სკანდალური ქურდობა, რომელმაც საბჭოთა მილიცია და უშიშროება ფეხზე დააყენა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაშრომელმა ანტიკვარული მონეტა მოიპარა

 

ბათო ჯაფრიძე

 

დიდი მუზეუმები, თუ ისეთი გამოფენები, სადაც ძვირადღირებული ნივთებია გამოფენილი, საიმედოდაა დაცული. დამნაშავეს ძალიან, ძალიან ბევრი ფიქრი და მოხერხება მართებს, რომ მუზეუმიდან ან გამოფენიდან რამე გაიტანოს. ადრე კი ასე არ იყო, ძარცვა და ქურდობა ბევრად იოლი მოსახერხებელი გახლდათ. მეტიც, მაშინ ასეთი ქურდობების გახსნა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო და ძალიან ბევრი შეუფასებელი ნივთია დაკარგული.

 

მაშინ, როცა საქართველოში კი არა, არამედ, მთელ საბჭოთა კავშირში მუზეუმებში მხოლოდ მეტალო-დეტექტორები იდგა და ექსპონატებს, უბრალოდ, თანამშრომლები დარაჯობდნენ, მოსკოვიდან გამოსაფენად მონეტები ჩამოიტანეს. ქართულმა მხარემ ბევრი იბრძოლა და იშრომა, რათა მონეტები, რომლებშიც ქართულიც ერია, ქართველებს ენახათ. რა თქმა უნდა, ტვირთი სრულიად საიდუმლოდ ჩამოვიდა და საიმედოდაც იყო დაცული. მუზეუმის შესასვლელში, იმ დროისთვის ყველაზე მგრძნობიარე მეტალო-დეტექტორი დადგეს და რკინის დიდ ნაჭერს ვინ ჩივის, ადამიანებს, რომლებსაც ოქროს კბილი ჰქონდათ და დეტექტორი აწითლებდა, გამოფენაზე არ უშვებდნენ - თავს იზღვევდნენ. ქართული მხარის გარდა, ძვირფას მონეტებს რუსი ექსპერტები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებიც ჩამოჰყვნენ და გაფაციცებით აკვირდებოდნენ ყველას და ყველაფერს. მონეტები სპეციალურ შუშის სათავსოებში იყო დაცული, მაგრამ არცთუ მყარად - შუშის ყუთის აწევა და მონეტის გამოღება მარტივად შეიძლებოდა, თუ ამის შესაძლებლობას მოგცემდნენ.

საღამოს, როცა მუზეუმი დაიკეტა და უკანასკნელი დამთვალიერებელი გააცილეს, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არაადამიანური ხმით დაიყვირა - კოლექციას მონეტა აკლდა. შუშის ის ყუთი, რომელშიც შეუფასებელი მონეტა იდო, ცარიელი ჩანდა. მუზეუმის თანამშრომლებმა მილიციასა და უშიშროებაში ერთდროულად დარეკეს.

„ადგილზე მალე მივედით, უშიშროების რუსი თანამშრომლები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, ეს რა გვიქენით, აქაური ქურდები როგორ ვერ უნდა მოგეთოკათ, ასეთი თავხედური დანაშაული რომ არ ჩაედინათო. ადგილზე იყვნენ მინისტრების მოადგილეები, მინისტრები კი მოსკოვს კაბინეტებიდან პატაკობდნენ. დავალება კი არა, ბრძანება მივიღეთ, რომ მონეტა ორ დღეში უნდა გვეპოვა ანუ იმ დროში უნდა ჩავტეულიყავით, როცა გამოფენის ექსპონატებს ისევ რუსეთში დააბრუნებდნენ“, -იხსენებს იმ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო.

დაცვის ქართველი თანამშრომელი ამბობდა, მეტალო-დეტექტორს ვერავინ გაეპარებოდა, მონეტა შენობაში უნდა ვეძებოთ, რომელიმე თანამშრომელი აიღებდა და დამალავდაო. რა თქმა უნდა, ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო, მონეტა მუზეუმის ნებისმიერ ადგილზე დაემალათ, რა დიდი ადგილი იმას უნდოდა და სამართალდამცავებს მუზეუმის შენობა აგურ-აგურ რომ დაეშალათ, შესაძლებელი იყო, მაინც ვერ მიეგნოთ. ეს იყო ყველაზე ცუდი, რაც ძალოვნებს საქმეს ურთულებდა. რაღა თქმა უნდა, ადგილზე ძაღლები მიიყვანეს, მაგრამ სპეციალური ხსნარით დამუშავებული მონეტების სუნის აღება ოთხფეხა მეგობრებმა, უბრალოდ, ვერ მოახერხეს. ისინი უმისამართოდ დარბოდნენ შენობაში და ყველა მიხვდა, რომ კინოლოგების გარჯა ამაო იყო. მუზეუმის თანამშრომლებმა გაიხსენეს, რომ ის მოენტა, რომელიც გაქრა, რუსეთიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა რამდენჯერმე შუშიდან ამოიღო და დაინტერესებულ დამთვალიერებელს ახლოდან, გამადიდებელი შუშით აჩვენა. მოიკითხეს ექსპერტი და აღმოჩნდა, რომ მას, გამოფენის დახურვამდე 20 წუთით ადრე, გულის შეტევა დაემართა, სასწრაფოს გამოუძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამომძიებლები მაშინვე დაცვას ეცნენ, როცა ექსპერტი ექიმებს საკაცით გაჰყავდათ, მეტალო-დეტექტორზე შეამოწმეთო და მათ მხრები აიჩეჩეს, კაცი კვდებოდა, დეტექტორი არავის გახსენებიაო.

„მაშინვე საავადმყოფოში წავედით, თუმცა იქ გვითხრეს, რომ სასწრაფო მათთან არ მისულა და არც რუსეთის მოქალაქე პაციენტი მიუყვანიათ გულის შეტევით. სასწრაფოში გავვარდით და ის ბრიგადა ვნახეთ, რომლებმაც ჩვენი ეჭვმიტანილი მუზეუმიდან წაიყვანეს და იქაც მშვიდად გვითხრეს, მძიმე მდგომარეობა გვეგონა, მაგრამ ის კაცი გზაში აზრზე მოვიდა, თავად გვითხრა, გამიშვით, გამოფენაზე უნდა დავბრუნდეო და ტაქსების გაჩერებაზე ჩამოვსვითო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ტაქსების გაჩერებაზე მისულმა სამართალდამცავებმა ადვილად იპოვეს ის მძღოლი, რომელმაც რუსი მგზავრი წაიყვანა და... რა მუზეუმი, აეროპორტში წავედით, მაჩქარებდა, ასე ამბობდა, რეისზე მაგვიანდებაო. გადაამოწმეს რეისი და ეჭვმიტანილი ჰაერში იყო - გეზი მოსკოვისკენ ეჭირა. მაშინვე რუსეთში დარეკეს და რაც მთავარია, უახლოეს რეისს აქაურ გამომძიებლებთან ერთად, რუსებიც გაჰყვნენ.

რა თქმა უნდა, ექსპერტი აეროპორტში დააკავეს, მაგრამ რად გინდა, თან მონეტა არ ჰქონდა. ხომალდის ეკიპაჟი ირწმუნებოდა, როგორც კი შეტყობინება მივიღეთ, მაშინვე ერთი მეთვალყურე მივუჩინეთ და მონეტა არც ამოუღია, არც ვინმესთვის გადაუციაო. დაკავებულმა კი ყველაფერი თითქოს მარტივად ახსნა - გულის შეტევა მქონდა, ექიმები მოვატყუე, რადგან სიკვდილის მოახლოება ვიგრძენი, მინდოდა, ამ დროს ოჯახთან ვყოფილიყავი და იმიტომ გამოვფრინდიო, მაგრამ მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთი მას წინა დღით ჰქონდა შეძენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზუსტად იცოდა, როდის და სად უნდა ყოფილიყო.

„გულახდილად გეტყვით, ჩვენ, დაახლოებით, 10 წუთი ვესაუბრეთ, შემდეგ უშიშროებამ წაიყვანა. ვიცოდი, რაც ელოდა და ვუთხარი, სჯობს, სიმართლე ჩვენ გვითხრა-მეთქი, მაგრამ უხმოდ გაჰყვა. არ ვიცი, რა უქნეს, მაგრამ 24 საათის შემდეგ, ნახევარი კაცი ვნახე, რომელსაც საუბრის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ის კი გავიგეთ, რომ არაფერი თქვა ანუ მონეტის წაღების ამბავი უარყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ძალოვნებს იმ რეისის ყველა მგზავრი შემოწმებული ჰყავდათ, ეკიპაჟის წევრებიც კი, მაგრამ მონეტა გაქრა, ვერც თბილისში პოულობდნენ და ვერც - მოსკოვში, თუმცა გაირკვა ერთი საინტერესო დეტალი - სამართალდამცავებმა ადვილად მიაგნეს დაკავებული ექსპერტის ცოლს, ის შინ იმყოფებოდა, მაგრამ არსად ჩანდა მისი ქალიშვილი და ბევრი მცდელობის მიუხედავად, კვალს ვერ მიაგნეს. ცოლი ქმარზე არანაკლებ გამძლე გამოდგა, მანაც გაუძლო უშიშროების დაკითხვას და როგორც თქვა თავიდან, არაფერი ვიცი მონეტის შესახებო, ჩვენება აღარ შეუცვლია.

უშიშროებას ეჭვი გაუჩნდა, რომ გაუჩინარებული გოგო როგორღაც დაკავშირებული იყო ამ ისტორიასთან და მასზე, პრაქტიკულად, საკავშირო ძებნა გამოაცხადეს, თუმცა არ ჩანდა არსად - არც მეგობრებთან, არც ნათესავებთან... ფეხზე დააყენეს კრიმინალური სამყაროც, მაგრამ მხრებს იჩეჩავდნენ, ამ დონის ოპერაცია ვინმე ჩვენებურს რომ გაეკეთებინა, გვეცოდინებოდაო.

მთელი საბჭთა მილიცია და უშიშროება ფეხზე იდგა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. საქმის გასაღები ისევ ექსპერტის ოჯახში უნდა ეძებნათ და... მომხდარიდან რამდენიმე დღეში, გოგონა გამოჩნდა. ის უშიშროების თანამშრომლებმა აიყვანეს, თუმცა წამება არ დასჭირვებიათ, ისედაც ყველაფერი თქვა.

„მე გამიტაცეს და არ ვიცი, რას სთხოვდნენ მამას ან დედას, მაგრამ ვიცი, რომ მათ დაშასანტაჟებლად წამიყვანეს. ვიყავი კორპუსის ბინაში, თუმცა არ ვიცი - სად. რომ გამიტაცეს, ნემსით დამაძინეს და როცა წამომიყვანეს, ისევ ნემსით, სკვერში, სკამზე გამეღვიძა“, - სულ ეს იყო, რაც გოგონამ თქვა.

შვილის ჯანმრთელად დანახვის შემდეგ, ესქპერტმა ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, მონეტა მე მოვიპარე, მაიძულეს, გოგონას მოკვლით მემუქრებოდნენო.

„სანამ გამოფენაზე წამოვიდოდით, ორი დღით ადრე შვილი გაქრა, შემდეგ კი ვიღაც კაცმა მომცა სქემა, როგორ უნდა მემოქმედა. მონეტის მოპარვის ამბავი იცით, ის თვითმფრინავში გადავეცი სხვას, თუმცა არ ვიცი, ვის. მე მონეტა თვითმფრინავის საპირფარეშოში უნდა დამეტოვებინა კონკრეტულ ადგილზე. დავტოვე და ვუყურებდი, მას შემდეგ თვითმფრინავის საპირფარეშოში 4 ადამიანი შევიდა და რომელმა აიღო, არ ვიცი“, - განაცხადა ექსპერტმა.

იმ ადამიანების ამოცნობა სთხოვეს და ერთ-ერთი, ჯოხიანი მოხუცი „არ მოეწონათ“. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ და გოგონას გათავისუფლების წინა დღეს, საფრანგეთში გაემგზავრა. საბჭოთა „კა-გე-ბეს“  ხელი ყველგან მიუწვდებოდა და საფრანგეთში მისი მოძებნა და დაკავება არ გასჭირვებია. ისიც გაიგეს, რომ მონეტას 250 ათას დოლარად ყიდდა, რაც რეალურად, მისი ღირებულების ნახევარიც კი არ იყო. რაღა თქმა უნდა, ის საბჭოთა კავშირში დააბრუნეს და დახვრეტაც მიუსაჯეს (შემდეგ 15 წლით შეუცვალეს). ხოლო ექსპერტს, ქურდობისა და დანაშაულის დაფარვისთვის, 7 წელი ერგო.