სამი კრიმინალური ამბავი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამართალდამცავებმა, სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნომერ პირველი ძებნილი, ბადრი ესებუა დააკავეს. მოგეხსენებათ, ძალოვნები ესებუას ბანკის დაყაჩაღებას, მძევლების აყვანასა და ნახევარი მილიონი დოლარის წაღებას ედავებიან და ეს თემა მუდმივად იყო „საღლიცინო“. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებთან ყოველი შეხვედრის დროს ეკითხებოდნენ, როდის დაიჭერდა პოლიცია ესებუას და საერთოდ, ეძებდა თუ არა მას უწყება. გომელაურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ქილიკსა და ირონიას ვაჟკაცურად იტანდა და როგორც ახლა გამოჩნდა, შსს-ს ესებუას ძებნა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

 

რა ელის ესებუას ციხეში

რა მოხდა რეალურად, ვინ „ჩაუშვა“ ძებნილი და სხვა დეტალები, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი ის ვთქვათ, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი სახელისა და გვარის გაჟღერების შემდეგ მიიმალა, რადგან მიხვდა, რომ პოლიციას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდა. ეჭვი გვაქვს, სამართალდამცავებს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ, რომ მძარცველი სწორედ ესებუა იყო და თუ ეს ასე არ არის, მტკიცებულებების გარეშე, მას ციხეში ვერ გაუშვებენ. ბადრი ესებუას ტერორიზმის მუხლიც აქვს წარდგენილი, რადგან მძელვები აიყვანა და საინტერესოა, როგორ ექცევიან ციხეში პატიმრებს, რომელსაც ტერორიზმის მუხლი წაუყენეს?!

ძალიან დიდი ალბათობით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და დაკავებულს რეალურ სასჯელს მისცემენ, ის აღნიშნულ ვადას ჩვეულებრივ „ზონაში“ არ მოიხდის. მას საბრძოლო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, სამხედრო ჩინიც აქვს და წესით, ყოფილ ძალოვნებთან ერთად უნდა ჩასვან, თუმცა ამთავითვე შეიძლება იმის თქმა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, სასჯელის (უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, კიდევ გავიმეორებთ - თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა), ესებუა პირველ ხუთ წელს მაინც მკაცრი რეჟიმის სრულად დახურულ დაწესებულებაში ანუ „კრიტში“ მოიხდის და უდიდესი ალბათობით, პირველ ორ წელს მაინც, სამარტოო საკანში. იმის მიუხედავად, რომ ესებუას არავინ მოუკლავს, არავინ დაუჭრია, ის ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი.

ყოფილი ძალოვნები ერთმანეთს ნამდვილად არ ერჩიან და სასჯელსაც მშვიდად იხდიან, თუმცა ესებუას არც ჩვეულებრივ პატიმრებთან შეექმნებოდა რამე პრობლემა. მიზეზი მარტივია - არ დაუზიანებია არავინ და რაც მთავარია, მარტომ დაგეგმა და განახორციელა ძარცვა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კრიმინალი ორივე ხელს მოაწერდა. ანალოგიურის განმეორების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა ბოლოში ვერცერთი ვერ გავიდა და რეალურად, თანხა ბანკიდან მხოლოდ ესებუამ წაიღო (თუ დაუმტკიცდა).

 

„კანონიერი ქურდი“ გიორგი ვაშაყმაძე განაჩენის მოლოდინშია

ცოტა ხნის წინ, რუსეთში „კანონიერი ქურდი“ გიორგი ვაშაყმაძე, იგივე „გია სამტრედიისკი“ დააკავეს. როგორც რუსი სამართალდამცავები იუწყებიან, მას კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიული საფეხურის დაკავებას ედავებიან, თუმცა საინტერესო ის გახლავთ, რომ ვაშაყმაძის საქმეში მოწმე არ არის ანუ ჯერჯერობით, მას ხელს არავინ ადებს და არ ამტკიცებს, ეს კაცი „კანონიერი ქურდიაო“.

სწორედ ამიტომ, ლიპეცკის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვაშაყმაძის ადვოკატებმა გაასაჩივრეს და მისი ან სრულად გათავისუფლება, ან შინაპატიმრობაში გადაყვანა მოითხოვეს.

„ბატონო მოსამართლე, შესაძლოა, თქვენ ვაშაყმაძეს პირველად ხედავთ, მაგრამ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. არაერთხელ არის „ნაჯდომი“ რუსულ ციხეში და ამ ხნის განმავლობაში, თავი წარმოაჩინა, როგორც დაუმორჩლებელმა და შიდა განაწესის მუდმივად დამრღვევმა პატიმარმა. მას მარტივად შეუძლია აიყოლიოს მთელი ზონა და მოაწყოს მასობრივი დაუმორჩილებლობა, რასაც უბრალოდ, ვერ გააკეთებს, თუ „კანონიერი ქურდი“ არ არის. ის მიდრეკილია გაქცევისკენ, მან რამდენჯერმე სცადა ციხიდან გაქცევა და როგორ გგონიათ, თავისუფლებაზე მყოფი, თუნდაც შიდაპატიმრობაში, ვერ მოახერხებს გაქცევას? რაც შეეხება მოწმეს, ჩვენ ის გვყავს, მაგრამ სასამართლომდე არ გვსურს გამოჩენა, რათა ბრალდებულის მეგობრებმა ის არ დააშინონ, ან უფრო მეტიც, არ გააქრონ“, - ეს სიტყვები პროკურორმა სასამართლოზე თქვა და რა გასაკვირია, ამ განცხადების შემდეგ, მოსამართლეს ვაშაყმაძე პატიმრობაში რომ დაეტოვებინა.

რუსული მედია ამტკიცებს, ყველაფერი ეს ფორმალობაა, გიას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და მას 10 წელს მისცემენო.

 

რატომ აჭერინებენ ქართველი არასრულწლოვნები მშობლებს

გასულ კვირას მეგობარს სასამართლო სხდომაზე გავყევი. ერთ-ერთ კომპანიასთან კომპენსაციაზე აქვს დავა და სასამართლოს შენობაში რამდენიმე ნაცნობი ადვოკატი ვნახე. სწორედ მათგან გავიგე, რომ მოსამართლეები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, ერთი სხდომიდან მეორეზე გადადიან და ასეა ყოველდღე. მართლაც, მონიტორზე, სადაც ჩამონათვალი იყო, ვის და რომელ ოთახსა თუ საათზე ჰქონდა პროცესი, მოსამართლეები შემეცოდნენ. შემეცოდნენ იმიტომ, რომ საათში ერთხელ ეწყებოდათ სასამართლო და რეალურად, ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებდნენ. როცა ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ მთავარი მიზეზი... ოჯახური ძალადობაა.

ბადრაგიც ამბობს, რომ საპატიმროდან სასამართლოში მიყვანილი პატიმრების 90%-ზე მეტი ოჯახურ ძალადობაზეა დაჭერილი. პოლიციაში რეკავს ყველა - ცოლი, შვილი, მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ გვერდიდან ხმაური ესმის და სავარაუდოდ, ცოლ-ქმარი კამათობს ან ჩხუბობს და გამკაცრებული მიდგომის გათვალისწინებით, სასამართლოც წინასწარ ორთვიანს უფარდებს.

ცოდვა გამხელილი სჯობს, ქალების გახშირებული მკვლელობებიც ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და ამიტომ, მოსამართლეები აღარ რისკავენ და ძალადობაში ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში უშვებენ.

„გასაგებია, რომ სასამართლო ფრთხილობს, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ჩემმა კლიენტმა ახალ წელს, კონცერტზე მყოფ 16 წლის შვილს დაურეკა და უთხრა, გეყოფა ქუჩაში ხეტიალი, სახლში წამოდიო. შვილი დათანხმდა, თუმცა იგივე განმეორდა ნახევარ საათში, მერე კიდევ და... გაბრაზებულმა მამამ ყურმილში ჩასძახა, ნახავ, რას გიზამ, სახლში რომ მოხვალო. ბავშვს, სავარაუდოდ, შეეშინდა და პატრულში კი არ დარეკა, იქვე მდგარ პოლიციელებს მიმართა, მიშველეთ, მამა მოკვლას (?!) მიპირებსო. პოლიციამ გოგონას განცხადება დააწერინა, რა დროსაც გაბრაზებულმა მამამ ყვირილით კიდევ დაურეკა და 1 იანვარს, გამთენიისას, ეს კაცი დაიჭირეს. ახლა დიდი შანსია, ორწლიანი სასჯელი შეუფარდონ და ვერაფერს ვაკეთებ, გოგონა ამბობს, მეშინია, ასეთ შარში რომ გავხვიე, მართლა არ მომკლას, მეგონა, პოლიცია უბრალოდ შეაშინებდა და იმ ღამეს სახლში მისული დატუქსვას გადავრჩებოდიო. ჰოდა, ჩვენებას არ ცვლის და იმედი აქვს, სანამ მამა ციხიდან გამოვა, ან გაბრაზება გადაუვლის, ან თავად მოიფიქრებს რამეს და სხვაგან გადავა საცხოვრებლად. დედა მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ თუ გოგონას ხმამაღალ სიტყვას ეტყვის მომხდარის გამო, მას შვილს წაართმევენ“, - მითხრა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

„ჩემმა კლიენტმა შვილს, მეთორმეტე კლაასელ გოგონას ჯიბეში მარიხუანა უპოვა. ისიც არ მოეწონა, შვილი თმის ნახევარს მწვანედ რომ იღებავდა, მეორეს - ლურჯად. მოკლედ, თვალთვალი დაუწყო და ერთხელაც, უკან რომ გაჰყვა, აღმოაჩინა, რომ მისი შვილი, თანატოლებთან ერთად, ღამით სასაფლაოზე წავიდა, თან კატა წაიყვანეს, სავარაუდოდ, მოსაკლავად თუ დასაკლავად, მაგრამ ამან ვეღარ მოითმინა, გამოვიდა და ჯერ თავის შვილს სწვდა თმაში და ითრია, მერე მის უახლოეს მეგობარს. პრაქტიკულად, ორივე ძალით წაიყვანა სახლში, მეგობარი მშობლებს ჩააბარა, თავისი გოგო შინ წაიყვანა და მთელი ღამე ლექციას უკითხავდა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს არ არის ნორმალური. მეორე დღეს, ეს კაცი სამსახურში დააკავეს, ორივე გოგომ საჩივარი დაწერა და რაც მთავარია, მეგობრის ოჯახი ამბობს, რომ როცა მათი შვილი მოიყვანა დაკავებულმა, ძალზედ აგრესიულად ექცეოდა „ბავშვს“ და აშკარა იყო, რომ ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენაო. ახლა ორივე ბავშვი ბოლომდე აწვება პირველ ჩვენებას და ჩემს კლიენტს სამწლიანი სასჯელი ელოდება“, - ეს მეორე ადვოკატის მონაყოლია.

მესმის, თან ძალიან კარგად მესმის, რომ ძალადობა არ შეიძლება, არც ქალებზე, არც ბავშვებზე, მაგრამ... ისიც არ შეიძლება, საკუთარ შვილს ტელეფონი ჰქონდეს მომარჯვებული და მშობლებს ატერორებდეს, თუ რამეს დამიშლით, პოლიციაში დავრეკავ და თქვენს თავს დავაჭერინებო. არაა ეს ნორმალური, არა!

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე