7000-მდე პედაგოგს, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, იანვრიდან განთავისუფლება ემუქრება - ინტერვიუ დავით ფერაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ფერაძემ, გათავისუფლების საშიშროების წინაშე მყოფი პედაგოგების მხარდასაჭერი აქცია გამართა.

დავით ფერაძე აცხადებს, რომ გამოცდები, რომელიც წელს ჩატარდა იყო არავალიდური, რამაც ბევრი მასწავლებლის ჩაჭრა გამოიწვია. HotNews განათლების ექსპერტს, დავით ფერაძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რატომ ვერ შეძლეს მოქმედმა პედაგოგებმა გამოცდის ჩაბარება?...

 

_ ბატონო დავით, რას ნიშნავს არავალიდური? როგორ ფიქრობთ, გამოცდა რთული იყო?

_ მე ვერ შევაფასებ საკითხების ვალიდურობას და არავალიდურობას, ისინი ჩემთან საუბარში ამბობენ, რომ არავალიდური იყო იმ გაგებით, რომ სტანდარტს ზევით იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ფიზიკოსი მასწავლებლისთვის არის რაღაც დარგობრივი სტანდარტი, რომელშიც უნდა ჯდებოდეს. აინშტაინი ვერ იქნება, ხომ? სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ იყო რთული და სტანდარტს სცდებოდა. მე უფლება არ მაქვს, არ დავუჯერო მათ, ჩემი მხრიდან ვერ შევაფასებ, როგორ შეიძლება შევაფასო ამდენი საგანი, ხომ ვერ ვიქნები ყველაფრის სპეციალისტი?!

 _ თუ გვაქვს კვალიფიციურ პედაგოგებზე საუბარი, ხომ უნდა შეძლონ მათ ამ გამოცდის ჩაბარება?

_ იცით, როგორი მდგომარეობაა ახლა? არის რაღაც ზღვრული გადასალახი პროცენტი, მაგალითად, რომელიღაც კონკრეტული საგანი ავიღოთ - ქართული, სადაც თუ დააგროვებს პედაგოგი 22 ქულას, გახდება უფროსი მასწავლებელი. თუ დააგროვებს 21 ქულას - ვერ გახდება. შეიძლება, ვთქვათ, რომ ამ 1 ქულის გამო ადამიანს უნდა ვუწოდებთ არაპროფესიონალი? ამას ხომ ვერ ვიტყვით, არა? ასეთ მდგომარეობაში არის ბევრი. საზოგადოებაში არ ხდება ასეთი დეტალიზება და ისინი ფიქრობენ, რომ ის ცუდი პედაგოგია...

_ რამდენმა პედაგოგმა ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება?

_ მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია იმიტომ, რომ ოფიციალურად არ დევს. დაახლოებით 6000-7000  პედაგოგზეა საუბარი, მთლიანობაში ყველა საგნის მასწავლებელი, რომელიც  გამოეთიშა ამ ზღვრულ ნორმას.

_ მოითხოვთ, რომ დამატებითი გამოცდა დაინიშნოს მათთვის?

_ თავიდანვე 2014 წელს, როდესაც დაიწყო ამ სქემის ამოქმედება, (ახლა უკვე მასწავლებლის პროფესიის რეგულირება ჰქვია, სახელი შეეცვალა) ჩვენ ვითხოვდით, რომ  დიპლომი უნდა იყოს წამყავნი, რადგან მთავარი არის დიპლომი და არა გამოცდაზე კომპეტენციის დადასტურება. შეიძლება, ვიღაც ინჟინერი გამოვიდეს, დარეგისტრირდეს, მაგალითად, ინგლისურის გამოცდაზე და ჩააბაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგნის კარგი სპეციალისტია, სახელმწიფო გვეუბნება, რომ ნიშნავს. მაშინ რა გამოდის, რომ ვინც ინგლისურზე სწავლობდა ამდენი წელი და ხარჯი გაიღო, რა აზრი ჰქონია, თუ კი ნებისმიერს შეუძლია გამოცდა ჩააბაროს 1 თვეში, მანქანის მართვის მოწმობასავით და გახდეს მასავლებელი? დიპლომი უნდა იყოს მთავარი, გარდა ამისა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით განვითარდეს და სახელმწიფო ეუბნება, გინდა თუ არა განვითარდიო, უფრო მეტი სტატუსი მიიღეო. იქნებ არ უნდა, ეს იგივეა, რომ ოფიცერს უთხრა გახდი გენერალი, ვალდებული ხომ არ არის?

_ როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელით იმ პედაგოგებს, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს?

_ 7000 მასწავლებელს ოჯახები ხომ ჰყავთ? იმ ოჯახებში არიან ამომრჩევლები, ახლა წარმოიდგინეთ, სამსახურიდან რომ გამიშვებს, იმ სახელმწიფოს ხმას ხომ არ მივცემ?  ლოგიკურია ეს... შეიძლება არავის არ მივცე, მაგრამ არც მათ მივცემ. მე ვფიქრობ, გონს მოეგებიან... გუშინ იყო მცდელობა შეხვედრის, თუმცა კონტაქტზე ჯერ არ გამოდიან და ალბათ, გამოვლენ.

_ თვითონ პედაგოგები თუ მოითხოვენ დამატებითი გამოცდების ჩატარებას? ან თუ აქვთ რაიმე მოთხოვნა?

_ სამუშაო ჯგუფები გვყავდა წარმოდგენილი  რეგიონებიდანაც და შევჯერდით, რომ იყოს ნებაყოფლობითი, გამოცდაც დანიშნონ და ასევე იყო ტრენინგიც. რასაც აირჩევს შემდეგ მასწავლებელი, იმის მიხედვით განვითარდება.ა მავდროულად ვითხოვთ, რომ არ გაუშვან, რადგან იანვარში, შუა სასწავლო წელს, როგორ შეიძლება მასწავლებლის გაშვება?! თუ მაინცდამაინც, დააცადონ სექტემბრამდე, მაგრამ საერთოდ არ შეიძლება გაშვება. სასამართლოში რომ უჩივლონ, მოუგებენ იმიტომ, რომ დიპლომირებულ სპეციალისტს უშვებ გარეთ. ისინი ითხოვენ, რომ ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა ჩვენთან ერთად, ასე შევთანხმდით. პირადად ჩემს აზრს თუ მკითხავთ, გამოცდა, ამ სიტუაციაში კარგი  გადაწყვეტილება იქნება შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის, მაგრამ მარტო ჩემი აზრი არ არის, მათი აზრი იყო ის, რომ გამოცდაც იყოს და ტრენინგიც და რასაც აირჩევს პედაგოგი ამ მხრივ განვითარდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარისთვის განათლების სამინისტროს მივმართე, საიდანაც მოგვაწოდეს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს უწყების განცხადებიდან:

„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო  წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.

მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ."

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი