ბურუსით მოცული გაუხსნელი მკვლელობა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თავის ქალის კრიმინალური საიდუმლო

 ბათო ჯაფარიძე

 ვერ გეტყვით, ახლა როგორ არის, მაგრამ ადრე, როცა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პარალელურად, პრაქტიკებს გავდიოდით, ყველაფერი რეალობასთან მიახლოებული კი არა, რეალური იყო. ისინი, რომლებიც იურიდიულზე სწავლობდნენ, ნამდვილად დაჰყავდათ საქმეების გამოსაძიებლად, კრიმინალების ასაყვანად, სამედიცინოს სტუდენტებს ასწრებდნენ მშობიარობას, ოპერაციებს... და ასე, მომავალი ექიმები, იურისტები, ინჟინრები პროფესიას ითვისებდნენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დანარჩენი კი უკვე პრაქტიკულ მუშაობასა და გამოცდილებას მოჰქონდა...

 

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში (უნივერსიტეტი მერე დაერქვა), მომავალ პათანატომებს, გამოცდილი ექსპერტი ლექციას უტარებდა. აუდიტორიაში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა და ლექციას არა მარტო მომავალი ექსპერტები თუ პათანატომები ესწრებოდნენ, არამედ ისინიც, რომლებსაც ამ გამოცდილი კაცის  საუბრის მოსმენა სურდათ.

„დღეს აგიხსნით, როგორ უნდა მიხვდეთ, დაახლოებით, რამდენი ხანი გაატარა ძვალმა მიწაში. აგერ, მომიტანეს თავის ქალა, რომელიც სავარაუდოდ, ასი წლისაა, ნამდვილი თავის ქალაა და აგიხსნით, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს ასეთი ასაკის თავის ქალას“, - განაცხადა ლექტორმა და თავის ქალას გამადიდებელ შუშასთან ერთად, იისფერი შუქიც დაანათა. ლექტორი ქალას ყურადღებით დააკვირდა, მერე უფრო ყურადღებით, დაახლოებით, ერთი წუთი უტრიალა, ბოლოს თავი ასწია და მტკიცედ თქვა - „დღეს ლექცია დამთავრებულია, შემდეგში გავაგრძელებთ“. ამას არავინ ელოდა, რადგან რეალურად, ლექცია ათი წუთის დაწყებული იყო, თუმცა გაპროტესტება ვერავინ გაბედა. ლექტორმა კი თავის ქალა ხელთათმანებით ფრთხილად აიღო და დეკანატისკენ წავიდა, თან გზაში ბუტბუტებდა - „შეცდომა გამორიცხულია“. ცოტა ხანში, სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში მილიციის რამდენიმე მანქანა შევიდა.

„გეუბნებით, შეცდომა გამორიცხულია. არანაირი ასი და ორასი წელი, ყველაზე დიდი, ეს ქალა მიწაში სამი-ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. არა, ვაჭარბებ, ოთხიც ბევრია, სამი წელი მაქსიმუმია. მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს თავის ქალა ჩემს მაგიდაზე, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ გასულ კვირას გამართული ლექციის დროს, მე საუკუნის თავის ქალაზე ვაჩვენებდი სტუდენტებს, როგორ ხდებოდა ძვლის სიძველის შემჩნევა. ამასთან ერთად, ის თავის ქალა მამაკაცის იყო, ეს კი აშკარად ქალია“, - ცხარობდა მოხუცი პროფესორი.

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებს ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, მაგრამ წესი წესი იყო და ამიტომ, თავის ქალა შსს-ს საექსპერტოში წაიღეს. ადვილი მისახვედრია, რას დაწერდა ექსპერტი - „თავის ქალა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ორი-სამი წლის წინ გარდაიცვალა. ქალამ მიწაში ყველაზე ცოტა - ორი, ყველაზე ბევრი კი სამი წელი გაატარა. ის 35 წლამდე ასაკის ქალბატონს ეკუთვნის“...

სამედიცინო ინსტიტუტის მომარაგების განყოფილებაში ერთი ახალბედა თანამშრომელი იყო, ასე, 30 წლამდე ბიჭი, რომელიც სამსახურში სულ რაღაც ორი თვის წინ მიიღეს. მას ებარა, როგორც თავის ქალები, ისე სხვადასხვა ნივთები და შესაბამისად, სამართალდამცავებმაც სწორედ მას მიაკითხეს. თავიდან ბიჭმა მხრები კი აიჩეჩა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ იტყუებოდა და როგორც კი  ძალოვნებმა თავში წაუთაქეს (ჰო, წაუთაქეს), მაშინვე დაიწყო:

„ახალი მოსული ვარ და ყველაფერი მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთს ყურადღებით ვათვალიერებდი. რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით თავის ქალამ დამაინტერესა, ნამდვილ თავის ქალას ყოველდღე ვერ ნახავს ადამიანი. თვალიერების დროს, ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. არ მინდოდა, ამის გამო საყვედური მიმეღო და სოფელში წავედი. იქ, მოხუც მესაფლავეს შევჩივლე, სად შეიძლება თავის ქალის ნახვა მეთქი და იმანაც ხელი აიქნია, თავის ქალების მეტი რა არის სასაფლაოზე, ამას წინათ შემთხვევით წავაწყდი, ძალიან ძველი იყო, ალბათ ნადირმა ამოთხარა და იქვე ჩავფალიო. მივედით, ამოვთხარეთ, წამოვიღე და დავდე. რას ვიფიქრებდი, რომ ახალი მიცვალებულის იქნებოდა და ასეთი ამბავი ატყდებოდა“, - თავი იმართლა ახალგაზრდა თანამშრომელმა.

ორ საათში, გამომძიებლები იმ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ და მესაფლავეს ესაუბრებოდნენ, რომელმაც ის ადგილი მიუთითა, სადაც თავის ქალა იპოვა. ეს კი ერთი მიტოვებული საფლავის ტერიტორია იყო და იმის მიუხედავად, რომ თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გახლდათ, აშკარად ჩანდა, ძველისძველი საფლავი ვიღაცამ შეაწუხა და გათხარა. ამიტომ, მოწმეები მოიყვანეს და მესაფლავეს ადგილის გათხრა დაავალეს. დაახლოებით ნახევარ მეტრზე, ადამიანის ძვლები გამოჩნდა და მალე ჩონჩხიც აეწყო - ჩონჩხი, რომელსაც თავის ქალა აკლდა. ყველაფერი ექსპერტიზაზე წაიღეს და მესაფლავეც დაკითხვაზე წაიყვანეს.

„ძველი საფლავები ხშირად გადათხრილი მხვდება - ან რამეს ეძებენ, ან ცხოველებს მარხავენ, ძაღლებს, კატებს... რამდენჯერაც გავჩიჩქნე, იმდენჯერ კატა ან ძაღლი ვიპოვე. რა თქმა უნდა, შევამჩნიე, რომ საფლავი ახალი გათხრილი იყო, როცა თავის ქალა ვიპოვე, მაგრამ ვიფიქრე, რომ ძველი საფლავიდან ამოვარდა, ამიტომ მიწა იქვე მივაყარე, მერე კი ამ ბიჭს მივეცი, როცა თავისი გასაჭირი მიამბო“, - მოჰყვა მესაფლავე.

ამასობაში, ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა - გვამს გულის მხარეს ნეკნები ჰქონდა დაზიანებული და ბასრი საგნით ჩაჭრილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძვლების პატრონი მოკლეს. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გარდაცვლილი? სოფელში დაკარგულად არავინ ითვლებოდა, ამიტომ ბოლო სამი წლის განცხადებებს გადახედეს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიის შესწავლა დაიწყეს. ასაკს მხოლოდ ორი ქალი ემთხვეოდა, ამიტომ ორივეს შესწავლა იყო საჭირო. ერთ-ერთს ქმარი ჰყავდა და როცა მიაკითხეს, იმან ხელი აიქნია, ცოლი რომ დაიკარგა, განცხადება სასწრაფო წესით დავწერე, მაგრამ მერე აღარც მიმიკითხავს, რადგან აღმოვაჩინე, რომ სახლიდან მთელი დანაზოგი და ძვირფასეულობა გაქრა, დარწმუნებული ვარ, ვიღაცას გაჰყვა, ნახევრად რუსი იყო და სლავები ასეთ გადაწყვეტილებას ადვილად იღებენო. სხვათა შორის, სამართალდამცავებს ისიც დადგენილი ჰქონდათ, რომ ქალმა საქართველო დატოვა ანუ ვერსია, რომ ვიღაცას გაჰყვა, სიმართლესთან ახლოს იყო. რაც შეეხება მეორეს, მას ორი შვილი და ქმარი დარჩა, ნერვიულობდნენ, ეძებდნენ... ძებნა ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. სამართალდამცავებს ეს ოჯახი საეჭვო არ ეჩვენა და ბავშვებს სისხლის ანალიზი აუღეს, გვამისთვის რომ შეედარებინათ. განაჩენივით ელოდა ოჯახი ექსპერტიზის პასუხს და... გაცემული დასკვნით, ბავშვებსა და ნაპოვნ ძვლებს არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ. ისევ იმ ქალს მიუბრუნდნენ, რომლის ქმარიც არ ნაღვლობდა, მოიძიეს ავადმყოფობის ისტორია, სისხლის ჯგუფი და... ლამის ასპროცენტიანი დამთხვევა იყო. ამას გარდა, სპეციალური ანალიზით დადგინდა ისიც, რომ ძვლები ეკუთვნოდა ადამიანს, რომელსაც სლავურ რასასთან კავშირი ჰქონდა. ძიება სწორედ ამ მიმართულებით წავიდა.

მალე გაირკვა, რომ საქართველოდან რუსეთში წასვლიდან ორ თვეში, ქალი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა ის იყო გასარკვევი, ვისთან ერთად წავიდა და ჩამოვიდა საქართველოში. ამიტომ, მგზავრების სია მოიკითხეს და მხოლოდ ერთი დამთხვევა ნახეს - მამაკაცი, რომელიც ორივე რეისზე იყო. მისი ნახვა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაირკვა, რომ ის საქართველოდან ერთი წლის წინ წავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მისი მოძებნა რუსეთში გადაწყვიტეს და გაარკვიეს, რომ დაკავებული იყო ძარცვის ბრალდებით და სასჯელს იხდიდა. რაღა თქმა უნდა, ძნელი იყო მისთვის აქაური მკვლელობის დამტკიცება, მაგრამ ქართველი გამომძიებლები რუსეთში მაინც წავიდნენ. დაკავებულმა ქალთან ნაცნობობა არ უარყო, თქვა კიდეც, ამეკიდა, ძლივს მოვიშორე, საქართველოში რომ ჩამოვედი, მერე გამოვეპარე და წარმოდგენა არ მაქვს, ახლა სად არისო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული მხარე ბრალს ვერ წაუყენებდა. არადა, ქართველი გამომძიებლები თითქმის დარწმუნდნენ, რომ მკვლელი სწორედ ის იყო, თუმცა...

უკან დაბრუნებულებმა მამაკაცის მეგობრები მოძებნეს და მალე მიაგნეს კიდეც. მათ აღიარეს, ვიცნობთ, იმ ქალსაც ვიცნობდით, მაგრამ წლებია, აღარ გვინახავსო. სამაგიეროდ, მესაფლავემ ამოიცნო, ეს კაცი კარგად მახსოვს, წლების წინ იყო მოსული, დედის საფლავზე მინდა ყვავილები დავრგოო და ნიჩაბი ინათხოვრა. შემდეგ ის ნიჩაბი გასასვლელთან მიგდებული იპოვა, თუმცა ვერც ის გაიგო, სად იყო კაცის დედის საფლავი და ვერც ის, ყვავილები დარგო თუ არა. საქმე, როგორც გაუხსნელი, უნდა დაეხურათ, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ის მიტოვებული საფლავი გადაამოწმეს, რომელზეც ახალგაზრდა ქალის გვამი იყო დამარხული. სოფელში მხოლოდ ერთმა მოხუცმა გაიხსენა, ეს ქალბატონი აქ ცოტა ხანს ცხოვრობდა, შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა და ბიჭმა დაასაფლავაო. ქალს ბიჭის სახელიც ახსოვდა (გვარი არა) და სახელი ეჭვმიტანილისას დაემთხვა. ქალმა სურათით ვერ ამოიცნო, წლები გავიდა, შეიძლება, ის არის, შეიძლება - არაო. ქართული მხარე რუსეთში მეორედ გაემგზავრა, მამაკაცს ბრალიც წაუყენა მკვლელობაში, მაგრამ სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია.