ თუ „კონსულტანტებს“. ფორმა მართლაც ძალიან მარტივი შესავსებია.

თუ ახლობელს დაიხმართ, მაგალითად თარგმანში, დაესწარით განაცხადის შევსებას.

უკვე შტატებში ვარ. შემიძლია პროგრამაში მონაწილეობა?

კი, განცხადების გაგზავნა შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან.

შეიძლება, მე და ჩემმა მეუღლემ ცალ-ცალკე შევავსოთ განაცხადი?

კი.

შევავსე. ახლა რა ვქნა?

განაცხადის სრულად შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, თქვენი სახელით, გვარითა და უნიკალური ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანია, შეინახოთ ეს გვერდი და კოდი. მათ გარეშე ვერ შეძლებთ სისტემაში შესვლას და განაცხადის სტატუსის შემოწმებას.

შეინარჩუნეთ წვდომა მითითებულ ელფოსტაზე, რადგან თუ აგირჩიეს, შემდგომ ნაბიჯებზე ინფორმაციას იქ გამოგიგზავნიან.

როდის და როგორ გავიგებ პასუხს?

შეხვალთ ვებსაიტზე dvprogram.state.gov, დააჭერთ ღილაკს Entrant Status Check, შეიყვანთ თქვენთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერსა და პირად ინფორმაციას და გაიგებთ პასუხს.

მოვიგე! წავედი ამერიკაში?

არა. ეს მხოლოდ დასაწყისია. კანდიდატად შერჩევა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებთ ვიზას. შერჩეულ კანდიდატებს დაიბარებენ გასაუბრებაზე აშშ-ის საელჩოსა ან საკონსულოში.

საჭირო იქნება DS-260 ფორმის შევსება, საკონსულო ოფიცერი კი პირადად დაგელაპარაკებათ, მათ შორის გკითხავთ ხომ არ ჩაგიდენიათ დანაშაული, გამოიკვლევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს

აშშ-ში რომ ჩავალ სამსახურს დამახვედრებენ?

არა. პირიქით, მოგიწევთ სახელმწიფოს აჩვენოთ, რომ არ იცხოვრებთ მის კმაყოფაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ ვიზას. თავად მოგიწევთ ავიაბილეთებსა თუ საცხოვრებელზე ზრუნვაც. ისე კი, ნებისმიერი ადგილი შეგიძლიათ აარჩიოთ ნიუ-იორკიდან კალიფორნიამდე.