SOS - ეს კოსმეტიკა კლავს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა დაავადებებს იწვევს უხარისხო დეკორატიული კოსმეტიკა და რატომ არ იცავენ საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს

21- საუკუნეში დეკორატიული კოსმეტიკა ერთობ მოთხოვნადი და პოპულარული. ტუჩსაცხი, ტუში, კორექტორი, ტონალურიდა სხვა საშუალებები ქალბატონების ყოველდღიური რუტინაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს კოსმეტიკა, შესაძლოა, მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს და ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, საფრთხე ჯანმრთელობას შეუქმნას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო.

 

ქაოსი კოსმეტიკის ბაზარზე

სხვადასხვა მაღაზიათა ქსელსა და დახლებზე უამრავი ბრენდის კოსმეტიკას ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფასით, ხარისხით, შემადგენლობითა და დანიშნულებით განსხვავდებიან. დეკორატიული კოსმეტიკის თითქმის 80% საზღვარგარეთიდან შემოდის და უმეტესობა რუსეთსა და უკრაინაშია წარმოებული, ზოგიერთი - ევროპის ქვეყნებში. საბაჟო პუნქტებზე კოსმეტიკას არავინ ამოწმებს, ამიტომაც ცნობილი ბრენდების მწარმოებლებს, საქართველოში, შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქტი შემოაქვთ. მაგალითად, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამა თუ იმ ბრენდის ე.წ. ტონალურ საცხს შეიძენთ და იგივე ბრენდის იგივე პროდუქტს საქართველოშიც იყიდით, აღმოაჩენთ, რომ ისინი შემადგენლობითა და ხარისხით განსხვავდებიან.

საქართველოს კანონში მომხმარებელთა უფლებების შესახებ წერია, რომ პროდუქტი არ უნდა იყოს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა ეს კანონი ზედაპირულია და კონკრეტული პუნქტები გაწერილი არაა. როგორც აღვნიშნეთ, ბაზარზე არსებული კოსმეტიკის მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს. ასევე, არ გვაქვს ლიცენზირებული ლაბორატორია, რომელიც შემოტანილი კოსმეტიკის ხარისხს შეამოწმებს. ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით კი, აუცილებლია, რომ  საქართველოში მსგავსი ორგანო არსებობდეს.

კანონში ისიც წერია, რომ პროდუქტზე, სკრუპულოზური სიზუსტით უნდა იყოს დატანილი მისი შემადგენლობა, დამზადების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები. დეკორატიული კოსმეტიკის უმეტესობა, განსაკუთრებით, ტუჩსაცხები და ტუჩის კონტურები (ფანქრები), ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე იყიდება. იმ კოსმეტიკის შემადგენლობაში, რომელსაც ეტიკეტი ან საინფორმაციო შეფუთვა მოჰყვება, ჩამოთვლილია ქიმიური ნივთიერებები, მაგრამ თუ ქიმიაში კარგად ვერ ერკვევით, ვერ მიხვდებით, რა მავნე ნივთიერებას შეიცავს კონკრეტული პროდუქტი, ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობა ამ ანოტაციას არ კითხულობს და მხოლოდ ვადის შემოწმებით კმაყოფილდება. ისე, ზოგ შემთხვევაში, ვადის დადგენაც შეუძლებელია.

ევროკავშირის ქვეყნებში, პარფიუმერულ-დეკორატიული კოსმეტიკის ნაწარმს სახელმწიფოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები უწევენ ზედამხედველობას. ზოგიერთ ქვეყანაში, პარაბენისა და ალუმინის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაშვებულია მცირე დოზით და ისიც მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტში. უწყება, რომელიც საქართველოში, პაფიუმერულ-კოსმეტიკურ საშუალებებს აკონტროლებდა, 2000-იან წლებში გაუქმდა.

 

მავნე ქიმიური ნივთიერებები კოსმეტიკაში

დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლები, თავიანთი პროდუქტის ეფექტიანობის გასამძაფრებლად, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და თანხის დაზოგვის მიზნით,  მასში მავნე ქიმიურ ნივთიერებებს - პარაბენებს ამატებენ. ასე, მაგალითად:

მეთილპარაბენი (Methylparaben);

პროპილპარაბენი (Propylparaben);

თილპარაბენი (Ethylparaben);

ბუტილპარაბენი (Butylparaben). 

თუ დეკორატიული კოსმეტიკის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით შემადგენლობას და შეამოწმეთ, რომ ზემოთაღნიშნულ ნივთიერებებს არ შეიცავდეს!  ეს იმიტომ, რომ პარაბენის შემცველი კოსმეტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, კანის პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, ორსულობის დროს კი, ნაყოფის რეპროდუქტიული სისტემის მოშლა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, კონკრეტული კოსმეტიკური ნაწარმი, შესაძლოა, სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს, მათ შორის, ნიკელს, ალუმინს, ტყვიას, ბერილიუმს, დარიშხანს... შესაბამისად, აუცილებელია, მომხმარებელს სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლთან დაკავშირებით, წელს, პარლამენტში პეტიცია შეიტანა. ორგანიზაციის მათხოვნაა, რაც შეიძლება, სწრაფად დაწესდეს უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე. განხილვის მიმდინარე ეტაპზე, პარლამენტმა პეტიცია გადაუგზავნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს. ნათია თურნავას უწყებიდან არასამთავრობო ორგანიზაციას უპასუხეს, რომ პროდუქციის უსაფრთხოების მიმართულებით, სამინისტრო დამატებითი ვალდებულების აღებას არ აპირებს!

ამის შემდეგ, „ვერსია“ დაინტერესდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა არასთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან. სწორედ ამ მიზნით, დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსა და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მართალია, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ „ვერსიის“ ზარის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ ასე უპასუხა:

ადამიანის ჯანმრთელობაზე სამომხმარებლო პროდუქციის მავნე ზემოქმედების რისკების გამოვლენისა და შემცირების მიმართულებით, აქტივობების დაწყებას მივესალმებით და გამოვთქვამ მზაობას თანამშრომლობისთვის.

ჯერჯერობით, დაუზუსტებელია, რა ნაბიჯებს გადადგამს პარლამენტი თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უცნობია, როდის ამუშავდება სამომხმარებლო პროდუქტებზე მაკონტროლებელი ორგანო, ან ყველაზე მთავარი - გამკაცრდება თუ არა კანონი.

 

ავტორი _ ია გრიგალაშვილი