როგორ გახდა მოსკოველი ბიჭი საბჭოთა კავშირის გმირი - ფრონტული ამბავი, რომელიც საქართველოსაც უკავშირდება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს, დიდი პომპეზურობით აღნიშნავდნენ და ყველა რესპუბლიკაში ხალხმრავალი აღლუმებიც იმართებოდა. ჩვენი ბებია-პაპები, მედლებით მკერდდამშვენებულნი დადიოდნენ ქუჩებში და ამაყად იღერებდნენ ყელს, რადგან ისინი არა მარტო იმ დროის გმირები იყვნენ. ყველაზე მეტი მსხვერპლი სამამულო ომში საქართველომ გაიღო და თუნდაც 9 მაისს, ვაკის პარკში, 97 წლის ვეტერანის მიერ ნათქვამი რად ღირს - ჩვენს სოფელში 80 ოჯახი ცხოვრობდა, ომში 74 კაცი თუ ქალი გაიწვიეს და ნახევარი არ დაბრუნდა, დაბრუნებულებიდან კი ცოცხალი მხოლოდ მე ვარო... ალბათ, ისიც სიმბოლურია, რომ როცა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს, ორი ჯარისკაციდან ერთი ქართველი, მელიტონ ქანთარია იყო.

 

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ერთ ახალგაზრდა ბიჭზეა, რომელიც მოსკოვში დაიბადა, ბედის ირონიით, მამამისი ციმბირში გადაასახლეს, იქ გაიზარდა და ცოტა ხანს საქართველოშიც იცხოვრა, მერე კი... მერე ისევ ციმბირში დაბრუნდა.

ტამერლან ტუკაევი ომში მას შემდეგ გაიწვიეს, რაც კრემლში სნაიპერთა რიცხოვნობის გაზრდაზე მიიღეს გადაწყვეტილება. აქცენტი სწორედ ციმბირში მცხოვრებლებზე გააკეთეს, რადგან ისინი კარგი მსროლელები იყვნენ და ეს გასაკვირი არც იყო. მაგალითისთვის გეტყვით, ციყვის ტყავი რომ არ დააზიანონ და მას საბაზრო ღირებულება ჰქონდეს, დღემდე ციმბირელი მონადირეები ციყვს თვალში უმიზნებენ. როცა შერჩევა დაიწყო, ტუკაევი არასრულწლოვანი იყო, უფრო ზუსტად, მაშინ ომში 17 წლისა და 8 თვის ახალგაზრდები მიჰყავდათ და იმ რვა თვემდე ტოკაევს რამდენიმე დღე უკლდა. თავიდან მიზანში არ ასროლინეს, პატარააო, მაგრამ შემდეგ თავად აიღო იარაღი და სამიზნეს თითქმის მაშინვე ესროლა ანუ საგულდაგულოდ არ დაუმიზნა და მოარტყა. შემდეგ სამიზნე შორს გაუწიეს, მერე - უფრო შორს და როცა 600 მეტრში ოპტიკური სათვალის გარეშე მოარტყა მიზანს, მოსკოვში წაიყვანეს, სავალდებულო კურსები გაატარეს და ფრონტზე გადაისროლეს.

ტუკაევი გერმანელი ოფიცრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. მას, მკაცრ პირობებში გაზრდილს, მარტივად შეეძლო საფარში 3-4 დღე საჭმლის გარეშე გაეძლო, 48 საათი არ დაეძინა და მხოლოდ ოფიცრებს კლავდა, ჯარისკაცები მისთვის საინტერესონი არ იყვნენ. რაც მთავარია, არასდროს იტყუებოდა და როცა ამბობდა, რომ ოფიცერი მოკლა, უჯერებდნენ და შემდეგ დაზვერვაც ადასტურებდა. ერთ დღეს, სანგარში დაბრუნებულმა ტუკაევმა მეთაურს უთხრა, ოფიცერი მოვკალი, მაგრამ ასეთი ქუდი და ვარსკვლავები არასდროს მინახავს, არ ვიცი, რა ჩინი ჰქონდა და რას წარმოადგენდაო. იმავე საღამოს, ერთი გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს და სწორედ მან განაცხადა, ტუკაევმა პოლკოვნიკი ბერგი მოკლა, ის პირადად ჰიტლერის მიერ იყო გამოგზავნილი, ფრონტის ამ მონაკვეთზე, არსებული სიტუაცია რომ შეესწავლა და შეეფასებინა, ახლა ჩვენს ნაწილში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს, ბატალიონის მეთაური ვაისი ცოფებს ყრის და ტრიბუნალის ეშინია, ფიურერის ემისარს რომ ვერ მოუფრთხილდაო.

მალე ისიც გაირკვა, რომ ტუკაევის მოსაკლავად გერმანიიდან, თვით დიტრიხ ზაუგენი გამოუშვეს, ლუფტვაფეს (გერანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) საუკეთესო მსროლელი. იმის გათვალისწინებით, რომ ლუფტვაფეს ჰერმან გერინგი მეთაურობდა, ხოლო მისი რიცხოვნობა 20 ათასს შეადგენდა, ზაუგენის საუკეთესოობა მრავლისმეტყველი გახლდათ. მის ჩამოსვლას გერმანელი ჯარისკაცები დიდი სიხარულით შეხვდნენ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ტუკაევს მოკლავდა და მათი კოშმარი დასრულდებოდა.

ტუკაევი საქმეზე ხშირად დამხმარესთან ერთად დადიოდა, ის გარემოს ზვერავდა და თუ სადმე მოძრაობას შეამჩნევდა, ატყობინებდა. ასე იყო ამჯერადაც, ტოკაევი სწორედ დამხმარესთან ერთად გავიდა მორიგი მსხვერპლის საძიებლად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ზაუგენი ელოდა. დიტრიხმა სნაიპერი ვერ შენიშნა, სამაგიეროდ, მისი დამხმარე დაინახა და ფეხში დაჭრა. დაჭრილი ტკივილისგან იკლაკნებოდა, ვერც უსაფრთხო ადგილზე გადადიოდა და ცოტა რომ დამშვიდდა, ხელებით ფორთხვა დააპირა, თუმცა ზაუგენის ტყვიამ ამჯერად ხელში უწია. ტუკაევი ხედავდა, როგორ კვდებოდა წამებით მისი მეგობარი, მაგრამ ზუსტად იცოდა - დახმარების შემთხვევაში, ისიც სასიკვდილოდ იყო განწირული. საიდანღაც ახალგაზრდა მედდა გამოჩნდა, დაჭრილთან მივიდა, ჭრილობის გადახვევა დაუპირა და... გერმანელი სნაიპერის ტყვიამ მას თავის ქალა ახადა. ტუკაევი დაღამებას დაელოდა და უკან გაწბილებული დაბრუნდა. მას ყველაზე მეტად ნერვებს ის უშლიდა, რომ სამი გასროლის მიუხედავად, გერმანელი კონკურენტის ადგილსამყოფელი ვერ აღმოაჩინა. მეორე დღეს, ტუკაევმა დასვენება გადაწყვიტა, თუმცა სწორედ იმ დღეს, ზაუგენმა ოთხი ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს ანუ საბჭოთა არმიას დაემართა ის, რაც მანამდე გერმანელებს ემართებოდათ - პანიკა დაიწყო, სანგრიდან თავის აწევას ყველა ერიდებოდა. მომდევნო დღეს ციმბირელი სნაიპერი საგანგებოდ მოემზადა და გამოაცხადა, სანამ არ მოვკლავ, არ დავბრუნდებიო და წავიდა.

ორდღიანი ამაო ლოდინის შემდეგ, ტუკაევმა დაინახა, საღამოხანს როგორ შეირხა ერთი, თითქოს ჩვეულებრივი ბუჩქი. დაღამებას დაელოდა და ბუჩქისკენ ფრთხილად გახოხდა. იქ მისულმა კი მეტოქის ბუნაგი აღმოაჩინა. სხვადასხვა ნივთთან ერთად, ბალახებში პრეპარატ „პერვიტინის“ ცარიელი ბოთლიც ეგდო.

„პერვიტინზე“, ალბათ, ცალკე უნდა ვთქვათ - ეს პრეპარატი გერმანელებმა მოიგონეს და მას აქტიურად იყენებდა ადოლფ ჰიტლერიც. მისი მიღების შემდეგ ქრებოდა შიმშლის გრძნობა, ადამიანს ეძლეოდა ზღვა ენერგია და შეეძლო ბევრი ემუშავა. ვარაუდობენ, რომ სწორედ „პერვიტინის“ ჭარბმა დოზამ მიიყვანა ჰიტლერი ფსიქოზამდე და ბოლოს, არათუ ფრონტს, საკუთარ თავსაც ვეღარ აკონტროლებდა. მისი პირადი ექიმის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ფიურერი „პერვიტინის“ ისეთ დოზას ითხოვდა, რომელიც მომაკვდინებელი იყო და ამიტომ, ექიმი მას კოკაინთან ერთად გარეულს უკეთებდა, რაც ჰიტლერს უდიდეს ენერგიას აძლევდა, ორგანიზმს კი უნგრევდა.

როგორც ჩანს, „პერვიტინს“ სნაიპერიც აქტიურად იყენებდა.

ტუკაევმა კარგად შენიღბული ბუნაგის შესასვლელში ორი ხელყუმბარა ისე დაამონტაჟა, დაბრუნების შემთხვევაში, გერმანელი აუცილებლად უნდა აფეთქებულიყო. ნანატრი აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა და ტუკაევმა პირადად დაინახა, როგორ აიყარა სხეულის ნაწილები ჰაერში. ის შტაბში მშვიდად დაბრუნდა და მეთაურს მოახსენა - მტერი განადგურებულია. ზუსტად ერთ საათში, ფრონტის ხაზზე, ხმის გამაძლიერებელში ზაუგენის ხმა გაისმა - „რუსო ვანია, შენი ჩანაფიქრი არ გამართლდა. სამწუხაროდ, ჩემი დამხმარე დაიღუპა. მე აქ შენს მოსაკლავად ვარ ჩამოსული და მოგკლავ კიდეც“...

ეს ნამდვილი შოკი იყო. საღამოს საბჭოთა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი ტყვე აიყვანეს და მან დაადასტურა, რომ დიტრიხი ცოცხალი იყო და საფარში დამხმარე გაგზავნა რაღაცის წამოსაღებად. ტყვემ განაცხადა, რომ დიტრიხი ერთი და იგივე ადგილიდან არასდროს ისროდა, ამიტომ იქ დაბრუნებას არ აპირებდა. რომ არა შემთხვევითობა, ზაუგენი მკვდარი იქნებოდა, ახლა კი... საბჭოთა ჯარისკაცებში ისევ პანიკა დაიწყო. ტუკაევი კონკურენტის მოსაკლავად კიდევ ერთხელ გავიდა. ამჯერად, ზუსტად იცოდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა და ამიტომ, ზედმეტად ფრთხილობდა. მან თავშესაფრად თითქმის მოშიშვლებული ადგილი აირჩია, კარგად შენიღბულ ადგილზე კი კარაბინი დაამაგრა, რომლის სასხლეტსაც თოკი მოაბა და ლოდინი დაიწყო. დახლოებით, 300 მეტრში მიტოვებული თავლა იდგა, რომელიც ტუკაევს კარგად ჰქონდა შესწავლილი, ახლა კი აღმოაჩინა, რომ თავლას ერთ ადგილზე ორი ფიცარი აკლდა. მიხვდა სნაიპერი, რომ მტერი სწორედ იქ იყო ჩასაფრებული და თოკს მოქაჩა. კარაბინის ხმაზე, თავლაში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ფიცრები აკლდა, ჩრდილი შეირხა, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ტუკაევმა სამიზნე ლინზა თვალთან მიიტანა და როგორც მერე იხსენებდა, ორი საათი არ განძრეულა, ის ისევ ჩრდილის განძრევას ელოდა და როგორც კი დაინახა, მაშინვე გათვლით ესროლა. ტყვიამ ჯერ ფიცარი გახვრიტა, შემდეგ - ზაუგენის სხეული. ლუფტვაფეს საუკეთესო მსროლელი განეიტრალებული იყო.

ტუკაევს, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს და ომის დასრულების შემდეგ, ის ცოტა ხანი საქართველოში, კონკრეტულად კი ქუთაისში ცხოვრობდა. იმასაც ამბობენ, ქუთაისში ტუკაევი სპეციალური მისიით იყო მივლინებული, რამდენიმე გავლენიანი კრიმინალისთვის უნდა ესროლა და მოეკლა, ესეც საბჭოთა ხელისუფლების შეკვეთა იყოო, მაგრამ იმ პერიოდში, სანამ სნაიპერი აქ ცხოვრობდა, გახმაურებული მკვლელობა (ყოველ შემთხვევაში, სნაიპერის შაშხანით) არ მომხდარა.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე