ვინ არის ქალი, რომლისაც ყველას ეშინოდა და რომელსაც სამართალდამცავები 16 წელი ეძებდნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 როცა კეფაში მესვრით, გაიხსენეთ, რომ მთელმა სისტემამ ერთ ქალს ვერ აჯობა!“

 რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფია სერიოზულ ცენზურას გადიოდა, ფაქტია: საბჭოთა კავშირის დროს, საკულტო ფილმები შეიქმნა და რაც მთავარია, ამ ფილმებს დღემდე სიამოვნებით უყურებს ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი. გამონალკისი არც ქართული კინემატოგრაფია იყო - ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ფილმი იქმნებოდა და მათ შორის, აუცილებლად გამოერეოდა ისეთი, რომელიც არა მარტო საყოველთაო მოწონებას, არამედ, საერთაშრისო აღიარებასაც იმსახურებდა, თუმცა იყო ისეთი ფილმებიც, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდისთვის უკვეთავდა და ერთ-ერთი ასეთი, „შავი ვოლგა“ გახლავთ, რომელიც ეკრანებზე 70-იანი წლების მიწურულს გამოვიდა. ფილმმა მაშინვე მოიპოვა წარმატება. სიუჟეტის მიხედვით, დამნაშავეთა ჯგუფი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს აზანზარებდა და ბანდა სწორედ შავი „ვოლგით“ გადაადგილდებოდა. მაშინ „ვაზ-21“ რიგით ადამიანებს, პრაქტიკულად, არ ჰყავდათ. ამიტომ, თითქოს ძნელი არ უნდა ყოფილიყო ავტომობილის მფლობელისა და შესაბამისად, ბანდის კვალზე გასვლა, მაგრამ საამისოდ, სამართალდამცავებს მრავალი წელი დასჭირდათ. უფრო კონკრეტულად კი, ისინი დამნაშავეებს 16 წლის განმავლობაში ეძებდნენ და მხოლოდ იღბლიანი შემთხვევის წყალობით დააკავეს.

 ყველამ იცოდა, რომ ბანდის მეთაური, ვინმე ასლან ბენჯალი იყო, მეტსახელად, „ლომის თათი“, რომლისაც ყველას ეშინოდა. რამდენჯერმე სამართალდამცავებმა მოახერხეს ბანდის წევრების დაკავება, მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში, ბენჯალი ახალ ბანდას ქმნიდა და ახლიდან იწყებდა ტერორს. მის სამიზნეში, ძირითადად მსხვილი საქმოსნები ხვდებოდნენ. მათ თავიდან, უბრალოდ, სთავაზობდნენ, სახელმწიფოსთვის ნაძარცვი ფულის ნაწილი საკუთარი ნებით დაეთმოთ, უარის შემთხვევაში კი ან სახლს ქურდავდნენ, ან უბრალოდ, აყაჩაღებდნენ. ათეულობით „ცეხავიკმა“ ფულის საკუთარი ნებით გადახდაზე თანხმობა თქვა და არც მილიციაში წავიდა, რადგან იქ უფრო მეტი კითხვები გაჩნდებოდა.

არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ, საქართველოსა და სომხეთის მასშტაბით, გადამოწმდა ყველა შავი „ვაზ-21“-ის მფლობელი, მაგრამ პატრონს ვერსად მიაგნეს. ეჭვს ერთი მათგანიც არ იწვევდა და სამართალდამცავები საგონებელში ჩავარდნენ. ყველაფერი კი მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთ-ერთი რეიდის დროს, „გაიშნიკმა“ მორიგი თეთრი „ვოლგა“ გააჩერა, შემთხვევით, საბარგულს დაადო ხელი და საღებავი აჰყვა. მანქანა ადგილიდან მოწყდა, „გაიშნიკმა“ საკუთარი მოტოციკლი ვერ დაქოქა და გაექცა, მაგრამ გამოძიებამ ფასდაუდებელი ინფორმაცია მიიღო - ცხადი გახდა, რომ ავტომანქანა შავი მხოლოდ დანაშაულის ჩადენის დროს იყო, რადგან მას, უბრალოდ, ღებავდნენ. საგამოძიებო ჯგუფმა ყველა ავტოგასამართი დაწესებულება შემოიარა და გადაამოწმა, სად ღებავდნენ ხშირად თავიდან ბოლომდე „ვოლგას“, თუმცა ყველამ უარყო, ასეთი სიხშირით ჩვენთან არავინ ღებავსო. შედეგად დაიდო დასკვნა - დამნაშავეები მანქანას თავად ღებავდნენ. დაიწყო ავტოფარეხების შემოწმება, მაგრამ სამ დღეში სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა - ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ავტოფარეხი იყო და მეორეც, მანქანა შესაძლებელია, საკუთარ სახლში, „ნავესში“ მდგარიყო. აზერბაიჯანში კი „ნავესი“ ყველა საკუთარ სახლს ჰქონდა.

ასე გადიოდა წლები, ბანდა კვალს თითქმის არ ტოვებდა და თუ ტოვებდა, დაკავებულები ვერაფერს ამბობდნენ მეთაურის, ასლან ბენჯალის შესახებ. რამდენიმე მათგანს ის ნანახი ჰყავდა, მაგრამ არ იცოდნენ, სად ცხოვრობდა, როგორ გამოიყურებოდა, რადგან ბენჯალი შეხვედრებზე ცხვირამდე აწეული სვიტერით მიდიოდა, მხოლოდ თვალები უჩანდა და...

ისეთი ლამაზი თვალები აქვს, ნებისმიერ ქალს შეაბამსო“, - ამბობდნენ ბანდის წევრები. კვანძი 16 წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გაიხსნა.

ბაქოში, ნიზამის ქუჩაზე მდებარე უზარმაზარი მაღაზიის დირექტორი, მუსა ჰუსეინოვი გახლდათ. მუსა დაფასებული კაცი იყო, გაჭირვებულებს ხელს უმართავდა, ზემოთ მისატანი თავის დროზე მიჰქონდა და არასდროს არავინ ეხებოდა. ყველამ იცოდა, მუსას ნებისმიერ დონეზე ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა. ჰოდა, ერთ დღეს, მუსას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ჰუსეინოვის ცოლს ვიღაცამ სასწრაფოდ მიაყარა, ათ წუთში, სახლში „ობეხე“ მოვა, მთელი ძვირფასეულობა და ფული დედაშენთან გადაიტანე, სასწრაფოდ, არ მოგვისწრონო. ცოლმა ყველაფერი ერთ დიდ ჩემოდანში მოაგროვა, დაახლოებით, ორი კილო ოქრო და ოც კილომდე ფული (სწორედ ასე ამბობდნენ სამართალდამცავები), გარეთ გამოვიდა, რათა დაახლოებით, ას მეტრში მცხოვრები დედის სახლში გადაეტანა, თუმცა ზედ კართან, მილიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი დახვდა, ჩემოდანი მკაცრი სახით გამოართვა, უბრძანა, შინ შესულიყო და სამართალდამცავების ძირითად ჯგუფს დალოდებოდა.

დაზაფრული ქალი შინ შებრუნდა, ლოგინზე ჩამოჯდა და გაშეშდა. დაახლოებით, ერთ საათში, შინ შეზარხოშებული ქმარი დაბრუნდა. ცოლი ყელზე ჩამოეკიდა და ჰკითხა, დავიღუპეთო, რაზეც ქმარმა პირი დააღო. მაშინ ქალმა დეტალურად მოუყვა ყველაფერი და ქმარი გადაირია - ცოლს სულ სულელი ეძახა და მაშინვე... მინისტრთან დარეკა.

სამართალდამცავებმა სასწრაფო ზომები მიიღეს, გადაკეტეს ყველაფერი, რისი გადაკეტვაც შეიძლებოდა, ყველა თანამშრომელმა იცოდა ჩემოდნის ფერი, ზომა, მოცულობა და მეტიც, უკვე ჰაერში აწეულ თვითმფრინავების პილოტებსა და გამცილებლებსაც ჰკითხეს, თვალი ხომ არ მოჰკრეს ასეთ ჩემოდანს. ერთ-ერთი თვითმფრინავის გამცილებელმა თქვა, რომ აღწერილი ჩემოდანი მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვიღაც კაცმა აიტანა, ბარგში არ ჩააბარა და ცოტა ფულიც გადაიხადა, თვითმფრინავის სალონში რომ დაედო. თვითმფრინავს დომოდედოვოს აეროპორტში, მოსკოვის სამძებროს ოპერმუშაკები, ხოლო გასასვლელში - სპეცდანიშნულების რაზმი ელოდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ოპერები მგზავრს ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე ვერ დააკავებდნენ, მაშინ საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერთვებოდა. საეჭვო მგზავრმა ტრაპიდანვე დაინახა, რომ მას ელოდნენ, თუმცა არ დაძაბულა, მშვიდად ჩაირბინა ტრაპი და... თავქუდმოგლეჯით გაიქცა. ერთ-ერთმა ოპერმა დამიზნებით ესროლა, ტყვიამ გაქცეულს ყური გაუკაწრა და სამართალდამცავის ხმაც გაიგონა - „მეორე ტყვია თავში მოგხვდება“.

გაქცეული გაჩერდა, ჩემოდანი დაბლა დადო და ჩუმად ჩაილაპარაკა - „დასრულდა“!

რა თქმა უნდა, მოსკოვმა 16 წლის განმავლობაში ძებნილი ასლან ბენჯალი არ დათმო, თუმცა ნამდვილი შოკი ელოდა - დაკავებული კაცთა დაწესებულებაში არ შედიოდა, ქალი ვარო. სპეციალურმა კომისიამ დაადგინა - ზარ-ზეიმით დაპატიმრებული, 16 წლის განმავლობაში, როგორც კრიმინალურ სამყაროზე, ისე სამართალდამცავებზე შიშის დამცემი, „ლომის თათის“ მეტსახელით ცნობილი ასლან ბენჯალი, ქალი იყო.

„მამაჩემი „კანონიერი ქურდი“ გახლდათ. ექვსი გოგო ჰყავდა, მეშვიდე ბიჭი იქნებაო, ყველას უმტკიცებდა. მე გავჩნდი, თუმცა მამამ არ გაამხილა, რომ მეც გოგო ვიყავი, ბიჭად გამზარდა. დავყავდი გარჩევებზე, შვიდი წლის ვიყავი, პირველად მკვლელობა რომ ვნახე, კრიმინალებმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობის გამო, ბანდის ერთ-ერთი წევრი მოკლეს. შემდეგ მამა დაიღუპა, მე 15 წლის ვიყავი და ჩემს გარშემო, თავზე ხელაღებული ახალგაზრდების ჯგუფი შემოვიკრიბე. ჩვენი ეშინოდა ყველას, რადგან ახალგაზრდული ასაკის გამო, ყველაფერზე ვიყავით წამსვლელები. ასე გავხდი ასლან ბენჯალი - ბანდის მეთაური, შემდეგ კი კულუარებში გადავინაცვლე, რადგან ასაკთან ერთად, მკერდიც გამეზარდა და წვრილ ხმასაც ახალგაზრდულ ასაკს ვეღარ დავაბრალებდი. მოწევა დავიწყე, ხმა რომ დამბოხებოდა. ჩემსა და კრიმინალებს შორის შუამავლად, ერთი ახალგაზრდა კაცი მყავდა, რომელსაც ვენდობოდი და ვუფრთხილდებოდი. მისი სიტყვა ჩემი სიტყვა იყო და ამიტომ, მას ანგარიშს უწევდნენ. ნაძარცვი ფულის დიდ ნაწილს ბავშვთა სახლებში ვაგზავნიდი, ეს ჩემი პრინციპი იყო და ამით ვამაყობ. ახლა ვიცი, დახვრეტა არ ამცდება, მაგრამ როცა კეფაში მესვრით, გაიხსენეთ, რომ 16 წლის განმავლობაში, მთელმა სისტემამ ერთ ქალს ვერ აჯობა“, - ეს არის ამონარიდი დაკავებულის დაკითხვის ოქმიდან, რომელიც მთლიანობაში, 45 გვრდს მოიცავდა.

იყო ორი მიზეზი, რის გამოც ასლან ბენჯალის სახელს ამოფარებული ქალი არ დახვრიტეს. პირველ რიგში, ქალი იყო, სუსტი სქესის წარმომადგენლის დახვრეტას კი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის თანხმობა სჭირდებოდა და საკითხს უმაღლეს დონეზე უდიდესი სიფრთხილით იხილავდნენ. მეორე მიზეზი ბევრად საინტერესო გახლდათ - დაკითხვაზე ბანდის მეთაურმა აღიარა, რომ თანხის არცთუ მცირე ნაწილი ბავშვთა სახლებში ირიცხებოდა. სამართალდამცავებმა გადაამოწმეს და დადასტურდა, რომ საერთო ჯამში, ნაძარცვი ფულიდან, ბანდამ ბავშვთა სახლებს 700 ათასი მანეთი გადაურიცხა. ეს მაშინ ძალიან, ძალიან დიდი ფული იყო და რაც მთავარია, იმაზე მეტი, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავდა.

საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ერთ-ერთი, ყველაზე მოუხელთებელი ბანდის მეთაურს 15 წელი მიუსაჯეს, რომლის მოხდის შემდეგაც, მან მშვიდი ცხოვრება არჩია. ის დღესაც ბაქოში, კერძო სახლში ცხოვრობს, ჟურნალისტებს და გარე სამყაროს, პრაქტიკულად, არ ეკონტაქტება. როგორც ამბობენ, მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, თუმცა ხალხი არ მალავს, რომ სახლს, რომელშიც ქალბატონი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებს, საპენსიო დანაზოგით ნამდვილად ვერ შეიძენდა.