ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში რამდენჯერმე გააუპატიურეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

რატომ იძია შური ქარხნის დირექტორმა ბუღალტერზე

 

ბათო ჯაფარიძე

 

არცთუ იშვიათად კრიმინალები ერთი დანაშაულის გადასაფარად მეორეს ჩადიან და ცდილობენ, მცირე სასჯელით უფრო დიდი აირიდონ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით ადრე იყო მიღებული და კონკრეტული ადამიანები, ხშირად, ციხეში ხულიგნობის მუხლით მიდიოდნენ, ამ დროს კი, ზურგს უკან ძარცვა, მკვლელობა ან ყაჩაღობა ჰქონდათ. ასეთ დროს მათზე ეჭვი ნაკლებად მიჰქონდათ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - თუ გამოძიება მათზე გავიდოდა, ისინი ვერსად გაიქცეოდნენ, სასჯელს უკვე იხდიდნენ და ახალი „სროკი“ ემატებოდათ.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, მცირე დასახლებაში, მეგობარმა ქალმა მეზობელთან შეირბინა, მარილი გამითავდა, მაღაზიამდე 500 მეტრია, შენს სახლამდე - 30-ო და თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა: ახალგაზრდა ქალი, სასტიკად ნაცემი, შუა ოთახში შიშველი იჯდა და სადღაც სივრცეში, არეული თვალებით იყურებოდა. მეგობარმა მაშინვე სასწრაფოში დარეკა, შემდეგ - მილიციაში და ძალოვნებმა სასწრაფოს მისვლა 3 წუთით დაასწრეს, პირველი, რაც გააკეთეს, ლოგინს ზეწარი გადააძრეს და ქალს შემოახვიეს, შემდეგ კი ექიმებს გადააბარეს. კითხვის დასმას აზრი რომ არ ჰქონდა, თვალებზეც ეტყობოდა.

„ჩემი მეგობარი ნორმალურია, სრულიად ჯანმრთელი და ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ის ბუღალტრად მუშაობს აქვე, ქარხანაში და როგორ გგონიათ, ქარხნის თანხებს ანდობდნენ, რამე პრობლემა რომ ჰქონდეს?!“ - შეიცხადა დაქალმა, როცა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მის მეგობარს ფსიქიკური პრობლემები.

დასახლება პატარა იყო და წესით, უცხო ადამიანი იქ ადვილად უნდა შეემჩნიათ, თუმცა პირველადმა დაკითხვამ ვერაფერი მოიტანა. მხოლოდ ერთმა თქვა, გუშინ, ღამით, გოგონა ახალგაზრდა, ცალხელა კაცმა მოაცილა სახლამდე, მაგრამ შიგნით არ შესულაო. ცალხელას ხსენებაზე დაქალმა მაშინვე დაიყვირა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ მეეჭვება, იმას ექნა, რადგან საქმროაო. ცალხელა საქმროს მოძებნა პრობლემა ნამდვილად არ იყო - იმავე ქარხანაში, საქმის მწარმოებლად მუშაობდა და როცა მომხდარის შესახებ უთხრეს, გაოცებისგან პირი დააღო, შემდეგ დაჯდა და ბოლო ხმაზე აქვითინდა. სანამ სამართალდამცავები იმას ცდილობდნენ, რომ საქმე ცხელ კვალზე გაეხსნათ, საავადმყოფოდან პირველადი დასკვნები წამოვიდა - ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებული იყო და თან არაერთხელ. რამდენმა კაცმა იძალადა მასზე, ექსპერტიზა მოგვიანებით იტყოდა. გაუპატიურების დროს, ქალს თან სასტიკად სცემდდნენ. გამომძიებლებმა ექიმებს ჰკითხეს, მოახერხებდა თუ არა ამას ცალხელა კაცი, რაზეც პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო - არა და ვერა! ასე გამოირიცხა საქმროს ვარიანტი, მაგრამ სამართალდამცავები მაინც დაინტერესდნენ, რა მოეწონა ანგელოზივით გოგოს ცალხელა კაცში.

მაშინ, კომუნისტების პერიოდში, ყველაფერს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ, აქეთ ოჯახის წევრები, იქეთ - „ხალხი რას იტყვის“...

„წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთი გვიყვარს. ხელი ავარიის შედეგად დავკარგე, მაგრამ სიყვარული არ განელებულა. ახალი ბინის მიღებას ველოდით, პრაქტიკულად, ბარაკებში ვცხოვრობთ და შემდეგ უნდა გადავსულიყავით. მიახლოებითაც კი ვერ ვხვდები, ვის შეიძლება, ეს გაეკეთებინა. მტერი კი არა, უბრალოდ, მოშურნეც არ გვყავდა“, - თქვა მამაკაცმა.

სამაგიეროდ, დაზარალებულის დაქალმა თქვა, ჩვენი ქარხნის დირექტორის მძღოლს მოსწონდა, ცოლობაც კი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღოო. გადაამოწმეს მძღოლის ვინაობა და ის წარსულში... ძალადობისთვის ნასამართლევი აღმოჩნდა. მის დასაკავებლად ოპერატიული ჯგუფი გავიდა და... ვერსად იპოვა. მასთან ერთად, ქარხნის დირექტორიც არსად ჩანდა და რაც მთავარია, ადგილზე არ იყო მდივანიც, რომელსაც, წესით, დირექტორის განრიგი უნდა სცოდნოდა. სამივეზე ძებნა გამოცხადდა და მათთან ერთად ეძებდნენ სამსახურეობრივ „ვოლგას“, რომლითაც დირექტორი და მძღოლი უნდა ყოფილიყვნენ. მალე ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა თქვა, რომ „ვოლგაც“ და სამივე ძებნილიც, სწორედ მის სოფელში იმყოფებოდნენ. სამართალდამცავები ადგილზე მალე მივიდნენ და სამეული ცალ-ცალკე დაკითხეს. პრინციპში, დასაკითხ-გამოსაკითხი ბევრი არაფერი იყო, ყველაფერს დირექტორი მოჰყვა.

„ქვრივი ვარ და შესაბამისად, ქალის სითბო მაკლია. მდივანი ჩემი საყვარელი არ გეგონოთ, ცოლად მოყვანას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვახმაურებთ. პერიოდულად კი, ჩემი გარდაცვლილი დის სახლში ვხვდებით ხოლმე. ჩემი დისშვილი მძღოლია, ამიტომ ვენდობი, ერთად მოვდივართ, ის პირველ სართულზე წვება, ჩვენ მეორეზე ვრჩებით. ამჯერად ასე არ იყო, წყალი ჩამოსულა სახურავიდან და ზედა ოთახები ლამის დატბორილი დაგვხვდა, ყველაფერი გადასაყრელია, ლოგინები, თეთრეული. ამიტომ, პირველ სართულზე დავწექით, მძღოლი კი მანქანაში დარჩა და იქ ეძინა“, -თქვა დირექტორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ დირექტორის დისშვილს მანქანა დაექოქა, 30 კილომეტრი გაევლო, ქალი მოეკლა, გაეუპატიურებინა და უკან დაბრუნებულიყო, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ბიჭმა თავი გაიგიჟა, რა გაუპატიურება, მანქანა ეზოდან არ გამიყვანია და ერთი ძალადობა რომ შემტენეთ, ის იკმარეთო.

სამართალდამცავებმა ძველი საქმეც გადაამოწმეს, იქ ყველაფერი რიგზე, მართლაც, არ იყო და რაც მთავარია, ჩვენება მისცა სოფლის რწმუნებულმაც, რომელმაც თქვა, როცა დირექტორი მოდიოდა, ვცდილობდი, ფხიზლად ვყოფილიყავი, რათა არავის შეეწუხებინა, ამიტომ მთელი ღამე, პრაქტიკულად, სახლის მიმდებარედ გავატარე და „ვოლგა“ ეზოდან არ გასულაო.

ერთადერთი, რამაც გამომძიებლები დააეჭვა, დირექტორის რეაქცია იყო მომხდარზე. მან თავიდან მხრები აიჩეჩა, რას არ გაიგებ კაციო და მერე ორჯერ იკითხა, ბუღალტერი თუ გადარჩებაო. სამართალდამცავებმა არ უპასუხეს, მაგრამ ექიმებისგან იცოდნენ, გოგონას შოკი ჰქონდა და ამ შოკიდან, შესაძლოა, ვერც გამოსულიყო.

გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, ქარხანაში არ გახლდათ ყველაფერი რიგზე და ბუღალტერმა რაღაც ან აურია, ან პირიქით - ვიღაცას არევა არ დაანება. საწარმოში მაშინვე შესაბამისი სამსახური შევიდა და ერთდღიანი მუშაობის შემდეგ, საიმედო ვერაფერი თქვა - თითქოს, ყველაფერი რიგზეა და ბუღლატერსაც სანიმუშოდ აქვს დოკუმენტაცია წესრიგში. ექიმებს კი იმედი მეორე დღეს უფრო გადაეწურათ, პაციენტმა უფრო აურია და შეეცადნენ, აზრზე საქმროს ნახვით მაინც მოეყვანათ, მაგრამ როცა საქმროს შეხედა, უაზრო სახით ისე გაიცინა, კაცი პალატიდან მაშინვე გაიყვანეს.

სამართალდამცავებმა კვლავ თანამშრომლების დაკითხვა გააგრძელეს, ვინმეს რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათო და ერთმა გაიხსენა, ორი კვირის წინ, ქარხანაში ერთი კაცი მოვიდა, დირექტორს შეხვდა, მთელი ქარხანა მასთან ერთად დაათვალიერა და მე კი გამიკვირდა, ამათ რა საერთო უნდა ჰქონდეთ, იმ მეორეს ვიცნობ, გამოცდილი კრიმინალიაო. მისი ვინაობის გარკვევის შემდეგ, ეჭვმიტანილის სახლთან მორიგეობა დააწესეს, თუმცა 2-3 დღე საინტერესო არაფერი მომხდარა. სამი თვის წინ, ციხიდან გათავისუფლებული კაცი ეზოდან თითქმის არ გამოდიოდა და თუ გამოდიოდა, ისიც იმიტომ, რომ მაღაზიაში საკვები და სიგარეტი ეყიდა.

საავადმყოფოდან დარეკეს, პაციენტის ჯანმრთელობით დირექტორი დაინტერესდა, ახალი ბუღალტერი მოვძებნო, თუ დაზარალებული გამოჯანმრთელდებაო?! ერთი შეხედვით, ამაში უცანური არაფერი იყო, მაგრამ გამომძიებლებს ეჭვები უფრო გაუძლიერდათ. ორიოდ დღეში კი, იმ ოპერმუშაკებმა, რომლებიც კრიმინალის სახლს უთვალთვალებდნენ, დაინახეს, როგორ შევიდა გვიან ღამით სახლის ეზოში ქარხნის დირექტორი და ჩუმად უკან მიჰყვნენ, ფანჯარასთან მივიდნენ, მაგრამ საუბარი ვერ გაიგონეს, ფანჯრები მყარად იყო დაკეტილი. სამაგიეროდ, დაინახეს, როგორ ამოიღო დირექტორმა ფულის შეკვრა და როგორ დადო მაგიდაზე. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ორივე ადგილზე დააკავეს.

„ეს კაცი ჩემი ძველი მეგობარია, ციხიდან ახალი გამოსულია და ვიფიქრე, სანამ სამსახურს იშოვის, ხელს გავუმართავ-მეთქი“, - განაცხადა დირექტორმა, როცა მაგიდაზე „ხელის გასამართად“ მიტანილი 3 ათასი მანეთი დაუდეს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარეს და დასკვნაც უტყუარი იყო, გოგონა მან გააუპატიურა. უარის თქმას აზრი აღარ ჰქონდა და დაკავებულმა მოყოლა დაიწყო:

„არ ვიცი, დირექტორს რა უნდოდა, მაგრამ მითხრა, ეს ქალი უნდა მომაშოროო ანუ მოკვლა მიბრძანა, 5 ათას მანეთზე შევთანხმდით. ციხიდან ახალი გამოსული ვარ, რეციდივისტი მქვია და არავის ვჭირდები, თავი კი როგორმე უნდა ვირჩინო. ამიტომ დავთანხმდი, თუმცა როცა სახლში შევედი, ვიფიქრე, მაინც უნდა მოვკლა და ჯერ გავაუპატიურებ-მეთქი. საუკუნეა, ქალთან არ ვყოფილვარ, როცა რამდენჯერმე გავაუპატიურე, შევხედე და მივხვდი, რომ ამ ქვეყნის აღარ იყო და ჩემს ამოცნობას კი არა, აზრზე მოსვლას, ალბათ, თვეები ვერ შეძლებდა. ამიტომ, მოკვლა გადავიფიქრე, ფულს როგორც კი ავიღებდი, რუსეთში ვაპირებდი წასვლას. იმ უნამუსომ კი ხუთის ნაცვლად, 3 ათასი მომიტანა, აქაოდა, რომ არ მოკალი, მეტი არ გეკუთვნისო“...

როგორც შემდეგ გაირკვა, ახალგაზრდა ბუღალტერი დირექტორს არ ემორჩილებოდა, ფულის კეთებას არ ანებებდა და ვერც იშორებდა, გოგონა სამართალდამცავებთან წასვლით იმუქრებოდა. ჰოდა, მისი მოშორებაც ამიტომ გადაწყვიტა.

მოძალადე რეციდივისტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დირექტორი კი, როგორც შემკვეთი, 7 წელს დასჯერდა.