რატომ მოკლა სომეხმა ბიჭმა რუსი საცოლე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ბეწვეულის სისხლიანი სკანდალის დეტალები 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

დღეს მთავარია, ფული გქონდეს და შეიძენ ყველაფერს, რისი ყიდვაც შეიძლება და... არ შეიძლება. დეფიციტი, პრაქტიკულად, არაფერზეა და თუ რაღაც არ იყიდება ფულად, იყიდება უფრო დიდ ფულად. ადრე კი ასე არ იყო. გაგეცინებათ და, იტალიურ, ფრანგულ ან გერმანულ პროდუქციას ვინ ჩივის, სოციალისტური ქვეყნების - იუგოსლავიის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის ნაწარმიც კი დახლქვეშიდან იყიდებოდა, რადგან ხარისხით ადგილობრივ წარმოებას სჯობდა. თუ ვინმეს ბედი გაუღიმებდა (ბედი, ძირითადად, ცნობილი ანსამბლების წევრებსა და წარმატებულ სპორტსმენებს უღიმოდათ) და იტალიაში, ან საფრანგეთში მოხვდებოდა, ბევრად მაღალი ხარისხის ნივთები მოჰქონდა. ფეხსაცმელს ვინ ჩივის, ჯინსიც კი სანატრელი იყო და შავ ბაზარზე სისხლის ფასად იყიდებოდა. არ იშოვებოდა დეფიციტური წამალი, გამორიცხული იყო, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა და ოპერაციის ევროპულ კლინიკაში გაკეთება.

 

ასე იყო ბეწვეულზეც. კარგი, ხარისხიანი ბეწვეული, გარდა იმისა, რომ არ იშოვებოდა, ძალიან ძვირი ღირდა, მანქანის ფასი და ქურქებიც, ძირითადად, მაღალჩინოსანთა მეუღლეებისთვის იყო განკუთვნილი და ისინი ამ სიამოვნებას არ იკლებდნენ. მეტიც, როცა ახალი მოდელები გამოდიოდა, მაღალჩინოსანთა ცოლები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შეძენას და რაოდენობაც შეზღუდული იყო. ფასებიც შესაბამისი გახლდათ და როცა ბეწვეულის ქარხნის დირექტორი იყავი, იმას ნიშნავდა, რომ შენთვის ყველა კარი ღია იყო. რატომ? იმიტომ, რომ უდიდესი ალბათობით, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრთა ცოლებსა და ქალიშვილებს მოსავდი და აოცებდი საკუთარი ნაწარმით, უფრო მაღალი თანამდებობის პირების მეორე ნახევრებს ქურქებს ერთი კვირით ადრე აძლევდი, დანარჩენებს - ცოტა გვიან და ყველაფერი ეს კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. კარგი, ხარისხიანი ქურქის ყიდვა ჩვეულებრივ მაღაზიაში, დახლზე წარმოუდგენელი გახლდათ.

სხვათა შორის, მოსკოვის ქარხნის დირექტორებიდან არავინ მალავდა, რომ საკუთარი პროდუქიის ჩამოტანა და გაყიდვა კავკასიაში ერჩივნათ, რადგან ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მაღალჩინოსნების მეორე ნახევრები ბევრად მეტს იხდიდნენ ქურქებში. სწორედ ამიტომ, ქარხნიდან „ლევად“ გატანილი ქურქები კავკასიურ ბაზარზე არცთუ იშვიათად ხვდებოდა და არაოფიციალური ყიდვა-გაყიდვაც იმართებოდა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი დახურული ჩვენების დროს, ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, მცირე ინციდენტი მოხდა - მაშინ, როცა ქალები ქურქებს ათვალიერებდნენ, ვიღაც გოგო შევარდა და ყვირილი დაიწყო, ცხოველები როგორ არ გეცოდებათ, ამ ქურქებისთვის ხომ ცოცხალი არსებები დახოცესო. ეს, ერთი შეხედვით, ნამდვილი შოკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მოსკოვიდან ჩამოსულმა სტუმარმა, რომელიც ბეწვეულის ქარხანაში მეორე კაცი იყო, ჰაერში ხელი აღმართა და სტუმრებს უთხრა, ნუ შეგეშინდებათ, ეს ჩემი ქალიშვილია, რომელიც თბილისში დასასვენებლად წამომყვა, ცხოველების თავგადაკლული დამცველი და ჩემი ერთადერთი მემკვიდრეა. მას შემდეგ, რაც ცოლი გარდამეცვალა, მას კიდევ უფრო მეტად ვანებივრებ და სავარაუდოდ, სწორედ ამის ბრალია, ნერვებს რომ მიშლისო. სტუმრებმა გაიღიმეს, ყველა თავის ქურქს მიუბრუნდა, გოგონამ კი თავი დახარა და კორპუსიდან დაბლა დაეშვა...

ეს ღონისძიება თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გოგონა კორპუსის მიმდებარე სკვერში, იმავე ღამით, შემთხვევითმა გამვლელმა გარდაცვლილი იპოვა. ქალს დანა მკერდში ტარამდე ჰქონდა დარტყმული, როცა მამას მომხდარის შესახებ ამცნეს, გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გააქანეს. იმის გათვალისწინებით, რა გავლენა ჰქონდა ბეწვეულის ქარხნის დირექტორს მოსკოვსა და საქართველოში, სადაც მისი მოადგილე მარჯვენა ხელად ითვლებოდა, ადვილი მისახვედრია, რუსეთის კი არა, საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან ვინ დარეკავდა და რას მოითხოვდა. სამართალდამცავებს საქმე არ უნდა გაეხმაურებინათ და... ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 72 საათში გაეხსნათ.

გოგოს მამა მარტო არ იყო ჩამოსული. ბეწვეულის დარაჯებსა და ოთხ მოდელ გოგოსთან ერთად, სასიძოც ახლდა, რუსეთში სტუდენტობისთვის წასული სომეხი ბიჭი, რომელიც შემდეგ ქარხანაში მოეწყო და სასიმამროს მარჯვენა ხელი გახდა. აზრზე მოსულმა კაცმაც დაბეჯითებით თქვა, ამ ბიჭმა ჩემი ყველაფერი იცის, სანამ მე ფეხზე წამოვდგები, ყველაფერში ის დაგაკვალიანებთო. ბიჭმა თავიდან პირობა კი მისცა აწ უკვე ყოფილ სასიმამროს, მე დავეხმარებიო, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩა გამომძიებლებთან, უშვერი სიტყვებით გინება დაიწყო და რაც მთავარია, საკუთარ თავს აგინებდა.

„იმიტომ კი არა, რომ შეძლებული მამა ჰყავდა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა, ჩემი, სიმწრით ნაყიდი ბინა მოსკოვის ახლადაშენებულ კორპუსში ამ გოგოზე გადავაფორმე. ვუთხარი, ქონება არ მინდა, ბინაც შენი იყოს-მეთქი. ყველაფერი ეს სამი თვის წინ მოხდა, სამ თვეში ქორწილს ვაპირებდით და ახლა აღარც საცოლე მყავს, აღარც ბინა მაქვს, ის მემკვიდრეობით მამამისს ერგება, მე კი... მე არც არაფერი“, - ლამის თავი მოეკლა ყმაწვილს.

მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩამოსვლისთანავე ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოვიდა. „მას მოსკოვიდანვე ვყავდით გაფრთხილებული და ჩვენი კოლექციის მთავარი ქურქი შეიძინა, ნუტრიის, სულ შავი, რაც ძალიან იშვიათია. დიდი ფულიც გადაიხადა და შემდეგ უკვე მზადება დავიწყეთ. ჩემმა საცოლემ ცალკე ნომერი იქირავე, მე სასიმამროსთან ერთად ვცხოვრობდი, მას ვერ ვხედავდით, ამ საქმით ვიყავით დაკავებული და საღამოს რომ მოვიდა, ძალიან გამიკვირდა. ასეთი გამოხტომები მოსკოვშიც ჰქონდა, მიჩვეულები ვართ. სხვას ვერაფერს გეტყვით, არც ის ვიცი, აქ ნაცნობები ჰყავდა თუ არა, მაგრამ თბილისში მეორედ არის, ზუსტად ვიცით. ადრე ორი წლის წინ ვიყავით, მაშინ ერთი კვირა დავრჩით და დავისვენეთ“, -განაცხადა ბიჭმა.

გამომძიებლები გოგოს ნომერში წავიდნენ და... იატაკზე შავი ქურქი აღმოაჩინეს. სწორედ ის, რომელზეც ასე გატაცებით საუბრობდა სომეხი დამხმარე. ქურქი, რაღა თქმა უნდა, ამოიცნეს, დაადასტურეს, რომ მათი კოლექციის ყველაზე ღირებული ნაწილი იყო. ქურქი ექსპერტიზაზე წაიღეს და დაასკვნეს, რომ ზედ ამ ქურქზე, გოგონას უცნობ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. პირველ რიგში, სინჯი სომეხს აუღეს, ის კი უარობდა, რას ამბობთ, რა სექსუალური ურთერთობა, სასიმამროს გვერდით მეძინაო, მაგრამ მაინც შეამოწმეს. სასტუმროს პერსონალმაც თქვა, ეს არ იყო, სხვა, ქართველი ბიჭი გახლდათ სტუმრად მოსულიო და... იმ ბიჭის პოვნაც არ იყო რთული, რადგან ადგილობრივი „ცეხავიკის“ ვაჟი გახლდათ. მისმა დაკითხვამ ბევრი დრო არ წაიღო.

„ეს გოგო პირველად ორი წლის წინ ვნახე შემთხვევით, გადავირიე, ისეთი თავისუფალი და მარტივი იყო ურთიერთობებში. სამი დღე ერთად გავატარეთ, მერე წავიდა. ახლა, რომ მოდიოდა, დამირეკა და მითხრა, თუ გინდა შევხვდეთ, ქურქი უნდა მიყიდოო. რა თქმა უნდა, ვუყიდე და იმ ქურქზე გვქონდა ის, რაც ქალს და მამაკაცს აქვთ ხოლმე. მერე აღარ მინახავს, ველოდი, დარეკავდა, არ დაურეკავს“, -განაცხადა ბიჭმა და რაც მთავარია, მკვლელობის დროისათვის მას უმყარესი ალიბი ჰქონდა - მეგობრებთან ერთად, წყნეთში მწვადს წვავდა და გიტარაზე მღეროდა.

მოსკოველი კოლეგების დახმარებით, მალე ისიც გაირკვა, რომ გოგონა ბეწვეულის მოხმარებას მხოლოდ იმიტომ აპროტესტებდა, რომ ჯგუფში, სადაც ამის წინააღმდეგები იყვნენ, ახალგაზრდა ბიჭი მოსწონდა. ისიც გაირკვა, რომ ქორწილი სამი თვის შემდეგ არ იქნებოდა, გოგო სომეხ კავალერს ვერ იტანდა და იმის მიუხედავად, რომ მამა აძალებდა, ცოლად გაყოლას არ აპირებდა. აი, ახლადმიღებული ბინა მართლა მის სახელზე გადაფორმდა და იქ... იმ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც „მეამბოხეთა“ ჯგუფში გაიცნო. ყველაფერი ეს ძალიან უცნაური ჩანდა, რადგან ბინის სხვაზე გადაფორმება და თან იმის პერსპექტივით, რომ შესაძლებელი იყო, ის გოგო ცოლად სულაც არ გაჰყოლოდა... სომეხი ბიჭი ახლიდან დაკითხეს, მაგრამ ახალი ვერაფერი გაიგეს. მეტიც, ის სასიმამროს არ შორდებოდა და... მოსკოვის მიერ მიცემული სამდღიანი ვადა თვალს და ხელს შუა ილეოდა.

ამ დროს, გამომძებლებს ექსპერტიზის დასკვნაც წამეწიათ. დანას ცოტა უხეში ტარი ჰქონდა და მასზე მკვლელის კანის ნაწილაკები შერჩა ანუ არ შერჩა ანაბეჭდი, რადგან ის მკვლელმა გაწმინდა, მაგრამ კანის ნაწილაკები ტარიდან ვერ მოაშორა. ამიტომ, საჭირო იყო ნებისმიერი ეჭვმიტანილის შემოწმება და მკვლელსაც იპოვიდნენ. სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ყველა მირეკეს და, მათ შორის, გარდაცვლილი გოგონას მამაც. ისიც გაითვალისწინეს, რომ მკვლელი აღნიშნული პროცედურის შემდეგ შესაძლებელი იყო გაქცეულიყო, ამიტომ, ყველა წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოკეტეს, ოღონდ, კომპორტულში - შს სამინისტროს შენობაში.

დრო უსაშველოდ გაიწელა და დასკვნებიც ერთი-მეორის მიყოლებით წამოვიდა. გამომძიებლები დაძაბულები ელოდნენ შედეგებს, რადგან მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და სხვა ძაფის ბოლოც არ ჩანდა, მას რომ გაყოლოდნენ. ამიტომ, როცა ერთ-ერთ დასკვნაში 100%-იან დამთხვევას მოჰკრეს თვალი, შვებით ამოისუნთქეს და ბორკილები... სომეხ ბიჭს დაადეს. დაკავებული მიხვდა, რომ თავს ვეღარ დაიძვრენდა, დანის ტარზე მისი კანის ნაწილაკები იყო და რაც მთავარია, მან სამართალდამცავებს პირველი დაკითხვისას უკვე უთხრა, ამ დანას პირველად ვხედავ, არ ვიცი ვისიაო.

„სასიმამრო მენდობოდა, მაგრამ მისი სიტყვები, ჩემი სიძე უნდა გახდეო, არაფერს ნიშნავდა. ეს იმიტომ, რომ კაცი თავისი შვილის სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, გოგო კი ზედ არ მიყურებდა, მეუბნებოდა, მეზიზღები და შენი ცოლი არასოდეს გავხდებიო. მაშინაც კი, როცა ვითომ მამამისი მის მეთვალყურედ კლუბში მიშვებდა, მხოლოდ იმას ვუყურებდი, როგორ ხვდებოდა სხვა ბიჭებს, როგორ კოცნიდა მათ, როგორ რჩებოდა მათთან. ამიტომ, გადავწყვიტე, სანამ სასიმამროს ნდობა მქონდა, ბევრი ფული მეშოვა და ქარხნიდან რაღაცების გატანა დავიწყე. სწორედ ამ ფულით ვიყიდე ბინა და როცა მეგონა, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, სწორედ მაშინ გაიგო გოგომ ყველაფერი და მითხრა, თუ გინდა, მამაჩემთან არ გაგიბაზრო და ისევ გააგრძელო საქმიანობა, ბინა გადმომიფორმეო. რა უნდა მექნა, გადავუფორმე, მაგრამ რასაც ვშოულობდი, იმას ქეშად მთხოვდა, უფრო სწორად, ნახევარს. მივხვდი, რომ გამომიჭირა და თავიდან უნდა მომეშორებინა. თბილისის ვარიანტიც კარგად ჩავარდა და ჯერ სასტუმროში დავაპირე მოკვლა, საავარიო შესასვლელით შემოვიპარე, მაგრამ ნომერში რომ ავედი, ვიღაც ბიჭთან ერთად ბეწვეულზე გორაობდა. მერე საერთოდ დავკარგე და შემთხვევით წვეულებაზე მოვიდა. უკან ჩუმად გავყევი, რომ დამინახა, ყურადღება არ მომაქცია და ამით ვისარგებლე“, - დაასრულა მოყოლა ბიჭმა.

ის ქართულმა სასამართლომ გაასამართლა და 15 წელიც მიუსაჯა, შემდეგ უკვე სომხურმა მხარემ იწვალა და სასჯელის მოხდის გაგრძელება ისტორიულ სამშობლოში გააგრძელა. ამბობენ, თავისუფლებაზე გამოვიდა, სომხური დიასპორა ყველგან პატრონობდა, მოკვლა არ დაანებესო, მაგრამ იმასაც ამბობენ, სომხეთში სწორედ იმიტომ წაიყვანეს, ქართულმა მხარემ მკვლელობაზე ხელი არ მოაწერაო.