ბავშვების გამტაცებელი მოხუცი ქალის აღსარება - საბჭოთა „ბაბა იაგას“ აფხაზური ამბავი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„დიადი კომუნიზმის“ დროს, პიონერთა ბანაკები ჩვეულებრივი მოვლენა იყო -  ასეულობით ბავშვი ზაფხულს ერთად ატარებდა, ერთობოდა, რაღაც ახალს სწავლობდა. პიონერხელმძღვანელებს უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, თუმცა მაშინ ბავშვებისთვის არც ინტერნეტი იყო, არც - მობილური ტელეფონი და კომპუტერი. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა თამაშით ერთობოდნენ, ფიზიკურად იტვირთებოდნენ, იღლებოდნენ და ღამეც ღრმა, ბავშვური ძილით ეძინათ. მათ კვებაც განსაკუთრებული ჰქონდათ და პროცესს მკაცრად აკონტროლებდნენ. „ბავშვები ჩვენი მომავალია!“ - ამ ლოზუნგით ცხოვრობდნენ მაშინ და სიტყვას საქმედაც აქცევდნენ. ის თაობა, რომელსაც ბავშვობა საბჭოთა წყობის დროს მოუწია, დამეთანხმება, რომ მაშინ ბავშვების მიმართ სხვა დამოკიდებულება არსებობდა, ბავშვებს არც ამდენი ფსიქოლოგი სჭირდებოდათ  და ისიც ტყუილია, თითქოს მაშინ, ბავშვებზე უფრო მეტად ძალადობდნენ და ეს დამალული გახლდათ. არა, ბავშვებს ლაღ გარემოს უქმნიდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მეტი განათლება მიეღოთ, უფასო განათლება.

 

ერთ-ერთი ასეთი ბანაკი აფხაზეთშიც იყო. დღეს ოკუპირებული, ულამაზესი ტერიტორია ნამდვილი სამოთხე გახლდათ და ამ სამოთხეში ბავშვები ხშირად ისვენებდნენ.

„ჩემი შვილიც ისვენებდა პიონერთა ბანაკში და იმის მიუხედავად, რომ მქონდა შესაძლებლობა, ცოლ-შვილი დამოუკიდებლად დამესვენებინა, ბანაკში ბავშვებს ორი კვირით მაინც ვუშვებდი ხოლმე. ახალი გარემო, ახალი ნაცნობ-მეგობრები, რეჟიმი -  მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ  ყველაფერი ეს, ბავშვისთვის ძალიან კარგი იყო“, - გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ერთ დღეს, ბანაკიდან ბავშვი დაიკარგა. ეს რიგითი შემთხვევა კი არა, საგანგებო მდგომარეობა იყო, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვს, პიონერს და სამართალდამცავები ვალდებულნი იყვნენ, მოეძებნათ. რაც ყველაზე საინტერესოა, მასთან ერთად დაიკარგა კიდევ ერთი ბავშვი, თუმცა ის ორ საათში შეშინებული და... დაკბენილი, მახლობელ ტყეში იპოვეს. ბავშვს ნაკბენი მკლავის მიდამოებში ჰქონდა და ექიმებმა ერთხმად თქვეს, ასეთ ნაკვალევს მხოლოდ ადამიანის კბილები ტოვებსო.

ბავშვი შოკირებული იყო, მის აზრზე მოყვანას ერთი დღე დასჭირდა, შემდეგ კი ძალიან უცნაური რამ მოყვა.

„ჩემს მეგობართან ერთად, ტყეში გავიპარე. გზად თასმა გამეხსნა, მისი შეკვრა გადავწყვიტე და მეგობარი, დაახლოებით, ათი მეტრით წინ წავიდა. მოულოდნელად, მას თავს მოხუცი ქალი დაესხა და თოკით შებოჭვა დააპირა. მის დასახმარებლად წავედი. სწორედ ამ დროს დამკბინა ქალმა, შემეშინდა და უკან გამოვიქეცი. იმ ქალს ხელში უზარმაზარი ჯოხი ეჭირა და რომ მოვრბოდი, თავშიც ჩამარტყა“, - ყვებოდა ბავშვი და თავზე იმ ადგილზე იკიდებდა ხელს, სადაც ჯოხი მოხვდა - ბავშვს სისხლჩაქცევა აშკარად ეტყობოდა.

„აფხაზეთის მთელი მილიცია ფეხზე დადგა, ჩემს ხელმძღვანელობას მოველაპარაკე და მეც იმავე დღეს ჩავედი. ჯერ ერთი, იმავე ბანაკში შვილი ისვენებდა და მეორეც, ბავშვის დაკარგვა არ იყო მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქმე, ის მთელ საქართველოს ეხებოდა და ყველას პასუხისმგებლობა გახლდათ. გადარჩენილი ბავშვი პირადად დავკითხე, თუმცა ახალი არაფერი უთქვამს - მეგობარი „ბაბა იაგამ“ მომტაცაო, ამტკიცებდა. ძალიან ძნელი იყო ამის დაჯერება, მაგრამ პატარას სხვა ვერსიის გაგონებაც არ სურდა და ამტკიცებდა, რომ არაფერი მოსჩვენებია“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაიწყო შემოგარენის შესწავლა. რა თქმა უნდა, მითიურ მოხუც ქალზე ყველა ადგილობრივს ეცინებოდა და ამბობდა, ბავშვი შიშისგან სრულ ჭკუაზე ვერ არისო. ის მშობლებმა მალევე წაიყვანეს სახლში და... თვეზე მეტი გავიდა, თუმცა გამქრალი ბავშვის კვალს ვერავინ მიაგნო. მისი მნახველი არავინ გახლდათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯილდოც კი დააწესა ნებისმიერ ინფორმაციაზე, თუმცა ეს ინფორმაციაც არსაიდან მოდიოდა.

„მეც დედაქალაქში დავბრუნდი, ხელი ჩავიქნიეთ. ვიფიქრეთ, რომ ვიღაცამ ბავშვი მოკლა, რაიმე სიმძიმე მოაბა და ზღვაში გადააგდო. ობოლი ბიჭი გახლდათ, დედა ზრდიდა და გული დამეწვა, ის ქალი რომ ვნახე - იმ ბიჭის გარდა, არავინ ჰყავდა. ჰოდა, ერთი თვის შემდეგ, აფხაზი კოლეგა ჩამოვიდა თბილისში და ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე, რაიმე ახალი ხომ არ გაგიგიათ-მეთქი. იმან კიდევ, არც არაფერი, მხოლოდ ერთი ქალი მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ იმ შემთხვევამდე, სანამ პიონერი დაიკარგებოდა, ჩემი შვილის მოპარვას ცდილობდა ვიღაც ქალი, საღამოს ფანჯრიდან გადაიყვანა, თუმცა დავაგდებინეო. არ მივიღეთ სერიოზულად, რადგან მარტო ჯილდოს დაწესების შემდეგ გამოჩნდა და რაც მთავარია, ისიც იმას გაიძახოდა, „ბაბა იაგას“ ჰგავსო ანუ ფული უნდოდა, მაგიტომ მოიფიქრაო. აი, ხომ არსებობს ინტუიცია, შინაგანად, მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და ამიტომ, უფროსობას მეორედ გავეთავისუფლე, აფხაზეთში ისევ წავედი და ის ქალი პირადად დავკითხე. მეც იგივე მიამბო, რაც იქაურ სამართალდამცავებს, მაგრამ ერთი საგულისხმო დეტალი დააყოლა - უბრალოდ, მომხდარის შესახებ გვიან გავიგე, თორემ აქამდეც მოვიდოდი და ვიტყოდი, ოღონდ ის ბავშვი გადარჩეს და ჯილდო რაც გაქვთ დაწესებული, იმას მიეცითო ანუ ქალი ამბობდა, ფული არ მინდა, ბავშვი იპოვეთო, რაც მის სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველს მისპობდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა, აგენტურის მეშვეობით, დაიწყეს ქალის ძიება, რომელსაც, თუნდაც ხუმრობით, „ბაბა იაგას“ ამსგავსებდნენ. დაიწყეს და იპოვეს კიდეც - ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, ჩვენი სოფლის ბოლოში, მიტოვებულ სახლში რომ ქალი ცხოვრობს, „ბაბა იაგაა“, აბა, ვინ არის, გადარეულია, თუ არ მოეწონე, მაშინვე კბენას იწყებსო. როგორც კი კბენა ახსენეს, სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და სახლს თვალთვალი დაუწყეს.

„თვეზე მეტი იყო გასული. თუ მან ბავშვი მოკლა, ამას ადრე იზამდა, თუ ცოცხალი იყო, მაშინ შტურმის შემთხვევაში, შესაძლებელი გახლდათ, მოეკლა. ამიტომ, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სახლისთვის გვეთვალთვალა და როგორც კი ქალი იქაურობას დატოვებდა, დაგვეთვალიერებინა. ერთი კვირა, სრული ერთი კვირა ქალი სახლიდან არ გამოსულა. მხოლოდ ფანჯარას აღებდა, ანიავებდა და ისევ კეტავდა. რას ჭამდა, რას სვამდა, არაფერი ვიცოდით. ბავშვის იქ ყოფნის ნიშან-წყალიც არ იყო. მერვე დღეს გამოვიდა ჭიშკრამდე და ამდენი თვალთვალით თავმობეზრებულმა ოპერმუშაკებმა ხელები გადაუგრიხეს და სახლი გაჩხრიკეს“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაკარგული ბავშვი ლოგინზე, უგონო მდგომარეობაში იწვა. ადგილზე მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანას გამოუძახეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვს ძლიერმოქმედი საძილე ნაყენი ჰქონდა მიღებული. მას გადასხმა გაუკეთეს, კუჭი ამოურეცხეს და მეორე დღეს აზრზე მოვიდა. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, არ ახსოვდა, სად იყო იმ ერთი თვის განმავლობაში. დედა-შვილის შეხვედრა ხომ, საერთოდ, საოცრება გახლდათ. რაც შეეხება დაკავებულს...

„შვილი მარტომ გავზარდე, მის გარდა, არავინ მყავდა. რომ დავაჟკაცდა, ცოლი მოიყვანა და ქალაქში წავიდა საცხოვრებლად. მე მარტო დამტოვა. არადა, ერთი სული მქონდა, შვილიშვილებს როდის გავზრდიდი. ამის მერე ამეკვიატა ბავშვის მოპარვის სურვილი და პირველ ჯერზე ვერ მოვახერხე. მერე პიონერთა ბანაკის ახლოს დავიწყე ხეტიალი, იქ სულ იპარებიან ბავშვები ტყისკენ. ასე მოვიპარე ბავშვი, მაგრამ სახლში მოყვანის შემდეგ მთელი ამბები ატეხა, გამიშვიო. ძველი ნაყენი ვიცი, იმას ვასმევდი და მთელი ეს დრო ასე მყავდა, ვეფერებოდი, ვბანდი, მისთვის არაფერი დამიშავებია. მერე და მერე მომეჩვეოდა და გავზრდიდი“, - ასეთი იყო ქალის მონაყოლი.

ახლა კი ნამდვილი საოცრება - საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსი ბავშვის გატაცებაზე მკაცრ სასჯელს არ ითვალისწინებდა, თუ გამტაცებელი დაამტკიცებდა, რომ ბავშვისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. დაკავებული ქალი ექსპერტიზამ შერაცხადად სცნო, შესაბამისად, გაასამართლეს, თუმცა სწორედ ამ ჩანაწერის გამო, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 6 თვეში კი, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.