სისხლიანი გარჩევა თბილისის ზღვაზე - მოლდოველმა ქალმა ბოშა დაჭრა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

პროფესიონალი „ქილერები“ შეკვეთის შესრულების შემდეგ, იარაღს ადგილზე ტოვებენ. ეს მაშინ, როცა საქმე პროფესიონალებთან გვაქვს, რადგან რაც უნდა ძვირადღირებული იყოს შაშხანა ან პისტოლეტი, რომლითაც კონკრეტულ პიროვნებებს კლავენ, „ქილერს“ იმაზე ბევრად მეტი აქვს მიღებული. მკვლელობის იარაღის ადგილიდან წაღება იმას ნიშნავს, რომ რჩება ალბათობა, ამ იარაღიდან კიდევ გაისროლონ და სამართალდამცავებს უკვე ეცოდინებათ, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. არცთუ იშვიათად, „სველ იარაღს“ რიგითი კრიმინალებიც იშორებენ, რადგან სამართალდამცავებმა არ ნახონ და ახალ საქმეებთან ერთად, ძველი ცოდვებიც არ აჰკიდონ.

 

80-იანი წლების გარიჟრაჟზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეთევზეებმა დაჭრილი მამაკაცი იპოვეს და მაშინვე სასწრაფოში დარეკეს. სასწრაფოსთან ერთად, სამართალდამცავებიც მივიდნენ და მოწმეები დაკითხეს, დაჭრილის დაკითხვა კი ვერ მოხერხდა: ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი კისრის მალებთან ჰქონდა გაჭედილი, მეორე - ფეხში და უგონო მდგომარეობაში იყო. სანამ წავიდოდნენ, სასწრაფოს ექიმმა ისიც თქვა, თუ ტყვიამ ზურგის ტვინი დააზიანა, შესაძლოა, ეს კაცი ინვალიდად დარჩესო.

მოწმეებმაც ბევრი ვერაფერი თქვეს, მიდიოდნენ სათევზაოდ, დაინახეს, კაცი ეგდო და სისხლში ცურავდა, ახლოსაც არ მივიდნენ, ისე დარეკეს სასწრაფოში. სამართალდამცავებმა ვერც ტყვიის ცარიელი მასრები ნახეს და ვერც - იარაღი. სავარაუდოდ, ისინი მსროლელმა წაიღო, რაც ძალოვნებს აფიქრებინებდა, რომ საქმე გამოცდილ კრიმინალთან ჰქონდათ.

იმავე საღამოს გაირკვა დაჭრილის ვინაობა. გაგიკვირდებათ და, იგი ერთ-ერთმა ექთანმა იცნო, ეს ბიჭი რკინიგზელთა კულტურის სახლში, ბოშების ანსამბლში, გიტარაზე უკრავსო და ძალოვნებიც ლოტკინზე, ბოშების დასახლებაში ავიდნენ. იქ უკვე ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ხმას არ იღებდნენ. მხოლოდ ის თქვეს, ერთი წლის წინ, მოლდავეთიდან (ახლანდელი მოლდოვა) ჩამოვიდა, აქ ანსამბლში მოეწყო, ცოლის მოყვანასაც კი აპირებდაო, თუმცა არც საცოლე ჰყავდა და არც - ბევრი მეგობარი. ძალოვნებს არც შურისძიების მიზეზი უთხრეს, მტერი არ ჰყოლიაო, მაგრამ აგენტურული ქსელის მიხედვით გაირკვა, რომ საყვარელი ჰყავდა და საყვარლის შვილი რამდენჯერმე მიუვარდა, დედაჩემს შეეშვიო, ბოლოს კი მოკვლითაც დაემუქრა. სამართალდამცავები ბიჭის მოსაძებნად წავიდნენ და... საავადმყოფოში მიაგნეს. მას აპენდიციტის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მერე რაღაც გართულდა, ჭრილობა არ უხორცდებოდა და აგერ, უკვე, მეათე დღე იყო, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. მედიკოსებმა დაბეჯითებით თქვეს, დამოუკიდებლად ათ მეტრსაც კი ვერ გაივლის, გამორიცხულია, ეს შემთხვევის ადგილზე ყოფილიყოო.

დაჭრილს სხეულიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ნასროლი ორი ტყვია ამოუღეს. სანამ ტყვიებს ამოწმებდნენ, განყოფილებაში ერთ-ერთი მეთევზე მივიდა და იარაღი მიიტანა, როცა ზღვაზე ვთევზაბოდი, ბადეს ამოჰყვაო. იარაღი „მაკაროვის“ სისტემის იყო და იმის გათვალისწინებით, თუ სად იპოვა მეთევზემ, ადვილი მისახვედრი გახლდათ - ეს სწორედ ის იარაღი იყო, რომლითაც მამაკაცი დაჭრეს. იარაღზე სერიული ნომერი წაშლილი არ გახლდათ და სამართალდამცავებმა სიხარულისგან ლამის ტაში შემოჰკრეს - აღნიშნული იარაღი, დაახლოებით, ორი წლის წინ, მოლდოვაში ერთ-ერთ მილიციელს წაართვეს, შემდეგ ამ იარაღით ყაჩაღობა მოხდა, სადაც ქალი მოკლეს.

ცხადი იყო, დამნაშავე, რომელმაც ბოშა დაჭრა, მოლდოვაში მომხდართან კავშირში იყო და არც იმას გამორიცხავდნენ, რომ მამაკაცის მოსაკლავად სწორედ მოლდოვადან ჩამოსულიყვნენ. გადაამოწმეს მგზავრთა სია, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემოვიდნენ მოძმე რესპუბლიკიდან საქართველოში და ყველას დამუშავება დაიწყეს. ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ხელები უმწეოდ გაშალეს - საეჭვო არავინ იყო და ძებნა ისევ ადგილობრივ კონტიგენტზე განაგრძეს.

პარალელურად, ქართველი ძალოვნები მოლდოველ კოლეგებს ეკონტაქტებოდნენ, მგზავრთა სიის გადამოწმებაც სთხოვეს, ვინმე ხომ არ იყო ისეთი, ვინც დაჭრილს იცნობდა ან რაიმე კავშირი ჰქონდა და პასუხიც მოვიდა - ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც საქართველოში, დაჭრამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა, მოლდოვაში, სწორედ ამ კაცის მეგობარი გახლდათ და ისინი ერთად თითქმის ორი წელი ცხოვრობდნენ. ქალის დაკითხვა არ გამოდიოდა, ის უკვე სამშობლოში დაბრუნდა და ეს მისია მოლდოველმა გამომძიებლებმა იტვირთეს. დაკითხვის გარდა, ქალის ბინა გაჩხრიკეს და ნაპოვნი ნივთების სურათები ქართველ სამართალდამცავებს გადმოუგზავნეს. სურათებში განსაკუთრებული არაფერი იყო, თუმცა ფოტოები ბოშებს ანახეს და ჰკითხეს, ხომ არ იყო მათში რომელიმე ნივთი, რომელიც დაჭრილს ეკუთვნოდა. რამდენიმე ადამიანმა ხელი ოქროს საათს დაადო, ეს საათი მუდმივად თან ეკეთა, არ იშორებდაო. როცა ქართველმა გამომძიებლებმა მოლდოველ კოლეგებს ამის შესახებ ამცნეს, მათ უპასუხეს, რომ ყველაზე ნაკლებ ეჭვს, სწორედ საათი იწვევდა, რადგან ის ქალის გარდაცვლილ ქმარს ეკუთვნოდა. ქმარი წყალქვეშა გემზე მსახურობდა და კარგი სამსახურის გამო, სწორედ ამ საათით დააჯილდოვეს შესაბამისი წარწერით, რაც ადასტურებდა, რომ საათი ნამდვილად ქალის ქმრის იყო. ეჭვს არ იწვევდა ქმრის გარდაცვალებაც, ის რამდენიმე მეზღვაურთან ერთად, სამაშველო ოპერაციის დროს, წლების წინ, ზღვაში დაიხრჩო.

ქართველებმა მოლდოველებს პასუხად რამდენიმე სურათი გაუგზავნეს, სადაც ნათლად ჩანდა, რომ დაჭრილ ბოშას ხელზე, სწორედ ეს საათი ეკეთა. საათს ძალიან სპეციფიური სამაჯური ჰქონდა, შეიძლება ითქვას, უიშვიათესი ნაქსოვი და ამიტომ, დადასტურებულად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საუბარი ერთსა და იმავე საათზე იყო. ქალი დაკითხვაზე დაიბარეს და მან თქვა, რომ საქართველოს ნახვა დიდი ხანია სურდა და ახლა, როცა დრო გამოუჩნდა, წავიდა და ნახა.

რაც შეეხება დაჭრილ ბოშას, აღიარა, რომ იცნობდა, ოღონდ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ის საქართველოში იმყოფებოდა. საქმეში ქართველი გამომძიებლებიც ჩაერთვნენ და ისე, რომ მოლდოველ კოლეგებსაც არ უთხრეს, კიშინიოვში ფურცელი გაგზავნეს, სადაც ამ ქალის სახელი ეწერა და ისიც დააყოლეს, დაჭრილი აზრზე მოვიდა, ჯერ ვერ საუბრობს, მაგრამ ეს დაწერაო. ამის შემდეგ, დაკითხვაზე მყოფმა ქალმა ჩვენების მიცემა დაიწყო.

„დაჭრილს ვიცნობდი, უფრო სწორედ, ის ჩემი საქმრო იყო. ერთ დღეს, სახლში მისულმა აღმოვაჩნე, რომ ყველაფერი თავდაყირა იყო, მთელი დანაზოგი და ქმრის ოქროს საათი გაქრა. მერე გავიგე, ყაჩაღობა მოხდა და ეჭვი ბოშებზე ჰქონდათ. მივხვდი, დამნაშავეებს შორის, ერთ-ერთი ჩემი საქმროც გახლდათ, მაგრამ სად წავსულიყავი? ასე გავიდა ჯერ ერთი წელი, მერე - მეორე... ცოტა ხნის წინ, ტელევიზიით, სხვადასხვა რესპუბლიკაში არსებულ ანსამბლებზე სიუჟეტი გადიოდა და დავინახე, რომ თბილისში არსებულ ანსამბლში ჩემი საქმროც მღეროდა. ქმრის საათის გარდა, მისგან არაფერი მინდოდა, რადგან ეს ნივთი ჩემთვის რელიქვიასავით იყო, ამიტომ თბილისში წავედი და ვიპოვე, ვუთხარი, შენგან არაფერი მინდა, საათი დამიბრუნე-მეთქი. უარი მითხრა და დავემუქრე, თუ არ დამიბრუნებ, ვიტყვი, რომ ყაჩაღობაში შენც მონაწილეობდი-მეთქი. თბილისის ზღვაზე დამიბარა, იქ ვისაუბროთო და როცა ადგილზე ტაქსით მივედი, მივხვდი, მოსაკლავად დამიბარა. წამოსვლას ვაპირებდი, როცა თავადაც მოვიდა და საუბარი დამიწყო, შემდეგ სიგარეტი ამოიღო, თუმცა ასანთი დაუვარდა და ასაღებად დაიხარა. მაშინ დავინახე, ქამარში იარაღი რომ ჰქონდა, ამოვაცალე და დაუფიქრებლაად ვესროლე. მოკვლა არ მიფიქრია, საათი შევხსენი და ცარიელი მასრები და იარაღი ზღვაში გადავაგდე“, -დაასრულა ქალმა მოყოლა.

სასამართლო თბილისში გაიმართა და მოსამართლემ ქალს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაჭრილ ბოშას კი ჩადენილი ყაჩაღობისთვის 11 წელი მისცეს, თუმცა არ დაუპატიმრებიათ - კისერში მოხვედრილი ტყვიის გამო, ის კისერს ქვემოთ მოწყვეტილი იყო და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.