„ამდენი არ მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანები ლუკმაპურის გარეშე დარჩნენ“- გიორგი სუხიტაშვილი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი

 

ქართული შოუბიზნესის პერსპექტიულობის საკითხი მუდმივად იყო საზოგადოების განხილვის თემა. ყველას მოგვისმენია თანამედროვე არტისტების ჩივილი იმის შესახებ, რომ ქართული შოუბიზნესი თითქმის არ არსებობს, ფინანსური სარგებლის მიღება ჭირს და კარიერული განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. რამდენად ასახავს ეს მოსაზრება დღევანდელ რეალობას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანები, ამასთან დაკავშირებით  გაზეთი „ვერსია“ მომღერალ, გიორგი სუხიტაშვილს ესაუბრა:

 

- გიორგი, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობთ, საინტერესოა რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?


- საკმაოდ რთულად არის საქმე. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ვითარება  ისეთია ქვეყანაში, რომ დიდი ღონისძიებები არ ტარდება, შესაბამისად  ჩემი რესურსით   მიწევს ახალი  კომპოზიციების კეთება.


- რა ხდება ქართულ შოუბიზნესში,  თუ ტარდება კონცერტები ისევ?

 

- ეს არის ჩვენი ქვეყნის თანმდევი პრობლემა.  ვერ იტყვი, რომ ერთი რაღაცის ბრალია, თუმცა ვერც იმას იტყვი, რომ კარგად არ ვმუშაობთ და ამის გამო ხდება. მუშაობის ადეკვატურ პირობებსაც  ვერ იღებ. ვთქვათ, ვწერ სიმღერას, შემდეგ ეს სიმღერა დავაანონსე, გვაქვს კონცერტები და შემოსავლები, შემდეგ  ახალ კომპოზიციებს აკეთებ ამ შემოსავლით. ბრუნვაა, როგორც სხვადასხვა ბიზნესში, ისე აქაც. შოუბიზნესი ნიშნავს, რომ შენი ნიჭისა და შრომის ადეკვატურად ხარ დაფასებული, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა.

========================

არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ  ჩვენს ქვეყანაში მინიმალური დეტალებიც კი მიბმულია პოლიტიკაზე. მაქსიმალურად ვცდილობ, თითი არ გავიშვირო ვიღაცისკენ, თუმცა ძალიან რთულია არ ვისაუბროთ ამაზე...
==============================

-პანდემიის პერიოდზეც, რომ მოგვიყვეთ, როგორ გაიარეთ ეს პერიოდი, კრიზისი ყველას შეეხო...


-პანდემიიდან დაიწყო რეალურად ყველაფერი. პროტესტებიც ხომ პანდემიის დროს გაჩნდა?! ამ სფეროში დასაქმებული რამდენი ადამიანი ითხოვდა ელემენტალურად რაღაც გაეკეთებინათ, რომ ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. რა გააკეთეს? არაფერი... ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, ქვეყნიდან წავიდნენ და აღარც დაბრუნებულან. აქედან დაიწყო გულისტკივილი. ამის შემდეგ ვეღარ გაიმართა ეს სფერო.  რეალურად, ახალი პროდუქტი რომ შეიქმნას, უნდა იყოს მოძრაობა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შემოსავალი. მსმენელს ხშირად ჰგონია, რომ სახლში დაჯდები, გიტარას აიღებ, სიმღერას დაწერ და უცბად იქცევა ჩანაწერად. ასე არ ხდება, ეს არის მხოლოდ კინოში. ამ სფეროს საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, პროდუქტი შექმნიდან მსმენელამდე რომ მიიტანო.


- ბევრმა მომღერალმა  „მოძებნა“ აუდიტორია და უმღერა რუს ხალხს, უკანასკნელი მაგალითი, თუნდაც მეგი გოგიტიძეა. როგორ აფასებთ ამგვარ ქმედებას, მითუმეტეს უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში?

- კონკრეტულ ადამიანებზე არ ვისაუბრებ.  მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვიღაცაზე ქვების სროლით არის დაკავებული. თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ვიღაც არ უნდა წასულიყო, 2008 წლის შემდეგ გადახედეთ სტატისტიკას, რამდენმა მომღერალმა ჩაატარა რუსეთში კონცერტი. ვიღაც იტყვის - გეოგრაფიას რა მნიშვნელობა აქვს?!  დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიღაც მოსკოვში ჩაატარებს, ვიღაც სხვა ქვეყანაში.  მე მეგის არ ვიცავ, უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც ერთ ადამიანზე მიაქვთ იერიში და ისე იქცევიან, თითქოს სხვას არ გაუკეთებია იგივე. მეც მქონდა უამრავი შემოთავაზება და არ წავედი, ამის დადასტურებაც შემიძლია, ეს ჩემი პოზიცია იყო. ვთქვათ, რომ რუსეთი მტერია, ან ვთქვათ, ხან მტერია, როცა გვაწყობს და ხან - არა.

- რუსი ტურისტების შემოსვლაზე რა აზრის ხართ, ხედავთ თუ არა საფრთხეს და ზოგადად რას ნიშნავს თქვენთვის ომის დღეები?

- ვინც თვალს ადევნებს ჩემს სოციალურ ქსელს, ყველამ კარგად იცის, რომ პირველივე დღიდან, როცა დაიწყო  შემოსვლა საქართველოში, იმ დღიდან ჩემთვის რუსი ტურისტი  ვერ იქნება ისეთი, როგორიც მაგალითად შვედი,ან ბრიტანელი ტურისტი... ვერასდროს ვერ იქნება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია  რუსეთის ფედერაციის მიერ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ  და თუ ვერ  ვთანხმდებით, მაშინ საერთოდ საუბარიც არ უნდა გავაგრძელოთ.

სავიზო რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ შენ ვინმეს აუკრძალო ქვეყანაში შემოსვლა. სავიზო რეჟიმი არის ბერკეტი, შემაფერხებელი იმისა, გავარკვიოთ ვინ შემოდის, რატომ,  რა ვადით და ა.შ. ახლა აბსოლუტურად უმართავია ეს პროცესი, ქვეყანას ცალმხრივად აქვს სავიზო რეჟიმი და ეს უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია. შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, პირიქით რომ იყოს, შეიძლება კიდევ გაიგო, მე მაქვს ოკუპირებული და კარგი გავუხსნი საზღვარს და იაროს.
========================
მე პირადად არ წავედი ბათუმში წელს იმიტომ, რომ რუსეთში დასვენება არ მინდა. თბილისშიც არ დავდივარ ტურისტების თავშეყრის ადგილას, ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ასევე, გულნატკენი ვარ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ოღონდ ფული შემოუვიდეთ და საიდან ან როგორ, არა აქვს მათთვის მნიშვნელობა. უპირატესობას ანიჭებენ რუსეთის მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იჩაგრებიან.

=====================

120 000 გამომწერი მყავს და როდესაც ხვდებიან, რომ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, შემიძლია გავავრცელო ინფორმაცია, მწერენ გულნატკენი თანამოქალაქეები, ფოტო-მასალას მიგზავნიან, მელაპარაკებიან, აზრს მეკითხებიან.  არ ვარ ადამიანი, ვინც მათ პრობლემებს გადაჭრის, მაგრამ როდესაც ვუყურებ ამ ყველაფერს, არ შემიძლია, აზრი არ გამოვთქვა. ძალიან ბევრი მუდმივი ცხოვრების ნებართვაა გაცემული, ბევრი უძრავი ქონებაა შესყიდული, ასე არ შეიძლება.

- გიორგი, ცოტა პოზიტიურ საკითხზეც, რომ გადავიდეთ. ვიცით, პაპა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ორიოდე სიტყვით, რომ მოგვიყვეთ მასზე, ვინ იყო თქვენთვის?

- ძალიან მიჭრის პაპაზე საუბარი, დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა და ვერიდები მასზე საუბარს. ის იყო ჩემთვის ოჯახის წევრი, რომელსაც 36 წელი ვუყურებდი და ბევრი კარგი ემოცია მქონდა, განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას აპირებთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე?

- სამომავლო გეგმები, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან. კარგი გეგმები მქონდა, მაგრამ ვერ ვანხორციელებ.

===========================

ვაპირებდით ბათუმში ქართული კონცერტის ჩატარებას, რომელსაც დავარქვით „გამორთე რუსული“,  გვინდოდა რუსული სიმღერები არ გაჟღერებულიყო საქართველოში, რესტორნებში, ბარებში და ა.შ. კარგი ხარისხიანი, ცოცხალი კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა, უამრავი ქართველი მომღერლით, თუმცა ბათუმის მერიამ გვითხრა, რომ საქართველოში ქართულ კონცერტს ვერ ჩავატარებდით ამ სახელწოდებით იმიტომ, რომ ვიღაცას ეს არ მოეწონებოდა. ვიდრე ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, როდესაც შენს ქვეყანაში მტრის სიმღერები იქნება ჩართული, რომელ სამომავლო გეგმებზეა საუბარი?

=================================

როდის მქონდა კონცერტი ბოლოს, ვერ გეტყვით. ჩემი სოლო კონცერტი კი არა, ზოგადად კონცერტზე როდის დამიძახეს, მაგასაც ვერ გეტყვით.  ყველაზე კარგ ფორმაში, რაშიც ვყოფილვარ ცხოვრების მანძილზე, ახლა ვარ და ვგრძნობ, შემიძლია რაღაცის კეთება. სამომავლო გეგმები არის ის, რომ ამდენი არ მიფიქრია აქამდე ქვეყნიდან წასვლაზე. ვიღაცას ეს შეიძლება დეპრესიულად მოეჩვენოს, მაგრამ დეპრესიული ადამიანი არ ვარ, უბრალოდ, ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობ. მარტივად,რომ ვთქვათ, სხვა გამოსავალი არ არის და, ვფიქრობ, ქვეყნიდან წავიდეს სადმე.  ეს არის სამომავლო საფიქრალიც და გეგმაც. არ მინდა, გულწრფელად, ბოლომდე მინდოდა, ჩემს ქვეყანაში მეკეთებინა ეს საქმე და შექმნილი პროდუქტი წამეღო სადმე , სახელი გამეტანა, მაგრამ სხვა გზა არ არის.