გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, მდინარე ლიახვში აღმოჩენილი ცხედარი ინდენტიფიცირებულია.
გამოცემა „საპას“ ცნობით, 70 წლის ცხინვალელი პენსიონერი მეზობლებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. კაცის გაუჩინარებისა და მდინარეში ნაპოვნი ცხედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ერთმანეთს დაემთხვა.
ცხინვალელმა მეზობლებმა დაკარგული პენსიონრის ნათესავს ჯავაში დაურეკეს. ადგილზე მისულ ნათესავს იქ არავინ დახვდა.
გამოცემის ცნობით, დაკარგული კაცის იდენტიფიცირება მოხდა მისი სიცოცხლისდროინდელი და ცხედრის ფოტოსურათის შედარებით.
ლიახვში დამხრჩვალი კაცი ავღანეთის ომის ვეტერანია. სხვა დეტალებს დე ფაქტო ხელისუფლება არ ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, მდინარე ლიახვში, ადგილობრივებმა მამაკაცის გვამი 26 აგვისტოს იპოვეს. დაღუპულის ვინაობა მათთვის უცნობი იყო. ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება.
ქართველი სამართალდამცავების ვარაუდით, მამაკაცის გვამი დინებამ ნიქოზის მიმართულებით სწორედ ცხინვალის რეგიონიდან წამოიღო. ამ შემთხვევის გამო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი" და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მდინარეში გვამის აღმოჩენის შესახებ აცნობა.
"ევროკავშირის მისიის "ცხელი ხაზის" მეშვეობით ქართულმა მხარემ მომართა, ხომ არ დაიკარგა ჩვენთან ადამიანი, რომელსაც ვეძებდით. გვაცნობეს, რომ მდინარე ლიახვში, სოფელ ნიქოზთან აღმოჩენილია, სავარაუდოდ, 45-50 წლის კაცის გვამი. ისიც გვითხრეს, რომ გვამი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ჩვენი მხრიდან მივმართეთ სამართალდამცავებს და ისინი ახლა ამოწმებენ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ",- განაცხადა 26 აგვისტოს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა.
მანვე განმარტა, რომ იმ დროისთვის ცხინვალელი სამართალდამცავები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ერთ პირს, ვადიმ აჯიევს ეძებდნენ, რომელიც მაისის შემდეგ გაუჩინარდა.
ისიც ცნობილი გახდა, რომ აჯიევის ნათესავებისგან დნმ-ის ანალიზიც აიღეს. თუმცა, 26 აგვისტოს ლიახვში აღმოჩენილი გვამი აჯიევის არ აღმოჩნდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მხარეები ინტენსიურად თანამშრომლობენ დაკარგულთა მოძიების და გარდაცვლილების გადაცემის მიმართულებით.
მიმდინარე წლის ივნისში, ქართველმა მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს მდინარე ლიახვში დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი.
მანამდე ქართულ მხარეს ცხინვალიდან აცნობეს, რომ 14 წლის მოზარდი სწრაფმა დინებამ ქართული სოფლისკენ გაიტაცა. მაშინ მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში. წყლის დონის შესამცირებლად, ნიქოზის კაშხლიდან ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს.
სოფელი ფხვენისი ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული. 14 წლის მიხეილ გაბარაევის ცხედარი რამდენიმე საათში ოსურ მხარეს გადასცეს. ინფორმაციის გაცვლა მაშინაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით ხდებოდა.
მდინარე ლიახვში ერთი კვირის წინ ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი