როგორ დაიგეგმა ხანშიშეული მოსამართლის გაუპატიურების იმიტაცია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

მეზობლისგან „ნასესხები“ სპერმა და დამხმარე ქალის შურისძიება

 

ბათო ჯაფარიძე

 

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერ პროფესიაშია კოლეგიალური ურთიერთობა. ეს ის შემთხვევაა, როცა კოლეგა და მეგობარი რაღაც ისეთს გთხოვს, რომელსაც ოფიციალური მსვლელობა არ უნდა მიეცეს, არ უნდა გახმაურდეს, ყველამ არ უნდა გაიგოს. ასეთი რამ, ალბათ, ყველა პროფესიის ადამიანებს გაუკეთებიათ, ერთმანეთი გაუთვალისწინებიათ, მეგობრული ხელი გაუწვდიათ. გამონაკლისი არც სამართალდამცავი ორგანოებია. მეტიც, ერთმანეთის გათვალისწინება შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ იქ ხდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია ოპერატიული მუშაობა. მაგალითად, პროკურორი არ მოგცემს უფლებას, ნებისმიერი ეჭვი სანქციით გადაამოწმო, არც ყველა სავარაუდო ეჭვმიტანილს იცნობს გამომძიებელი. ამიტომ, ვიღაცა ვიღაცას სთხოვს ამბის გაგებას, აგენტისგან ინფორმაციის მიღებას, ხოლო როცა ეჭვი გამართლდება, შემდეგ ყველაფერს უკვე ოფიციალურად აკეთებენ.

 

„რამდენიმე ათეული საქმე მქონდა სასამართლოში გაშვებული და მოსამართლეებს ჩემი საქმეები უხაროდათ, ყველაფერი გარკვეული და კარგად გამოძიებული იყო. ამიტომ, მათთან გადასარევი ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრობდით, სამსახურს გარეთ ვხვდებოდით ერთმანეთს. ამიტომ, არ გამკვირვებია, როცა ერთ-ერთმა მოსამართლე ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, საქმე მაქვსო. ის მოსამართლე თითქმის საპენსიო ასაკის იყო, მარტო ცხოვრობდა, არასოდეს გათხოვილა და შესაბამისად, ქმარ-შვილი არ ჰყავდა“, - იხსენებს იმ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელზეც... სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ეს იმის მიუხედავად, რომ ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა.

მომცრო კაფეში მისულ გამომძიებელს მოსამართლე უფრო დაბერებული ეჩვენა, ძალიან მოტეხილი და ქალს სახეზეც ეწერა, რომ ყველაზე ცოტა, 2-3 ღამის უძილო გახლდათ.

„მომისმინე, თენგო, რასაც ახლა გეტყვი, ჩვენში უნდა დარჩეს. საქმეს არ უნდა მიეცეს ოფიციალური მსვლელობა, არ უნდა გახმაურდეს, მაგრამ უნდა ჩაატარო ყველა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზის ანალიზიც დაგჭირდება და უნდა ეძებო დამნაშავე. აქ, ცელოფანში ნაჭერი მაქვს, ჩემთან ექსპერტი უნდა მოიყვანო და ანაბეჭდები აიღო. მოკლედ რომ გითხრა, მე გამაუპატიურეს“, - ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა მოსამართლემ თავისი ამბავი.

გამომძიებელმა პირი დააღო. ასეთ ასაკში მოსამართლის გაუპატიურება, თანაც საქმეს მსვლელობა არ უნდა მიეცეს...

„ოთხი დღის წინ, სახლში გვიან დავბრუნდი, ჩვევად მაქვს, ძილის წინ, 100 გრამ კონიაკს ვსვამ, კარგად მაძინებს. ამჯერადაც ასე მოვიქეცი, მაგრამ მერე აღარაფერი მახსოვს. დილით სრულიად შიშველმა საკუთარ ლოგინში გავიღვიძე, მივხვდი, ყველაფერი რიგზე არ იყო. ზეწარი ნაცნობ ექსპერტს შევამოწმებინე და მან მითხრა, რომ სპერმაა. დანარჩენი შენ იცი“, - თქვა მოსამართლემ და ამ საუბრიდან ორ საათში, მოსამართლის სახლში გამომძიებლის ნაცნობი ექსპერტები მუშაობდნენ.

„მათ უნდა ენახათ თითის ანაბეჭდები, უნდა შეემოწმებინათ და რაც მთავარია, კონიაკის ბოთლიც კარგად უნდა შეესწავლათ - საინტერესო იყო, რით დააძინეს მოსამართლე. იმავე საღამოს შედეგები მზად მქქონდა - სახლში მხოლოდ მოსამართლისა და მისი დამხმარე ქალის ანაბეჭდები იყო, კონიაკის ბოთლზე - მხოლოდ მოსამართლის ნათითურები, ხოლო საკეტი ნაწვალები გახლდათ და სავარაუდოდ, „ატმიჩკით“ იყო გაღებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავემ ზედმიწევნით იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებელმა დამხმარე ქალი დაკითხა. ის ექვსი თვე იყო, რაც მოსამართლესთან მუშაობდა, რადგან წინა მომვლელი, რომელიც ლამის 20 წელი ემსახურა, ასაკის გამო, დალაგებას ვეღარ ახერხებდა. დამხმარე ქალმა საინტერესო ვერაფერი თქვა, გასაღები მაქვს, მოვედი, დავალაგე, სადილი გავაკეთე და საღამოს 6-ზე წავედიო. მოსამართლე კი შინ, დაახლოებით, 10 საათისთვის დაბრუნდა ანუ დამნაშავემ ბინაში, სწორედ 6-დან 10-მდე შეაღწია, კონიაკში დასაძინებელი წამალი ჩაურია და დაელოდა, როდის დაიძინებდა მოსამართლე, შემდეგ კარი კვლავ „ატმიჩკით“ გააღო და მძინარე გააუპატიურა. მეზობლების დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, მათ უცხო არავინ დაუნახავთ. მეტიც, ერთ-ერთი მეზობელი ამტკიცებდა, მთელი დღე ეზოში, სკამზე ვიჯექი, უცხო ადამიანს აუცილებლად შევნიშნავდი, მააგრამ უცხო არავინ ყოფილაო. სამართალდამცავებმა სამეზობლო შეამოწმეს, თუმცა საეჭვო არავინ იყო.

მოსამართლის საქმეთა გადახედვის ჯერი დადგა. ადვილი შესაძლებელი იყო, ვინმეს მისი განაჩენი არ მოსწონებოდა და შური ასე ეძია, მაგრამ ბოლო ერთი წლის საქმეების გადახედვით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს. ყველა საქმე, ერთი შეხედვით, მარტივი იყო და ერთ წელზე მეტხანს იმიტომ არ გაჰყვნენ, რომ შურისძიების მსურველი მანამდეც მოახერხებდა, თუ რამის ჩადენა უნდოდა. არაოფიციალური ძიება ჩიხში შევიდა, თუმცა...

უცნაური რამ მოხდა - ერთ-ერთ ბინაში, მშობელი მძინარე შვილსა და მის თანაკლასელს მაშინ წაადგა თავზე, როცა ეძინათ. გოგონა სრულიად შიშველი იყო, ბიჭი - ჩაცმული, მაგრამ მშობელმა მაინც ერთი ამბავი ატეხა და გარდა იმისა, რომ მილიციაში დარეკა, აქაოდა, ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო შემიცდინაო, კატეგორიულად მოითხოვა ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნა საინტერესო იყო - გოგონას სასქესო ორგანოების მიდამოებში სპერმის კვალი აღენიშნება, თუმცა მასთან სექსუაალური კონტაქტი არავის ჰქონია. ამ ცნობამ მშობელი საერთოდ გადარია, თუმცა კიდევ ერთმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სპერმა ბიჭს არ ეკუთვნოდა. ბავშვებმა დაკითხვაზე თქვეს, რომ სკოლიდან ერთად დაბრუნდნენ, გახსნილი კომპოტის წვენი დალიეს და მერე აღარაფერი ახსოვთ. ამ შემთხვევაში, უკვე ოფიციალურად, ყველა ის პროცედურა ჩატარდა, რომელიც მანამდე, მოსამართლის სახლში. კომპოტში ზუსტად იგივე საძილე საშუალება აღმოჩნდა, რაც მოსამართლის კონიაკში იყო და ყველაზე მთავარი - სპერმა მოსამართლის სხეულში (და არა სხეულზე) აღმოჩენილს დაემთხვა. ახლა მთავარი იყო, ამ ბავშვსა და მოსამართლეს შორის, გამოძიებას რამე კავშირი ეპოვა, თუმცა ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა, არც მოსამართლე იცნობდა ბავშვს და პირიქით, არც ბავშვი - მოსამართლეს.

„ვერაფერს ვხვდებოდი. წესით, ეს ორი საქმე უნდა გამეერთიანებინა, მაგრამ პირველ შემთხვევაში, არ მყავდა მომჩივანი ანუ მოსამართლემ არ იჩივლა და საქმეების გაერთიანებაც გამორიცხული იყო, თანაც მოსამართლემ მთხოვა, რომ ეს არ გახმაურებულიყო. ამასობაში კი ჩემმა ოპერმა ძალიან საინტერესო კავშირს მიაგნო“,-იხსენებს ბაატონი თენგიზი.

მოკლედ, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა ძველი საქმეები გაქექა და აღმოაჩინა, რომ დაახლოებით, 9 წლის წინ, ერთ-ერთი პიროვნება გოგონას გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჰოდა, იმ კაცის სასამართლოზე მთავარი მოწმე, დაზარალებული გოგონას დედა იყო. გამომძიებელმა საქმეს ჩახედა და გაშრა - აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე, სწორედ მისი მეგობარი ქალბატონი გახლდათ. მაშინვე დაურეკა, შეხვედრა სთხოვა და მოსამართლემაც საქმე მარტივად გაიხსენა - „ყველაფერი ცხადი იყო, ანალიზები, მოწმეები, სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღე“.

ამის მიუხედავად, გამომძიებელმა იმ ბრალდებულის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც წესით, კვლავ ციხეში უნდა ყოფილიყო. მონაცემები შესაბამის უწყებაში გაგზავნა და პატიმართან შეხვედრა ითხოვა, მაგრამ სასჯელაღსრულებიდან ამცნეს, ერთი წლის წინ, ეგ პატიმარი ტუბერკულოზით გარდაიცვალაო. ორი ვარიანტი რჩებოდა - ან ვიღაც მის ნაცვლად იძიებდა შურს, ან გამოძიებას დამნაშავე სხვაგან უნდა ეძებნა.

„იმ კაცის გარშემო ტრიალი დავიწყე და გავარკვიე, რომ მას ახლადმოყვანილი ცოლი ჰყავდა. მოვძებნე ეს ქალი და როცა მისი ვინაობა გავარკვიე, დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ეს ქალი მოსამართლესთან დამხმარედ მუშაობდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

პირველ დაკითხვას მოსამართლეც დაესწრო და...

„როცა ჩემი ქმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, კინაღამ გავგიჟდი. თაფლობის თვე გვქონდა და ერთი წუთითაც კი არ ვშორდებოდით ერთმანეთს. ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ქმარი ვიღაცამ ამ საქმეში ძალით შეტენა, მისი კვალი კი იმიტომ გაჩნდა იქ, სადაც გაჩნდა, რომ მთელ დროს სასტუმროში ვატარებდით და იქიდან ნივთმტკიცების მოპოვება რთული არ იყო. არ ვიცოდი, ვის დააფარეს მაშინ ხელი, მაგრამ მერე გავიგე, რომ იმ მოწმემაც ფული აიღო, გამომძიებელმაც და მოსამართლეზე ამბობდნენ, არაფერი იცოდა, მაგრამ არ მჯერა. მოკლედ, ერთ-ერთი ჩინოვნიკის შვილი „გამოაძვრინეს“. ყველაფრის მიუხედავად, ქმარს ველოდი და ვერ მოვესწარი, მომიკვდა... მერე გადავწყვიტე შურისძიება, როგორ მოვეწყვე მოსამართლესთან, არაა საინტერესო, „ატმიჩკების“ გამოყენება ადრეც ვიცოდი, მამა მყავდა საკეტების ხელოსანი, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო“, - განაცხადა ქალმა და მოსამართლე ფეხზე წამოხტა - „მე არაფერი ვიცოდი, საერთოდ არაფერი, საქმეში კი ყველა მტკიცებულება იყო... და მთავარი - მე ვინ გამაუპატიურა?!“

„არავინ, ქალბატონო მოსამართლევ. არც თქვენ და არც ის ბავშვი, არავის გააუპატიურებია. ერთი „აზაბოჩენი“ მეზობელი მყავს, ბერბიჭაა, მაგას ვთხოვე, სპერმა მჭირდება, რაღაც მალამოებს ვამზადებ-მეთქი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, იმის სპერმაა, უბრალოდ, ვიყენებდი, არავის არავისზე უძალადია, მე გავაკეთე ზუსტად ის, რაც გაუკეთეს ჩემს ქმარს, თითქოს გააუპატიურა და სინამდვილეში... აღარ მინდა საუბარი, მაინც ვერ გაიგებთ“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

ძალიან დიდი ალბათობით, ქალის საბოლოო განაჩენზე მოსამართლემ იმოქმედა და საკუთარი კავშირები სრულად აამუშავა. მძიმე ბრალდებების მიუხედავად, ქალს სამწლიანი პირობითი აკმარეს.