უქმნის თუ არა დისკომფორტს „აიისას“ დამფუძნებელს პრეზერვატივზე დატანილი წმინდანების გამოსახულებები - ინტერვიუ სკანდალური ბრენდის შემქმნელთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა მისი პროდუქციის შეფუთვის გამო. „აიისას“ სასამართლოშიც კი უჩივლეს, თუმცა, კომპანიამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

იმის გასაგებად, თუ საიდან გაჩნდა „აიისას“ შექმნის იდეა და გთავაზობთ ჩვენ მიერ მომზადებულ ინტერვიუს ანანია გაჩეჩილაძესთან:

- ანანია, როგორ გაგიჩნდათ „აიისას“ შექმნის იდეა?

- 2016 წელს ჯემ ფესტზე პირველად ვიმყოფებოდი, სადაც უამრავი ადამიანი იყო და დეფიციტი შეინიშნებოდა ნებისმიერი ტიპის პროდუქტზე, დაწყებული საჭმლიდან დამთავრებული ჰიგიენური საგნებით. გავიაზრე, რომ არსებობს სეგმენტი, რომელსაც აუცილებლად უნდა შევთავაზო ახალი ბრენდი, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ სექსუალობა ფართო გაგებით და არა მხოლოდ როგორც სექსუალური აქტი, ფუნდამენტური საკითხია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამ სფეროსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

 - თქვენს პრეზერვატივებზე დატანილია ქართველი წმინდანები, რაც ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნეგატიურად აღიქმება ხოლმე და ეს ყველაფერი დისკომფორტს არ გიქმნით?

- ინფანტილური ანუ არასერიოზული აღქმაა საკითხის ამ ჭრილში გააზრება. საქართველო, როგორც ქვეყანა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული ადამიანები დანარჩენი მსოფლიოს და ცივილიზაციის ნაწილი არიან და შესაბამისად, კონკრეტული ჯგუფების პოზიცია, რომლებსაც გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არ მოსწონთ ან/და არ სურთ გაიზრონ ელემენტარული კონტექსტი, უმნიშვნელოა. რა დისკომფორტზეა საუბარი, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის 22 ივლისს უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ და ეს სარჩელი საკუთარი ღირებულებებისთვის ბრძოლას ემსახურება.

 - საინტერესოა, სად შეიძლება თქვენი პრეზერვატივების შეძენა და არის თუ არა ხელმისაწვდომი საშუალო ფენისთვის? თქვენი ბრენდი ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას და ძალიან ხმაურიანად შემოხვედით ბაზარზე, აისახა ეს ყველაფერი თქვენს ბიზნესზე?

- „აიისა“ მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში გაყიდულა და დღესაც იყიდება. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, „აიისა“ პრემიუმ ბრენდია და სწორედ საშუალო ფენაზეა გათვლილი, რაც პრობლემას არ წარმოადგენს ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა საქართველოში საშუალო ფენის თითქმის არარსებობის და მსხვილი ბიზნესის მონოპოლიზების გამო, შესაძლოა, „აიისა“ ნაკლებად იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის. მაგრამ მოთხოვნა პროდუქტზე ამის და პრინციპული საფასო პოლიტიკის მიუხედავად, მაღალია, რადგან „აიისა“ თავისი გამორჩეულობით მომხმარებლის ინტერესს ინარჩუნებს.

- ხომ არ გეგმავთ თქვენი მომხმარებლისთვის რაიმე ახლის შეთავაზებას?

- „აიისა“ მთლიანად განსხვავებული და ახლებური ბრენდია და აწმყოშიც მუდმივად უნდა ელოდნენ ადამიანები ჩვენგან სიახლეებს. ბრენდი კონცეპტუალურია და ეს მის თითოეულ გამოსახულებაში და შეფუთვის უკანა მხარეს არსებულ ციფრულ პლატფორმებზეც ისახება.

-თქვენს პრეზერვატივებზე დატანილი გამოსახულებებით ცდილობთ, საზოგადოებას რაიმე მესიჯი გაუგზავნოთ?

-„აიისა“ იდეების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩანაფიქრშივე განსაზღვრული იყო საზოგადოებრივი აზრის და ქცევის ცვლილებების ხელშეწყობა და მეტად თავისუფალი გარემოს ფორმირება, რაშიც წვლილი წარმატებით შეგვაქვს და არსებულ რეალობაში უფრო მეტის გაკეთებაც სავალდებულოა.

 ავტორი: სალომე ნოზაძე