ცოლმა ბიზნესმენი ქმარი ცოფიანი დობერმანით მოაკვლევინა - უკრაინაში მცხოვრები ებრაელი მდიდრის ოჯახური ტრაგედია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, სიტყვა „ქილერი“ 21-ე საუკუნეშიც ძალიან პოპულარულია. უცხო ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოშიც ხშირად ვხდებით შეკვეთილი მკვლელობების მოწმენი. ცოტა ხნის წინ, „ქილერის“ ხელით სიცოცხლეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა გამოასალმეს. მანამდე იყვნენ სხვა ბიზნესმენებიც და სამწუხაროდ, ასეთი საქმეების გახსნა მხოლოდ ქართველ სამართალდამცავებს არ უჭირთ. არსებობს მოსაზრება, რომ გამორიცხულია ისეთი დაცვა ჰყავდეს ადამიანს, რომლის მოკვლაც შეუძლებელია, თუმცა მაინც არიან ისეთები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა „ქილერებისთვის“ მიუწვდომელნი იყვნენ. სწორედ ასეთ ბიზნესმენზე გვსურს გიამბოთ, რომელიც წარმოშობით ებრაელი გახლდათ, უკრაინაში მოღვაწეობდა და ყველაფერი ისე ჰქონდა აწყობილი, მისი მოკვლა წარმოუდგენელი იყო. ბედის ირონიით, ის საკუთარმა ძაღლმა, დობერმანმა დაგლიჯა... ისტორია უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა გვიამბო, რომელსაც ბიზნესი აქვს და ერთ-ერთ კომპანიაში წილს, სწორედ ამ ებრაელ ბიზნესმენთან ერთად ფლობდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

ფულის შოვნის შემდეგ, ებრაელმა ბიზნესმენმა ოდესის გარეუბანში სახლი კი არა, ნამდვილი ციხე-სიმაგრე ააგო. გარდა იმისა, რომ სახლის, პრაქტიკულად, მთლიანი პერიმეტრი დაფარული იყო და გარედან ვერტმფრენითაც კი ვერაფერს დაინახავდი, შეუძლებელი იყო იმის გარჩევაც, რომელ ავტომობილში იჯდა ბისნესმენი. ის სახლის ქვეშ, მინუს მეორე სართულზე არსებულ დაჯავშნილ ავტომობილში ჯდებოდა დაცვასთან ერთად და ტერიტორიიდან სამი ერთნაირი მანქანა ერთდროულად გადიოდა. არავინ იცოდა, რომელში იჯდა ბისნეზმენი და იგივე ხდებოდა ოფისშიც - შენობის ქვეშ არსებული ავტოსადგომიდან, ბიზნესმენი ლიფტით პირდაპირ კაბინეტში ადიოდა და შედიოდა ოთახში, რომელსაც მინები ქუჩის მხარეს არ ჰქონდა.

ასევე, დაცული იყო მისი მეუღლისა და 16 წლის შვილის უსაფრთხოებაც. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებული ბიზნესმენი, ეზოში გავიდა. მოულოდნელად, საკუთარი დობერმანი დაეტაკა და კბენა დაუწყო. სანამ დაცვა აზრზე მოვიდა და გავეშებული ცხოველი მოკლა, დობერმანმა პატრონისთვის ყელში კბენა მოასწრო და საძილე არტერია დაუზიანა. ბიზნესმენი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ძაღლს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ცოფიანი იყო. არადა, ოჯახი ამტკიცებდა, ცოფზე აცრილი გვყავდაო, თუმცა ვეტექიმებმა თქვეს, რომ იშვიათად, მაგრამ ცოფზე აცრილი ცხოველები მაინც ცოფდებიან. ყველაფერი ეს, უბედურ შემთხვევას მიეწერებოდა, რომ არა ორ კვირაში მომხდარი უბედური შემთხვევა. ბიზნესმენის სახლიდან, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში, ადგილობრივი „ბომჟი“ გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზა ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარდა, თუმცა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „ბომჟი“ ძვირადღირებული საწამლავით მოწამლეს. ეს უკვე გარკვეულ ეჭვს ბადებდა და რაც მთავარია, გარდაცვლილის მეგობარი, ასევე, ლოთი ამბობდა, რომ ის კი არ მოწამლეს, არამედ, ცოფიანი დობერმანის სულმა წაიყვანა.

დობერმანის ხსენებამ სამართალდამცავები დააინტერესა. საქმე ის გახლდათ, რომ მოსახლეობა ცოფიანი დობერმანის მოკვლის შემდეგ ჩიოდა, მისი სული დაძრწის უბანში, ღამით ყმუის და მოსახლეობას აშინებსო. ბევრი ამბობდა, დობერმანის აჩრდილს თვალიც კი მოვკარიო, მაგრამ ლოთის ჩვენება ყველასგან განსხვავებული იყო - ის ამტკიცებდა, დობერმანს თვალი კი არ მოვკარი, ორიოდე დღის წინ, როცა გარდაცვლილთან ერთად, მის ფიცრულში ვსვამდით, დობერმანი იქვე იყო და ვეფერებოდი კიდეცო.

სიმთვრალის მიუხედავად, ლოთი ამას ჯიუტად იმეორებდა და ძალოვნებმაც ფიცრულის დათვალიერება გადაწყვიტეს. ჰოი, საოცრებავ, იქ ნამდვილად იპოვეს ძაღლის ბალანი და ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ ძაღლი ძალიან მოვლილი და პრაქტიკულად, ყველაფერზე აცრილი იყო. ასეთი ოთხფეხა მეგობარი კი ლოთს  არ ეყოლებოდა. ჰო, გარდაცვლილს კუჭში საკვების ნარჩენებიც უპოვეს და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვიდლის წინ... ცხვრის მწვადი მიირთვა, რაც ლოთისთვის წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. ლოთი გამოაფხიზლეს და ახლიდან დაკითხეს, მაგრამ გამომძიებლებს აუხსნა, რომ თუ ნასვამი არ იქნებოდა, ვერაფერს გაიხსენებდა, ამიტომ კეთილი ინებეს, არაყი უყიდეს, ისევ დაათვრეს და ახლიდან დაკითხეს.

„არ ვიცი, რას აპირებდა, მაგრამ ჩემს მეგობარს იმ დობერმანის გაყიდვა სურდა, ამბობდა, ისეთი კლიენტი მყავს, ასი ათას დოლარს იხდისო. მე კლიენტი არ მინახავს, მაგრამ დღე-დღეზე ელოდა და, ალბათ, ფულის გამო მოკლეს“, - თითქოს გაუგებრად, მაგრამ ძალიან საინტერესოდ საუბრობდა პოლიციის ხარჯზე დამთვრალი კაცი.

სამართალდამცავებს მანამდეც ეჭვი ეპარებოდათ, რომ ებრაელი ბიზნესმენის გარდაცვალება შემთხვევითი არ იყო და ეს, იმის მიუხედავად, რომ ვიდეოთვალზე თავად ნახეს, როგორ ეცა დობერმანი პატრონს, როგორ მოვარდა დაცვა და როგორ მოკლა ძაღლი თავში დამიზნებით, როგორ ოპერატიულად გააქანეს „ბოსი“ საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ ბიზნესმენს ძაღლი შეუცვალეს ანუ მეპატრონის ძაღლი ეზოდან გაიყვანეს, მის ნაცვლად, ცოფიანი დობერმანი მიიყვანეს, რომელმაც პატრონი იმსხვერპლა კიდეც, მაგრამ სად უნდა მოეძებნათ იმხელა დასახლებაში დობერმანი, რომელიც სახლს რატომღაც არ ეკარებოდა? ღამის მორიგეობებმა შედეგი არ გამოიღო და ძალოვნებს მხსნელად ქალი კოლეგა მოევლინათ, რომელმაც ღიმილით უთხრა - ძაღლების ნებისმიერ თავშესაფარში წადით, იპოვეთ ძუკნა, რომელიც ატეხილი იქნება, მიიყვანეთ იმ უბანში და მარტო დობერმანი კი არა, მთელი უბნის „ვაჟკაცი“ ძაღლები მოვლენ სუნზეო. ასეც მოიქცნენ და მართლაც, დობერმანი გამოჩნდა, რომელიც მალევე დაიჭირეს. ძაღლის დათვალიერების შემდეგ, აღმოაჩინეს,რომ მას ტანზე, რამდენიმე ადგილას, ელექტროშოკით მიყენებული დაზიანებები ჰქონდა. მივიდნენ ბიზნესმენის მეუღლესთან და სთხოვეს, ძაღლისთვის დაეძახა, რათა დარწმუნებულიყვნენ, მართლაც მათი ცხოველი იყო თუ არა. მეუღლემ ძაღლს სახელით მიმართა, თუმცა ის ადგილიდან მოწყდა და სხვა მხარეს გავარდა. სამაგიეროდ, როგორც კი ბიზნესმენის შვილმა დაუძახა, მაშინვე მიეახლა და თამაში დაუწყო. ეჭვი არ იყო, ძაღლი შეცვალეს, მაგრამ ვინ და რატომ? რატომ გაურბოდა მეუღლეს ცხოველი და რატომ მიდიოდა ბავშვთან?

სახლის ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო. სამაგიეროდ, ბიზნესმენის ცოლის ტელეფონის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ის დაცვის ერთ-ერთ წევრს საეჭვოდ ხშირად ესაუბრებოდა. მართალია, ქალმა თავი იმართლა, დაცვაა და პარალელურად, მძღოლიო, მაგრამ სმს-ების გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, რომ მათ ბევრად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ქალი და დაცვის წევრი დააკავეს და დაკითხვაც დაიწყო.

თავიდან ორივე მტკიცედ იდგა ერთსა და იმავეზე, მაგრამ როცა დაცვის წევრს უთხრეს, ქალს დიდი ფული აქვს, თავს დაიძვრენს და ყველაფერს შენ დაგაბრალებსო, ალაპარაკდა.

„ვაღიარებ, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. სწორედ მან მითხრა, საოცარი იდეა მაქვს, როგორ მოვიშორო ქმარი, როგორ გავხდე შენი ცოლი და მთელი ქონება ჩვენი იყოსო. არ ვიცი, სად ამოიკითხა, მაგრამ როგორც თავად მითხრა, სადღაც ნახა, როგორ შეიძლებოდა ყველაფრის მოგვარება, თუ ცოფიან დობერმანს ვიშოვიდით. სპეციალურად ვიყიდეთ ზუსტად ისეთი ძაღლი, როგორიც შეფს ჰყავდა, გავუკეთეთ ცოფის ვაქცინა და თან, ნამდვილ ძაღლს ქალი ყოველ დღე, ელექტროშოკით უმასპინძლდებოდა, რათა მას სახლი შესძულებოდა. გეგმა ასეთი იყო, ნამდვილი დობერმანი უნდა გაგვეგდო, მერე გვეპოვა და მოგვეკლა. მაშინვე მოკვლა არ გამოდიოდა, ამის დრო არ იყო. ცოფიანი ძაღლი მე მოვიყვანე მანქანით და ეზოში გავუშვი, ნამდვილი ისევ მე წავიყვანე. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და როცა ნამდვილი დობერმანის ძებნა დავიწყეთ, აღმოვაჩნეთ, რომ ის იმ ლოთს ჰყავდა შეფარებული. რომ ვუთხარი, მომყიდე-მეთქი, ჯერ დამთანხმდა, მერე დაფიქრდა და ჩემდა გასაოცრად, ყველაფერს მიხვდა. ასი ათასი მოითხოვა და დავთანხმდი, შემდეგ საწამლავით, სასმელითა და ბატკნის მწვადით მივადექი მეორე დღეს. რომ მოიწამლა, მიხვდა და გაქცევა დააპირა. ბევრი ვერ ირბინა, მალევე მოკვდა, ძაღლი კი მაინც გამექცა. სულ ეს არის“, - დაასრულა მოყოლა დაცვის წევრმა.

სასამართლომ დამნაშავეებს 10-10 წელი ჩამოურიგა, თუმცა ამბობენ, რომ შვილმა დედას დანაშაული აპატია და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ციხიდან დაიხსნასო.