104 ახალი სტატია

რა საფრთხეს უქმნის უეცარი შიში ადამიანს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სიცოცხლის მანძილზე, ადამიანს ბევრი დაბრკოლების გადალახვა და უამრავი განსხვავებული ემოციის განცდა უწევს. ზოგი მათგანი დადებით, ზოგი - უარყოფით შეგრძნებებს იწვევს. თითოეული ემოცია და ფაქტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ჩვენი მომავლის, ან ჯანმრთელობის განმსაზღვრელი გახდეს. ერთ-ერთი ასეთი ემოციაა შიში. სპეციალისტების განმარტებით, ესაა თანდაყოლილი, ბაზისური ემოცია, რომელიც ადამიანს გარე ფაქტორებისგან იცავს. ერთი მხრივ, შესაძლოა, შიშმა ადამიანი ქმედითი გახადოს, ხოლო მეორე მხრივ - ფსიქოლოგიურად დათრგუნოს ან მის ჯანმრთელობას სხვა სახის პრობლემები შეუქმნას. შიში ადამიანში სხვადასხვა მიზეზებით ჩნდება, თუმცა მთავარია, რა სახისა და სიძლიერისაა ეს ემოცია კონკრეტულ სიტუაციაში. მაგალითად, უეცარმა და ძლიერმა შიშმა, შესაძლოა, მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობა ან სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ალბათ, ყველას გინახავთ იუმორისტული გადაცემები, სადაც ადამიანებს უეცრად აშინებენ და შემდგომ მათ რეაქციაზე ხუმრობენ. არადა, მსგავსი ქმედება დაუშვებელია, რადგან გამორიცხული არაა, რომ უნებლიედ, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებს არავინ აკონტროლებს და ცხოვრებაში, უეცარი შიშისგან დაზღვეულები არასდროს ვართ. იმის გასარკვევად, თუ რა სახის ემოციაა შიში და რა დაავადებები შეიძლება მოჰყვეს მას, „ვერსია“ მედიცინის დოქტორს, ნევროლოგ მაკა მანიას დაუკავშირდა.

 

- შიში ისეთი ემოციაა, რომლის თავდაპირველი არსი დამცველობითი ბუნებისაა. არსებობს პირველადი შიში, რომელიც თავდაცვისა და ადაპტაციისთვის, იმთავითვე ჩადებულია ჩვენში. მაგალითად, დაბადებიდანვე, ახალშობილი ისეთი სახის შიშს ატარებს, როგორებიცაა ხმაური და ვარდნა. პირველადი შიშის მაგალითია, ასევე, შიში გველის დანახვისას. ეს ემოცია (შიში) ტვინში გადამუშავდება, ფორმირდება და მონაწილეობს დასწავლა-ცნობიერების პროცესებში. შედეგად, ისეთი რთული სახით გვევლინება, როგორიცაა შიში, რომელიც აღმოცენდება ხალხმრავალ ადგილას, პატარა ბავშვის დაკარგვის დროს. არსებობს ირაციონალური შიში, რომელიც მნიშვნელოვანი ლოგიკის გარეშე ჩნდება. ასეთი შიში ყველას არ აქვს, ვგულისხმობ, სტომატოლოგთან ვიზიტის შიშს, თუმცა ყველა ირაციონალურ შიშს აუცილებლად ახლავს რაციონალური კომპონენტიც. ამ შემთხვევაში, სტომატოლოგთან ვიზიტის შიში წარმოადგენს ტკივილის მიმართ შიშის ირაციონალურად გაზვიადებულ სახეს. რაც შეეხება ფობიას, ესაა მაღალი ინტენსივობის ირაციონალური შიში.

- ქალბატონო მაკა, რა რეაქცია მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში ეუფლება?

- შიში ადაპტაციური ემოციაა. ასე, მაგალითად, მოულოდნელი და უკიდურესად ძლიერი ხმაურის მიმართ შიში ნორმალური ემოციაა, რომელიც ჩვენში დამცველობითი რეაქციების მობილიზებას იწვევს, რადგან ასეთმა მოულოდნელმა და ძლიერმა ხმაურმა, შესაძლოა, პოტენციურად დაგვაზიანოს. მაგალითად, მეხის გავარდნის ხმა, მძიმე საგნის სიმაღლიდან ვარდნის ხმა, ტყვიის გავარდნის ხმა და სხვა. ასეთი ხმების მოსმენა ჩვენში აღძრავს შიშს და ისეთ დამცველობით რეაქციებს ქმნის, როგორებიცაა: ა) სხეულისა და კიდურების მოხრა - ჩვენ უნებლიედ მოვიკუნტებით, რათა გაუცნობიერებლად დავიცვათ ჩვენი სხეული დაზიანებისაგან; ბ) სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება - მატულობს გულისცემა და არტერიული წნევა, რათა მზად ვიყოთ გაქცევისთვის, ბრძოლისა და სხვა სახის დიდი ძალისხმევის მატარებელი აქტივობებისთვის.

სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას ახლავს მადის დაქვეითება, ნაწლავთა მოტორიკის დათრგუნვა და დიურეზის დაქვეითება. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსტრემალურ მდგომარეობაში, როცა თავდაცვაა საჭირო, ჩვენი ნერვული სისტემა თრგუნავს შიმშილს, კუჭის მოქმედებას ადა შარდვის ფუნქციას, რაც დამეთანხმებით, ხელს შეუშლიდა ადამიანს თავდაცვის განხორციელებაში.

- რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს უეცარმა შიშმა?

- უეცარი შიში, შესაძლოა, მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი გახდეს. შიშთან თანხლებულ ნეგატიურ ემოციას შეუძლია ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა ფობიური აშლილობა, პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სომატომორფული ავტონომიური დისფუნქცია და სხვ. ბუნებრივია, ყველა სახის შიში არ იწვევს პათოლოგიას. მნიშვნელობა აქვს შიშის ინტენსივობას, მის ჯერადობას, ასევე, იმ პიროვნების თავისებურებებს, რომელმაც განიცადა შიში. ერთჯერადი ძლიერი სტრესული ფაქტის შემდეგ, ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობები ჩნდებიან, როგორებიცაა მწვავე სტრესული აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მისთვის დამახასიათებელია უკვე მომხდარი სახიფათო ფაქტის მტანჯველი გახსენება თვალწინ, რეალურ, ცოცხალ კადრებად, ასევე, უკვე განვლილი მძიმე გამოცდილების თავიდან განცდა, აკვიატებული აზრები, აკვიატებული კადრები, ღამის კოშმარები, ოფლიანობა, გულისფრიალი, ფიზიკური ტკივილი და სხვა.

ფსიქოლოგიური აშლილობის გარდა, შესაძლოა, შიშს მრავალი სომატური პათოლოგიაც დავუკავშიროთ. მაგალითად, კარგადაა ცნობილი მწვავე სტრესული წყლულები. მრავალჯერადი ეპიზოდური შიშის დროს, იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისლხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების რისკებიც.

- ყველაზე მეტად, რა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებისთვისაა უეცარი შიში საფრთხის შემცველი?

- უეცარი შიში ყველა ასაკის ადამიანს წარუშლელ დაღს ასვამს და ყველა ასაკისთვის მავნებელია. ამასთან, უეცარ შიშზე რეაქცია, შეიძლება, ასაკის მიხედვით ვარირებდეს. ასე, მაგალითად, ლოგონერვოზი (ენაბორძიკობა), რაც ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში, ძლიერი, უეცარი შიშის შემდეგ ჩნდება. ვფიქრობ, ეუცარი შიშის შედეგად, უფრო მეტად ითრგუნებიან ადამიანები პიროვნული თავისებურებების მიხედვით და არა ასაკის გამო. სტრესის მიმართ რეზისტენტობის ზღურბლი ინდივიდუალურია.

- თუ გყოლიათ პაციენტები, რომლებისთვისაც უეცარ შიშს რამე ავადმყოფობა გამოუწვევია?

- დიახ, რა თქმა უნდა. როგორც წესი, ფსიქოლოგიური აშლილობებით მომმართავენ ხოლმე. ხშირია ისეთი ფობიებით მომართვიანობაც, როგორებიცაა ნოზოფობია (დაავადებების მიმართ შიში), თანატოფობია (სიკვდილის შიში),  აეროფობია (ფრენის შიში) და სხვ.

- თქვენი აზრით, საზიანოა თუ არა იუმორისტული სახის გადაცემები, სადაც ადამიანებს უეცრად აშინებენ?

- როგორც ყველა სახის ემოცია, შესაძლოა, შიშის ინტენსივობაც იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. ბუნებრივია, დაუშვებელია საშუალო ან მძიმე ინტენსიობის შიშის პროვოცირება ადამიანებში, თანაც გართობის მიზნით. მსუბუქი ხუმრობა დასაშვებია შესაბამისი ეთიკური ნორმების დაცვით. მინიმალური შიშის შემცველი თამაშები საკმაოდ ხშირად გამოიყენება ბავშვებთანაც კი, თუმცა დიდი სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო, რათა უბელიედ, ბავშვების ფსიქიკა არ დავაზიანოთ. მაგალითად, „გუდიანი კაცის“ მითი განვიხილოთ, რომელიც მოვა, თუ ბავშვი საჭმელს არ შეჭამს, ასევე, მშობლის მიერ მორგებული როლი, რომ „გუდიანი კაცი“ ბავშვს მოიტაცებს და შეჭამს. ერთი შეხედვით, უნებლიე და სახალისო თამაშები, შესაძლოა, ბავშვისთვის ტრავმული აღმოჩნდეს და მომავალში, ფსიქიურ აშლილობებს შეუწყოს ხელი.

- და ბოლოს, გარდა გამოწვეულ დაავადებებზე მკურნალობისა, რამდენად აუცილებელია ფსიქოლოგთან კონსულტაცია?

- ფსიქოლოგიური აშლილობების მართვის დროს, ფსიქოლოგთან ხშირი და სისტემატური სეანსები ძალიან მნიშვნელოვანია. მსუბუქ შემთხვევებში, მაგალითად, მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს, სრულიად საკმარისია მხოლოდ ფსიქოთერაპიული კურსები. უფრო რთული აშლილობების დროს, სასურველია მედიკამენტური თერაპიისა და ფსიქოთერაპიის კომბინირება.

 

ავტორი - ია გრიგალაშვილი