ვინ არის მსახიობი, რომელმაც საქმროს თითები მოსტეხა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაქალის სისხლიანი შურისძიება

ბათო ჯაფარიძე

 ამინდის გამოსვლასთან ერთად, ტყეებში ადამიანები სულ უფრო ხშირად გადიან. პიკნიკი ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გასვლა და გართობა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ასეთი გასვლების შემდეგ, ტყესა და მდელოებს არაერთი ადამიანი ანაგვიანებს და ამას არაფერი ეშველება, თუ თითოეულ ჩვენგანს შინაგანი კულტურა არ გაგვაჩნია. სწორედ ასეთი ნაგვის გროვაში მოქალაქეებმა ახალგაზრდა გოგონას სხეული იპოვეს. ყველას ეგონა, რომ გოგო გარდაცვლილი იყო და მილიციაში დარეკეს, სამართალდამცავებს სასწრაფო დახმარების მანქანაც მოჰყვა და ექიმმა ხმამაღლა დაიძახა - ცოცხალია! გოგონა მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს, სამართალდამცავებმა კი ადგილის შესწავლა დაიწყეს. ყველაფერი ეს, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა, სადაც ყველა ყველას იცნობდა და ამიტომ, სანამ სამართალდამცავები გაარკვევდნენ, ვინ იყო დაზარალებული, დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ თქვა, ეს გოგო ჩვენი თეატრის მსახიობია, რამდენიმე სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობსო. ძალოვნები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გოგონას თავის არეში დაზიანება სხვაგან მიაყენეს, შემდეგ იმ ადგილზე მიიყვანეს და დააგდეს. სავარაუდოდ, ის თავდამსხმელსაც გარდაცვლილი ეგონა, სხვაგვარად, ცოცხალს არ დატოვებდა.

 

„დაზარალებულს თავში რკინის ნაჭერი აქვს ჩარტყმული. სავარაუდოდ,  „მანტიროვკა“, რადგან თმაზე მანქანის ზეთისა და ტაოტის კვალიც აქვს. რაც მთავარია, თავში ორჯერ ჩაარტყეს და სავარაუდოდ, ეს ქალმა ჩაიდინა, რადგან მამაკაცი, უბრალოდ, მოკლავდა“, - ასეთი იყო ექსპერტების დასკვნა. სამართალდამცავები თეატრში წავიდნენ, სადაც გოგონას დაზიანება კი შეიცხადეს, მაგრამ არავის გაჰკვირვებია, ისეთი აუტანელი იყო, ადრე თუ გვიან, ვიღაც აუცილებლად გაუბრაზდებოდაო. აუტანლობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველას ზემოდან უყურებდა და ამბობდა, ადრე თუ გვიან, მე რუსთაველის თეატრში წავალ და მთავარი მსახიობი გავხდებიო. მას დასში ერთადერთი მეგობარი და... საქმრო ჰყავდა. ის საქმრო, რომელთანაც გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე იჩხუბა და ხელში ხის ნაჭერი ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ საქმროს სამი თითი მოტყდა. შეიძლება, ეს მოტივიც ყოფილიყო და ზოგადად, არავინ იცის, რატომ იჩხუბეს შეყვარებულებმა, ამიტომ გამომძიებლები საავადმყოფოში წავიდნენ.

„ჯერ ერთი, კამათის მიუხედავად, მის ცოლად მოყვანას მაინც ვაპირებ და მეორეც, ვერანაირად შევძლებდი მისთვის თავში რამე ჩამერტყა იმიტომ, რომ მარჯვენა ხელის თითები მაქვს მომტვრეული და მარცხენა ხელს ჩვეულად ვერ ვხმარობ, ფანქარსაც კი ვერ გავთლი ანუ მემარჯვენე ვარ და მესამე - მე სასწრაფო დახმარების მანქანამ წამიყვანა, მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე, პირველ ჯერზე, თაბაშირი არასწორად დამადეს, მომხსნეს, ახლიდან დამადეს და როგორ გგონიათ, თავში ჩარტყმას მოვახერხებდი?“ - განაცხადა საქმრომ და მართალიც იყო.

რაც შეეხება კამათს, საქმე ის გახლდათ, რომ რაიონში თბილისიდან რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი იყო ჩასული და თბილისში სწორედ იმ გოგოს წაყვანა სურდა, რომელიც სიკვდილის პირას იპოვეს. თეატრის წარმომადგენელმა მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარ, 2-3 დღეში თბილისში უნდა წავსულიყავი, ეს გოგონა კი ერთი კვირის შემდეგ ჩამოსულიყო, მე, უბრალოდ, გასაფრთხილებლად ჩამოვედი და თან, სანამ თეატრში მოვიდოდა, მეტყველების პედაგოგთან უნდა ევლო, საუბრის შესაბამისი უნარები რომ ჰქონოდაო.

სამართალდამცავებისთვის მოულოდნელად, განყოფილებაში მეტყევე გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ახლა გაიგო და სწორედ იმ ადგილებში, ღამის საათებში, „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი ისე სწრაფად მიჰქროდა, კინაღამ დაეჯახა. მეტყევემ სიბნელეში ფერი ვერ გაარჩია, ის კი თქვა, მუქი ფერის იყოო და დაამატა, ნომერი სრულად ვერ გავარჩიე, მაგრამ ბოლო ორი ციფრი ოთხიაანები იყო, თავს დავდებო. მაშინ რაიონში ავტომობილები იშვიათი მოვლენა გალხდათ და თანაც, ბოლო ორი ციფრი თუ იცოდი, მანქანის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენდა. საგზაო მილიციის თანამშრომლებმა ჟიგული მალე გაშიფრეს და ის... დაზარალებული გოგონას საქმროს ეკუთვნოდა.

ძალოვნებს არც მანქანის ჩხრეკისა და ექსპერტიზის ჩატარების უფლების მოპოვება გასჭირვებიათ და საბარგულში სისხლის კვალი ნახეს. სისხლის ჯგუფი დაზარალებულისას ემთხვეოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სხეული სწორედ ამ ავტომობილით გადაიტანეს. მილიციამ საქმრო დააკავა.

„სხვაგან ეძებთ, არასწორად ეძებთ, დამიჯერეთ, რომ არაფერ შუაში ვარ. არც ის მჯერა, რომ ჩემი მანქანა გამოიყენეს, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ. მე სასწრაფომ წამიყვანა, ავტომობილი თეატრის ეზოში იდგა, გასაღები კი საგრიმიოროში, მაგიდაზე მედო“, - განაცხადა დაკავებულმა.

იმის მიუხედავად, რომ ძალოვნებმა ექიმები უმკაცრესად დაკითხეს, ისინი ადასტურებდნენ, რომ დაკავებულს საავადმყოფოდან ფეხი არ გაუდგამს და აუტანელი ტკივილის გამო, მასთან მუდმივად იყო ექთანი, რადგან ვერ ჩუმდებოდა, პალატაც კი გამოუცვალეს, რათა სხვა პაციენტები არ შეეწუხებინა და იმ პალატაში სამედიცინო დაწესებულების ერთი თანამშრომელი მუდმივად იმყოფებოდა. გამოდიოდა, რომ ვიღაცამ, მართლაც, ისარგებლა მისი ავტომობილით, მაგრამ ვინ? ძალოვნებმა მამაკაცებს მიაქციეს ყურადღება, რადგან მაშინ იშვიათი იყო, ქალს მანქანის ტარება სცოდნოდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ აღმოაჩინეს. პრაქტიკულად, ყველას ალიბი ჰქონდა და ამიტომ, თითქოს შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა სასიკვდილოდ გოგონა. დაზარალებული კომაში იყო და ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ. მისი აზრზე მოსვლა საქმეს გახსნიდა და სწორედ ამიტომ, მის პალატასთან ორი ოპერმუშაკი მორიგეობდა, დამნაშავეს დაწყებული საქმე ბოლომდე რომ არ მიეყვანა. მცდელობა არავის ჰქონია და სამართალდამცავებმაც ისევ გოგონას საქმროს გარშემო დაიწყეს წრიალი, ოღონდ ამჯერად, ისინი საქმროსგან ითხოვდნენ, გაეხსენებინა მცირე დეტალიც კი, რომელსაც შეიძლებოდა, ასეთ შედეგამდე მიეყვანა მისი საცოლე. ნებისმიერი კონფლიქტი, გაუგებრობა, უთანხმოება... საქმრომაც კარგა ხანს იფიქრა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა.

საქმე ის გახლდათ, რომ გოგონას უმნიშვნელო კამათი და უსიამოვნება, პრაქტიკულად, ყველასთან ჰქონდა. თავის ერთადერთ მეგობართანაც კი ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ ის მუდმივად უთმობდა. ბოლოს კი იმის გამო იჩხუბეს, რომ რუსთაველის თეატრიდან ჩამოსული პირი მეორე გოგონათიც დაინტერესდა, თუმცა დაზარალებულმა ყველაფერი გააკეთა, რომ თბილისში მხოლოდ თავად წასულიყო. არავინ იცის, რა უთხრა თბილისიდან ჩამოსულ ადამიანს, მაგრამ ფაქტია, მან მეორე გოგონას წაყვანა გადაიფიქრა და ძიების პროცესში, სამართალდამცავებმა პირველად მიაქციეს ყურადღება დაზარალებულის საუკეთესო მეგობარს. ისიც გაარკვიეს, რომ მას... მართვის მოწმობა ჰქონდა და ავტომობილის მართვა იცოდა, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ გოგონა არაფერს იტყოდა მანამ, სანამ იყო შანსი, რომ არაფერი გარკვეულიყო.

რაიონში ყველამ იცოდა, რომ მილიციას სამხილი არ ჰქონდა, ამიტომ ძალოვნებმა ხერხს მიმართეს - ერთ დღეს, ხმა გაავრცელეს, რომ დაზარალებული აზრზე მოვიდა და მეორე დღეს დაკითხავდნენ, პარალელურად, მის მეგობარ გოგონას უთვალთვალებდნენ. ის მაშინ დააკავეს, როცა სადგურზე, თბილისის ბილეთი აიღო, თან ორი დიდი ჩემოდანი ჰქონდა - რაიონიდან წასვლას აპირებდა და ისე, რომ არც თეატრში გააფრთხილა ვინმე, არც - სახლში. განყოფილებაში დაზარალებულის ყალბი ჩვენება დაუდეს, რომელიც ხელს, სწორედ მეგობარს „ადებდა“.

„ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. თეატრშიც მე მოვიყვანე, მაგრამ მთელი ცხოვრება მამცირებდა და მეუბნებოდა, რომ ყოველთვის ჩემზე წარმატებული იქნებოდა. იმ დღეს, როცა თბილისიდან ჩამოსული მაესტრო გვესწრებოდა, საოცრად ვითამაშე და თავად თქვა, სინჯებზე ამ გოგონასაც წავიყვან, ძალიან მომწონსო. შემდეგ არ ვიცოდი, რა მოხდა, მაგრამ მითხრეს, რომ თბილისში აღარ მივდიოდი. იმ დღეს, როცა საქმროს თითები მოსტეხა, ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, ცოტა ნორმალურად მოიქეცი, რაც უნდა იყოს, საქმროა-მეთქი და სწორედ მაშინ მომაძახა, იმ თბილისელ კაცს მე ვუთხარი, რომ შენნაირი წარუმატებელი და მახინჯი თბილისში არ უნდა წაიყვანოს. გარდა ამისა, მე კონკურენტი არ მჭირდება, ამიტომ აქ ეგდები და თუ გინდა, ჩემს საქმროსაც დაგიტოვებ, თბილისში უკეთესს ვიშოვნიო. თავში რაღაცა გადამეკეტა, გარეთ გამოვედი, ჰაერი რომ ჩამეყლაპა და მისი საქმროს მანქანა დავინახე. ვიცოდი, გასაღები მუდმივად საგრიმიოროში ედო და ავიღე, მანქანიდან „მანტიროვკა“ ამოვიღე და ჩემს მეგობარს ვუთხარი, თუ იცი, შენს საქმროს საბარგულით რა დააქვს-მეთქი. უკვე ბნელოდა, გამოვიდა, ჩაიხედა და სწორედ ამ დროს დავარტყი. მერე წავიყვანე და ტყეში დავაგდე. არ ვიცი, ცოცხალი იყო, თუ მკვდარი და სიმართლე გითხრათ, იმ წუთს, არც მაინტერესებდა“, - დაასრულა მოყოლა გოგონამ.

სასამართლომ, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის, 5-წლიანი სასჯელი შეუფარდა, დაზარალებული აზრზე ერთი თვის შემდეგ მოვიდა, თუმცა არც თბილისში წაუყვანიათ და ადგილობრივი თეატრიდანაც უხმაუროდ გაუშვეს.