სათამაშო დათუნიაში დამალული განძი - რატომ იძალადა ნაციხარმა მამაკაცმა 8 წლის გოგონაზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, თვე თუ არა, კვარტალი ისე არ გადის, მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულზე არ გავიგოთ. რატომღაც მგონია, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი მკაცრი არ არის და ურიგო არ იქნება, თუ ასეთ დროს უვადო პატიმრობასაც განიხილავენ. არასრულწლოვნებზე ძალადობა არ არის რიგითი დანაშაული, ვფიქრობ, ეს დიაგნოზია, დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება...

საბჭოთა კაავშირის დროს, არასრულწლოვნებზე ძალადობა უკრაინაში, ბელორუსსა და განსაკუთრებით რუსეთში უცხო ხილი არ იყო, თუმცა სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ტიპის დამნაშავეები შემდეგ შესაბამის საკანში მოხვედრილიყვნენ და მოძალადეებს ხშირად პოულობდნენ სასტიკად ნაცემს, ჩამომხრჩვალს, ვენებგადაჭრილს... საქართველო იყო ის ერთ-ერთი რესპუბლიკა, სადაც ასეთი ტიპის დანაშაულები ძალიან, ძალიან იშვიათად ხდებოდა და თუ ხდებოდა, მაშინვე გამოცდილი გამომძიებლები ერთვებოდნენ, რათა საქმე ბოლოში მალე გასულიყო და ქვეყანაში პანიკა არ დაწყებულიყო. ამიტომ, როცა მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი 8 წლის გოგონასთან ერთად მივიდა და განაცხადა, ჩემს შვილზე ძალადობა სცადესო, ფეხზე არა მარტო ის განყოფილება, არამედ, დედაქალაქის მთელი შემადგენლობა დადგა.

„სახლთან ახლოს პურის მაღაზია გვაქვს. ყველა გამყიდველი იცნობს ჩემს შვილს და იშვიათად, თუმცა პურზე მაინც ვაგზავნი ხოლმე. მას არც გზის გადაჭრა უწევს, არც დიდი მანძილის გავლა, სახლიდან მაღაზიამდე 50 მეტრია. ამჯერადაც ასე იყო, ბავშვი დილით გავგზავნე მაღაზიაში, თან საყვარელი დათუნია წაიყვანა და ყველაფერი სწორედ მაღაზიაში მოხდა“, - დაიწყო ქალმა მოყოლა და სანამ გააგრძელებდა, გამომძიებელმა გამყიდველების მოყვანა ბრძანა. ისტორიაც სწორედ გამყიდველებისგან ანუ პირდაპირი მოწმეებისგან მოისმინა.

„ამ ბავშვს ვიცნობთ, საყვარელი გოგონაა. დღესაც, მაღაზიაში რომ შემოვიდა, პური აიღო, თან თავის განუყრელ დათუნიას იხუტებდა. მასთან ვიღაც ახალგაზრდა კაცი მივიდა და გამოელაპარაკა, მერე თავზე ხელი გადაუსვა, რაც არ მომეწონა. დახლიდან გამოვედი და ამ კაცისკენ დავიძარი, ის კი გოგონას ეფერებოდა, როცა დამინახა ვუახლოვდებოდი, მოულოდნელად ბავშვს ხელი ჰკრა, სათამაშო გამოსტაცა და გაიქცა“, - განაცხადა გამყიდველმა.

საჭირო იყო ბავშვის დაკითხვა, მაგრამ ეს ძალიაან ფრთხილად უნდა მომხდარიყო. ამიტომ, ბავშვთა ფსიქოლოგს (იმ დროისთვის იშვიათი პროფესია) უხმეს და გოგონა მშობლის თანდასწრებით, ძალიან ფრთხილად გამოჰკითხეს. ბავშვი ჯერ ტიროდა, შემდეგ კი ყველაფერი თქვა.

„ის ბიძა მოვიდა და მითხრა, რა კარგი დათუნია გყავს, თუ გინდა, მაჩუქე და მე კანფეტებს გიყიდიო. მე უარი ვუთხარი, ის თან მეფერებოდა და თან მეჩურჩულებოდა, ბევრ კანფეტს გიყიდი, მთელი ცხოვრება რომ გეყოფა, იმდენს, აქვე გიყიდიო. მერე გამყიდველი დეიდა მოვიდა, იმ ძიამ კი ჩემი დათუნია წამართვა და გაიქცა“, - სულ ეს იყო, რაც გოგონამ თქვა და გამომძიებლებმაც ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გოგონა ჯიუტად იმეორებდა, ის ძია მხოლოდ თმებზე მეფერებოდაო და გამყიდველიც ამტკიცებდა, თავის გარდა, ბავშვს არსად შეხებიაო. არ ჰგავდა დათუნიას გამტაცებელი მოძალადეს, თუმცა კანფეტის შეთავაზება და დაპირება მაინც საეჭვოდ ჟღერდა. გამყიდველის მონათხრობის მიხედვით, სამართალდამცავებმა ფოტორობოტიც შეადგინეს, მაგრამ როცა ბავშვს ანახეს, მან თავი გადააქნია, იმ ძიას საერთოდ არ ჰგავსო. სამაგიეროდ, ერთ-ერთი მყიდველი, რომელიც ახლაგაზრდა კაცს მაღაზიის კარში შეეჩეხა, ამბობდა, რომ ფოტორობოტი მაქსიმალურად მიახლოებული იყო დათუნიას გამტაცებლის სახესთან.

გამომძიებლებმა ფოტოს შედარება ძალადობაში ადრე ნასამართლევ თუ ეჭვმიტანილ პირებთან დაიწყეს, თუმცა არცერთს მიახლოებითაც კი არ დაემთხვა. ეს ძალიან ცუდი იყო, რადგან გამოდიოდა, რომ ქალაქში ახალი მოძალადე გამოჩნდა, რომლის სახელი და გვარი სამართალდამცავებმა არ იცოდნენ და რაც მთავარია, არც მისი ანაბეჭდები ჰქონდათ.

როგორც გამყიდველი ყვებოდა, მას მაღაზიის სახელურზე გასვლისას ხელი არ შეუხია, შემომსვლელს დაეჯახა და ისე გავარდა. აი, შესვლისას კი შეახებდა, მაგრამ... გოგონაც და გამყიდველიც ამბობდნენ, მამაკაცს ხელთათმანები ეკეთაო. ძალოვნებმაც დაასკვნეს, რომ მოძალადემ კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა და ხელთათმანებიც ანაბეჭდების დაფარვის მიზნით ეკეთა. დათუნიას ისტორიაც მალე გაარკვიეს, გოგონას ის ძველმა მეზობელმა მაშინ აჩუქა, როცა 2 წლის იყო და ნაჭრის სათამაშო ბავშვს მას შემდეგ გვერდიდან არ მოუცილებია, მასთან ერთად ეძინა, ჭამდა, სეირნობდა...

ფოტორობოტი ყველა განყოფილებაში გაგზავნეს, მაგრამ ვერავინ ამოიცნო ანუ ძალოვნებს ფოტოზე აღბეჭდილი პირი არ ეცნობოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კრიმინალი არ იყო და თუ თავს მალე არ გამოავლენდა, მისი დაჭერა გართულდებოდა. ფსიქოლოგებმა ისიც თქვეს, დიდი შანსია, სათამაშო იმიტომ წაიღო, რომ ბავშვის სუნი ჰქონდა და თუ ასეა, მაშინ საქმე ნამდვილად მოძალადესთან გვაქვსო.

მომხდარიდან, დაახლოებით, ორი კვირა იყო გასული და რამე სიახლე ან წინსვლა აღნიშნულ საქმეზე ძალივნებს არ ჰქონდათ. ეგ კი არადა, ისე, რომ მშობლებს არ უთხრეს, გოგონას ოპერმუშაკები 24-საათიან რეჟიმში უთვალთვალებდნენ, იქნებ, მოძალადე კიდევ გამოჩნდესო, მაგრამ ბავშვს ახლოსაც კი არავინ გაკარებია. გოგონას მეორე დათუნია უყიდეს მშობლებმა, თუმცა ის მაინც ძველს მისტიროდა.

ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, საქმის გამომძიებელს ქუჩაში გოგონა და დედამისი შეხვდნენ. მოულოდნელად, დედამ საყვედურნარევი ხმით თქვა, რა ხდება ჩვენს ქალაქში, ჩემს შვილს რომ დათუნია წაართვეს, მესამე დღეს, ჩვენი ძველი მეზობლის ბინა გაქურდეს - იმის, ვინც ეს სათამაშო ბავშვს აჩუქა, თავს უსაფრთხოდ ვეღარ ვგრძნობთო. ქალის სიტყვებმა გამომძიებელი ჯერ ჩააფიქრა, შემდეგ კი...

სამართალდამცავებმა ძველი მეზობლის შესწავლა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ქალს მეუღლე ჰყავდა, რომელიც ბინების ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა სახლებიდან წაღებული ძვირფასეულობა ვერ უპოვეს. აყვანის დროს, ის ფანჯრიდან გადახტა, შემდეგ მტკვრისკენ გაიქცა და რაღაც გადააგდო. მოგვიანებით თქვა, რომ ძვირფასეულობა ნივთმტკიცების სახით მოიცილა, მაგრამ რამდენიმე ბინაში მისი ანაბეჭდები იყო და მარტივად გაასამართლეს. ჰოდა, ეს კაცი ციხიდან ერთი თვის გათავისუფლებული გახლდათ და როგორც კი კარტოთეკაში ჩაკრულ ფოტოს დახედეს, მიხვდნენ, რომ ფოტორობოტზე აღბეჭდილი კაცი და ბინის ქურდი ერთ და იგივე პიროვნება იყო. ის იმავე საღამოს, სოფელში მდებარე სახლში დააკავეს. მუცელგამოფატრული დათუნიაც მის სახლში ნახეს.

„როცა დამიჭირეს, ცოლი მაშინვე დამშორდა, ქურდთან ვერ ვიცხოვრებო. ნაქურდალი დათუნიაში მქონდა შენახული, რომ გამოვედი, მოვიკითხე და მითხრა ვისაც აჩუქა, ამიტომ წავართვი ბავშვს სათამაშო, მაგრამ იქ არაფერი იყო. მერე ყოფილი ცოლის ბინა დავათვალიერე და იქაც ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ ჩემს ყოფილს იმდენი ავეჯი და ისეთი ძვირფასი ნივთები აქვს შეძენილი, სავარაუდოდ, ძვირფასეულობა მან იპოვა და ჩემთან ერთად ისიც უნდა გასამართლდეს“, - დაასკვნა დაკავებულმა.

სამართალდამცავებმა ქალიც დაკითხეს, მაგრამ მან ხელები გაასავსავა, რა მოპარული ძვირფასეულობა, ყველაფერი ჩემი ძმის მიერ არის ნაყიდი, რუსეთშია სამუშაოდ წასული და ფულს იქიდან მიგზავნისო. გამომძიებლებმა ბიჭი მოიკითხეს და საინტერესო პასუხიც მიიღეს. ახალგაზრდა კაცი რუსეთში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა, სერიოზული თანხა გადაიხადა და სარფიან ადგილზეც მოეწყო. აი, საიდან ჰქონდა თანხა, არავინ იცოდა და გაჩნდა ეჭვი, რომ ძვირფასეულობას სწორედ მან მიაგნო. ის დაკითხვაზე საქართველოში დაიბარეს და როცა გამომძიებლის ოთახში შეიყვანეს, მაგიდაზე სწორედ ის დათუნია იდო. სათამაშოს დანახვისთანავე, შემოსული შეკრთა, თუმცა შემდეგ გაიღიმა და გამომძიებელს პირდაპირ უთხრა - „ყველაფერი ერთი შეხედვითაც გასაგებია, მაგრამ მტკიცებულების არარსებობის გამო, მე ვერ დამაკავებთ!“

და ის სავსებით მართალი იყო - გამოძიებას მტკიცებულება არ ჰქონდა, გარდა ბინის ქურდის მონაყოლისა, რომელიც ყოფილი ცოლის ბინის გატეხვის გამო, კვლავ ციხეში შეაბრუნეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე