საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი - ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაესწრნენ საჩვენებელ სწავლებას.
დელეგაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე დანაშაულის რაოდენობის კლების, ასევე, გახსნის სტატისტიკა განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "რენაულტის“ და "შკოდას" მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.
საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.
ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" გურჯაანში მერობის კანდიდატი წარადგინა. მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მერობისთვის 48 წლის გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებს. ის ამომრჩეველს გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრა კულტურის ცენტრის შენობაში გაიმართა, სადაც მაჭავარიანმა მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა პირადად გააცნო.

გიორგი მაჭავარიანი 2011 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ქვეყნის მასშტაბით რიგგარეშე და შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. 
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს
თეოფილე III-ს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა.
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით.

ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის უფროსი - სარა რუპერტი.
 
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.
 
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა.
ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
მინისტრი, სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან მოისმინა სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.
სტიქიის ღამეს, მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა 8 ადამიანის, სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ მთელი ღამის განმავლობაში.
მამისონის სასაზღვრო სექტორში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.