საშინელი ტრაგედია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა შვილმა მამა მოკლა, სახლი კი დაწვა - რა სთხოვა დაჭრილმა დედამ გამოძიებას

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

2022 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობა გართულდა. უფრო სწორად, რეგულაციები გამკაცრდა და აზარტული თამაშები ყველასთვის ხელმისაწვდომი ვეღარ და აღარ იქნება, თუმცა სერიოზული ეჭვი გვაქვს (საფუძველიც), რომ ვივარაუდოთ - აკრძალვებისა და რეგულაციების დაწესების მიუხედავად, აზარტულ თამაშებს არაერთი ისეთი პირი ითამაშებს, რომლისთვისაც ეს დაშვებული არაა და ამ პირებში არასრულწლოვნებსაც ვგულისხმობთ. როგორ არის ეს შესაძლებელი, სამწუხაროდ, ყველაზე კარგად, სწორედ „სლოტ“-საიტების მესვეურებმა იციან, თუმცა არაფერს იზამენ, რომ ეს აკრძალვები, მართლაც, რეალური გახდეს, რადგან პირველ რიგში, ეს მათ აზარალებს და მეორეც, ეს მათი პრეროგატივა არ არის.

 

მეოცე საუკუნის მიწურულს თუ არ ჩავთვლით, ტერმინი „სლოტები“ უცხო იყო და კაზინო ხომ საერთოდ - ოფიციალურად, ფულზე თამაში საბჭოთა კავშირის ერთ რესპუბლიკაშიც არ შეიძლებოდა. არაოფიციალურად კი, მინი-კაზინოები ყველგან იყო და იქ ძირითადად ბანქოს თამაშობდნენ, ე.წ. რულეტკა კი გვიან შემოვიდა და საქართველოშიც ფეხი გვიან მოიკიდა. სამაგიეროდ, ქუჩის „ყომარი“ ყოველთვის არსებობდა და საქმე ხშირად იქამდეც მიდიოდა, რომ ვიღაცა ვიღაცას რამდენიმე ათასს ანუ მანქანის ფასს უგებდა. თამაშობდნენ ცნობილი ადამიანებიც, ისინიც იგებდნენ და აგებდნენ დიდ ფულს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ეს, მილიციამაც იცოდა და უშიშროების კომიტეტმაც, მაგრამ ხან თვალს ხუჭავდნენ და ხანაც ყველაფერს სათავისოდ იყენებდნენ.

„სასწაული უნდა მომხდარიყო, რეგიონებში ჩადენილი დანაშაულის გამო, თბილისიდან რომ წავსულიყავით, მაგრამ თუ საქმე ძალიან მძიმე ან განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვქონდა, 15-მანეთიან მივლინებას არ „გვამადლიდნენ“ და ვცხოვრობდით პროვინციებში არსებულ არცთუ კეთილმოწყობილ სასტუმროებში. ეს არ ეხებოდა ზღვისპირეთს, სამაგიეროდ, ეხებოდა დანარჩენ საქართველოს და გვიხაროდა, თუ სასტუმროს ნომერში მხოლოდ თაგვები დაგვხვდებოდნენ და ვირთხები არ დაგვეჯახებოდნენ. ამიტომ, არ მომეწონა, როცა მივლინებით დასავლეთში გამიშვეს, თანაც მოყოლით ისე ჩანდა, რომ საქმე ძალიან მარტივ დანაშაულთან გვქონდა, მაგრამ მაინც წავედი, რადგან ჩვენს დროს ბრძანებებს არ განიხილავდი და, უბრალოდ, ასრულებდი“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქმე კი შემდეგში გახლდათ - უცხო პირი მოხუც ცოლ-ქმარს სახლში შეუვარდა, მათივე სანადირო თოფით ორივეს ესროლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მეზობლებმა მოხუცების გამოყვანა მოახერხეს, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი იყო, ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოში მოათავსეს. მეზობლების თქმით, მოხუცებმა სამი დღის წინ, „მოსკვიჩი“ გაყიდეს და თავს, სავარაუდოდ, სწორედ ავტომობილის ფულის გამო დაესხნენ. ის, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა, რამდენიმე მეზობელი ადასტურებდა - დაინახეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაბინდებისას მოხუცებთან შევიდა, მალე გაიგეს სროლა, შემდეგ ცეცხლი გაჩნდა და ვინაიდან სახლი სოფლის განაპირას იდგა, უკვე ბევრმა დააფიქსირა, როგორ გარბოდა მხოლოდ ერთი ადამიანი.

მოხუცებს ერთი შვილი ჰყავდათ, რომელიც თბილისში, სტუდქალაქში ცხოვრობდა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც კი მომხდარის შესახებ გაიგო, ბიჭი სასწრაფოდ დაბრუნდა სოფელში, მაგრამ რა უნდა ექნა? - მამა გარდაცვლილი იყო, დედა კი სიკვდილს ებრძოდა, სახლი ნახევრად დამწვარი და საცხოვრებლად უვარგისი გახლდათ. მისმა დაკითხვამ შედეგი ვერ მოიტანა - ბიჭმა ისიც კი არ იცოდა, რომ მშობლებმა მანქანა გაყიდეს და იმასაც ამბობდა, ამის გაჭირვება არ ჰქონდათ, საკუთარ თავსაც არჩენდნენ და მეც თბილისში მინახავდნენო. სხვათა შორის, ეს მეზობლებმაც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ცოლ-ქმარს ნამდვილად არ უჭირდა, რაც მთავარია, მანქანას ბაზარში პროდუქტების წასაღებად იყენებდა და ძალიანაც სჭირდებოდა. მაშ, რა მოხდა ისეთი, რამაც ცოლ-ქმარს ავტომობილის გაყიდვა აიძულა? სწორედ ეს იყო გასარკვევი, მაგრამ, როგორ?!

სოფელში მხოლოდ ორი ნასამართლევი პირი ცხოვრობდა. გარდა იმისა, რომ სამართალდამცავებმა მათი ალიბი გადაამოწმეს, ისიც გაარკვიეს, რომ გათავისუფლების შემდეგ, კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არ ჰქონდათ. ეს მარტივი გასაგები იყო - ორივე გისოსებს მიღმა შემთხვევით მოხვდა: ერთი ავარიის გამო, მეორემ ნასვამზე ნახევარი ჰექტარი ხორბალი დაწვა შემთხვევით ანუ ვარაუდი, რომ ამ პიროვნებებმა ვინმეს „ნაკოლი“ მისცეს და „მოსკვიჩის“ გამო, მოხუცები სასიკვდილოდ გაიმეტეს, რეალობას მოკლებული იყო, მაგრამ ვიღაცამ ხომ იცოდა, რომ ამ ოჯახმა მანქანა გაყიდა და სახლში ფული იყო? ამ ლოგიკით, ეჭვმიტანილი მთელი სოფელი გამოდიოდა, რადგან ასეთი ამბავი სოფლად არ იმალება.

„იყო კიდევ ერთი ვერსია - მკვლელი ადგილობრივი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქაურობას კარგად იცნობდა, რადგან სოფლელების თქმით, ის მინდორში ზუსტად იმ მიმართულებით გარბოდა, სადაც გაჭრილ სარწყავ არხებზე მორები იყო გადებული, თუმცა სოფლელები იმასაც ამბობდნენ, რომ აგებულებით ვერ მიამსგავსეს თანასოფლელს და ზოგადად, სახლის ჩაქრობის დროს, ლამის, ყველამ ყველა გაიხსენა ანუ მთელი სოფელი იქ იყო და ცეცხლს აქრობდა მაშინ, როცა თავდამსხმელი უკანმოუხედავად გარბოდა. ეს ნიშნავდა, რომ ის ვიღაც ან ხშირად იყო ჩამოსული ამ სოფელში, ან მინიმუმ, ახლო სოფლიდან იყო და აქაურობას კარად იცნობდა“, - გვეუბნება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ახლო-მახლო სოფლებიც მოჩხრიკეს, მაგრამ ისეთს ვერავის მიაგნეს, ვისზეც სერიოზულ ეჭვს მიიტანდნენ. ერთადერთი იმედი დაჭრილი ქალის გადარჩენა იყო, რომელსაც რაღაც მაინც უნდა ეთქვა და ვინ იცის, ეგებ, თავდამსხმელიც კი იცნო.

გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მოხუცებმა თავდამსხმელი იცნეს, რის შემდეგაც გადაწყვიტა დამყაჩაღებელმა მათი დახოცვა და აკი, გაიმეტა კიდეც. ამიტომ, მოხუცის პალატას მილიციის ორი თანამშრომელი დარაჯობდა და მედპერსონალის გარდა, იქ არავის უშვებდა. რეანიმაციის განყოფილებაში ერთადერთხელ შეახედეს შვილი, რომელმაც დედას დახედა, თუმცა ექიმებმა მიახლოების უფლება არ მისცეს, აქაოდა, კომაშია, მაინც ვერაფერს გააგებინებ და ახლოდან ნახვა არც შენთვის იქნება კარგი და არც - ავადმყოფისთვისო. ერთადერთი, რასაც შვილი ითხოვდა, როცა აზრზე მოვა, მაშინვე დამირეკეთო და მართლაც, ოთხი დღის შემდეგ, ქალმა თვალები გაახილა. ექიმებმა მილიციაშიც დარეკეს და შვილსაც შეატყობინეს. სამართალდამცავებს მედიკებმა ისიც უთხრეს, გონებაზე კი მოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გადარჩება, მდგომარეობა კვლავ რთულია, ამიტომ თუ დაკითხვა გინდათ, ხუთი წუთით შეგიშვებთო.

„როცა პალატაში შევედი, შვილი ადგა თავზე, ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა და მხოლოდ ბოლო ფრაზა მოვისმინე, გთხოვ, მაპატიეო. მე რომ დამინახა, გაჩუმდა და პალატიდან გავიდა. ქალმა როცა გაიგო, ვინ ვიყავი, პირი მოკუმა და ჩემს კითხვაზე, თავდამსხმელი ხომ არ იცანით-მეთქი, იმდენად კატეგორიული უარი განაცხადა, მივხვდი, მან ზუსტად იცოდა, ვინ მოუკლა ქმარი, მაგრამ იმ ვიღაცას არ იმეტებდა. ერთადერთი ვარიანტი იყო - ხელს მხოლოდ ერთადერთ შვილს დააფარებდა და აკი, ის საეჭვო ფრაზაც გონებიდან არ მშორდებოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მოიკითხეს შვილის გარემოცვა და გაიგეს, რომ ის აზარტული თამაშების დიდი მოყვარული იყო და სოლიდური თანხაც ჰქონდა წაგებული. ისიც გაირკვა, რომ წაგებული ზუსტად იმ დღეს დააბრუნა, როცა მოხუცებს თავს დაესხნენ. სამართალდამცავებმა შვილი დააკავეს და... უთხრეს, რომ დედამ აღიარებითი ჩვენება მისცა და შვილისთვის პატიება ითხოვა. დაკავებულმაც აღიარა, რომ დანაშაული თავად მოიფიქრა, თავად დაგეგმა და თავად განახორციელა, ოღონდ არ იცოდა, რომ მშობლებმა „მოსკვიჩი“ გაყიდეს. მან იცოდა, რომ მშობლებს, დაახლოებით, 2 ათას მანეთამდე დანაზოგი ჰქონდათ, წაგებული კი 5 ათასი იყო და თუ ორს ჩააბარებდა, დანარჩენს აცდიდნენ. სახლში შესულმა ნიღაბი გაიკეთა, სამალავს ეცა, მშობლები გაკოჭა, თუმცა დედამ იცნო და სახელით დაუძახა, ნუ გვაწამებ, ვიცით, რაც გჭირსო, მაგრამ უკვე აღარაფერი ესმოდა, თოფი აიღო, ორჯერ გაისროლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა.

მისი აღსარების შემდეგ, უკვე დედა დაკითხეს. როგორც გაირკვა, პირები, რომლებმაც მის შვილს ფული მოუგეს, სოფელშიც იყვნენ და მოხუცებს დაემუქრნენ, თუ არ ჩააბარებს, მოვკლავთო. მათაც, სასწრაფო წესით, გაყიდეს მანქანა და მეორე დღეს აპირებდნენ შვილთან ქალაქში ჩასულიყვნენ, 5 ათასი მანეთი ჩაეტანათ და ისიც ეთხოვათ, რომ სხვა დროს აღარ ეთამაშა, თუმცა შვილმა მოვლენებს დაასწრო და გააკეთა ის, რაც გააკეთა.

დედა გადარჩა, შვილს კი, დედის თხოვნის მიუხედავად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაღა თქმა უნდა, მან დედას ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და როგორც ამბობენ, სოფელში აღარასოდეს გამოჩენილა. ნახევრად დამწვარი სახლი კი ჯერ ნასახლარად იქცა, შემდეგ - ნანგრევებად.