კრიპტოვალუტის მაინინგის მაფია ოკუპირებებულ აფხაზეთში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 როგორ შოულობენ ფულს რუსი ოლიგარქები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში და რატომ არ აპროტესტებს მოსახლეობა დენის გრაფიკს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ახლა ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორიც ჩვენთან, 90-იანებში იყო. იმის მიუხედავად, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს უფასოდ გადაეცემა, ელექტროენერგიის ტარიფი კი კილოვატზე, სიმბოლური, დაახლოებით, ორი თეთრია და ამასაც არავინ იხდის, ოკუპირებულ აფხაზეთში, ელექტროენერგიაზე გრაფიკია დაწესებული და სეპარატისტული ხელისუფლება მასაც ვერ იცავს. მიზეზი მარტივია - უფასო ენერგიის პირობებში, აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყეს. ტერმინი „კრიპტოვალუტის მაინინგი“, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველამ იცის - ბავშვიდან დაწყებული, პენსიონერით დამთავრებული და რეალურად, დღეს იქაური მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყაროა. არადა, მთელი აფხაზეთის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ელექტროენერგია, მინიმუმ, 6 საათით ითიშება, თუმცა არც ეს არის კონკრეტული ციფრი. კრიპტოვალუტის მინი-ფერმებს იმდენი დენი მიაქვთ, მოსახლეობას 6-საათიანი გრაფიკიც სანატრელი აქვს.

 „ოფიციალური მონაცემებით, ენგურჰესიდან მიღებული ელექტროენერგიის 80%-ს, სწორედ ეს მინი-ფერმები მოიხმარენ. კვირის განმავლობაში, სამართალდამცავები 200-ზე მეტ არალეგალურ ფერმას ავლენენ, აპარატურას კონფისკაციას უკეთებენ, მაგრამ უშედეგოდ. ყოველდღიურად, რამდენიმე ახალი ათეული ფერმა ჩნდება. ეს მარტივი გასაგებია - კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო აპარატურა, დაახლოებით, 700 დოლარამდე ღირს და ზუსტად ამდენივეს ერთ თვეში გამოიმუშავებს ანუ თუ მოახერხე და ერთი თვე ამუშავე აპარატი, მინიმუმ, გადახდილ თანხას ამოიღებ“, - გვეუბნება აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქე.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცია, ამიტომ კრიპტოვალუტის მაინინგი კანონით დაუშვა და მათთვის დენის გადასახადი გააძვირა, თუმცა სიმბოლურად - 1.5 ცენტამდე 1 კილოვატი, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა - ფულს მაინც არავინ იხდიდა. ამიტომ, გასული წლის დეკემბერში, კრიპტოვალუტის მაინინგი ოფიციალურად აიკრძალა და „ფერმებზე“ ნადირობის სეზონიც დაიწყო.

რაც ყველაზე საინტერესოა, იმ დაწესებულებებზე, სადაც კრიპტოვალუტის გამოსამუშავებელი დანადგარები დგას, ნადირობენ, როგორც სამართალდამცავები, ასევე - კრიმინალები. ისინი იპარავენ დანადგარებს და ან შავ ბაზარზე ყიდიან (მარტივად იყიდება), ან საკუთარ, არალეგალურ ფერმებში მიაქვთ და იქ ამუშავებენ.

„ყველაფერ ამაში საინტერესო ის გახლავთ, რომ დიდი ფერმების უკან, რუსი ოლიგარქები დგანან, ისინი მილიონებს დებენ კრიპტოვალუტის გამომუშავებაში და, რაღა თქმა უნდა, თანხას დაცვისთვისაც იხდიან. სწორედ ეს დიდი ფერმები მოიხმარენ ენერგიის დიდ ოდენობას და ამის გამოა, რომ მოსახლეობას დენი, უბრალოდ, არ ჰყოფნის. კრიმინალებისთვის ასეთი ფერმები ნამდვილი სამოთხეა და ისინი ხშირად ძალისმიერ მეთოდებსაც არ ერიდებიან, რათა ქონებას დაეუფლონ. ორი კვირის წინ, ერთ-ერთ ასეთ ფერმაში, სადაც დაახლოებით, 100 ათასი დოლარის დანადგარები იდგა, სამი დარაჯი მოკლეს და იქაურობა მაინც გაასუფთავეს“,-გვეუბნება აფხაზეთის მცხოვრები.

იმის გამო, რომ რუსი ტურისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, მათთვის ეს მხარე დასასვენებლად მიმზიდველი არ არის. უცხოელები კი იქ დამსვენებელთა საერთო რაოდენობის ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ. ამიტომ აფხაზეთში, მოსახლეობას შემოსავალი, უბრალოდ, არ აქვს. კრიპტოვალუტის მაინინგი კი მათთვის ნამდვილ მაშველ რგოლად იქცა, მაგრამ ყველაფერი ეს იმის ფასად, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის გრაფიკი დაუწესდა.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ გრაფიკს ჯერჯერობით არ აპროტესტებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, იმ შემოსავლის გარეშეც დარჩებიან, რომელიც პრაქტიკულად, ყველა ოჯახს, მცირე თუ დიდი ოდენობით, მაინც აქვს.

და არანაკლებ საინტერესო - როგორც გვეუბნებიან, სამართალდამცავები, რომლებიც კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 200-ზე მეტ ასეთ ობიექტს პოულობენ, იქიდან ამოღებულ დანადგარებს შემდეგ, ნახევარ ფასად, თავადვე ჰყიდიან.