მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს - წმინდანის მოწამეობრივი ცხოვრების გზა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისსწმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერსმისი ბორბალზე წამების დღეს.

რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავია. წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. გადმოცემის თანახმად, საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი ყოფილა და ქართველებს მისგან შეუტყვიათ წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის, დიდგორის ბრძოლაშიც.

წმ. გიორგი კაბადოკიაში დაიბადა (მე-3 საუკუნის მეორე ნახევარი) მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი სარწმუნოებისთვის მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებულმა დედამ კაბადოკიიდან, თავის სამშობლოს, პალესტინას მიაშურა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმ. გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. წმ. გიორგი უშიშრად გამოვიდა იმპერატორის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და თავი ქრისტიანად გამოაცხადა, თავზარდაცემულმა დიოკლეტიანმე, დაერწმუნებინა გიორგი, რომ ქრისტეს განდგომოდა მაგრამ უარი მიიღო. 

იმპერატორის განკარგულებით, განრიხებული მეომრები შეეცადნენ, შუბის კვრით გაეყვანათ წმ. გიორგი დარბაზიდან, მაგრამ მის სხეულზე შეხებისას შუბი იდრიკებოდა და რბილდებოდა.  საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს, ასე ამყოფეს დილამდე. მეორე დღეს წმ. გიორგიმ დიოკლეტიანეს მიუგო - „ უფრო მალე შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენ მიერ გვემული“ . განრისხებულმა მბრძანებელმა ბრძანება გასცა, რომ იგი ყველაზე ძლიერი სატანჯველით ეწამებინათ. დიდმოწამე გიორგი მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ.  სხეულდასერილმა ხმამაღლა უხმო უფალს, შემდეგ კი დუმილი არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო და ბრძანა ჩამოეხსნათ ბორბლიდან და გაეშურა.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, იქაურობა ჭექა-ქუხილმა გააყრუა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინის, გიორგი, მე შენ თანა ვარ!“ ბორბალთან ნათლით მოსილი უფლის ანგელოსი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს და უთხრა : „გიხაროდენ“!, ანგელოსი მაშინვე გაუჩინარდა, წმ. გიორგი კი სრულიად უვლენებლი წამოდგა.

ყოველივე ამის მხილველმა მეომრებმა წმ. გიორგი მაშინვე იმპერატორთან წაიყვანეს, დიოკლეტიანემ თვალს არ დაუჯერა და განცვიფრდა. ამავდროულად თვით დიოკლეტიანეს მეუღლეც ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს. იმპერატორი ამის შემდეგ კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი ბრძანებით, წმ. გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი, გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორის ბრძანებით ამჯერად, წვერწამახულლურსმებიანი გავარვარებული ჩექმა ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილეში. მეორე დღეს, როდესაც დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმ. გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხები უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამისთვის კი ის სასტიკად სცემეს.

იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. მისნის რჩევით, დიოკლეტიანემ წმ. გიორგის უბრძანა, ქრისტიანობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული მკვდრეთით აღედგინა. იგი საფლავთან მიიყვანეს, უფალს შეღაღადა და მყის მიწა გაიხსნა, იქიდან კი მკვდრეთით აღმდგარი ადამიანი ამოვიდა. ამ სასწაულის მომსწრე ათანასემ იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება. გამწარებულმა დიოკლეტიანემ ათანასე სიკვდილით დასაჯა, წმ. გიორგი კი საპყრობილეში ჩააგდო.

დილით იმპერატორმა ისევ შესთავაზა წმინდა მოწამეს, რომ თაყვანი ეცა კერპისათვის, წმ. გიორგი დათანხმდა და აპოლონის სამსხვერპლოში გაყვა, როდესაც მიუახლოვდა ბომონს, ჯვარი გადასახა და როგორც ცოცხალს ისე მიმართა „გსურს განა, ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსად, მსხვერპლი მიიღო ჩემგან?“ კერპში დამკვიდრებულმა ეშმაკმა კი მიუგო „მე არა ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, ჩვენ მისი მსახური ანგელოსნი, განდგომილი ვიქმენით, შურით და ამპარტავნებით  და მას შემდეგ ვაცდუნებთ ადამიანებს“. ამ სიტყვების შემდეგ ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა. ხმაურზე დედოფალი ალექსანდრა გამოვიდა, როცა ნახა, რომ წმ გიორგი მოსაკლავად მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი სიხარულით გაჰყვა საყვარელ წმინდანს.

წმ. გიორგი 303 წელს, 6 მაისს აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. ანდერძის თანახმად სხეული, პალესტინის ქალაქ რამლაში დაკრძალეს, შემდეგ კი ქალაქ ლიდიაში, იერუსალიმის მახლობლად გადაასვენეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმ. გიორგის მიერ აღსრულებულ სასწულთაგან ყველაზე ცნობილი შემდეგი სასწაულია:

ქალაქ ბეირუთის შორიახლოს დიდ ტბაში უზარმაზარი ურჩხული დაბუდებულიყო, რომელიც ნელნელა ანადგურებდა მოსახლეობას. ქვეყნის მეფეს გადაუწყვიტავს ყოველდღიურ საზრდოდ მისთვის ქალწულები და ჭაბუკები მიეცა, როცა მეფის ასულის რიგმაც მოაღწია, ხელმწიფემ მორჩილად დაუტოვა ტბის ნაპირას ურჩხულს ქალიშვილი. მწარედ ატირებულ მეფის ასულს უცებ თეთრ ცხენხე ამხედრებული წმ. გიორგი გამოეცხადა შუბით ხელში. მან დაამშვიდა ასული, ურჩხულს პირჯვარი გადასახა და ამის შემდეგ წმინდანმა მეფის ასულს უბრძანა მოება ქამარი დაჭრილი ურჩხულისთვის და ძაღლივით წაეყვანა. ქალაქის მოსახლეობა განცვიფრებული უყურებდა ამ სანახაობას და განცვიფრებული გარბოდნენ. წმ. გიორგი აჩერებდა მათ და ეუბნებოდა რომ არ შეშინებოდათ და ქრისტე ეწამათ. მან მთელი ქალაქის წინ განგმირა გველეშაპი. იმ დღეებში 25 ათასი კაცი მოინათლა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ტაძრები ააგეს.

საქართველოში წლის ყველა დღეს რომელიმე სოფელში აღინიშნება წმ. გიორგის ხსენება. 23 ნოემბერი კი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი