კრიმინალმა შური სამართალდამცავის შვილზე იძია - როგორ შეეხო ამნისტია დამნაშავეს, რომელიც ქალებს ყურის ბიბილოებს აჭრიდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არ არსებობს სამართალდამცავი, რომელსაც მომდურავი არ ჰყავს. როცა ფორმა გაცვია, აუცილებლად გიწევს ვიღაცის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. ჰოდა, იმ ვიღაცას თავიდან მაინც ჰგონია, რომ მისი მთავარი მტერი სწორედ ისაა, ვინც დაიჭირა და ვისი წყალობითაც ციხეში მოხვდა. საბედნიეროდ, პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, რომ დამნაშავე, პირველ რიგში, თავადაა და პოლიციელი თავის საქმეს ასრულებს. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა ყოფილ პატიმრებს სამართალდამცავებზე შურისძიება უცდიათ და უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც გამოსვლიათ.

 „მილიციაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და რეგიონში რიგითი ოპერი ვიყავი. ჩემი მისვლიდან ორიოდ თვეში, ძარცვის სერია დაიწყო. უცნობი ახალგაზრდა კაცი, ქალებსა და გოგონებს სტაცებდა ოქროს სამკაულს და საყურეებთან ერთად, ყურის ბიბილოს ნაწილიც მიჰქონდა. იშვიათად, რომ ორივე ყურზე გაერისკა, ძირითადად, ერთ ყურზე ჩამოგლეჯდა და გარბოდა. აი, თუ ღამე იყო და ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მაშინ ორივე ყურზე გლეჯდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ რამდენიმე ქალმა შეშინებულმა შესთავაზა, საყურეებს ჩემით მოვიხსნიო, თუმცა არა - მძარცველს სწორედ ის სიამოვნებდა, ყურის ბიბილოები რომ ეხეოდათ ქალებს და სისხლი თქრიალით მოსდიოდათ“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა რამდენიმე ჩასაფრება მოაწყვეს, ღამით ისეთ ადგილებში პატრულირებდნენ, სადაც შეიძლებოდა, მძარცველი გამოჩენილიყო, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა. ჰოდა, გადაწყდა, რომ თანამშრომლებს ქალის ფორმა ჩაეცვათ და გამომწვევი საყურეებით ემოძრავათ. ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთ ოპერმუშაკს თავს დაესხნენ და მაშინ, როცა საყურე ჩამოგლიჯეს, რომელიც ყურზე წებოთი იყო მიმაგრებული, მან იარაღი ამოიღო, ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი გაქცეულ მძარცველს ტყვია დაადევნა და ფეხში დაჭრა. ათზე მეტი ძარცვის ავტორის დაკავება ყველას გაუხარდა, ჭრილობა სერიოზული არ აღმოჩნდა და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„სასჯელი სრულად მოიხადა და როცა გამოვიდა, ზუსტად ერთ თვეში, იგივეს კეთება დაიწყო. მე უკვე თბილისში ვიყავი გადმოსული და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა გავიგე, რომ იმავე ქალაქში, იგივე ხდებოდა, რაც რვა წლის წინ. სამართალდამცავებს ქალის ფორმების გადაცმა აღარ დასჭირდათ. უბრალოდ, ციხიდან ახლადგამოსულს თვალთვალი დაუწყეს და ფაქტზე დაიჭირეს. მისდა საუბედუროდ, აყვანის ოპერაციას ისევ ის ოპერმუშაკი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პირველად დააკავა. ამჯერად, დამნაშავეს 10 წელი მისცეს და ყველაფერ ამაზე, ძალიან ბევრი ვიცინეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რაღა თქმა უნდა, ყველა დაკავებულის დამახსოვრებას, თუ არაფერში დასჭირდათ, სამართალდამცავები ვერ ახერხებენ. ამიტომ, ისიც მალე დაივიწყეს. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, ოპერმუშაკი, რომელმაც ერთი და იგივე დამნაშავე ორჯერ დააკავა, სამუშაოდ დედაქალაქში გადაიყვანეს. მაშინ დედაქალაქში გადასვლა, სხვა სიკეთეებთან ერთად, ბინასაც ნიშნავდა და ამიტომ, მილიციის თანამშრომელს ყველაფერი ეს ძალიან ახარებდა.

„მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ ერთ განყოფილებაში ვყოფილიყავით. სიყრმის მეგობარი მაინც სხვა არის და რაც მთავარია, ეგ კაცი საქმეში გამოცდილი მყავდა, თვალდახუჭული ვენდობოდი და ჩვენს საქმეში ნდობა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. სიხარულით დამთანხმდა, ვმუშაობდით, გვიხაროდა ერთად ყოფნა და ოჯახებითაც დავუახლოვდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ერთ დღეს, განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, ახალგაზრდა გოგოს თავს დაესხნენ, საყურეები ჩამოგლიჯეს და სახეზე სამართებელი დაუსვესო. ბატონი თენგიზი მაშინვე შემთხვევის ადგილზე გავიდა და ხელში თავისი მეგობრის ქალიშვილი შერჩა, რომელიც სასწავლებლიდან ბრუნდებოდა.

„გონებაში, მაშინვე ის მძარცველი ამომიტივტივდა, რეგიონში რომ აგლეჯდა საყურეებს, გადავიანგარიშე და მივხვდი, საქმე სხვასთან მქონდა. მას ათი წელი ჰქონდა მისჯილი, მხოლოდ შვიდი წელი იყო გასული და ერთსა და იმავე დანაშაულზე, თანაც ძალადობრივ ქმედებაზე ბრალდებულს, ამნისტიას არავინ შეახებდა. ჩემი მეგობარი დასაბმელი გახდა, ბღაოდა, არაადამიანურ ხმას გამოსცემდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ექიმებმა გოგონას გადარჩენა მარტივად მოახერხეს, მაგრამ ყურის ბიბილოებზე იარა დარჩა, სახეზე კი... მარცხენა საფეთქლიდან ჭრილობა მთელ სახეს კვეთდა და მარჯვენა ლოყის კუთხეში მთავრდებოდა. მთელი შემადგენლობა ფეხზე დადგა, ქალაქი გადააბრუნეს, თუმცა დამნაშავის კვალს ვერ მიაგნეს. დაზარალებულის მამასაც, პირველ რიგში, სწორედ მის მიერ ორჯერ დაკავებული მძარცველი გაახსენდა, თუმცა მიხვდა, ამაზე ფიქრი აბსურდი იყო - რეციდივისტს, სამ წელს არავინ აპატიებდა.

„სხვა გზა არ იყო - შს არქივს მივმართეთ და გამოვითხოვეთ ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე ნასამართლევი პირი ანუ ისინი, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდნენ და თბილისში იმყოფებოდნენ. გაოცებისგან შევყვირე, როცა ერთ-ერთი საქაღალდიდან ნაცნობმა სახემ შემომანათა. პირი, რომელიც ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ იყო დაკავებული, ამნისტიით გაუთავისუფლებიათ. რეკომენდაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა გასცა და სიტყვა-სიტყვით დაწერა, ეს კაცი გამოსწორდა, მზად არის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაებას და საბჭოთა საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეების რიგებს შეემატოსო. ჩემი მეგობარი საავადმყოფოში გავარდა, არსებობდა საფრთხე, რომ თავდამსხმელი იქაც მიაკითხავდა, მე „ზონის“ უფროსთან წავედი. მან უსინდისოდ დამიდასტურა, რომ ის მოძალადე გამოსწორდა და დამნაშავე სხვაგან უნდა გვეძებნა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

არადა, გოგონამ მოახერხა მოძალადის სახის დანახვა, აღწერა კიდეც და აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა იმ დამნაშავეს, რომელიც მამამისმა ორჯერ დააპატიმრა. მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა სამართალდამცავებს კარგად ესმოდათ, მძარცველის მოძებნა იოლი არ იქნებოდა, ის აუცილებლად ღრმა სოროში დაიმალებოდა და რამდენიმე თვე, გარეთ ცხვირს არ გამოჰყოფდა.

ოთხი თვე გავიდა და მილიციამ ძებნილის კვალს ვერ მიაგნო. მას მხოლოდ დედაქალაქში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ და სამართალდამცავები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რადგან ეს მათ კოლეგაზე შურისძიება იყო, ასეთ რამეს კი არ პატიობდნენ. მით უმეტეს, საქმე შვილს ეხებოდა, სამართალდამცავის შვილს, რომელსაც ბრალი არ მიუძღვოდა.

საბოლოოდ, აგენტურამ იმუშავა და ერთ დღესაც, დამნაშავის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა.

„სპეცოპერაცია დავგეგმეთ. მისი ხელმძღვანელი მე ვიყავი და მკაცრად გამაფრთხილეს, რომ დამნაშავე ცოცხლად უნდა აგვეყვანა. ჩემმა მეგობარმა ჩახლეჩილი ხმით იკითხა, გაქცევის მცდელობის დროს რომ შემოგვაკვდეს, სასჯელი რა იქნებაო და მისი კითხვის არსს ყველა მიხვდა. ზემდგომებმა ერთმანეთს გადახედეს და ყრუდ ჩაილაპარაკეს, ისევ რეგიონში მოგვიწევს შენი დაბრუნებაო. რეალურად, ეს მწვანე შუქი იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როცა სამართალდამცავებმა მძარცველის ადგილსამყოფელს ალყა შემოარტყეს, მან იარაღი ფანჯრიდან გადმოაგდო და ხელებაწეული გამოვიდა. პროცესს არაერთი გამვლელი აკვირდებოდა და მასაც აშკარად ეტყობოდა, რომ არსად გაქცევას აპირებდა. კარგად იცოდა, ზედმეტი მოძრაობის გამო, ტყვიას არავინ დაამადლიდა. დამნაშავე განყოფილებაში ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ, იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. მართალია, ამის გამო არავინ დაუსჯიათ, თუმცა ის სამართალდამცავი, საკუთარი პატაკის საფუძველზე, კვლავ რეგიონში გადაიყვანეს სამუშაოდ.

„მე ორი რამ ვიცი - ის ნაძირალა თავს არ მოიკლავდა და მეორე, ჩემი შვილისთვის რომ ექნა იგივე, არ ვაცოცხლებდი“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.