ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს - ყველაფერი, რაც პედოფილიის ამოცნობასა და მისგან თავის დასაცავად უნდა ვიცოდეთ!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ეხება სამეგრელოში მომხდარ პედოფილიას და ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ამბებს, დავინტერესდით,როგორ უნდა ამოვიცნოთ პედოფილი და როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან, რჩევებისთვის ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილს მივმართეთ:

 _რა არის სექსუალური ძალადობა ზოგადად, რას გულისხმობს  იგივე ქმედება ბავშვებთან მიმართებაში და სად გადის ზღვარი მოფერებასა და სექსუალურ ძალადობას შორის?

_სექსუალური ძალადობა არის სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით, აგრეთვე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი სხვისი ზემოქმედებით აკეთების იმას, რასაც იგი საკუთარი ნებით არ გააკეთებდა და ეს ქცევა ხორციელდება მოძალადის სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას ბავშვებთან მიმართებაში, აღნიშნული ქმედება თავისი შინაარსით მოიაზრებს ბავშვებთან ურთიერთობას საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და რომელშიც ბავშვი მოტყუებით ან იძულებით არის ჩართული, რაც გულისხმობს სექსუალური შინაარსით საუბარს, სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს და ინტიმურ ადგილებზე შეხებას, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ერთობლივ ყურებას, პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერებას ან პორნოგრაფიული ხასიათის სურათების გადაღებას (მნიშვნელობა არა აქვს ეს ბავშვის ნებართვით ხდება თუ არა), გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.

მოფერებასა და სექსუალურ ძალადობას შორის ზღვარი, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ კითხვა მდგომარეობს ალბათ იმაში, რომ  როგორ განასხვავოს ბავშვმა ეს ორი ქცევა ერთმანეთისაგან?  პასუხი ცალსახაა – ბავშვი ვერ განასხვავებს ამ ქცევებს ერთმანეთისაგან, თუ მას არ ექნება მინიმალური ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. აქაც, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა უნდა ვასწავლოთ, რა ასაკში, ვინ უნდა ესაუბროს და რა რაოდენობის და ხარისხის ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ მან მოახერხოს თავდაცვა მოძალადისაგან? მით უმეტეს, რომ მოძალადეები საკმაოდ გონივრულად და გააზრებულად მოქმედებენ და ისეთ გავლენას ახდენენ ბავშვებზე, რომ ისინი თავადვე მალავენ ამ ინფორმაციას.

ბავშვებს უნდა ესაუბროს სპეციალისტი ან მათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც არადამაშინებელი და მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით აუხსნის ბავშვებს, როგორი ქცევა არ უნდა განახორციელოს მათთან სხვა ადამიანმა და თუ ეს მოხდა, ვის უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში. ბავშვებს უნდა ვესაუბროთ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, მათი სხეულის აგებულებაზე, გარკვეულ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე, აგრეთვე იმაზე, რომ არასოდეს უცხო ადამიანს(ექიმის ან სპეციალისტის გარდა), არ აქვს უფლება მას სხეულზე შეეხოს და მით უმეტეს იმ ადგილებზე, რომლებიც დაფარული გვაქვს სამოსით.

მოფერების თვალსაზრისითაც, შესაძლებელია ბავშვს ეფერებოდეს  მხოლოდ  ოჯახის წევრი, ახლობელი ან ნათესავი, თუმცა, იქაც არსებობს გარკვეული ნორმები და ამ ნორმების დარღვევის დროს, ეს აუცილებლად უნდა უთხრას დედას ან მისთვის სანდო პირს.  შესაბამისად, ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ „სხვანაირი“ მოფერება, რატომ არის ასეთი შეხება  სახიფათო და რომ მათ არასოდეს არ უნდა შეეშინდეთ ისაუბრონ საკუთარ შიშებზე და იმ ე.წ. „საიდუმლოზე“, რომლის დაფარვასაც მოძალადე ავალდებულებს..

_როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია, რა ქცევები ახასიათებთ მსხვერპლ ბავშვებს?

_როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, ეს სხვადასხვანაირი გამოვლინებით აუცილებლად იჩენს თავს როგორც ბავშვის ქცევაში, ისე მის ხასიათობრივ ცვლილებებსა და ცხოვრების წესში. შესაძლებელია, ის გახდეს აგრესიული, კონფლიქტური ან პირიქით ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, საერთოდ აღკვეთოს კომუნიკაცია როგორც ოჯახის წევრებთან, ისე მეგობრებთან. შესაძლებელია იმდენად ეცადოს საკუთარი ემოციების დაფარვას, რომ ეს ყოველივე სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებითაც გამოვლინდეს. ვიცით აგრეთვე, რომ მსგავს შემთხვევებში, შიშის, დასჯის ან მათივე დადანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი მიმართავენ სუიციდს. 

_როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები პედოფილიისგან?

_რა თქმა უნდა, მათი ზოგადი გონიერების და ცნობიერების ამაღლებით აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა, აუცილებლად ვითვალისწინებთ ასაკს, ინფორმაციის ხარისხს, რაოდენობას და რა თქმა უნდა, იმ ადამიანის პროფესიონალიზმს და აკადემიურობას, ვინც აპირებს ბავშვებთან ამ თემებზე საუბარს.

აქვე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ მშობლებისა და უფროსების მეთვალყურეობის გარეშე და მშობლებმა, ხშირ შემთხვევაში უნდა იცოდნენ, სად, რა მიზნით და რა ხნით არიან მათი შვილები, თუკი ისინი არ იმყოფებიან მათი თვალთახედვის არეში.

_რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს ამ თემაზე და რომელი ასაკიდან ?

_სასურველია აღნიშნულ საკითხებზე საუბარი დაიწყოს დაახლოებით 4–5 წლის ასაკიდან, როდესაც ხდება ჰიგიენური ნორმების მოწესრიგება დედის მიერ, ვინაიდან ამ დროს, საკმაოდ უმტკივნეულოდ შეიძლება ასე ვთქვათ, „ჩააგდო“ პირველი მარცვალი, რომ ეს ისეთი ადგილებია, სადაც უცხო ადამიანი არასოდეს არ უნდა შეგეხოს და ეს ადგილები აუცილებლად უნდა იყოს დაფარული როგორც სამოსით, ისე პირადი თეთრეულით. თანაც, არც შენ არ უნდა შეეხო სხვა ადამიანს, რომც გთხოვოს იმ ადამიანმა და ა.შ.

_არის თუ არა საშიშროება, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სხვაზე იძალადებს და როგორ უნდა დავიცვათ ამისგან ბავშვი?

_საშიშროება და რისკები ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ამ დროს, ბავშვი მარტო რჩება საკუთარ მძიმე განცდებთან და შიშებთან და შესაბამისად, არ ვიცით, რა დასკვნებს გამოიტანს აღნიშნული ქცევებიდან. ამიტომ, აუცილებელია რომ ძალადობაგანცდილ ბავშვებთან იმუშაონ სპეციალისტებმა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ავტორი: სალომე ნოზაძე