საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის მოწვევით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ სამარღანიშვილი და ირაკლი დონდოლაძე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისართან - იაკოვ შაბთაისთან და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ისრაელის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თელ-ავივის პოლიციის, ისრაელის ეროვნული კონტრტერორისტული დანაყოფის (YAMAM), იდენტიფიკაციისა და ექსპერტიზის დანაყოფის, იერუსალიმის ძველი ქალაქის კონტროლის და მართვის ცენტრის, საზღვაო პოლიციის, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან.
ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ეროვნულ პოლიციას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან - დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი - ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაესწრნენ საჩვენებელ სწავლებას.
დელეგაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე დანაშაულის რაოდენობის კლების, ასევე, გახსნის სტატისტიკა განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "რენაულტის“ და "შკოდას" მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.
საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.
ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" გურჯაანში მერობის კანდიდატი წარადგინა. მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მერობისთვის 48 წლის გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებს. ის ამომრჩეველს გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრა კულტურის ცენტრის შენობაში გაიმართა, სადაც მაჭავარიანმა მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა პირადად გააცნო.

გიორგი მაჭავარიანი 2011 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ქვეყნის მასშტაბით რიგგარეშე და შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. 
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს
თეოფილე III-ს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა.
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით.

ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის უფროსი - სარა რუპერტი.
 
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.