ცხრა მკვლელობა და 42 გაუპატიურება - ვინ იყო საბჭოთა კავშირში პირველი სერიული მკვლელი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ანდრეი ჩიკატილო - კაცი, რომლის სახელსაც სერიული მკვლელობები უკაავშირდება. ოფიციალური მონაცემებით, მან 53 ადამიანი მოკლა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მსხვერპლთა რიცხვი ბევრად მეტი იყო. ჩიკატელო 1978-დან 1990 წლამდე, დაუნდობლად აუპატიურებდა და ხოცავდა მოზარდებს. მას დასავლურმა პრესამ „როსტოველი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „საბჭოთა ჯეკ მფატრავი“ და კიდევ არაერთი სახელი შეარქვა. საინტერესოა, რომ პირველი მკვლელობა, რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა, საბჭოთა მილიციამ „ოპერატიულად გახსნა“ და ვინმე ალექსანდრ კრავჩენკო დახვრიტეს. მხოლოდ 12 წლის შემდეგ გაირკვა, რომ კრავჩენკო ტყუილად დახვრიტეს და რეალური მკვლელი სხვა იყო. პირველი მკველობა ჩიკატილოს ყველაზე კარგად ახსოვდა. ამიტომ, დეტალურად  გაიხსენა, რა, როგორ მოხდა და... კრავჩენკოს დახვრეტისთვის არავინ დაუსჯიათ.

ყველაფერი ეს კი იმიტომ გავიხსენე, რომ ოფიციალურად, სწორედ 70-იანების მიწურულს აღიარა საბჭოთა ხელისუფლებამ სერიული მკვლელის არსებობა. მანამდე  მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ სერიული მკვლელობები საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა და ეს მხოლოდ კაპიტალისტური ქვეყნების ხვედრი იყო. არადა...

 

1970 წელს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებული და გარდაცვლილი იპოვეს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მილიცია ყველაფერს გულისყურით მოეკიდა, მაგრამ მომდევნო დღეებში, სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, გაუპატიურებისა და მკვლელობების რიცხვი ათს გასცდა. უფრო ზუსტად, კიდევ ორი ქალი მოკლეს, შვიდი კი გააუპატიურეს და ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. სამართალდამცავებმა ყველა დაკითხეს და გაარკვიეს, რომ ყველა შემთხვევაში, თავდამსხმელი ერთი და იგივე პიროვნება იყო. ის ქალებს თავს უკნიდან ესხმოდა, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით, ან პირზე ხელის აფარებით, გრძნობის დაკარგვამდე მიჰყავდა, შემდეგ კი აუპატიურებდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში კლავდა, თუ მსხვერპლი აზრზე მოვიდოდა და რაც მთავარია, დამნაშავის სახეს დაინახავდა.

ყველა მიხვდა, რომ ეს სერიული დანაშაული იყო, როგორც მკვლელობის, ისე ძალადობის მიმართულებით, მაგრამ ამის აღარება არ შეიძლებოდა. საქმე რაც შეიძლება მალე უნდა გახსნილიყო, რადგან თუ აღნიშნული ინფორმაცია უცხოურ მედიაში გაჟონავდა, საბჭოთა კავშირს სირცხვილი არ ასცდებოდა.

მოდით, ახლა თემიდან ცოტა გადავუხვიოთ და „იუჟმაშზე“ ვისაუბროთ. ეს არის ერთ-ერთი უდიდრესი მანქანათმშენებელი ქარხანა უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ დნეპრში და ვაი, რომ ამ დონის საწარმო შესაძლებელი იყო ჩენთანაც აშენებულიყო. ქუთაისი, დნეპრი, ოდესა, ნოვოსიბირსკი, ირკუტსკი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც საბჭოთა ხელისუფლებამ მანქანათმშენებელი ქარხნების აგება ბრძანა და თან ისე, რომ საჭიროების დროს, ქარხნები მარტივად გადაკეთებულიყო და ტანკები და თვითმფრინავები ეწარმოებინათ. ყველაზე მასშტაბური, სწორედ „იუჟმაში“ („იუჟნი მაშინასტროიტელნი ზავოდ“) გამოვიდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვიღაცამ მოსკოვში „იჩალიჩა“, რომ გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი უკრაინაში წასულიყო და ეს იმის მიუხედავად, რომ ქარხნების აშენების ბრძანება მეორე ომის დასრლებამდე ერთი წლით ადრე, 1944 წელს გაიცა, ექსპლუატაციაში კი 1951 წელს შევიდა ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ სტალინი და ბერია ცოცხლები იყვნენ და თავისუფლად შეიძლებოდა საქმის „გაიმასქნება“. ჰო, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, საავტომობილო მრეწველობის კუთხით, დღემდე უდიდესი საწარმოა საქართველოში. რაც შეეხება „იუჟმაშს“, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებამდე, ერთ-ერთმა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ მასში 870 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა... ეს ქარხანა გახსნის დღიდან, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და რაც მთავარია, საიდუმლო და დაცული ობიექტი იყო. ქარხანა დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა...

ისევ მკვლელობათა სერიას დავუბრუნდეთ. საქმე სასწრაფოდ უნდა გახსნილიყო და ამიტომ, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან დნეპრში ერთბაშად სამი ათასი მაძებარი ჩავიდა. მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეპოვათ დამნაშავე, მაგრამ ამაოდ - იმ ორი თვის განმაავლობაში, რომელიც ამ სამი ათასმა მაძებარმა უკრაინაში გაატარა, ერთი დანაშაულიც არ მომხდარა. ცხადი იყო, დამნაშავე დაფრთხა და დაიმალა, მაგრამ როგორც კი ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ, დამნაშავე მაშინვე სანადიროდ გამოვიდა და ერთ კვირაში, გაუპატიურების სამი გაუხსნელი შემთხვევაც დაფიქსირდა. საუბარი იმის შესახებ, რომ დამნაშავე სამართალდამცავი იყო და იცოდა სამი ათასი კაცის ჩამოსვლისა და შემდეგ წასვლის შესახებ, არასერიოზული იყო. ამ ადამიანების ვოიაჟი ძალოვნებმა კი არა, მთელმა უკრაინამ იცოდა და მათ იმედითაც უყურებდა, მაგრამ ამაოდ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არცერთ შემთხვევაში, დამნაშავე კვალს არ ტოვებდა, თუმცა სავარაუდოდ, მანიაკალური გრძნობების დასაკმაყოფილებლად, ყველა მსხვერპლს რაიმე ნივთს აცლიდა და თან მიჰქონდა, იქნებოდა ეს საყურე, ყელსაბამი, თმის სამაგრი, თავშალი თუ სხვა რამ ანუ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად ღირებული იყო ნივთი, მთავარი იყო, ჰქონოდა, რათა შემდეგ გაეხსენებინა. ფსიქოლოგებმა გამომძიებლებს უთხრეს, რომ არ უნდა ჰქონოდათ იმის იმედი, რომელიმე ნივთი სადმე, შავ ბაზარზე გამოჩნდებოდა, რადგან ეს არ იყო სარგებლის მისაღებად წაღებული ნივთები, ეს იყო სერიული მოძალადისა და მკვლელის ჯილდო, რომელიც მას ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა.

ძალოვნები სასწაულის იმედად იყვნენ და თითქოს, სასწაული მოხდა, ოღონდ თითქოს. ერთ-ერთი ქალი, რომელიც მოუხელთებელმა მამაკაცმა გააუპატიურა, გადარჩა და აზრზე მოვიდა, თუმცა ეს მოძალადემ ვერ შენიშნა. სამაგიეროდ, ქალმა ძალიან კარგად დაიმახსოვრა მისი სახე და მილიციაშიც მივიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქალი ვერ ახერხებდა მის აღწერას, ვერ ამბობდა, როგორი იყო და ფოტორობოტოს შექმნაც გამოირიცხა. სამაგიეროდ, ქალი გადაჭრით ამბობდა - თუ სადმე დავინახავ, აუცილებლად ვიცნობო. სად უნდა ეძებნათ დამნაშავე? მართალია, მაშინ დნეპრის მოსახლეობა იმდენი არ იყო, რამდენიც ახლაა, მაგრამ უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქში, ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობდა. შესაძლებლობა, რომ დაზარალებული მოძალადეს შემთხვევით სადმე შეხვედროდა, ძალიან მცირე იყო. ამ მოსაზრებას საქმის გამომძიებელი არ დაეთანხმა, უფროსობას უთხრა, გეგმა მაქვს, ორი კვირა სხვა საქმეებს უნდა ჩამომაცილოთ და არც არაფერი მკითხოთო. უფროსობა დათანხმდა და გამომძიებელიც საქმეს შეუდგა. მან დაზარალებულს ხელი ჩასჭიდა და დილიდან გვიან ღამემდე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაჰყავდა - რკინიგზის სადგურზე, იაფფასიან სასადილოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უბრალოდ, ქუჩაში, სტადიონზეც კი. ამან შედეგი ვერ გამოიღო.

გამომძიებელი და დაზარალებული განყოფილებაში ბრუნდებოდნენ, რათა ქალს დაედასტურებინა, რომ ძალოვანი მთლი ორი კვირა, მართლაც, მას დაჰყვებოდა, არცერთი წამით არ დაუსვენია, თუმცა უშედეგოდ. ჰოდა, ტროლეიბუსში ქალი ერთ მგზავრს დააშტერდა, მერე კი ბოლო ხმაზე იყვირა - ის არის! მგზავრმა ერთი გამოიხედა და გაქანებული ტრამვაიდან გადახტა. გამომძიებელი არც დადევნებია, მიხვდა, ძლიერ ახალგაზრდასთან შანსი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მისი სახე კარგად დაიმახსოვრა და ფოტორობოტიც შეადგინა.

აღნიშნული ფოტორობოტით ოპერმუშაკებმა მთელი დნეპრი სამ დღეში შემოიარეს და შედეგიც დადეს - ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი ძალიან ჰგავდა „იუჟმაშის“ ქარხნის მუშას, ვინმე ალექსანდრ ბერლიზოვს. გარდა იმისა, რომ ქარხანაში მუშაობდა, კომკავშირის ახალგაზრდულ ფრთასაც ხელმძღვანელობდა.

„არ შეიძლება, კომკავშირელი და საიდუმლო ქარხნის მუშა სერიული მკვლელი იყოს. მე უფრო მყარი არგუმენტები მჭირდება მის დასაპატიმრებლად, ვიდრე ფოტორობოტზე მსგავსებაა“, - თქვა ქალაქის პროკურორმა და ზემოდანაც მხარი დაუჭირეს.

გარდა იმისა, რომ ეს მთელი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის სირცხვილი იყო, ეს იყო სისტემის მარცხი. გამომძიებელმა ბერლიზოვი დაზარალებულ ქალს ჩუმად დაანახა და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, სწორედ ის არისო. სერიული დამნაშავის ანგარიშზე უკვე ცხრა მკვლელობა და 42 გაუპატიურება ირიცხებოდა. საქმის გამომძიებელმა იმდენი მოახერხა, რომ პროკურორს ბერლიზოვის ბინის ჩხრეკის ორდერი გამოსტყუა და მისი სახლი გულდასმით შეამოწმა. კარადაში, სრულიად ღიად და დაუფარავად, ის ნივთები აღმოაჩინეს, რომლებიც გაუპატიურებულ თუ მოკლულ ქალებს ააცალა. პროკურორმა სანქცია დაუყოვნებლივ გასცა და საქმის სიმძიმის მიუხედავად, სასამართლო ოთხ თვეში დასრულდა.

განაჩენი თავიდანვე ცხადი იყო - დახვრეტა, თუმცა სასამართლომდე, ბერლიზოვის ის საბუთები გააქრეს, რომლითაც კომკავშირში ირიცხებოდა და ამით პარტიას ნამუსი მოსწმინდეს.

განაჩენის გამოტანიდან ორ თვეში, ალექსანდრ ბერლიზოვვი დახვრიტეს. რეალურად, სწორედ ის იყო ჩიკოტილომდე საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიში სერიული დამნაშავე, თუმცა ამაზე მაშინდელი ხელისუფლებაცა და პრესაც საიმედოდ დუმდა.