წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრების დეტალები და ტრადიციები, რომლითაც საქართველოს კუთხეებში გიორგობას აღნიშნავენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გილოცავთ, დღეს 23 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გიორგობა წელიწადში ორჯერ - 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. ეს უკანასკნელი მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.  

 ვინ იყო წმინდა გიორგი

წმ.გიორგი იყო ქრისტიანი წმინდანი. კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დროს. ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, საქართველოს, ინგლისის, ეთიოპიის და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით, ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა, ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:

"მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

როგორ აღნიშნავენ გიორგობას საქართველოში

გიორგობა საქართველოში ყოველთვის დიდი სახალხო დღესასწაული იყო, რომელსაც ხშირად თავადი და გლეხი ერთად, ერთ სუფრაზე აღნიშნავდა. აღსანიშნავია რომ, სახალხო გიორგობა საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა. მაგალითად, მას ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ეწოდებოდა; ხოლო კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და ა.შ. 

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრები გვხვდება, სადაც როგორც საეკლესიო, ასევე სახალხო დღესასწაულები იმართებოდა. სალოცავში საკლავის შეწირვის რიტუალი წინარე ქრისტიანული პერიოდისაა. თუმცა, იგი ქრისტიანობას ძალიან მალე შეერწყა. თქმულების მიხედვით, როდესაც თამარ მეფემ მთის მოსახლეობას ქრისტიანობა მიაღებინა, ადგილობრივებმა მეფისა და ღმერთის ერთგულების ნიშნად თამარის ფეხქვეშ ჭედილა დაკლეს. შემდგომში, ეს ადათ-წესი ქრისტიანულ რიტუალად იქცა. 

გიორგობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სარიტუალო სუფრის გარეშე წარმოუდგენელი იყო. აქ თითქმის ყველა სალოცავის ახლოს საკლავის დასაკლავად სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. მოშორებით კი, ლხინის სუფრის გასაშლელად მოწყობილ მაგიდებს შეხვდებოდით. გადმოცემის მიხედვით, მიმყვანი ცხვარს არ კლავდა. ამას რიტუალის დასრულების შემდეგ დასტური აკეთებდა. თუ ხარი იყო დასაკლავი, მაშინ დასტურს ხალხიც ეხმარებოდა. როგორც სალოცავთან, ასევე იმ ადგილას, სადაც საკლავი იკვლებოდა, ქალების მისვლა აკრძალული იყო. კერძსაც მამაკაცები ამზადებდნენ. რიტუალის დროს, ხევისბერი, რომელიც პირით აღმოსავლეთისკენ იყო, სანთელს ანთებდა, ცხვარს შუბლს ან მარჯვენა მხარს სამჯერ უტრუსავდა, ღვინოს ან პურის არაყს საგანგებო ვერცხლის თასში ასხამდა და ლოცვას იწყებდა. ხევისბერი პირველად ღმერთს ახსენებდა, მერე ყველა სალოცავის სახელებს ჩამოთვლიდა და მათ სადიდებელ სიტყვებს წარმოთქვამდა.სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულზე საპატიო კაცს ღამეს ათევინებდნენ, რომელიც მეორე დილით ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს წმინდანის „ნებას“ აცნობდა. რაჭაში და ლეჩხუმში გიორგობა დიდი უქმე იყო. ამ დღეს მიწის დამუშავება და კერვა არ შეიძლებოდა.

რაც შეეხება სვანეთს, “ლიგერგი“, ანუ გიორგობა აქ ორჯერ, 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნებოდა. ყოველ წელიწადს გიორგობის ჩატარების პასუხისმგებლობას მორიგეობით ერთი ოჯახი იღებდა თავის თავზე, რომელიც ამ დღისთვის საკლავს არჩევდა და ასევე, ხილის არაყსაც ხდიდა. გიორგობის დღესასწაულზე მთელი სოფელი მასპინძელ ოჯახში მიდიოდა, სადაც უხუცესები სეფისკვერებით ლოცვას აღავლენდნენ. მოგვიანებით საერთო სუფრა იშლებოდა და მოლხენაც იწყებოდა. ამ დღეს სოფელში საოჯახო სამუშაოებს არავინ ასრულებდა. ისინი მთლიანად დღესასწაულზე იყვნენ გადართულები. 

გიორგობის დღესასწაულს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში წითელი ღვინით აღნიშნავდნენ. იქ, სადაც ღვინო არ იყო, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დღესასწაულს ჟიპიტაურით, ხოლო სვანეთში რახით აღნიშნავდნენ. მიუხედავად ამისა, ყველა ოჯახი ცდილობდა, გიორგობის სუფრაზე ღვინო აუცილებლად ჰქონოდათ. 

ავტორი: სალომე ნოზაძე