შსს-ს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ზუგდიდის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები რეგიონების სხვადასხვა სკოლაში. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბათუმის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, აკაკი წერეთლის სახელობის N1, მერაბ კოსტავას სახელობის N2, ასევე, N3, N4 და N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გუშინ რუსთავში დაიწყო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს დღესაც შეუძლია, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ესტუმროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საგამოფენო სივრცეებს.
საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.