რა გარიგება დადო საბჭოთა „კა-გე-ბე“-მ ბინების ყველაზე ცნობილ ქურდთან - ძალიან ჩახლართული კრიმინალური ამბავი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი : ბათო ჯაფარიძე

 

ალბათ, ხშირად გსმენიათ სამართალდამცავისა და კრიმინალის მეგობრობის შესახებ. გამორიცხულია, ძალოვანი უწყების თანამშრომელი ყველაფრის მკადრებელ კრიმინალს დაუმეგობრდეს და პირიქით - წარმოუდგენელია, ღირსეულმა კრიმინალმა საქმე უღირს ძალოვანთან დაიჭიროს. ურთიერთობა წლების განმავლობაში ყალიბდება, შემდეგ პატივისცემაში, ბოლოს კი მეგობრობაში გადადის. არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ სწორედ გავლენიანი და ავტორიტეტული კრიმინალების ჩარევითა და დახმარებით, სამართალდამცავებს ბევრი უღირსი და ყველაფრის მკადრებელი დამნაშავეები დაუკავებიათ და პირიქით, არცთუ იშვიათად, სამართალდამცავებს საკუთარი გავლენის წყალობით, სხვების მიერ ჩადებული იარაღი ან ნარკოტიკი ამოუღიათ და კაცი საციხოდ არ გაუმეტებიათ.

 

საბჭოთა კავშირის შს სამინისტროდან თბილისში შეტყობინება მოვიდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბინის ქურდი „გასტროლებზე“ საქართველოს დედაქალაქში გამოემგზავრა და მისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს სათანადოდ უნდა „ემასპინძლათ“. ერთი ეგ იყო, ცენტრალური უწყება კატეგორიულად ითხოვდა, ბინის ქურდი უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ანუ ბინაში უნდა დაეჭირათ, ქურდობის დროს, რადგან სხვაგვარად დამტკიცება ძნელი იქნებოდა. მთელი ადგილობრივი მილიცია ფეხზე დადგა და იმის გარკვევაც კი მოახერხა, ვის ესტუმრებოდა ცნობილი „მედვეჟატნიკი“, მაგრამ თვალთვალი გამორიცხული იყო - მეთვალყურეს იოლად შეამჩნევდა და შემდეგ, ან საცხოვრებელს შეიცვლიდა, ან საქართველოს ისე დატოვებდა, ერთ ბინასაც არ გაეკარებოდა. ქართველებს კი ძალიან უნდოდათ, სწორედ ის ქურდი დაეკავებინათ, რომელსაც რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსის ძალოვნებმა ვერაფერი მოუხერხეს.

„ყველა გამოცდილი მაძებარი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ განყოფილებაში მუშაობდა, საქმეებიდან მოგვწყვიტეს და ამ კონკრეტულ პიროვნებაზე გადაგვრთეს. მოვახერხეთ ის, რომ ერთ-ერთი კრიმინალი, რომელთან ერთადაც „გასტროლიორს“ ბინები უნდა „გაესუფთავებინა“, გადმოვიბირეთ და სწორედ მისი მეშვეობით ვაპირებდით კონტროლს ანუ მას უნდა დაერეკა, რომელ მისამართზე წავიდოდნენ, რომელ ბინას გაქურდავდნენ და ჩვენც სწორედ იმ ბინაში უნდა „ჩაგვევლო“, -პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი იმ სპეცოპერაციას გვიყვება, რომელშიც უპრეცედენტოდ ბევრი თანამშრომელი იყო ჩართული და წარმატებაში ეჭვი არავის აეპარებოდა.

ერთი კვირა გავიდა და „გასტროლიორმა“ სამი ბინა ისე „გაასუფთავა“, სამართალდამცავები მხოლოდ მეორე დღეს იგებდნენ ქურდობის შესახებ. მათი აგენტი იფიცებოდა, არაფერი ვიცი, საღამოს გავდივართ და  როცა ბინას მივადგებით, მაშინ ვიგებთ, რა და როგორ უნდა გავქურდოთ, მას ყველა დეტალი გათვლილი აქვს და ამ დროს გუნდს ვერ გამოვეყოფი და ვერ დავრეკავო. რეალურად, ის მართალი იყო და შს მინისტრი კატეგორიულად ამბობდა, არანაირი თვალთვალი, შეგვამჩნევენ და ხელიდან წაგვივაო. არადა, გაქურდული ბინები რიგითი ადამიანების არ იყო და იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულები ოფიციალურად ცოტა თანხას უთითებდნენ, არაოფიციალურად ასტრონომიულ ციფრებს ასახელებდნენ და საერთო ჯამში, სამი ბინიდან, 200 ათას მანეთზე მეტი იყო წაღებული. ამიტომ, „გასტროლიორს“ ხაფანგი დაუგეს, ხაფანგი, რომელშიც ის აუცილებლად უნდა გაბმულიყო და ამაში აგენტი დაიხმარეს. მათ ერთ-ერთ ბინაზე, რომელშიც ლამის მთელმა თბილისმა იცოდა, რომ დიდძალი ქონება ინახებოდა, „ნაკოლი“ მისცეს. აგენტმა „გასტროლიორს“ უთხრა, ოჯახის წევრები აგარაკზე არიან, 5 დღე შინ არ იქნებიან და წავიდეთო. ლეგენდის თანახმად, სახლში მხოლოდ დამლაგებელი მიდიოდა დილაობით, ყვავილებს რწყავდა, ოჯახის საყვარელ კატას აჭმევდა და მიდიოდა, შემდეგ კი ბინა ცარიელი იყო. რეალურად, ოჯახის წევრები, მართლაც, აგარაკზე გაისტუმრეს და ბინაში მილიციის ხუთი თანამშრომელი ცხოვრობდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ „გასტროლიორი“ მსუყე ბინაზე უარს არ იტყოდა, უბრალოდ, არ იცოდნენ, რომელ დღეს გადაწყვეტდა მის „გასუფთავებას“. ეს რწმენა მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც „გასტროლიორმა“ ბინა დაზვერა, შეამოწმა, გარემო შეისწავლა. ყველაფერ ამას სამართალდამცავები იმავე და წინ მდებარე კორპუსებში სპეციალურად მოწყობილი ოთხი საფარიდან აკვირდებოდნენ და სურათებსაც იღებდნენ.

„სანდო ხალხთან ჩავსახლდით და  სუნთქვაშეკრული ველოდით, როდის მოვიდოდა ცნობილი ქურდი მის გასაქურდად და პირდაპირ ბინაში ავიყვანდით. შეიძლება ითქვას, წინასწარ ვზეიმობდით კიდეც წარმატებას, მთავარი იყო, მოსულიყო, კარი გაეღო და ბინაში ნაბიჯი შეედგა, შემდეგ ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული. მე იმ ხუთ კაცში გახლდით, რომლებიც ქურდს ბინაში ელოდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ქურდი, თუ ბინის გაქურდვას ფიქრობდა, ხუთ დღეში უნდა ჩატეულიყო, რადგან ლეგენდის თანახმად, მერე ოჯახის წევრები ბრუნდებოდნენ აგარაკიდან და ქურდობა გამორიცხული იქნებოდა. აგენტმა სამართალდამაცავებს შეატყობინა, „გასტროლიორმა“ თბილისი-კიევის ბილეთები შეუკვეთა, ხვალ ღამით მიფრინავს და ბინაში თუ შევალთ, ან ამ საღამოს, ან ხვალ, დღის განმავლობაშიო. მისი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა - „გასტროლიორი“ კორპუსთან იმ საღამოს გამოჩნდა.

სამართალდამცავებს მღელვარებისგან სუნთქვა შეეკრათ - 10-15 წუთი და ისინი ფაქტზე დააკავებდნენ კაცს, რომელსაც საბჭოთა მილიცია 7 წლის განმავლობაში ამაოდ დასდევდა. „გასტროლიორმა“ ერთი „პადელნიკი“ გარეთ დააყენა, მეორე - კიბეზე, თავად კი კარს მიუახლოვდა და „ატმიჩკები“ ამოიღო, თუმცა...

მოულოდნელად ჩაფიქრდა, ხმადაბლა რაღაც ჩაილაპარაკა, ყველაფერი უკან ჩააბრუნა და წავიდა. ბრძანების თანახმად, მისი დაკავება არ უცდიათ, იმის გამო, რომ სადარბაზოში შევიდა, სასჯელს ვერ მისცემდნენ.

„ეს ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო. ბინაში რომ არ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი, რომ ვინმემ შიგნით ან ხმაურით გაირა, ან ჩაახველა და დააცემინა. არაფერი მსგავსი, მე და ჩემი ოთხი თანამშრომელი გაშეშებულები ვიდექით და ხმაურს ვინ ჩივის, ერთმანეთის სუნთქვაც კი არ გვესმოდა. მაშ, რა მოხდა, რამ გაგვცა ზედ ბინის კართან და რაც მთავარია, რა ჩაილაპარაკა გასტროლიორმა? ამას მხოლოდ ჩვენი აგენტი თუ გვეტყოდა, რომელიც იმ დროს გასტროლიორს გვერდით ედგა. ჩვენც მის ზარს ველოდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ბინის ყველაზე ცნობილი ქურდი კიევში შეუფერხებლად გაფრინდა. გაფრინდა ისე, რომ საქართველოში მოპარული არ წაუღია. როგორც თქვეს, ყველაფერი ქვეყნიდან გემით, ჩუმად გაიტანეს და მას ოდესაში ჩააბარეს.

რაც შეეხება მილიციის „პრაკოლს“ - კართან გასტროლიორმა ერთი სიტყვა თქვა სამჯერ - „კატა... კატა... კატა...“ შემდეგ კი, როცა თავის ბუნაგში დაბრუნდა, თანამზრახველებს უთხრა, რომ გამორიცხული იყო, ოჯახი აგარაკზე ანუ საკუთარ სახლში წასულიყო და საყვარელი კატა მომვლელისთვის დაეტოვებინა. ისინი კატას აუცილებლად წაიყვანდნენ ჰაერზე, იქ, სადაც მისი მოვლა ბევრად იოლი იქნებოდა. ამას სწორედ კართან მიხვდა და იფიქრა, რომ ყველაფერი სამართალდამცავების მოწყობილი იყო.

რა თქმა უნდა, ქართულ მილიციას კარგი დღე არ დაადგა ისევე, როგორც მანამდე, სხვა რესპუბლიკების ძალოვნებს, მაგრამ „ზემოთ“ იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ საქმე რიგით ქურდბაცაცასთან კი არა, საკუთარი საქმის გენიოსთან ჰქონდათ და მას ერთგვარი პატივისცემთაც კი ახსენებდნენ. ყველაფერი კი იმაზე უცნაურად დასრულდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა:

მაშინდელ ლენინგრადში, უშიშროების ყოფილი მაღალჩინისნის (!!!) ბინის გაქურდვის შემდეგ, გაირკვა, რომ ბინიდან ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია გახლდათ წაღებული, ისეთი, რომელშიც დასავლეთი მილიონებს არ დაიშურებდა, ამიტომ „გასტროლიორს“ შეუთვალეს, საბუთების დაბრუნების სანაცვლოდ, ქვეყნიდან წასვლის უფლებას მოგცემთო. როგორც ამბობენ, მან საბუთები დააბრუნა და სანაცვლოდ, შვედეთში გადაიყვანეს. ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია, არაოფიციალურად კი, საბუთების დაბრუნების შემდეგ, უშიშროებამ ის, უბრალოდ, მოკლა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ მოქმედებდა (და მოქმედებს) რუსული „კა გე ბე“, მეორე ვერსია რეალობასთან უფრო ახლოსაა, თუმცა ვინ იცის...