შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები სლოგანით - "არა ქალზე ძალადობას!" .
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი ოსაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელთა მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აღნიშნული სამინისტროების მუშაობის შესახებ.
კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ, ქალთა გაძლიერება/ხელშეწყობა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია, ჯერ კიდევ ლატენტური ძალადობის შემთხვევებისა და გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან; მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოსახლეობისთვის; ასევე, საინფორმაციო შეხვედრა ძალადობაგამოვლილ ქალებთან; გასვლითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც მოხდება სხვადასხვა რელევანტური თემის განხილვა; სამუშაო შეხვედრა მედიასთან, რომლის მიზანია მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ძალადობის შემთხვევების ეთიკური გაშუქების შესახებ მიეწოდოთ ინფორმაცია. ასევე, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაგეგმილია სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო ბანერების განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება, აგრეთვე, ძალადობის წინააღმდეგ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, სახელმწიფო სერვისებზე მათი ინფორმირების გზით, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ სახელმწიფო აქვს მკაცრი პოლიტიკა ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.