„ეშმაკსაც დავუჯდები მოსალაპარაკებლად, ოღონდ საქართველო იყოს წინ და იყოს ევროპაში“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თბილისში იმყოფება და რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლებს საკუთარ სახლში, ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას გვიმასპინძლა. ციხე-სახლი, რომელსაც თამამად შეიძლება, მუზეუმი ეწოდოს რამდენიმე საუკუნეს ითვლის. როგორც ფხაკაძემ გვიამბო, ყველა ნივთი, რომელიც მის სახლშია, მსოფლიოს არაერთი კუთხიდან აქვს ჩამოტანილი. Castle in Old Town -ის ინტერიერს მე-20 საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში მიჰყავხარ და აქ კიდევ ერთხელ რწმუნდები, როგორ ერწყმის ერთმანეთს ევროპული და ქართული კულტურა. გიორგი ფხაკაძე საუკეთესო მასპინძელი აღმოჩნდა და ჭიქა ღვინის თანხლებით ინტერვიუც ჩავწერე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:    

_ ბატონო გიორგი, რატომ ჩამოხვედით საქართველოში?

_ მარტივი მიზეზის გამო, სამჯერ ვარ აცრილი და კორონავირუსის ყველაზე ბოლო ვარიანტით დავინფიცირდი. შესაბამისად, დაცული ვიქნები 3-4 თვე, აქამდე უსაფრთხოების გამო არ ჩამოვდიოდი, რადგან აქ ხომ პირბადეს არავინ იკეთებს...

_ მაინც მგონია, რომ ნოსტალგიამ ჩამოგიყვანათ...

_ რა თქმა უნდა, 9 თვე არ ვყოფილვარ საქართველოში. ჩემი სახლი, ნათესავები, მეგობრები ძალიან მენატრებოდა და ეს იყო ძირითადი მიზეზი ჩამოსვლისა.

_ კეთილი, ახლა ეპიდვითარებაზეც ვისაუბროთ... აქ თითქმის ყველას აქვს განცდა, რომ პანდემია დასრულდა. ეს სიმართლეა? რა ვითარებაა მსოფლიოში?

_ კორონაპანდემია არ დამთავრებულა. საფრანგეთში დამემართა კორონა, რადგან იქ დღეში დაახლოებით 30 000 ადამიანი ინფიცირდება. გერმანიაში - 50 000-მდე ადამიანი, ასევე დიდი მაჩვენებელია აშშ-ში და ა.შ. მოკლედ, ვირუსის აფეთქება დაიწყო ისევ ყველგან. აფეთქებაა იმ ადამიანებში, რომელთა აცრიდან 6 თვეზე მეტია გასული. ესეც კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ, სამწუხაროდ, არსებული ვაქცინები გვიცავს მაქსიმუმ 6 თვე. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის საკმაოდ საშიში გამოწვევაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ასაკის ადამიანები იყვნენ აცრილი.

საქართველოში, სამწუხაროდ, ახლა არის კოვიდაფეთქება, რომელსაც ე.წ. სეზონურ გრიპს უწოდებენ.

_ დიახ, ბევრი ინფიცირდება...

_ ეს არის კოვიდი. ჩემს კოლეგებს როცა ვუსმენ, ზოგჯერ მეცინება, რადგან რასაც ჩამოთვლიან ხოლმე, ეს კოვიდის ნიშნებია. ზოგადად, სეზონური გრიპი ვრცელდება ზამთარში და არა შუა ზაფხულში. ეს არის ჩვეულებრივი კოვიდი და უმრავლეს შემთხვევაში ახალგაზრდებს უფრო იოლად გადააქვთ, მაგრამ ვინც აცრილი არაა სამჯერ ეფექტური ვაქცინებით, მათ გადააქვთ შედარებით რთულად და 60 წელს გადაცილებულებში, სამწუხაროდ, ხდება ლეტალური შემთხვევებიც.   

_ თუ კოვიდაფეთქებაა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რატომ არაა მაღალი?

_ ტესტირება არ კეთდება და იმიტომ. ადამიანი მიდის საავადმყოფოში, აქვს კოვიდის ნიშნები და კოვიდის ტესტს არ უკეთებენ, არ ფინანსდება და აღარ ვაკეთებთო.

_ საქართველოს ეპიდვითარების მართვის პროცესს ადევნებთ თვალს? მიაღწია ვაქცინაციის რიცხვმა იმ დონეს, როცა შედარებით დაცულად შეგვიძლია, ვიგრძნოთ თავი?

_ მეგობარმა მითხრა, საქართველო რა უცნაური ქვეყანაა, „კოვიდი არ არისო“. როცა ხარ უმძიმეს სიტუაციაში, თავს აჯერებ, რომ კოვიდი აღარაა. საზოგადოება ძალიან დაიღალა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამიტომაცაა ეს აფეთქებები. ხალხს ჩახუტება, ურთიერთობები უნდა. მსოფლიო „ლოკდაუნებზე“ უკვე აღარ წავა. „ლოკდაუნების“ სერია დამთავრებულია. ახლა მე „ლოკდაუნის“ წინააღმდეგი ვარ, რადგანაც როცა იცი, როგორია შენი მტერი, გაქვს წამალი, ვაქცინა და იცი, როგორ მართო, რატომ უნდა შემოიღო „ლოკდაუნი“?

_ თქვენი რეკომენდაციით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში პანდემიის ეფექტურად სამართავად?

_ 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა იყვნენ „ფაიზერით“ აცრილი და კარგი იქნება, თუ „მოდერნას“ ჩამოიტანენ, ევროპა გადავიდა „მოდერნაზე“. 60 წელს გადაცილებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს პირბადე იმიტომ, რომ ლეტალობის რისკის ქვეშაა. პირბადე უნდა გამოიყენონ ასევე ფეხმძიმეებმა და უნდა აიცრან რაც შეიძლება, მალე.

_ თქვენი გათვლით, როდის იქნება საქართველოში შემდეგი კოვიდტალღა?

_ ყველა ამბობს, საავადმყოფოები სავსეა, გავცივდი, ზურგი მტკივაო, ყველა ეს სიმპტომი კი ნორმალურია ზამთრისთვის. ჩვენ ახლა ვართ ჯოგური, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების პროცესში, რომელიც გვიცავს 5 თვე. ამ მომენტიდან უნდა გადავთვალოთ 5 თვე, ანუ ნოემბერში იქნება შემდეგი ტალღა. ეს იქნება უფრო რთული, რადგან იქნება ზამთრის დასაწყისი, კოვიდს დაემატება სეზონური გრიპი და შესაძლებელია, კოვიდის ახალი ვარიანტიც გაჩნდეს.

_ ბატონო გიორგი, რა სიახლეა კოვიდის საწინააღმდეგო წამლებთან დაკავშირებით?

_ არის რამდენიმე წამალი, მაგრამ არც ერთია აბსოლუტურად ეფექტური.

_ როგორ აფასებთ პრეპარატ „პაქსლოვიდს“, რომელიც საქართველოში უკვე შემოტანილია?

_ ეს „ფაიზერის“ წამალია, მაგრამ ამ წამლის წინააღმდეგი ვარ, რადგან ძალიან რთულია. ჯერ ერთი, დაინფიცირებიდან პირველ სამ დღეში უნდა დაიწყო ამ წამლის მიღება და ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ქრონიკული დაავადებები, რადგან უკუჩვენებები აქვს. საქართველოში კი ჯანდაცვის სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბევრს აქვს ქრონიკული დაავადება. ამასთან, ჩვენი ექიმები არ არიან მომზადებული ახალი წამლების ასე სწრაფად ფართო სპექტრით გამოყენებისთვის, რადგან უწყვეტი სამედიცინო განათლება ქვეყანაში არ არსებობს.

_ რადგან ჯანდაცვის სტანდარტებს შეეხეთ, გკითხავთ... დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებამ საქართველოსთვის. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს?

_ ჩვენ გვაქვს საშუალოზე დაბალი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების დონის ჯანდაცვის სისტემა. საქართველოში არაა უწყვეტი სამედიცინო განათლება და აკრედიტაციის სისტემა, რაც შევთავაზე სახელმწიფოს, დავიწყე დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის გაკეთება, მაგრამ ამას ყველა ეწინააღმდეგება.

_ ვინ და რატომ გეწინააღმდეგებათ?

_ სამინისტრო. ამბობენ, ჩვენ ამერიკული სტანდარტი გვინდაო, რაც აბსურდია. ამერიკული სტანდარტი საქართველოში კიდევ დიდხანს ვერ იქნება იმიტომ, რომ ამას სჭირდება დაფინანსება, სწავლება ანუ ძვირია ამერიკული სტანდარტი. როცა ამბობ, ექიმებს ამერიკული სტანდარტით შევამოწმებო, მაშინ 100 000 დოლარი უნდა გადაუხადო ხელფასი. უწყვეტი სამედიცინო განათლება უნდა ჰქონდეს გავლილი, ეს ყველაფერი კი ჩვენ არ გვაქვს.

_ და რა უნდა მოხდეს, რომ ყველაფერი ეს საქართველოში გვქონდეს?

_ იმედი მაქვს, რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი აქსელერატორი, რომ ეს ყველაფერი წინ წავიდეს. სისტემაში, რომელშიც ახლა ვართ, ვეღარ ვიქნებით და სიტუაცია წავა გაუმჯობესებისკენ. ამისთვის უნდა გატარდეს რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში. ახლა ისეთ უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, რომ ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები. ჩვენ გვინდა „შოკური თერაპია“ და ვინც ამას გააკეთებს, დამერწმუნეთ, ანათემაზე გადასცემენ, მაგრამ ვიღაცამ უნდა მოჰკიდოს ამას ხელი და გააკეთოს.

_ თქვენ რომ შემოგთავაზონ, ამას გააკეთებდით?

_ მე არავინ გამაკეთებინებს. არაერთი წინადადება შევთავაზე წინა მინისტრებს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ამას ვაკეთებ სხვა ქვეყნებში, ესაა ჩემი პროფესია. ამისთვის უნდა გქონდეს სტრატეგიული, გრძელვადიანი გეგმა და უნდა იცოდე, როგორ განახორციელო. მე მაქვს ხედვა და ვიცი, რა იქნება 10 წელიწადში. გაეროს გენერალური მრჩევლის მდივანს 2030 წლამდე რჩევას ვაძლევ, რამდენ ქართველს იცნობთ, რომელიც ამას აკეთებს?

ვფიქრობ, ჯანდაცვის ეს რეფორმა უნდა იყოს აპოლიტიკური. პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ გვჭირდება რეფორმა და უნდა დაინიშნოს აპოლიტიკური ადამიანი ამის შესასრულებლად იმიტომ, რომ ჯანდაცვა ეხება ყველას. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო არ არსებობს, ეს 7 სფეროს სამინისტროა. განათლების სამინისტრო ხომ გამოეყო ცალკე უწყებად? - ჩემი პირველი მოთხოვნა და ექსპერტული მოსაზრება ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე უწყება; მინისტრი უნდა იყოს განათლებით ექიმი. დღევანდელ მინისტრთან პრეტენზია არ მაქვს იმიტომ, რომ 7 სფეროს მინისტრია, ის არაა ჯანდაცვის ექსპერტი და ჰყავს არაეფექტური მრჩევლები, იმიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენი სტრატეგია, საით მივდივართ და არ შეიძლება ჯანდაცვის სისტემაში ცვლილება ხდებოდეს ყოველ 5 წელიწადში. ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მოკლევადიანი გეგმა არის 10-წლიანი და პოლიტიკური მმართველობა რომ იცვლება, ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს რეფორმის განხორციელებაზე. ამიტომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს აპოლიტიკური. მას უნდა მიეცეს თანხა ბიუჯეტიდან, შეჯერებული სტრატეგია და აკეთოს საქმე. ამ შემთხვევაში გიორგი ფხაკაძე მოვა და დაგეხმარებათ.

_ თქვენი აზრით, ეს როდის მოხდება საქართველოში?

_ იმედი მაქვს ევროპისკენ მიმავალი გზისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია. მე ვარ 100%-იანი ევროპელი, რადგან ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელი ვარ და ვცხოვრობ შუაგულ ევროპაში, პარიზში. ვოცნებობ, რომ საქართველო იყოს ევროპაში და მე, გიორგი ფხაკაძე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპაში, მაგრამ ერთი ადამიანი ამ საქმეს ვერ გააკეთებს. ამას სჭირდება კონსენსუსი, ერთობა და სიბრძნე. სიბრძნე გვაკლია, ვჩხუბობთ იმაზე, რაზეც არ უნდა ვჩხუბობდეთ, ტყუილად ვხარჯავთ ენერგიას, როცა სხვა პრიორიტეტები გვაქვს და ესენია ჯანდაცვა, სიღარიბის აღმოფხვრა და განათლება. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა მიბმული. ევროპა არის ერთადერთი გზა, რომელიც დაგვეხმარება ყველაფერ ამის გაკეთებაში. თუ იქნება მოთხოვნა, გიორგი ფხაკაძე ყოველთვის არის საქართველოსთვის და ეშმაკსაც კი დავუჯდები მოსალაპარაკლებლად, ოღონდ საქართველო იყოს წინ და იყოს ევროპაში. ყოველთვის ღია ვარ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგში ვერ შევალ ადამიანთან, რომელიც იტყვის, რომ საქართველო უნდა წავიდეს რუსეთში. ეს არის გამორიცხული! ეს წითელი კი არა, შავი ხაზია. ევროპისკენ კი ყველასთან დავჯდები მოსალაპაარკაებლად, ოღონდ საქართველო წავიდეს წინ!