56 ახალი სტატია

სკოლებში სექსუალური განათლების შეტანა არ არის გარყვნილება და უზნეობა, პირიქით...! - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მომხდარმა პედოფილიის შემზარავმა ფაქტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა, რათა მშობლებისთვის ამის შესახებ არ მოეყოლა. ბავშვმა ამ ამბის შესახებ დედას მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა. ეს მხოლოდ ერთი ოჯახის, ან ერთი ადამიანის ტკივილი და ტრაგედია არ არის, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. საზოგადოება ერთი დღე აღშფოთებით აპროტესტებს მსგავს დანაშაულს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს, არც არაფერი მომხდარა. 

ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ, პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლები... „ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, სად ხედავენ გამოსავალს სასულიერო პირები, კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ემხრობიან თუ არა სექსუალური განთლების სწავლებას სკოლებში და როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი ძალადობისგან? - ამ საკითხზე დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ვესაუბრეთ:

როგორც დეკანოზი ილია ამბობს, აუცილებელია მშობლის დიდი ყურადღება და კონტროლი, რათა თავიდან ავირიდოთ მსგავსები ფაქტები. ამასთან, მისი თქმით, საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება პედოფილების მიმართ.

„უპირველესად, აუცილებელია, მშობლების (მეურვის) მიერ ბავშვებზე  მუდმივი კონტროლი, მშობლის ყურადღების გარეშე, არც ერთი წუთი არ უნდა დარჩეს ბავშვი. ასევე აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება პედოფილების მიმართ. საჭიროა ბავშვების სპეციალური განათლება და ინფორმირებულობა, რომ იცოდნენ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს. ეს და სხვა ტიპის რეგულაციები პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს, კარგად შეისწავლონ განვითარებული ქვეყნების პრევენციული ზომები და კანონები და მოხდეს მათი დანერგვა საქართველოში, რათა ბავშვთა უსაფრთხოების ხარისხმა მოიმატოს. მაგრამ სანამ არსებობენ ქუჩის უპატრონო ბავშვები, პედოფილიის შემცირება შეუძლებელი იქნება, აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიუსაფარი ქუჩის ყოფა დასრულდეს საქართველოში.“

 დეკანოზს ვკითხეთ, უნდა იღებდნენ თუ არა ბავშვები სკოლებში სექსუალურ განათლებას? - რაზეც ილია ჭიღლაძე გვპასუხობს, რომ ეს აუცილებელიცაა და საერთოდ არ არის ამაში გარყვნილება და უზნეობა, პირიქით, ეს ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიური ცხოვრების საჭირო ასპექტებია.

„საჭიროა სკოლებში, დიდი სიფრთხილით და ფსიქოლოგთა ჩართულობით სექსუალური განათლების შეტანა. ეს არაა არც გარყვნილება, არც უზნეობა, არამედ ესაა მათი ჯანმრთელობის და ფიზიოლოგიური ცხოვრების საჭირო ასპექტები. საჭიროა, მოზარდებმა კარგად იცოდნენ სამედიცინო და სხვა მსგავსი საკითხები, ეს განათლება ეხება გარდატეხის ასაკის დაწყების პერიოდიდან, დაახლოებით ათი წლის ასაკიდან.

ამასთანავე, ეს უნდა იყოს ეტაპობრივი და მოზარდის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების ადეკვატური. აუცილებელია ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო გამოცდილების სიღრმისეული შესწავლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ და იმპლემენტაცია.“