დედის მკვლელის სკანდალური აღსარება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი ტყეში გაგუდული იპოვეს

 

ბათო ჯაფარიძე

 

საზღვარგარეთ სუროგაცია არცთუ მცირე ისტორიას ითვლის. მართალია, საქართველოში სუროგატი დედების რიცხვი მცირე ნამდვილად არ არის, თუმცა ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს ნებისმიერი ერიდება.. თითქოს, ყველაფერი ეს ქართულ მორალსა და მენტალიტეტში არ ჯდება, რადგან არ შეიძლება, დედამ, რომელიც იმშობიარებს, შვილი სხვას მისცეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში, ის ინკუბატორის ფუნქციას ასრულებს - კვერცხუჯრედი მისი არ არის. სუროგაციის გამო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საქართველოშიც არაერთი სკანდალი ატყდა, ზოგჯერ საფუძვლიანი, ზოგჯერ - უსაფუძვლო, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა არსებობს და კიდევ კარგა ხანს იარსებებს. სუროგაციის ცენტრი საქართველოში დღესაც მოქმედებს, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, ყველაფერი უცხო და ცოტა არ იყოს, უცნაურიც იყო.

 

„არსებობდა სუროგაციის ცენტრი, რომელსაც რეალურად არავინ აკითხავდა, მაგრამ არსებობდა და მორჩა. სამაგიეროდ, ვინც იქ მიდიოდა, მომსახურება 20 ათასი დოლარიდან იწყებოდა ანუ სურვილის მიუხედავად, იქ რიგითი ადამიანი ვერ მოხვდებოდა. ჰოდა, სწორედ ამ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი იპოვეს კოჯრის ტყეში გაგუდული და საქმეს განსაკუთრებულის სტატუსი იმიტომ მიეცა, რომ საქმე სუროგაციის ცენტრთან გვქონდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საინტერესო ექსპერტიზის დასკვნა გახლდათ - გარდაცვლილს ყელში ცხვირსახოცი ჰქონდა გაჭედილი და სწორედ იმით გაიგუდა, ხელები კი - შეკრული და ექსპერტი ამტკიცებდა, ქალმა ხელები ნებით შეაკვრევინა, ძალადობის კვალი არ ეტყობოდა ანუ თანახმა იყო, მისთვის ხელები შეეკრათო. ეს სამართალდამცავებს ბევრ საფიქრალს უმატებდა, თუმცა როცა კლინიკაში მივიდნენ, მიხვდნენ, რომ მკვლელს მალე იპოვიდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ვერ ნახეს ვერცერთი თანამშრომელი და კლინიკის კლიენტი, რომელიც ხელმძღვანელით კმაყოფილი იყო. მეტიც, ერთ-ერთმა ექთანმა ისიც თქვა, ერთი კვირის წინ, გარდაცვლილმა კლინიკიდან წამყვანი ექიმები გაუშვა - ცოლ-ქმარი და ისინი დაემუქრნენ, ცუდად დაამთავრებო. სამართალდამცავები მათთან წავიდნენ.

„სუროგაცია ჩვენში ახალი დანერგილია და ბევრი არ ენდობა, ამიტომ თითოეულ კლიენტს ვუფრთხილდებით. ახლაც გვყავდა ერთი სუროგატი, რომელსაც საკმაოდ გავლენიანი ოჯახი აფინანსებდა. ჰოდა, ეს ქალი გამოკვლევაზე რომ მოვიდა, ყველაფერი რიგზე იყო, კლინიკის შეფმა კი გვითხრა, გინდათ თუ არა, დამატებითი კვლევები დაუნიშნეთ, ძვირადღირებული, უნდა გავწეწოთ, გვიჭირსო. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან დამატებით კვლევებს, შეიძლებოდა, სრულიად ჯანმრთელი ნაყოფისთვის ევნო და ამის მერე გამოგვაგდო. სწორედ ამიტომ ვუთხარით, ცუდად დაამთავრებო, თორემ მისი მოვკლა არც გვიფიქრია“, - თქვეს ექიმებმა და რაც მთავარია, მკვლელობის მომენტისთვის, ორივეს ალიბი ჰქონდა - ისინი ქალაქიდან იყვნენ გასულნი დასავლეთ საქართველოში და მოწმედ ოცამდე ადამიანი ჰყავდათ.

საავადმყოფოში გამომძიებლებს ისიც უთხრეს, კლინიკის დირექტორი ოფიციალურად მარტოხელა გახლდათ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭებს ეტანებოდა და კლინიკიდან ხან ვის მიჰყავდა, ხან - ვისო. რამდენიმე ასეთი ბიჭი იპოვეს კიდეც, თუმცა მათ ხელი აიქნიეს, თავად გვეცნობოდა, გვეპატიჟებოდა, ერთკვირიანი ურთიერთობის შემდეგ კი, უბრალოდ, გვიშორებდაო. ისიც გაირკვა, რომ კლინიკის დირექტორი ერთ-ერთ დახურულ კლუბს სტუმრობდა, სადაც... ბიჭები სტრიპტიზს ცეკვავდნენ და მაშინ ესეც ახალი და უცხო იყო. ძალოვნებმა კლუბს მიაკითხეს და ის ბიჭიც იპოვეს, რომელსაც მოკლულთან ბოლოს ჰქონდა ურთიერთობა და დასაკითხად წაიყვანეს.

„კი, ურთიერთობა მქონდა და არა მარტო მასთან. ჩვენთან ხშირად დადიან ასაკოვანი ქალები და ერთი ღამის, ან თუნდაც ერთკვირიანი ურთიერთობის სანაცვლოდ, იხდიან. ასე ვცხოვრობთ, ასე ვირჩენთ თავს. იმ ქალთან ურთერთობა მქონდა, თანაც რამდენჯერმე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დამემშვიდობა, ახალი ვიპოვეო. ისე, უცნაური ქალი იყო, ალბათ, ფილმებს უყურებდა და ხან ხელების შეკვრას ითხოვდა, ხან ცოტა უხეშ მოპყრობას, უცნაურ ადგილებში უყვარდა სექსი. მაგალითად, სადმე, კორპუსის უკან, სადაც რისკი იყო, რომ ვინმეს დავენახეთ, ან ღამით, ტყეში, სადაც ტურების ჩხავილი გვესმოდა. კარგია, რომ დავშორდი“, - ასეთი ჩვენება მისცა ბიჭმა.

ძალოვნები მიხვდნენ, რომ თუ ქალის ბოლო „სიყვარულს“ იპოვიდნენ, მკვლელობაც გაიხსნებოდა. ისინი მიხვდნენ, რომ ტყეში მკვლელმა ქალი სწორედ სასიყვარულო ურთიერთობისთვის გაიტყუა, ხელებიც ამიტომ შეუკრა და ქალმაც წინააღმდეგობა ამიტომ არ გაუწია, მაგრამ ვინ იყო მკვლელი და თუ გამორჩენის მიზნით მოკლა ქალი, რატომ არ წაიღო, თუნდაც ბრილიანტის საყურეები? კითხვები ბევრი იყო, პასუხები - ცოტა.

შესაძლოა, გამომძიებლებმა არ აღიარონ, მაგრამ არცთუ იშვიათად, საქმე შემთხვევით იხსნება. ჰო, შემთხვევით, ვიღაცას რაღაც წამოსცდება, ჰგონია, რომ უმნიშვნელო დეტალია და იმ უმნიშვნელოთი გამომძიებლები მნიშვნელოვანზე გადიან. ასე იყო ამჯერადაც - გარდაცვლილის სამეზობლოს მორიგი დაკითხვის დროს, ერთ-ერთ პენსიონერს წამოსცდა, მაგას ბოლოს ჩვენი მარინას ბიჭი აკითხავდაო.

„როგორც გავარკვიეთ, „ჩვენი მარინა“ გარდაცვლილთან დამხმარედ მუშაობდა სახლში, სანამ ქმარი ჰყავდა ქალს. წყვილს შვილი არ გაუჩნდა და როგორც მეზობლები ამბობდნენ, ამის ნიადაგზე დაშორდნენ კიდეც, ამიტომ ქალმა მარინა დაითხოვა. მაშინ მარინა ორსულად იყო, მართალია, შორს არ გადასულა, მაგრამ გარდაცვლილთან ურთიერთობა გაწყვიტა. უბანში მის შვილს იცნობდნენ და დაადასტურეს, რომ ბოლო დღეებში, სწორედ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო მისი მუდმივი სტუმარი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძალოვნებს მარინას მოძებნა არ გასჭირვებიათ და როცა ბინაზე მიაკითხეს, მისგან საოცარი და რაც მთავარია, გულწრფელი ისტორია მოისმინეს.

„მე გათხოვებიდან ერთ თვეში დავქვრივდი, ქმარი ავარიაში დამეღუპა. ცუდ დღეში ვიყავი და მაშინ გავიგე, რომ ექიმი ოჯახში დამხმარეს ეძებდა. მაშინვე წავედი, მუშაობა დავიწყე და მიხაროდა, რომ სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდი. სწორედ მაშინ გავიგე პირველად სუროგაციის შესახებ, ცოლიცა და ქმარიც ამ მიმართულებას აქტიურად სწავლობდნენ, კონტაქტებს ამყარებდნენ ევროპელ კოლეგებთან. მათ შვილი არ უჩნდებოდათ და შემომთავაზეს, სუროგატი დედა იყავი, შვილი ჩვენი იქნება, მაგრამ შენ გაზრდი, მერე, ეგებ, გათხოვდე კიდეცო. ფულიც შემომთავაზეს და ისე ვიყავი, ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. ყველაფერი ეს არალეგალური იყო, მაგრამ არ მაინტერესებდა. ცოლ-ქმრის კვერცხუჯრედი მოათევსეს ჩემს საშვილოსნოში და პროცესიც დაიწყო. მეექვსე თვეზე ნახეს, რომ ბავშვი პათოლოგიით იბადებოდა, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, რომ ჯანმრთელი გაზრდილიყო და ზოგადად, ეცოცხლა. აბორტის გაკეთება დაგვიანებული გახლდათ, კაცმა გული აიცრუა, ცოლი მიატოვა და ექიმმაც მითხრა, ეგ ბავშვი არაფერში მჭირდებაო, ფული მომიგდო და გამიშვა. გავაჩინე, რა უნდა მექნა და მითხრეს, გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ აქვსო, მაგრამ სწორედ იმ ფულით, ურთულესი პროცედურები ჩავუტარე, მთელი 10 წელი უკან ვდიე და იმის მიუხედავად, რომ რეალურად, მე, უბრალოდ, სუროგატი ვიყავი, ინკუბატორი, ბავშვი შვილივით მიყვარდა. მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, არც გავთხოვილვარ და არც არავინ მყოლია. ახლა კი ბიჭი კი არა, ნამდვილი სუპერვარსკვლავი მყავს. მას არაფერს ვუმალავ, ორი თვის წინ ვუთხარი, ვინ იყო მისი ნამდვილი დედა და ისიც ვუთხარი, ნახვას თუ დააპირებ, მეც წამოგყვები-მეთქი“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

სამართალდამცავები ბიჭის სანახავად წავიდნენ და მალევე იპოვეს - მეგობართან ერთად ლუდს წრუპავდა.

„ფიზიკურად, მართლაც მსახიობს ჰგავდა ის ბიჭ, მაგრამ თვალები ჰქონდა ძალიან ბოროტი. იმდენად ბოროტი, რომ როდესაც შევხედე, მაშინვვე სურვილი გამიჩნდა, ხელბორკილი დამედო. უდარდელად გვპასუხობდა, დედამისზე აგდებულად საუბრობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გარდაცვლილის სხეულიდან ოფლის წვეთების რამდენიმე ნიმუში გვქონდა აღებული და შეგვეძლო შეგვედარებინა. განყოფილებაში წავიყვანეთ, როცა ნიმუშების აღება დავუწყეთ, შეცბა, მიხვდა, რომ შეცდომა ჰქონდა დაშვებული და დაიბნა, ხოლო როცა ექსპერტიზის პასუხები დავუდეთ წინ, გაავდა, ყვირილი დაიწყო და ამ ყვირილში ყველაფერი თქვა“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, ნამდვილი დედის ვინაობის გარკვევის შემდეგ, ბიჭმა თვალთვალი დაიწყო, გაარკვია, რომ ქალს არცთუ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა და გაარკვია ისიც, რომ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ყველაფერი მას დარჩებოდა. ამიტომ, ქალი უბრალოდ, გაიცნო და ისიც კი წამოსცდა, მინდოდა, სექსი მქონოდა და მერე მეთქვა, რომ შვილი ვიყავი, მაგრამ იმდენად მეზიზღებოდა, ვერ შევძელიო. ტყეშიც მოტყუებით წაიყვანა, ხელებიც მოტყუებით შეუკრა, შემდეგ კი გაგუდა, უფრო ზუსტად, როგორც თავად ამბობდა, შემოეგუდა, თორემ წამებით მოკვლა სურდა.

სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა და დედის მკვლელს 15 წლთ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციოში მკვლელს 1 წელი ჩამოაკლეს.