ქალმა საყვარლის ცოლი დანით მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზარელი კრიმინალური შემთხვევა, რომელსაც ბავშვი შეესწრო

 ბათო ჯაფარიძე

 ძალიან ძნელია, ბავშვის ნათქვამს დაეყრდნო, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე სისხლის სამართლის დანაშშაულს ეხება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საქმე სწორედ ბავშვების ჩვენების საფუძველზე გაიხსნა და მათ უშეცდომოდ დაასახელეს დანაშაულის ჩამდენი ადამიანები. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბავშვი დანაშაულს შეესწრო, უკვე უდიდესი სტრესია, ამიტომ ძნელია, ის აალაპარაკო და მით უმეტეს, სასურველი რამ ათქმევინო, თანაც ისე დეტალურად, რომ ეს ნათქვამი სასამართლოსთვის დამაჯერებელი აღმოჩნდეს.

 1982 წელს, გუდაუთაში, მეზობლის ჭიშკარს პატარა გოგონა მიადგა. მეზობლის ქალი ეზოში სარეცხს ფენდა, ბავშვი მაშინვე იცნო და გაუკვირდა, მშობლების გარეშე, 4 წლის გოგოს, თან საღამო ხანს და თანაც ამ სიშორეზე (ბავშვი მშობლებთან ერთად, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა), აქ რა უნდაო. ქალი გზაზე გავიდა, ქუჩას გახედა, ვერავინ დაინახა და უფრო გაოცდა. ბავშვს ხელი მოჰკიდა და მისი სახლისკენ გზას გაუყვა, თან ფიქრობდა, როგორ წაეჩხუბებოდა ბავშვის დედას, შვილის უყურადღებოდ დატოვების გამო. ჯერ ჭიშკარი შეაღო, მერე - სახლის კარი და მაშინვე ტელეფონს ეცა - მილიციაში დარეკა. დიასახლისი სამზარეულოს შესასვლელთან ეგდო, მკერდიდან კი დანის ტარი მოუჩანდა. ადგილზე, მილიციის თანამშრომლებზე ადრე, მოკლულის ქმარი მივიდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა, თან ბავშვს იხუტებდა. სასწრაფოს თანამშრომლებმა გვამთან ერთად, საავადმყოფოში ბავშვის წაყვანაც დააპირეს, გოგონა ხმას ვერ იღებდა - ისე ჩანდა, მკვლელობას უშუალოდ შეესწრო და შოკი ჰქონდა.

ბავშვი საავადმყოფოში მამამ წაიყვანა და მცდელობის მიუხედავად, გზაზე სიტყვაც ვერ დააცდენინა - გოგონა უაზრო თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა და ხმას არ იღებდა.

„ქალის მკვლელობა ყოველთვის განიხილებოდა, როგორც უმძიმესი დანაშაული. პრაქტიკულად, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეჭვიანობის ნიაადაგზე იყო ჩადენილი მკვლელობა, თუ სხვა რამის გამო - ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელი და სიცოცხლის გამგრძელებელია. შესაბამისად, ასეთი საქმეები მუდმივად განსაკუთრებულ კონტროლზე გვქონდა და არ გამკვირვებია, როდესაც გუდაუთაში მომხდარი მკვლელობიდან სამ საათში, აფხაზეთის გზას დავადექი. იქაური კოლეგებისგან ვიცოდი, რომ მტკიცებულებები თითქმის არ გვქონდა, ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ ივაჟკაცებდნენ ექიმები და როგორ მოახერხებდნენ გოგონას აზრზე მოყვანას“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა, ყოველი შემთხვევისთვის, ოჯახის უფროსის ალიბი გადაამოწმეს, რომელიც მყარი აღმოჩნდა - მკვლელობის დროს, თათბირზე იმყოფებოდა. მას ერთ-ერთი საამქროს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა და ქალაქში ბოლო პოზიციებზე ნამდვილად არ იყო. უფრო მეტიც, მისი ბედით მოსკოვშიც კი შეწუხდნენ. მოკლული ქალის ქმარი რუსეთის დედაქალაქში მივლინებით ხშირად დადიოდა და როგორც ჩანს, გავლენიანი სანაცნობო იქაც ჰყავდა. ერთი შეხედვით, სამართალდამცავთა მხრიდან მკაცრი კონტროლისა, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ საქმოსნებისთვის ფულის წაგლეჯვას, ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ გარდაცვლილის ქმარმა არ გადაიხადა და შესაძლოა, შური ამ გზით იძიეს, თანაც თუ ეს ვერსია გამართლდებოდა, სხვებისთვის კარგი მაგალითი იქნებოდა.

გამომძიებლებმა ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა და გაარკვიეს, რომ გარდაცვლილის ქმარს ე.წ. კანონიერ ქურდებთან ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, გარკვეულ თანხასაც იხდიდა და მისი ცოლის მკვლელს შავი სამყაროც ეძებდა. საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ მკვლელობა შემთხვევითი არ გახლდათ და არც გაქურდვის მიზნით იყო ჩადენილი. მკვლელმა შინიდან არაფერი წაიღო და ეს მაშინ, როცა მარტივად შეეძლო, მაგალითად, ძვირფასი ვიდეომაგნიტაფონის წაღება, რომელიც იმ დროისთვის, 2 ათას მანეთზე მეტი ღირდა და იშვიათ ნივთს წარმოადგენდა.

„მოულოდნელი ცნობა მივიღეთ. მამაკაცმა საავადმყოფოში შვილი მოინახულა, ექიმებს უთხრა, რომ მისთვის მიეხედათ და სანამ თავად არ მიაკითხავდა, არავისთვის გაეტანებინათ. თავად კი გეზი მოსკოვისკენ აიღო და სანამ იმას გავარკვევდით, სად დაბინავდა, მოსკოველმა სამართალდამცავებმა ის თავგატეხილი იპოვეს. პრინციპში, რაღა თავგატეხილი, მამაკაცს ისე ძლიერად ჩაარტყეს, რომ თავის ქალის ძვლები დაემტვრა, ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ექსპერტთა დასკვნით, მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყეს და ეს ქალმა გააკეთა, რადგან ქვაზე მანიკურის ლაქის ნაწილაკები ნახეს. დაიწყეს საეჭვო ქალის ძებნა, მაგრამ რად გინდა, მოსკოვში ამბობდნენ, რომ მამაკაცი ყოველ ჩასვლაზე სხვადასხვა ქალს ხვდებოდა, სასტუმროში, რომელიც მივლინებით ეკუთვნოდა, არასდროს ჩერდებოდა. ეჭვმიტანილთა წრე იმდენად დიდი იყო, რომ გამოძიებას აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, ზოგი გათხოვილი გახლდათ და ქმარი ძლევამოსილი ჩინოვნიკი იყო, მათ დაკითხვას სამდივნოს ქალების ჭორების დონეზე კი ვერავინ მოახერხებდა. ჭორი არ იყო მტკიცებულება, ხოლო ქალბატონები ამორალურ ცხოვრებას (მაშინ ასე ეძახდნენ) კატეგორიულად უარყოფდნენ. რაც მთავარია, გამომძიებლებს არც იმის სჯეროდათ, რომ გამოჯანმრთელებული კაცი იტყოდა რამეს და ჩვენებას მისცემდა. ის, უბრალოდ, იტყოდა, სამსახურის გადაუდებელ საქმეზე წავედი მოსკოვში და თავში ვინ ჩამარტყა, არ ვიციო. მას რომ საკუთარი ეჭვების ოფიციალურ დონეზე გადამოწმების სურვილი ჰქონოდა, მოსკოვში წასვლის ნაცვლად, სამართალდამცავებს დაუჯდებოდა და ჩვენებას მისცემდა.

ამასობაში, გუდაუთის საავადმყოფოში ერთ-ერთმა ექთანმა მცირე სასწაული მოახდინა. ის მუდმივად ესაუბრებოდა შოკურ მდგომარეობაში მყოფ გოგონას და იმდენი მოახერხა, ბავშვი კითხვებზე თავის დაქნევით, ან გაქნევით პასუხობდა. ეს უკვე დიდი რამ იყო და ამიტომ, გამომძიებლებმა მასთან ფსიქოლოგი შეუშვეს. ჯერ მთავარი ის იყო, გაერკვიათ, დაინახა თუ არა ბავშვმა მკვლელი, იცნო თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ მოესინჯათ ბავშვისთვის იმის თქმა, ჰქონდა თუ არა მკვლელს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი. ფსიქოლოგი ოთახიდან სამი საათის მერე გამოვიდა და თქვა: „ბავშვმა მკვლელი დაინახა, მკვლელი ქალია, ამ ეტაპზე, დამახასიათებელი ნიშნები ვერ გაიხსენა“...

ერთადერთი, რასაც შესაძლებელი იყო გამოძიება ჩაბღაუჭებოდა, ის გახლდათ, რომ მოსკოვის შემთხვევაშიც, ქალი ფიგურირებდა და ორიდან ერთი საქმე მაინც რომ გაეხსნათ, მკვლელს დააკავებდნენ.

„მოსკოვში რამდენიმე ქალის დაკითხვა მოვახერხეთ, მაგრამ მხოლოდ ისეთების, რომლებსაც არც გავლენიანი მფარველი ჰყავდათ და არც გათხოვილები იყვნენ. შინაგანი რწმენით ვხვდებოდი, რომ ჩვენს მიერ დაკითხულები არ იყვნენ მკვლელები, მაგრამ იმავე რწმენითა და ინტუიციით, დარწმუნებული გახლდით, რომ მკვლელი სწორედ იქ, მოსკოვში უნდა მეძებნა, თუმცა ხელ-ფეხი მქონდა შეკრული და იმას ვცდილობდი, როგორმე, დანარჩენი ქალბატონების ოფიციალურად დაკითხვის თუ არა, გასაუბრების უფლება მიმეღო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაღალჩინოსნების ცოლების დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან არავის სურდა აღიარება, რომ ქმარს ღალატობდა. ზოგადად, არც ქმრებს სურდათ იმის სააშკარაოზე გამოტანა, რომ შესაძლებელი იყო, შინ მოღალატე ცოლები ჰყავდათ. ამასობაში, ხსნა იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა - ფსიქოლოგმა ბავშვთან შესვლის ნება ითხოვა, თან სახატავი რვეული და ფერადი ფანქრები შეიტანა. მან ბავშვს სთხოვა, დაეხატა ის დეიდა, რომელმაც დედა მოუკლა. ბავშვმა ფანქრები აიღო და ხატვა დაიწყო. დახატა ცისფერი კაბა, წითელი ფეხსაცმელი, ხოლო როდესაც თავი უნდა დაეხატა, გაჩერდა და ფსიქოლოგს ძლივს გასაგონად უთხრა: - „მე არ ვიცი, თეთრი თმები როგორ დავხატო“. ამით გასაგები გახდა, რომ მკვლელი ძალიან ღია ფერის თმას ატარებდა, რომელიც ბავშვმა თეთრად აღიქვა. ეს რაღაც იყო, მაგრამ მოსკოვში ქერათმიანი ქალის ძებნა უაზრობა იყო, ამას ფსიქოლოგიც ხვდებოდა და ის იყო, ექსპერიმენტი უნდა შეეწყვიტა, ბავშვმა თავი მოხაზა, ერთი თვალი ყვითელი ფერის ფანქრით დახატა, მეორე - ლურჯით. ფსიქოლოგმა ხელი ჩაიქნია, 4 წლის ბავშვის ფანტაზიად ჩათვალა, თუმცა გოგონამ ისევ ჩუმად თქვა: - „დეიდას სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა“.

ჰეტეროქრომიის სინდრომი - ეს არის შემთხვევა, როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალები აქვს. ასეთი კი იმ ქალთა შორის, რომლებთანაც მამაკაცს ნაცნობობა აკავშირებდა, მხოლოდ ერთი იყო. ის სასწრაფო წესით დააკავეს და ისიც დაადგინეს, რომ ორსულად იყო. შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივად წარიმართა - მამაკაციც გამოვიდა კომიდან და როცა საყვარლის დაკავების შესახებ გაიგო, ჩვენებაც მისცა.

„ვადასტურებ, რომ ამ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. როცა ბოლოს ჩავედი, მთხრა, ცოლად მომიყვანე, ორსულად ვარო, მე კიდევ ვუპასუხე, რომ ცოლს ვერ დავტოვებდი. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჩემი ცოლის მოკვლა. რა თქმა უნდა, ეჭვი მასზე ავიღე და მოსკოვში ჩამოვედი, შემხვდა და როცა ვუთხარი, მკვლელს ცოლად არ მოვიყვან-მეთქი, მივტრიალდი და მერე აღარაფერი მახსოვს“, -განაცხადა მამაკაცმა.

ჩვენება ქალმაც მისცა, მკვლელობა აღიარა და... სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბავშვი ციხეში დაიბადა და ის დედას მაშინვე დააშორეს. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს საბჭოთა კავშირის დროს აშვილებდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ, დედები შვილებს, უბრალოდ, ვეღარ პოულობდნენ.