ბზის მოჭრაზე რეგულაციები გამკაცრდა - ყველაფერი, რაც ბზობის დღესასწაულის შესახებ უნდა ვიცოდეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბზობა - ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. მართლმდადიდებლებისთვის ეს ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია. ბზობა ყოველთვის აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება, შესაბამისად, წელს ეს დღე 25 აპრილია.

ბზობის დღესასწაულს ქრისტიანულ სამყაროში მეოთხე საუკუნიდან ზეიმობენ. ეს დღე დაფუძვნებულია სახარებისეულ ისტორიაზე. კერძოდ, ბზობის დადგინება იწყება მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი, თავისი მეგობარი ლაზარე. სწორედ, ამ ფაქტით იწამა ებრაელი ხალხის უმეტესობამ, რომ ქრისტე ღმერთია. შემდგომ კი სახედარზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა, როგორც მეფეს: „დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ“(მათეს სახარება თავი 21). ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქრისტემ, მისი მოღვაწეობის პერიოდში, ხალხს მისი განდიდების საშუალება მისცა, რათა ყველასთვის საჩინო გამხდარიყო მისი მოვლინება.

სახარების მიხედვით, ხალხი იესოს პალმის ტოტებს უფენდა, თუმცა ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან ამ დღესასწაულს , ბზის მარადმწვანე ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს. ეს იმ მიზეზით, რომ საქართველოში პალმა ნაკლებად იზრდება და ის ბზითაა ჩანაცვლებული, რადგან მარადმწვანეა და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა. ბზის კურთხევა ეკლესიაში ლოცვის შემდეგ მიმდინარეობს. კვირა დილას, ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება. მორწმუნეებს კი ყოველ წელს, ნაკურთხი ბზა სახლში მიაქვთ.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, შესაბამისად, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1 000 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ეკლესიას შესაძლებლობა აქვს, ბზა მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან მოიპოვოს და ისე მოახდინოს მისი რეალიზაცია. როგორც შარშან, ისე წელს, ზოგიერთ ეკლესიაში მრევლს უსასყიდლოდ გადაეცემა ბზის ერთი კონა.

ბზა ხატების კუთხეში უნდა დაბრძანდეს, ოჯახის მფარველად. გავრცელებული ტრადიციების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მის მნიშვნელობას განსხვავებულად აღიქვამენ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კი, ბზის დატვირთვა ისაა, როდესაც მას შეხედავთ, გაგახსენდეთ, რომ ძე ღვთისა მოსულია, განკაცებულია და განდიდებულია წმინდა ქალაქ იერუსალიმში შესვლის ჟამს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ წელს ბზის ახალი კონა მიგვაქვს სახლში, საინტერესოა, რა უნდა ვუყოთ ძველს? ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ის ეკლესიაში მიიტანოთ ან ეზოში სუფთა ადგილას დაწვათ.

ბზობის დღესასწაული არის უქმე დღე და არ შეიძლება მუშაობა. ვინც მარხვას იცავს, მათ ამ დღეს შესაძლებლობა აქვთ, თევზი მიირთვან.

ყოველ წელს, ბზობას ეკლესიებში უამრი ადამიანი იყრის თავს, ისეთებიც კი, რომლებიც ტაძარში ხშირად არ დადიან და არც მორწმუნეობრივი ცხოვრებით გამოირჩევიან. თუმცა ტრადიციულად, თითო კონა ბზა ყველას მიაქვს სახლში. ქალაქში კი თევზის სურნელი ტრიალებს. სიმბოლურია, რომ  ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მას ზეიმით ხვდებოდნენ, ქირსტე კი ტიროდა. მან იცოდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა, ერთი კვირის შემდეგ, მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა.

 

ავტორი - ია გრიგალაშვილი