„პონტის“ გამო მოკლული ბიჭები - როგორ იყენებენ უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდები“ საქართველოში ახალგაზრდებს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

28 ივლისს, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს. ბოლო დროს, ახალგაზრდებს შორის, სისხლიანი გარჩევები ძალიან გახშირდა და უკვე მშობლებიც კი შიშით უყურებენ ისეთ დაბადების დღეებსა თუ დღეობებს, სადაც მათი სოლიდური რაოდენობა იქნება. როგორც გვიყვებიან, ყველაფერი შელაპარაკებით დაიწყო, მაგრამ ახალგაზრდები დააშოშმინეს, თუმცა როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მხარემ ჩათვალა, რომ ეგო ბოლომდე ვერ დაიკმაყოფილა და უბანში დარეკა, ე.წ. კაი ბიჭები შეაწუხა. ისინიც ავიდნენ და... 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირეს.

დავიწყოთ იმით, რომ ეს „ქურდული მენტალიტეტი“ და „კაი ბიჭობა“ ჩვენთან ვერ დავასრულეთ. ეს დასრულდა ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში (დაახლოებით, საქართველოს დარი სიტუაციიაა აზერბაიჯანში) და  „კანონიერი ქურდების“ გავლენა არათუ შესუსტდა, არამედ, საერთოდ აღარ არსებობს. ზოგადადაც, თანამედროვე „კანონიერი ქურდები“ რადიკალურად განსხვავდებიან საკუთარი წინამორბედებისგან და ისინი უფრო სიცილიელ მაფიოზებს ჰგვანან, რომლებიც დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან და არაფრის კეთება ერიდებათ - სათამაშო ბიზნესით დაწყებული, ნარკოტიკების გაყიდვით გაგრძელებული და პროსტიტუციით დამთავრებული. აი, საქართველოში კი ყველაფერი ეს, ოფიციალურად „ტეხავს“, მაგრამ არაოფიციალურად, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ უმრავლესობა ჩართულია, როგორც ნარკოტიკების სქემაში, ისე სათამაშო ბიზნესსა და იარაღით უკანონო ვაჭრობაშიც კი.

სამაგიეროდ, ისინი საქართველოში მყოფ „კაი ბიჭებს“ აგულიანებენ, რომ ყველაფერი ეს, აკრძალულია და თუ კრიმინალური სამყაროს უმაღლესი საფეხურისკენ სვლა სურთ, ძველ ქურდულ „წესებს“ უნდა დაემორჩლონ.

ჰოდა, სწორედ ამის გამო, განსაკუთრებით რეგიონებში, გროვდება „ობშჩიაკები“, „აკაჩავებენ“, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ისე ახალგაზრდებს, რომლებსაც ფულს აწერენ და სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ვერ ბედავს სამართალდამცავებს მიმართოს და ოფიციალურად მოითხოვს დაცვა იმიტომ, რომ... ისევ მენტალური პრობლემა გვაქვს, პოლიციასთან თანამშრომლობა ხომ „ტეხავს“.

როცა დაზარალებული შევიწროვებული ადამიანი პოლიციაში მიდის, ამბობენ, რომ ის „გაბოზდა“ და როცა არ მიდის და იხდის, „დაგოიმდა“ ანუ ასარჩევი „ბოზობასა“ და „გოიმობას“ შორისაა, სხვა გზას არ ტოვებს კრიმინალური სამყარო. რეალურად, პოლიციაში წასვლა „ბოზობა“ კი არა, ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ გზით, ადამიანი თავს იცავს.

შს სამინისტროს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ მიმართვაზე სათანადო რეაგირება აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ კრიმინალური აზროვნების ადამიანები ციხეში იყვნენ, კანონმორჩილმა მოქალაქეებმა კი მშვიდობიანი ცხოვრება გააგრძელონ.

ასევე, თვე არ გავა, რომ სამართალდამცავებმა „კანონიერი ქურდებთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი არ დააკავონ. ისინი საქართველოდან ევროპაში მყოფ ქურდებს ურეკავენ, რჩევას ეკთხებიან, საქმეებს არჩევინებენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ყველაფერი ამას მარტივად ახორციელებენ. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ „კანონიერი ქურდები“ სასტიკები, საშიშები და დაუნდობლები არიან. სინამდვილეში კი, მათი უშიშრობის მითი დამსხვრეული - იმის მიუხედავად, რომ თურმე, ციხე ქურდებისაა, სწორედ ციხის შიშით, ისინი წლებია, საქართველოში ვერ ჩამოდიან.

სხვათა შორის, ორი კვირის წინ, პოლონეთში, „კანონიერი ქურდების“ მორიგი შეკრება, „სხადნიაკი“ შედგა. ვიღაცამ ყველაფერი ეს, ადგილობრივ სამართალდამცავებს შეატყობინა და სპეცოპერაციის შედეგად, მათი უმრავლესობა დააკავეს. ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ ასეთი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა უმრავლესობას კვლავ ათავისუფლებენ, რადგან „კანონიერი ქურდობაზე“ სასჯელი მხოლოდ სამ ქვეყანაში - საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაშია. ჰოდა, მხოლოდ ამის გამო, მათ ექსტრადაცია ვერ ხერხდება, რადგან აღნიშნულ დანაშაულს, ევროპის არცერთი ქვეყანა არ სცნობს. იმის მიუხედავად, რომ ევროპულ ქვეყნებში შს სამინისტროს ატაშეები ცუდად ნამდვილად არ მუშაობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისინიც უძლურნი არიან. ყველაფერი ეს „კანონიერი ქურდებმაც“ კარგად იციან და ამიტომ, შავ საქმეებს სწორედ იმ ადამიანების ხელით აკეთებენ, ვისაც მომავალში „ქურდობა“ უნდა. შედეგად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ციხეში მიდის, ქურდები კი მშვიდად აგრძელებენ ევროპის ქვეყნებში ცხოვრებას და ახალ მსხვერპლს ეძებენ... საქართველოში.

როგორ არ გავიხსენოთ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე, როცა ახალგაზრდა, უნიჭიერესი ბიჭი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. ბევრი ელოდა, რომ განაჩენი მკაცრი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, მკვლელებს 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შედეგად, როცა ისინი ციხიდან გამოვლენ, 40 წლის იქნებიან და როცა ამ ასაკში ასეთი სისასტიკეს ჩადიან, ციხიდან გამოსვლის შემდეგ (თუ ბოლომდე მოიხადეს და „შემთხვევით“ „უდო“ არ შეახეს) უკეთესს რატომ იზამენ?

აქ მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვსაუბრობთ, ზოგადად ვამბობთ, მკვლელობა საქართველოშ მსუბუქად ისჯება. რატომ? - იმიტომ, რომ მირიან კუკავას მკვლელობაზე საქმე 108-ე მუხლთ აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 15 წელი განზრახ მკვლელობისთვის ძალიან, ძალიან ცოტაა.

ვერ გეტყვით, პეტიცია უნდა შედგეს თუ ადამიანების ჯგუფმა შეიტანოს განაცხადი პარლამენტშ, მაგრამ კანონი აუცილებლად გასამკაცრებელია, გასამკაცრებელია უპრეცედენტოდ და მაგალთისთვის, განზრახ მკვლლებისთვის სასჯელი 25 წლიდან უნდა დაიწყოს და თან შეწყალების უფლების მოთხოვნის გარეშე ანუ სავარაუდო დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ თუ მოკლავს, საუკეთესო შემთხვევაში, გისოსებს მიღმა 25 წელს გაატარებს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, შეწყალების უფლება კონსტიტუციით არის გაწერილიო, მაგრამ კონსტიტუციით, სიცოცხლის უფლებაც გაწერილია და ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენს შესაბამისი სასჯელი უნდა დაეკისროს.

რა უნდა უთხრას სასამართლომ კუკავას მშობლებს, მკვლელს 15 წელი მივუსაჯეთო? მერე? მერე რა ხდება? მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა 22 წლისაა, ციხიდან 37 წლის ასაკში გამოვა (იმანაც თუ ბოლომდე მოიხადა) და არც არაფერი. ჰოდა, პოტენციურმა მკვლელებმა დანის მოქნევამდე რომ იცოდნენ, 25-წლიან სასჯელზე მიდიან, ძალიან, ძალიან კარგად დაფიქრდებიან და „პონტის გულისთვის“ აღარ გაიმეტებენ თანატოლებს.

ჰო, „პონტის გულისთვის“ და სწორედ ამ მიზეზით გახშირდა ბოლო დროს, ახალგაზრდებს შორის დაუნდობლად დანის ქნევა. სამწუხაროდ, ჩვენც მივეჩვიეთ ახალგაზრდების სიკვდილს და ერთდღიანი გლოვა ვისწავლეთ, სწორედ რომ ერთდღიანი, რადგან შემდეგ ოჯახისა და ახლობლების გარდა, გარდაცვლილი აღარავის ახსოვს და მომხდარი ერთი ოჯახის ტრაგედიამდე დადის.

ბარემ, ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი - მკვლელებს, რომლებიც სასჯელის მოსახდელად ზონაზე წავლენ, უკვე პატიმრებისთვის მოუწევთ ახსნა, რის გამო მოკლეს ახალგაზრდა კაცი და მერწმუნეთ, პატიმრების სამართალი ბევრად მკაცრია. ვიღაცას შეიძლება ყბაშიც მოხვდეს მწარედ და ვიღაცას ნეკნებიც დაუმტვრიონ სწორედ იმიტომ, რომ გაუმართლებლად და „პონტის გამო“ ჩაიდინა მკვლელობა, თუმცა ყველაფერი ეს, ვერაფრით ანუგეშებს მშობლებს და ვერ ანუგეშებს იმიტომ, რომ მათ დაკარგეს შვილი, იმედი, მომავალი...

ცნობისათვის, ნარკოდანაშაული ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობის დროს შემცირდა და ეს, ერთი შეხედვით, არაადეკვატურმა სასჯელებმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ნარკოპოლიტიკა შემსუბუქდა და ლოიალური გახდა, დანაშაულმა მოიმატა და თვე არ გადის, შსს-მ ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ არ გვამცნოს. ჰოდა, საქმეში ვნახეთ, რომ არაადეკვატური სასჯელი ამართლებს და განზრახ მკვლელობისთვის, პირდაპირ 25 წელი არაადეკვატურად სულაც არ მეჩვენება, მეტიც შეიძლება, მაგრამ ეგებ, ჯერ აქედან დავიწყოთ.