აფეთქება ქორწილში - რატომ გაწირა მამინაცვალმა გერი სასიკვდილოდ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ბათო ჯაფარიძე

 90-იან წლებში ქორწილიც და გასვენებაც სერიოზულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფული, უბრალოდ, არ ჰქონდა, არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, ქორწილსა თუ ქელეხის დროს, ოჯახში შესული თანხა  მიჰქონდათ. ჰო, ისინი სახლებში შედიოდნენ და იარაღის მუქარით აიძულებდნენ, სტუმრების მიერ შეწირული თანხა გადაეცათ. მაშინ არც ის იყო გასაკვირი, თუ ქორწილში, ჩხუბის ნაცვლად, სროლა ატყდებოდა და ვინმეს მოკლავდნენ, ან უბრალოდ, მაყრიონს დაცხრილავდნენ. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობა და ხალხი იმდენად იყო ყველაფერ ამას შეგუებული, არავის არაფერი უკვირდა. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ მაშინ მოხდა და წესით, ყველაფერი ძალიან უნდა დამსგავსებოდა რიგით კრიმინალურ გარჩევას და ხელწერაც სწორედ ასეთი იყო, მაგრამ...

 ახალგაზრდა წყვილი ქორწილს შინ, ახლობლების წრეში იხდიდა და მხოლოდ 40-50 ადამიანი ჰყავდათ მიწვეული. ისინი, რომლებსაც ფული ჰქონდათ, რვეულში აწერინებდნენ „შესაწირს“, ვისაც - არა, მიტანის პირობას დებდა, ნაწილი კი, უბრალოდ, საჩუქრებს ალაგებდა კუთხეში. ჭიქები, თეთრეული, შოკოლადის ფილა - საჩუქრების კუთხე ნელ-ნელა ივსებოდა. პურ-მარილიც გაჩაღდა და ერთ-ერთმა მთვრალმა სტუმარმა, სწორედ საჩუქრების კუთხისკენ გადაინაცვლა, ჯერ ზემოდან დახედა, შემდეგ კი ერთ ყუთს დააკვირდა, ფრთხილად აიღო, გამარჯვებული სახით სტუმრებისკენ მობრუნდა და დამარცვლით წაიკითხა - „პირადად ნეფე-დედოფალს, გახსენით ძილის წინ!“ წარწერამ სიცილი გამოიწვია, სიძე შეეცადა, ყუთი წაერთმია, მაგრამ მთვრალი კაცი ოთახის მეორე მხარეს გავარდა, შემდეგ - აივანზე, კარი გარედან ჩაკეტა, ყუთს ქაღალდი შემოხსნა, შემდეგ მუყაოს ქაღალდს თავი ახსნა და... აფეთქების ხმამ ყველა მინა ჩაამტვრია, ტალღამ ნასვამი მამაკაცი აივნიდან გადააგდო, შუშის ნამსხვრევები კი ოთახში მყოფთ შეეყარათ და პრაქტიკულად, ყველას სისხლი წამოუვიდა. აფეთქების ხმაზე მთელი კორპუსი გარეთ გავიდა, ვიღაც სასწრაფოში რეკავდა, ვიღაც - მილიციაში, ნაწილი, უბრალოდ, სეირს უყურებდა. სამართალდამცავები მალე მივიდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა საერთოდ არ მისულა - ბენზინი არ ჰქონდა და დაჭრილები საავადმყოფოში მილიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. მათვე გადაიყვანეს მორგში გარდაცვლილიც. გარდა იმისა, რომ ის აივნიდან გადააგდო აფეთქების ტალღამ, იმდენად ახლოს იყო ასაფეთქებელთან, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ექსპერტიზამ დაასკვნა - ყუთში „ერ-გე-დე“-ს ტიპის ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული.

გამომძიებლებისთვის ცხადი გახდა, რომ ასაფეთქებელი გარდაცვლილისთვის არ იყო განკუთვნილი და რომ არა ნასვამი კაცი, ახლადშეუღლებული წყვილი საძინებელში დაიღუპებოდა. რა თქმა უნდა, პირველად ეჭვი სიძეზე მიიტანეს და მისი გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. არეული წლების მიუხედავად, თითქმის გამორიცხული იყო, ვინმეს გოგონას მოკვლა სდომებოდა, მაგრამ როცა მოწმეები და წყვილის გარემოცვა დაკითხეს, მიხვდნენ, რომ აქცენტი სწორედ ქალზე უნდა გაეკეთებინათ. საქმე ის გახლდათ, რომ გათხოვებამდე, გოგოს სხვა უყვარდა და ის სხვა ავღანეთში ნაბრძოლი ბიჭი იყო, რომელსაც ცხელი წერტილიდან დაბრუნების შემდეგ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მას პერიოდულად ეჩვენებოდა, რომ კვლავ ომში იყო, რადგან ავტობუსის ან სატვირთო მანქანის ხმაზე მიწაზე წვებოდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, თავდასხმაა, დაიმალეთო. ისიც ცხადი იყო, რომ ავღანეთში ნაბრძოლ კაცს არც ასაფეთქებლის დამზადება გაუჭირდებოდა, ხელყუმბარები კი მაშინ პურზე უფრო მარტივად იშოვებოდა.

ეჭვმიტანილის დასაკავებლად რვაკაციანი ბრიგადა გავიდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლებელია, ის შეიარაღებული ყოფილიყო. როცა სამართალდამცავები იმ კორპუსთან მივიდნენ, სადაც ავღანელი ცხოვრობდა, მეზობლებმა უთხრეს, მეგობარი ჰყავს სტუმრად, ისიც ყოფილი ავღანელი, დილიდან სვამენ და ეგენი რომ დათვრებიან, მთელი უბანი იმალებაო. სამართალდამცავებმა კარზე დააკაკუნეს და როცა გააღეს, ყველა ერთად შეცვივდა. მოულოდნელობის ეფექტმა არ გაამართლა - მასპინძელი კართან კი მალე გათოკეს, მაგრამ სამზარეულოში მყოფი მეორე ავღანელი საბრძოლველად უკვე მზად იყო და ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეში - ბოთლი, თუმცა როგორც კი ფორმიანები დაინახა, ორივე მაგიდაზე დადო და მშვიდად იკითხა, რა ხდებაო. ორივე დაკავებული განყოფილებაში გადაიყვანეს. ფსიქიკური პრობლემების მქონე ავღანელს არ ახსოვდა, სად იყო აფეთქების დროს, არც ის ახსოვდა, გააკეთა თუ არა დანაღმული ყუთი, ბრძოლის ამბებს იხსენებდა, მისი მეგობარი კი დალაგებულად საუბრობდა, ალიბიც ჰქონდა და ამბობდა, ჩემი ძმაკაცი უწყინარია, საკუთარ თავს თუ დაუშავებს რამეს, სხვას არავისო. ისიც თქვა, რა შურისძიება, თანაც გოგოს გამო, დედ-მამას იხსენებს პერიოდულად და იმათაც იმდენად იშვიათად, აღარც ახსოვს, მშობლები საერთოდ თუ ჰყავსო. შესაბამისმა სპეციალისტებმა დაკავებული შეამოწმეს და ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ შეურაცხადი იყო.

საქმე ერთ ადგილზე გაიყინა, მთავარი ეჭვმიტანილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთი კვირის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდა და არც მოტივი ჰქონდა ვინმეს, ახლადშეუღლებულები მოეკლა, საქმე გახსნილად გამოაცხადეს, ყველაფერი ავღანელს „შეტენეს“ და ხელები დაიბანეს.

ერთი თვის შემდეგ, არქივში საგულდაგულოდ გადაგზავნილი საქმე უკან გამოითხოვეს, რადგან... სასწაულებრივად გადარჩენილ სიძეზე მორიგი თავდასხმა მოხდა, მას სადარბაზოში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და რომ არა მეზობელი, რომელმაც შემთხვევით იპოვა, სისხლისგან დაიცლებოდა. მამაკაცი შინ, დილის 4 საათზე დაბრუნდა, ერთი დღით ადრე, მეუღლემ ფეხი მოიტეხა და მასთან იყო საავადმყოფოში ანუ თავდამსხმელმა ზუსტად იცოდა, რომ კაცი შინ გვიან დაბრუნდებოდა, ჩაუსაფრდა და... ბედნიერი შემთხვევის შედეგად, ის მეორედ გადარჩა.

სამართალდამცავები საქმეს ახლა უფრო სერიოზულად მიუდგნენ. რაც მთავარია, ეს ამბავი გარდაცვლილი ავღანელის მეგობარმა შეიტყო და გამომძიებლებს სასწრაფო წესით მოსთხოვა, ჩემი ძმაკაცის სახელს ის ჩირქი მოსწმინდეთ, რაც მოაცხეთო და საწადელს მიაღწია კიდეც.

ძალოვნებმა დაზარალებულის წრის შესწავლა დაიწყეს. მათ ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, ვინ იცოდა, რომ მამაკაცი შინ გვიან დაბრუნდებოდა? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მამამისმა, რომელიც შვილთან ერთად წავიდა რძლის მოსანახულებლად და იქიდან შვილზე ნახევარი საათით ადრე დაბრუნდა. რა ლოგიკით უნდა გაემეტებინა შვილი მამას, გამომძიებლები ვერ ხვდებოდნენ, თუმცა მისი შესწავლა დაიწყეს. შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცი რადიოინჟინერი იყო და შესაბამისად, ძალიან კარგად ერკვეოდა ელექტროობაში. მას მარტივად შეეძლო ხელყუმბარა ისე დაემონტაჟებინა, გახსნის დროს აფეთქებულიყო. წავიდნენ რაიონში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა და გაარკვიეს, რომ ის შვილს სასტიკად ექცეოდა. მას უფრო მეტად გოგონა უყვარდა, ქალიშვილი, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. როცა უფროსი შვილი ქალაქში სასწავლებლად წავიდა, საკუთარი შრომით იმდენი მოახერხა, რომ მცირე ბიზნესი დაიწყო და ბინაც იყიდა. შემდეგ, ქალაქში სასწავლებლად გოგოც წამოვიდა და მამამ უფროსი შვილი აიძულა, გოგონა ბინაში ჩაეწერა, რისი წინააღმდეგი ძმა არ ყოფილა. აი, როცა ბიჭმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ შვილმა არ დაიშალა და ცოლი მოიყვანა. გაჩნდა ვერსია, რომ კაცი შვილისა და რძლის მოშორებას, სწორედ ბინის გამო აპირებდა, რადგან მათი სიკვდილის შემთხვევაში, ბინაში ჩაწერილი მხოლოდ მისი ქალიშვილი რჩებოდა და რაც მთავარია, მემკვიდრეც მშობელი ან დედ-მამიშვილი იქნებოდა.

ეს ვერსია იმდენად სასტიკი იყო, რომ სამინისტრომ კატეგორიულად მოითხოვა, ან ფაქტებით ისაუბრეთ, ან თავიდან ამოიგდეთო. იყო იმედი, რომ დაზარალებული, რომელიც კომაში იყო, აზრზე მოვიდოდა და შეიძლება, თავდამსხმელიც ამოეცნო. ექსპერტი ამტკიცებდა, თავდასხმა წინიდან მოხდაო ანუ დაზარალებული, სავარაუდოდ, დაინახავდა, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ და ეს, იმის მიუხედავად, რომ სადარბაზოში ძალიან ბნელოდა.

გამომძიებლებმა ხერხს მიმართეს - დაზარალებულის პალატასთან დაცვა დააყენეს და მასთან არავის უშვებდნენ. ორ დღეში, მამამისს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი აზრზე მოვიდა, ნახევარ საათში კი მამაკაცი დააკავეს.

სამართალდამცავებმა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვეს, შვილი ხელს გადებს, თავდასხმას შენ გაბრალებსო და კაცმაც აღიარებითი ჩვენება მისცა.

„როცა ცოლი მოვიყვანე, ის სხვა კაცისგან იყო ორსულად, მაგრამ იმ სხვამ მიაგდო, მე კი ძალიან მიყვარდა. მეგონა, მის შვილს საკუთარივით შევიყვარებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, მთელი არსებით მძულდა. შემდეგ გოგონა შეგვეძინა, სწორედ ის მიყვარდა და მხოლოდ მას ვაღიარებდი, ამიტომ მინდოდა ყველაფერი მისთვის. ასაფეთქებელიც მე დავამზადე, აგურიც მე ჩავარტყი, რადგან სანამ ბინაში ცოლის ჩაწერას მოასწრებდა, მინდოდა, საქმე ბოლომდე მიმეყვანა“, - აღიარა კაცმა.

მას სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მისი გერი გონმოუსვლელად გარდაიცვალა და სამართალდამცავებმა ვერ დაამტკიცეს (ან როგორ უნდა დაემტკიცებინათ), რომ მამის ქმედებების შესახებ გოგონამაც იცოდა. შესაბამისად, ის ამ საქმეში უდანაშაულოდ სცნეს და ძმის სიკვდილის შემდეგ, ბინა სწორედ მას ერგო. მამა კი... მამა ციხიდან 8 წლის შემდეგ გამოვიდა, თუმცა ჩადენილი სისასტიკის გამო, გოგომ მისი ნახვა აღარ ისურვა, თუმცა არც ბინაზე უთქვამს უარი.