რიტუალური მკვლელობა თბილისში - რატომ მოკლეს ადვოკატი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არცთუ იშვიათად, კრიმინალები ცდილობენ, შურისძიება ერთგვარ რიტუალად აქციონ, აქაოდა, შური ჩვენ ვიძიეთ და ვინც იურჩებს, იგივე ელოდებაო. რეალურად კი, სწორედ ამ რიტუალური მკვლელობების დროს ტოვებენ ყველაზე მეტ სამხილს და სამართალდამცავები სწორედ ამ სამხილებით გადიან მათ კვალზე. 

ასეთი რიტუალური მკვლელობა 70-იანი წლების დასაწყისში, თბილისშიც მოხდა და თან როგორი მკვლელობა - დანით ყელი ერთ-ერთ ადვოკატს გამოჭრეს. მოკლულის სტატუსის გათვალისწინებით, საქმე პირად კონტროლზე ერთბაშად ორმა უწყებამ აიყვანა, მით უმეტეს, როგორც წესი, ადვოკატებზე შურისძიება კრიმინალების ხელწერა იყო ანუ ვიღაცას ვერ უშველა, ვიღაც ვერ დაიხსნა, სამაგიეროდ, ფული აიღო და მერე აღარ დააბრუნა. მკვლელობის დროს, სახლში იყო ადვოკატის მეუღლეც, გვარიანად ნაცემი და ბოლო ხმაზე კიოდა, არაფერი მახსოვსო. მას სიარულიც კი უჭირდა და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. ექიმების დასკვნა ერთგვაროვანი იყო - გაუპატიურებული გახლდათ და გაუპატიურებული საკმაოდ სასტიკად, უხეშად, სქესობრივი აქტის დროს, სცემდნენ და დანით ჩხვლეტდნენ. ქალი გამომძიებლების წინ მუხლებზე დაეცა, ოღონდ ეს ამბავი არ გაახმაუროთ, საშვილიშვილოდ თავი მომეჭრება, ქმრის მკვლელობა მაკმარეთ თავში საცემადო. არადა, როგორც მამაკაცი, ისე ქალი, 50 წელს გადაცილებულები იყვნენ და აშკარა გახლდათ, ეს შურისძიება იყო, თორემ 60 წელს მიტანებული ქალის გაუპატიურებას, თუნდაც დროის უქონლობის გამო, არავინ დაიწყებდა.

როცა დაზარალებული დაწყნარდა და ცოტა დალაგებულად საუბარი შეძლო, განაცხადა, რომ საღამოს კარზე დააკაკუნეს, კარი გააღო და ზღურბლზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა, რომელმაც შესვლის ნებართვა ითხოვა. ქალმა კარი ფართოდ გამოაღო და მოულოდნელად, კარში მამაკაცის სხეული აღიმართა. კაცმა ყბაში იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ ქალმა მაშინვე გრძნობა დაკარგა. აზრზე მაშინ მოვიდა, როცა სხეულზე ჩხვლეტა იგრძნო. ის მამაკაცი აუპატიურებდა და თან ფერდში დანის წვეტს არჭობდა. ქალმა სიმწრით დაიკივლა, თუმცა თავში მუშტის მაგივრად, ამჯერად დანის ტარი მოხვდა და ისევ გაითიშა. აზრზე მოსულმა კი დანით აჩეხილი ქმარი დაინახა და მილიციაში დარეკა. ჰო, ექსპერტის დასკვნით, ჯერ ქალი გააუპატიურეს და ქმარს აყურებინეს, შემდეგ კი ადვოკატი მოკლეს, რადგან ქალის სხეულზე მამაკაცის სისხლი არ იყო, გარდაცვლილის ჭრილობაში კი ქალის სისხლის ნაწილაკები იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ძალოვნებმა სამი ცალი ბანქო ნახეს და სამივე „მეფე“!

ახლა გამომძიებლებს იმაზე უნდა ემტვრიათ თავი, ვინ იყო „მეფე“, რას ნიშნავდა ყველაფერი ეს, კრიმინალურ სამყაროში და ზოგადად, რატომ მაინცდამაინც „მეფე“ და არა „ტუზები“, ან „ვალეტები“? სტაჟიანი კრიმინალები გამოიკითხნენ და მათ მხრები აიჩეჩეს, სვირინგად „მეფე“ გაგვიგია, მაგრამ მკვლელობის დროს დაყრილი „მეფეების“ შესახებ, ვერაფერს გეტყვითო. საგულისხმო იყო ისიც, რომ სახლიდან უბრალო ბიჟუტერია წაიღეს და ეს მაშინ, როცა ქალს ოქროს საყურეები არ შეხსნეს.

„წლებია, ეს ბიჟუტერია გვაქვს. ქმარი სათუთად უფრთხილდებოდა, ამბობდა, ამათი არც გადაყრა შეიძლება, არც გაყიდვაო და სულ მეცინებოდა ხოლმე, როგორ უნდა გაგვეყიდა იმის მიუხედავად, რომ ბიჟუტერია ნამდვილ ოქროულს ჰგავდა, რადგან ნებისმიერი იუველირი ზუსტად 30 წამში იტყოდა, რომ ყველაფერი ეს, 50 მანეთიც არ ღირდა. აი, ის კი მიკვირდა, რომ არცერთი ნივთის გაკეთების შესაძლებლობას არ მაძლევდა“, - გაიხსენა ქალმა.

50 მანეთის ბიჟუტერიის გამო, ასეთი სასტიკი მკვლელობა წარმოუდგენელი გახლდათ. გადაქექეს ადვოკატის ბოლოდროინდელი საქმეები, მოიძიეს არქივი, ხომ არ გამოვიდა უახლოეს წარსულში ვინმე ციხიდან, ვისაც შეეძლო ადვოკატზე შური ეძია, მაგრამ ვერავინ იპოვეს. სასტიკი მკვლელობა გაუხსნელი დარჩებოდა, მაგრამ მოულოდნელად, მილიციის განყოფილებაში ვეტერანი თანამშრომელი, პენსიონერი, 80 წელს მიტანებული მაიორი მივიდა და გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა.

„ჩემთან რჩევისთვის ბევრი ძალოვანი მოდის, ზოგს რა აინტერესებს, ზოგს - რა. რითაც შემიძლია, ვეხმარები და ახლა, ერთ-ერთმა მიამბო, რომ მკვლელობა მოხდა და ადგილზე ბანქოს სამი ქაღალდი, სამი „მეფე“ იპოვეს. ამიტომ მოვედი, თავის დროზე, დაახლოებით, 25 წლის წინ, დავაკავე ბანდა, რომლის წევრებიც ამ დაჯგუფებას „სამ მეფეს“ ეძახდა. მართალია, საქმეზე ბანქოს არ ტოვებდა, მაგრამ „სამი მეფის“  შესახებ ყველამ იცოდა. ისეთი მოუხელთებლები იყვნენ, ორწლიანი დევნის შემდეგ, მათ რიგებში აგენტის ჩასმა გადავწყვიტე, მაგრამ ეს აგენტიც მათ კვალზე, ლამის ორწლიანი წვალების შემდეგ გავიდა. „სამი მეფე“, ძირითადად, ბინების ძარცვით იყო დაკავებული და ჩემმა აგენტმა ორი ბინა გაასუფთავებინა. ხელი არ მოვკიდეთ, რადგან რეალურად არ ვიცოდით, რას და როგორ აპირებდნენ, ჩემს აგენტს არ ენდობოდნენ და სულ თან დაჰყვებოდნენ, ის კი ინფორმაციას ვერ გვაძლევდა. მერე კი, ნდობა გამოუცხადეს და მესამე ბინიდან რომ გამოვიდნენ, ავიყვანეთ. რეალურად, ეს მესამე ბინა ცარიელი იყო და ეჭვი რომ არ შეეტანათ, ბლომად ბიჟუტერია დავმალეთ, იმ სიბნელესა და სისწრაფეში, ბიჟუტერიასა და ნამდვილ ნაკეთობას ვინ დაუწყებდა ყურებას. ჰოდა, ავიყვანეთ, მაგრამ ერთი სასაცილო რამ კი მოხდა - ალბათ, რომელიმე ოპერს სულმა წასძლია და ის ბიჟუტერია გაქრა, ვიღაცამ მოიპარა და მოიპარა იმ იმედით, რომ ნამდვილი ოქრო ეგონა“, - დაასრულა მოყოლა მოხუცმა.

გამომძიებელმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ კი გარდაცვლილის სახელი და გვარი უთხრა და ჰკითხა, შემთხვევით, ხომ არ გეცნობაო. მოხუცმა თავი დაიქნია, ის სწორედ ჩანერგილი ოპერმუშაკი იყო, მერე მილიციიდან წავიდა, მგონი, ბოლოს ადვოკატად მუშაობდაო და როცა უთხრეს, რომ მოკლული სწორედ ის იყო, შუბლზე ხელი იტკიცა - ბიჟუტერიას ეგ მოიპარავდა და იმ ბანდის რომელიმე წევრმა იმსხვერპლა, ალბათო.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბანდა „სამი მეფე“ იმ მარტივი მიზეზით აღარ არსებობდა, რომ მისი სამივე წევრი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მათ არც შვილები დარჩენიათ, მაგრამ ფაქტია - ვიღაცამ საკმარისზე მეტი იცოდა, ბანდაც „ისისხლა“ და ბიჟუტერიაც წაიღო.

გამოძიებამ ყველაფერი გადააბრუნა და დაადგინა, რომ ბანდის გარდაცვლილი წევრებიდან ყველაზე გვიან, ტუბერკულოზით, ბანდის მეთაური მოკვდა. მას ბოლოს ერთ-ერთი პატიმარი უვლიდა, რომელმაც 12-წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხიდან მკვლელობამდე სამი თვით ადრე გათავისუფლდა. მისი გარემოცვის შესწავლის დროს გაირკვა, რომ მას და ჰყავდა და სხვა წასასვლელი რეალურად არსად ჰქონდა. გამოძიებამ დის სურათი მოიპოვა და დაზარალებულს აჩვენა. მან სურათში ის გოგო ამოიცნო, რომელმაც კარი გააღებინა, მამაკაცის სახე კი არც დაუნახავს, ამიტომ ვერაფერი თქვა. აყვანის ოპერაცია მარტივად დაიგეგმა და მარტივადაც ჩატარდა - ეჭვმიტანილი რომ დააკავეს, გაოცებისგან პირს ვერ კეტავდა, არ ეგონა, თუ ასე მალე მიაგნებდნენ. შემდეგ კი დაიწყო...

„როცა ჩემი მეგობარი კვდებოდა, მომიყვა, როგორ გაიტანეს „ბაითი“ და როგორ დაიჭირეს. ისიც მითხრა, ვინ ჩაუშვა, ვინ გაიმეტა და ისიც, რომ მან მოპარული ოქროული მიითვისა, შემდეგ კი ადვოკატობა დაიწყო. სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ დამისახელა, რაც ქურდული სიტყვა მივეცი, რომ მას მოვკლავდი, მანამდე ცოლს გავაუპატიურებდი და ვაყურებინებდი. ამის ჯილდო კი ის ოქროული იქნებოდა, რომელიც მისი თქმით, 30 ათას მანეთზე ნაკლები არ ღირდა. მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ოქროულის ნაცვლად, ხელში ბიჟუტერია შემრჩა. ერთადერთ რამეს გთხოვთ, ჩემი და არ გაიმეტოთ, მე ვაიძულე საქმეზე გამყოლოდა და არც იცოდა, რას ვაპირებდი. პრინციპში, მან არც ახლა იცის არაფერი, როგორც კი ქალი გავთიშე, ის ბინიდან გაიქცა“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა - სიკვდილმისჯილი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს და ვინაიდან მარტო იჯდა, თვითმკვლელობად გააფორმეს.

რაც შეეხება დას, ისიც მთელი სიმკაცრით დაისაჯა და მკვლელობაში თანამონაწილეობა დაუმტკიცდა. მას სასამართლომ 12-წლიანი სასჯელი მიუსაჯა.

ბიჟუტერია, რის გამოც დანაშაული მოხდა, დაკავებულის სახლში იპოვეს და საქმეს ნივთმტკიცებად დაურთეს. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ ნივთები 150 მანეთად შეაფასა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე