კრიმინალი, რომელმაც სახელმწიფო 17 ათასით აზარალა, ბერად აღიკვეცა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, ძირითადად, ერთნაირი ფსიქოლოგია აქვთ. თითოეულ მათგანს, გულის სიღრმეში სჯერა, რომ სამართალდამცავებზე ჭკვიანია და ვერასდროს დაიჭერენ. რა თქმა უნდა, არიან მოუხელთებელი კრიმინალებიც, მაგრამ მათი რიცხვი ერთ პროცენტსაც კი არ აღემატება და კრიმინალური სამყაროს კლასიკოსებად ითვლებიან. გაგიკვირდებათ და, ასეთ მოუხელთებელ კრიმინალებს სამართალდამცავები პატივითაც კი ეპყრობიან და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, სიზუსტისა და პროფესიონალიზმის გამო, აღფრთოვანებასაც იწვევს. შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, სწორედ ასეთ კრიმინალზეა. მას სამართალდამცავები „მილასლავსკადაც“ მოიხსენებდნენ - ცნობილი ფილმის, „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“ გმირი, მილასლავსკი ბინებს ვირტუოზულად ასუფთავებს და ამ შემთხვევაშიც, მილიციას საქმე, სწორედ ვირტუოზთან ჰქონდა, თუმცა ის მთელი „კარიერის“ განმავლობაში, ერთ ბინასაც არ გაჰკარებია.

„თბილისში, ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან, მილიციაში სიგნალი დილით შემოვიდა. მაღაზია გაქურდული იყო, მაგრამ ადგილზე მისულებს, უცნაური სურათი დაგვხვდა. წაღებული იყო მხოლოდ ოქროს ყელსაბამი, საყურე და სამაჯური. მთლიანობაში, ვიტრინებში 200 ათასი მანეთის საქონელი ელაგა, მაგრამ ქურდმა მათ ხელი არ დაადო. იმის ვარაუდი, რომ ქურდს ხელი შეუშალეს, სისულელე გახლდათ. გახსნილი იყო სეიფიც, საიდანაც ასევე, არაფერი იყო წაღებული, არადა, იქ ყველაზე ძვირფასი, ბრილიანტის ნაკეთობები ინახებოდა“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
მაღაზიაში სიგნალიზაცია გათიშული იყო, ქურდმა იუველირის სიზუსტით იმუშავა, ერთი სამხილიც არ დატოვა, არც თითის ანაბეჭდი, ადგილზე მიყვანილმა ძაღლმა კი სუნი ვერ აიღო - იატაკზე, თუთუნში არეული შავი პილპილი ეყარა, რაც გამორიცხავდა ძაღლის მუშაობას.
ორი კვირის შემდეგ, განყოფილებაში ზარი ტანსაცმლის მაღაზიიდან შევიდა. ადგილზე მისული სამართალდამცავები კიდევ ერთხელ გაოცდნენ - გახსნილი იყო სეიფი, საიდანაც როგორც დირექტორი ამბობდა, დაახლოებით, 2 ათასი მანეთი გაქრა და წაღებული იყო ორი რამ - მამაკაცის პალტო და ქალის ძვირადღირებული ქურქი. არადა, ქურდს შეეძლო, ათეულობით ასეთი ქურქი წაეღო, მაგრამ ხელი არაფერს დაადო.
„ხელჩასაჭიდი ისევ არაფერი გვქონდა. ქურდმა ძალიან სუფთად იმუშავა და რაც მთავარია, შეეძლო, წაეღო ათეულობით ათასი მანეთის საქონელი, მაგრამ ხელი არ მოკიდა. სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ხელი რამემ შეუშალა. არაფერი მსგავსი, მას, უბრალოდ, არ მიჰქონდა იმაზე მეტი, ვიდრე თავად ჰქონდა გადაწყვეტილი. აი, მესამე ეპიზოდმა კი უფრო მეტი კითხვა გააჩინა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
მესამე ჯერზე, ქურდმა ტექნიკის მაღაზია გაქურდა. წაიღო საუკეთესო მაგნიტოფონი, ავტოგენით გაჭრა სეიფი და როგორც დირექტორი ამბობდა, სეიფიდან მისი კუთვნილი „მაკაროვი“ გაქრა. წესით, მაშინ იარაღის ტარების უფლება, მხოლოდ მილიციელს ჰქონდა, მაგრამ თანამდებობის პირები იარაღზე მაინც „ჩალიჩობდნენ“ და ინახავდნენ. მაღაზიის დირექტორმა კარგად იცოდა, რომ ეს დარღვევა იყო, მაგრამ რომ არ ეთქვა და მოპარულ იარაღს სადმე გაესროლა, უფრო მეტი შარი იქნებოდა. ჰო, სეიფში იარაღის გარდა, 25-მანეთიანების 4 შეკვრა ანუ 10 ათასი მანეთი იდო, თუმცა დამნაშავემ ხელი არ მოჰკიდა.
„ეჭვმიტანილი კი არ ქურდობდა, დაგვცინოდა. ის უმარტივესად უვლიდა გვერდს ყველა დაბრკოლებას, შედიოდა მაღაზიაში, იქ რამდენ ხანსაც სურდა, ჩერდებოდა, შემდეგ, ასევე, შეუმჩნევლად ბრუნდებოდა უკან და ვერ ვპოულობდით. ავტოგენით გაღებული სეიფები მხოლოდ მინიშნება იყო, რომ ესეც შეეძლო, შეეძლო აურაცხელი ფული ეშოვნა, მაგრამ არ აკეთებდა. გაბრაზებულები კი არა, გაცოფებული ვიყავით. ამის მიუხედავად, ზემოდან ძალიან არ გვაწვებოდნენ, რადგან ზარალი დიდი არ იყო, მაგრამ ქურდის დაჭერა ღირსების საქმე გახლდათ“, - გვიყება ბატონი თენგიზი.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რვა წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქართველმა „მილასლავსკიმ“ 17 ქურდობა ჩაიდინა და ერთხელაც არ გაბმულა. ყოველ ჯერზე, სამართალდამცავები სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ მის პროფესიონალიზმში და აღტაცებას ვერ მალავდნენ. ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის გაქურდისთვის, მან გვერდით, მიტოვებული შენობიდან 50 მეტრის გვირაბი გათხარა - საჰაერო ვენტილაციებითა და სამაგრი ბოძებით. მაღაზიიდან კი გულის ფორმის ოქროს გულსაკიდი წაიღო ანუ ამდენი მხოლოდ გულსაკიდისთვის იწვალა, როცა შეეძლო, მინიმუმ, 100 ათასი მანეთის ოქროულობა გაეტანა. მილიციისთვის, სამწუხაროდ, ისევ არანაირი კვალი და გვირაბში, ლამის მუხლამდე დაყრილი თუთუნისა და შავი პილპილის ნაზავი.
როგორც წესი, 8 მარტი დასვენების დღე გახლდათ. ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები, სამსახურში მაინც მივიდნენ, მოილხინეს, საღამოს კი დაიშალნენ. დილით, უკან დაბრუნებულებს, მაღაზია გაქურდული დახვდათ. ქურდმა ახალი პალტო წაიღო, ხოლო ადგილზე ის დატოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოიპარა. ამასთან, მაღაზიის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ შამპანურის გაუხსნელი ბოთლი და ნახევარი ტორტი დატოვეს. შამპანური დაცლილი იყო, ტორტი - შეჭმული. სუფრას ერთი ჭიქა აკლდა, სავარაუდოდ, ის, რომლითაც ქურდმა შამპანური დალია. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა პალტოს შესწავლა დაიწყეს. ქურდის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა, მოპარული პალტო გამოიცვალა და ძველი ადგილზე დატოვა. პალტოს ჯიბე გახეული იყო და ქაღალდის ნაგლეჯი ეგდო, სადაც მისამართი და გამოძახების დრო ეწერა. სამართალდამცავები მისამართზე გავიდნენ, კარი მოხუცმა ცოლ-ქმარმა გააღო და გაიხსენეს, რომ ორი წლის წინ, რადიო-ხელოსანი გამოიძახეს, მაგრამ ის არ მივიდა ანუ ეს ძაფიც გაწყდა. სამაგიეროდ, რადიო-ხელოსნების შემოწმება დაიწყეს და რაც მთავარია, მილიციას ჰქონდა პალტო ანუ შეეძლო ქურდის სხეულის ზომა-წონაზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქურდობა არა მარტო გონებრივ, არამედ, კარგ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვდა, გამოძიება გამორიცხვის მეთოდით წავიდა და საბოლოოდ, არჩევანი 35 წლის მამაკაცზე შეაჩერა. მისი თვალთვალი დაიწყეს. ის ცოლსა და ერთ შვილთან ერთად ცხოვრობდა, რადიო-ქარხანაში მუშაობდა და არაფრით გამოირჩეოდა. არ იყო ნასამართლევი, არ ეტყობოდა, რომ ბევრი ფული ჰქონდა, წელიწადში ერთხელ, დასასვენებლად დადიოდა, ძირითადად. საქართველოს ზღვისპირეთში, ან სოფელში.
თვალთვალმა შედეგი სამი თვის შემდეგ გამოიღო. რატომ უთვალთვალებდნენ მას ამდენი ხნის განმავლობაში? - იმიტომ, რომ გამოძიებას არც სხვა ვერსია ჰქონდა და არც სხვა ეჭვმიტანილი ჰყავდა. სამი თვის შემდეგ, ღამით, ეჭვმიტანილი სახლიდან მცირე ზომის ჩანთით გამოვიდა და გეზი სათამაშოების მაღაზიისკენ აიღო. მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდა და სამართალდამცავები მაშინ დაადგნენ, როცა სეიფს ჭრიდა. სხვა ნივთებთან ერთად, ჯიბეში, წლების წინ მოპარული „მაკაროვი“ უპოვეს.
„ჩემი ცოლი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. მას უარს ვერაფერზე ვეუბნები და ამიტომ, როცა რამეს მთხოვდა და ფული არ მქონდა, უბრალოდ, ვიპარავდი. არ მჭირდებოდა იმაზე მეტი, რასაც ცოლი მთხოვდა, ამიტომ არ მიმქონდა არაფერი, სეიფებს კი ინტერესის გამო ვხსნიდი, მაინც შესული ვიყავი და მაინტერესებდა, რას ინახავდნენ იქ მდიდარი დირექტორები. მერე და მერე, აზარტში შევედი და უკვე ყველაფერი, არა მხოლოდ ცოლის სურვილების ასრულებად, არამედ, სამართალდამცავებთან თამაშში გადაიზარდა. არ მეგონა, თუ დამიჭერდით და ერთადერთი თხოვნა მექნება - არ დამხვრიტოთ“, - ეს იყო დაკავებულის აღიარება.
სასამართლოზე გაირკვა, რომ დაკავებულს, საერთო ჯამში, სახელმწიფოსთვის 17 ათასი მანეთის ზარალი ჰქონდა მიყენებული. ამ თანხაში შედიოდა სეიფების გაჭრა, საკეტების გატეხვა და ა.შ., მაგრამ იმავე სასამართლოზე ითქვა, რომ მას შეეძლო ნახევარი მილიონის ქონება მოეპარა, თუმცა ეს არ გააკეთა. სასამართლომ დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ჩემი „მილასლავსკი“, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მონასტერში ვნახე, ბერად არის აღკვეცილი. მე ვერ ვიცანი, თავად მიცნო, დამლოცა. ნაღვლიანად მითხრა, 15 წელი სრულად მოვიხადე, ერთი დღეც არ მაპატიეს. ციხეში ყოფნის მესამე წელს, ცოლი გათხოვდა, ხოლო შვილს ჩემი ნახვა არ უნდა, კრიმინალ მამასთან საერთო არაფერი მაქვსო. მეც ეკლესიაში წამოვედი და მათი სულებისთვის ვლოცულობ“, - გაიხსენა მის მიერ დაკავებულთან ბოლო შეხვედრა, ბატონმა თენგიზმა.

ბათო ჯაფარიძე