რატომ გაწირა მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ - „ოდნოკლასნიკებით“ გახსნილი საშინელი დანაშაული

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ყოველთვის ასე იყო - შეძლებული მამების შვილების უმრავლესობა ძირითად დროს მშობლის მიერ ნაშოვნი ფულის ხარჯვაში ატარებს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, ფლანგვაში, რადგან შინაარსიანად ეს ფული ნაკლებად იხარჯება. თუ  კომუნისტების დროს, ფულის გამოჩენას კანონის შიშით ერიდებოდნენ, მოგვიანებით, ეს შიში კრიმინალების მიმართ შიშით შეიცვალა, ახლა კი არავის არაფრის ეშინია და შეუძლია, თავზე დაიმხოს ღამის კლუბი თუ რესტორანი, რასაც არცთუ იშვიათად აკეთებენ კიდეც. კომუნისტების დროს, ასეთ ახალგაზრდებს „ოქროს თაობას“ ეძახდნენ და სჯეროდათ, რომ შვილები მამის კვალს გაჰყვებოდნენ და ბევრად წარმატებულები გახდებოდნენ. შემდეგ ეს თაობა „მამიკოს ბიჭებად“ მოინათლნენ, ახლა კი... ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს - არის ნაწილი, რომელიც მთლიანად ოჯახის მიერ ნაშოვნი ფულით ცხოვრობს და არაფერს აკეთებს, მეორე ნაწილი კი ცდილობს, მშობლებს გვერდში დაუდგეს და საქმიანობაში რაღაც წვლილი თავადაც შეიტანოს.

 

„სოციალური ქსელების დიდი მომხმარებელი არც ახლა ვარ, თავიდან კი საერთოდ, მათი არსებობის შესახებ არ ვიცოდი და ძველი თაობა სერიოზულად არც აღიქვამდა. ეს ახლაა, სოცქსელებით დანაშაულის გახსნაც რომ არის შესაძლებელი, მე კი „ოდნოკლასნიკები“ რომ მიხსენეს, მაშინვე ჩემი თანაკლასელები გამახსენდა, მაგრამ თურმე, სოციალური ქსელი ყოფილა და მაშინ „ფეისბუქი“ ასე პოპულარული არ იყო თუ საერთოდ არ იყო, არ მახსოვს. „ოდნოკლასნიკები“ კი საქმეში, რომელიც პირადად მინისტრის მოადგილის ბრძანებით ჩამაბარეს, ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა გახდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქმე, ერთი შეხედვით, მარტივი იყო - „მამიკოს ბიჭები“ ქალაქგარეთ შეიკრიბნენ მორიგი ღრეობისთვის და თან ორ მათგანს ახალი მანქანა ჰყავდა მიყვანილი. ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, იქიდან ათამდე ნიღბიანი გადმოვიდა ხელკეტებით და სანამ ბიჭები აზრზე მოვიდოდნენ, ყველა მათგანი დაბლა ეყარა - თავდამსხმელები ყველას გამეტებით სცემდნენ. შემდეგ, ნიღბიანები ისევ სამარშრუტო ტაქსიში ჩასხდნენ და იქაურობას გაეცალნენ. ვერავინ შეძლო ვერც თავდამსხმელთა მანქანის ნომრის დანახვა და, რაღა თქმა უნდა, არ დაუნახავთ სახეც. შესაძლოა, ამის გამო, არც არავის ეჩივლა, მაგრამ თავდასხმის დროს, ერთ-ერთი ბიჭი ისე დაშავდა,რომ კომაში მყოფი, მართვით სუნთქვაზე იყო. არადა, მისი იქ ნახვა ბევრს გაუკვირდა, არ იყო მამამისი დიდი გაქანების არც ბიზნესმენი და არც - მაღალჩინოსანი. რაც მთავარია, ამ ბიჭს ყველა დადებითად ახასიათებდა და ყველაზე მეტი სწორედ მას მოხვდა. მამებმა იმდენი მოახერხეს, რომ საქმე მინისტრის მოადგილემ აიყვანა კონტროლზე და მანაც გამოძიება ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მაძებარს დაავალა.

„როგორც გავიგე, „ოდნოკლასნიკებში“ ვიღაცამ დადო ფოტოები, სადაც ეს ბიჭები სხვებს სცემდნენ და გაირკვა, რომ ნაცემებიდან ერთ-ერთი, ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცემის მიზეზი კი არ არსებობდა, ისინი, უბრალოდ, გაერთნენ და ამიტომაც, სწორედ იმ „ოდნოკლასნიკების“ წყალობით, ვიღაცამ დაგეგმა თავდასხმა, აქაოდა, მოდით, ჭკუა ვასწავლოთ და ვისაც სურვილი ექნება, ავტომობილი ამა და ამ ადგილიდან გავაო. ჰოდა, შეიკრიბნენ ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები, მუქარა შეასრულეს და ახლა მე უნდა მეძებნა თივის ზვინში ნემსი, მით უმეტეს, ამ სოციალური ქსელის არაფერი გამეგებოდა და ძირითადად ჩემი შვილი მეუბნებოდა, იქ რა და როგორ ხდებოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ძაფის ბოლო მაინც გამოჩნდა - ერთ-ერთს ეწერა, აუცილებლად მოვალ, მაგ ბიჭებთან ჩემი ანგარიშები მაქვსო და სამართალდამცავებმაც მისი ვინაობა მარტივად გაარკვიეს, ერთ საათში კი ის უკვე ჩვენებას აძლევდა.

„მაგ არაკაცებიდან ერთ-ერთმა, ორი თვის წინ, ჩემი მეგობარი მოკლა. მანქანით დაეჯახა, მერე კი უკუსვლთ წამოვიდა და მეორედ გადაუარა. ამის თვითმხილველი ათამდე ადამიანი იყო, მაგრამ, რა? არავინ დაიჭირეს, მამიკოს ფულების წყალობით, ციხეში არ წავიდა, საქმე ჯერ არ დაუხურავთ, მაგრამ მოწმე ჰყავთ, რომელიც ამბობს, რომ ავარიის დროს, მანქანის მეპატრონე, თურმე, მასთან ერთად იყო. ცემა რომ ვაკმარეთ, მადლობა თქვან“, - განაცხადა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, დანარჩენებზე კი ინფორმაცია არ ჰქონდა და ეს ლოგიკურიც იყო - ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები შეიკრიბნენ, ნიღბები გაიკეთეს, სცემეს და დაიშალნენ, თუმცა როგორც დაკავებული ამბობდა, ყველაფერ ამას, ვიღაც ხელმძღვანელობდა, რომელმაც ცემა დაგეგმა, ნიღბები და ხელკეტები მიიტანა ადგილზე, მანქანა იშოვა და რაც მთავარია, საიდანღაც გაიგო, როდის და სად იკრიბებოდნენ ბიჭები.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებელი იმ საქმითაც დაინტერესდა, რომელიც დაკავებულმა ახსენა. მართლაც, ათამდე ადამიანი იყო მოწმე, როგორ დაეჯახა ახალგაზრდა კაცს ავტომობილი, შემდეგ უკუსვლით ჯერ კიდევ ცოცხალს როგორ გადაუარა, მოკლა და ადგილიდან მიიმალა. მანქანის მეპატრონე მეორე დღეს დააკავეს, მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობდა, იმ დროს ერთად ვიყავით და თან ისეთი ნასვამი იყო, მანქანის მართვის კი არა, სიარულის თავი არ ჰქონდაო. მოწმედ კი... ის ბიჭი გადიოდა, რომელსაც ყველაზე მეტი მოხვდა და ახლა სიკვდილს ებრძოდა. ისე გამოდიოდა, რომ ვიღაცას ყველაფერი ეს, სწორედ ოქროს მოწმის მოსაშორებლად სჭირდებოდა.

„დაშავებული ბიჭის მშობლების დასაკითხად წავედი, მაინტერესებდა, ხომ არ იყო რამე მუქარა მათი შვილის მისამართით. მათ ასეთი ფაქტი ვერ გაიხსენეს, თუმცა დედამისმა დაადასტურა, რომ იმ დღეს, როცა ავარია მოხდა, მის შვილს რამდენჯერმე ესაუბრა და მან უთხრა, მეგობართან ვარ, ძალიან ნასვამია და მარტო ვერ ვტოვებო. ქალი ირწმუნებოდა, ჩემი შვილი არ მომატყუებდა და არც მოწმედ გავიდოდა, ზუსტად რომ არ სცოდნოდა სიმართლეო. გამოდიოდა, რომ ვიღაცას ძალიან სურდა, ავარია ავტომობილის მეპატრონესთვის შეეტენა და რაც მთავარია, იმ ვიღაცას ძალიან უნდოდა, მოეკლა ის ბიჭი, რომელიც მოკლა კიდეც. ამიტომ, ავარიაში გარდაცვლილის გარემოცვის შესწავლა დავიწყე“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, გარდაცვლილი დამწყები ბიზნესმენი და ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. მან მცირე საწარმო გახსნა და მალე დიდ მასშტაბებზე გავიდა. საქმეში ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელმაც გამომძიებლებთან ცრემლები გადმოყარა, მისი სიკვდილის შემდეგ, საქმე უკან მიდის, საწარმო უნდა გავყიდო, მარტო ვეღარ ვხელმძღვანელობ და სანამ ფასი აქვს, უნდა მოვიშოროო.

„ჩემი შვილი ავარიის დროს საჭესთან არ მჯდარა და ამას ორი რამით ვამტკიცებ. პირველი ის, რომ მოწმე გვყავს და იმ მოწმეს შემდეგ ფულიც შევთავაზე მადლობის ნიშნად, მაგრამ არ გამომართვა, სიმართლეს ვამბობო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გულწრფელია და მეორეც, როცა ავარიის შემდეგ ექსპერტებმა მანქანა შეამოწმეს, მძღოლის სახელურზე, გასაღებსა და საჭეზე ერთი ანაბეჭდიც ვერ იპოვეს ანუ ისინი ვიღაცამ გაწმინდა. როგორ გგონიათ, ჩემი შვილი ამას იზამდა? საკუთარი მანქანის წმენდას დაიწყებდა? მას რომ ავარია გაეკეთებინა, მოვიდოდა, მუხლებში ჩამივარდებოდა და შველას მთხოვდა, მან კი ასეთი არაფერი გააკეთა. დამიჯერეთ, ჩემს შვილს ვიცნობ და ავარიის დროს, ის საჭესთან არ ყოფილა“, - ეს განცხადება ავარიაში ეჭვმიტანილის მამას ეკუთვნის.

გამომძიებელმა ექსპერტიც დაკითხა და დაადასტურა, რომ საჭე, გასაღები და მძღოლის მხრიდან კარის სახელური, მართლაც, საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი. ამასთან, ყველა მოწმე, რომელმაც დაინახა ავტომობილი, ამბობდა, რომ არ დაუნახავთ მძღოლის სახე, რადგან მას სათვალე ეკეთა და ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატებული.

„სხვა გზა არ იყო - ყველა ფიგურანტის ფოტოები მოვაგროვე და იმ თავდამსხმელს ვაჩვენე, რომელიც დაკავებული გვყავდა. მან ყველა ფოტო ყურადღებით დაათვალიერა და ხელი ავარიაში გარდაცვლილის მეგობარს დაადო, ორგანიზატორი ეს იყოო. მალევე გავარკვიეთ, რომ ეს პიროვნება „მამიკოს ბიჭებს“ იცნობდა, რამდენიმესთან მეგობრობდა და იმ დღის შეკრების ადგილიც ზუსტად იცოდა. მისი სამიზნე ოქროს მოწმე იყო, რათა ძიება შორს არ წასულიყო და სასამართლოზე დაცვის მხარეს არაფერი ჰქონოდა. რაღა თქმა უნდა, ეჭვმიტანილი დავაკავეთ“,  - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მართალია, თავიდან დაკავებული გაჯიუტდა, მეგობარს როგორ მოვკლავდიო, მაგრამ მერე დაიწყო: „ფირმა ერთად გავაკეთეთ, კარგადაც მოვქოქეთ და კლიენტიც გამოგვიჩნდა, 100 ათასს გვიხდიდა. ეს დიდი ფულია, ამიტომ გაყიდვა მინდოდა, მაგრამ მეგობარმა არ დამანება, ერთ-ორ წელიწადში, ნახევარი მილიონი ეღირებაო. არ შემეძლო ერთი-ორი წელი ცდა, როცა რეალურ ფულს გვთავაზობდნენ და ამიტომ, მისი მოშორება გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ შესაბამისი მანქანის შოვნა არ გამიჭირდებოდა, ამ ბიჭს ვიცნობ და როცა თვრება, გასაღებს მუდმივად მანქანაში ტოვებს. ვუთვალთვალებდი, როცა მანქანა მიატოვა, მეგობარს დავურეკე, ამა და ამ ადგილზე შემხვდი-თქო და დაველოდე, როცა გზაზე გადადიოდა, დავეჯახე და შემდეგ, რომ დავრწმუნებულიყავი, მეორედ გადავუარე“...