ექიმის შტატი ყველა სკოლაში სავალდებულო გახდა - მნიშვნელოვანი სიახლე სწავლის დაწყების წინ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო წლების მანძილზე ზოგ სკოლაში მედპერსონალის შტატი გაუქმებული იყო, პირველად დახმარების გაწევის ფუნქცია მანდატურებს ჰქონდათ შეთავსებული. „სკოლის ექიმთა ასოციაციის“, ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით 2021 წელს ექიმის შტატი სავალდებულო გახდა. აღნიშნული თემის დეტალებზე „ვერსია“ ნეონატოლოგსა და მედიცინის დოქტორს, თეონა დევდარიანს, ესაუბრა:

„პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდა ერთი ექიმი მაინც, რომელსაც საჭირო განათლება გააჩნია და ასევე ტრენინგ-კურსიც გავლილი აქვს. რეკომენდაცია ყველა სკოლაშია გაცემული და მედპერსონალის დაკომპლექტების ვადა არის 2022 წლის 1 იანვრამდე. ვფიქრობ, აღნიშნული შტატის დაკომპლექტება აუცილებლად მოხდება თითოეულ სკოლაში. რაიონები დაინტერესდებიან ამგვარი დასაქმების შესაძლებლობით, ასევე დამატებულია „უმცროსი ექიმის“ შტატი, რომ ახალგაზრდა კადრსაც ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ რეგიონში ან სოფელში არ აღმოჩნდება საკმარისი კადრი, მათი მობილიზება მოხდება ქალაქებიდან, აღნიშნულ პროექტში ერთობლივად ჩართულია განათლების და ჯანდაცვის სამინისტრო.

ის მედპერსონალი, ვინც სკოლაში გადანაწილდება, უნდა იყოს კვალიფიციური, მათ უნდა გაიარონ სავალდებულო ტრენინგ-კურსები, რასაც ვატარებთ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. აღნიშნული გამოცდისთვის მნიშვნელოვანია, კადრს ჰქონდეს პირველადი დახმარების გასაწევად შესაბამისი უნარები, რომ სასწრაფო დახმარების ექიმის მისვლამდე შეძლოს დახმარების აღმოჩენა მოსწავლისთვის.

აღნიშნული ტრენინგები წლებია, მიმდინარეობს, ფასიანია და მისი დაფინანსება ხდება სკოლის მხრიდან. ჩვენ მათ ვაძლევთ სერტიფიკატს, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულით ფასდება და 2 წლის განმავლობაში აქვს ვადა, შემდეგ ახლიდან მოხდება მედპერსონალის გადამზადება, იმ შემთხვევაში თუ სკოლა აღნიშნულ ფინანსებს არ გაიღებს, მათი მხრიდან მოხდება შტატის დაკომპლექტება.

ის ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ტრენინგში ჩაერთნენ, გამოცდილი კადრები არიან. დიდი დაინტერესება იყო რაიონებიდან, პანდემიის პერიოდში ტრენინგების განხორციელება მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. საქართველოს მასშტაბით მედპერსონალის მობილიზება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს თეონა დევდარიანი

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი